საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.06.2026
საქმის ნომერი
2კ-1094აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

xeსაქმე # 820100124009630357

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1094აპ-25 ქ. თბილისი

ი. გ. 1094აპ-25 4 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადაშვილისა და მსჯავრდებულ გ. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ბ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ი-ს (G. I.), – ე-ს მოქალაქე, პირადი ნომერი: ..., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. გ. ი-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა – 3,504 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს (α-PVP)“, რაც 2024 წლის 27 მაისს, ქ. ბ-ში, ფ. ხ-ს გამზირის №...-ის მიმდებარედ, მისი პირადი ჩხრეკის და ქ. ბ-ს ტერიტორიაზე, 19 სხვადასხვა ლოკაციაზე მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად იქნა ამოღებული;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით გ. ი-მა ჩაიდინა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. გ. ი-მა, დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით, 2024 წლის 27 მაისს, ქ. ბ-ში, 19 სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა – 2,134 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ (α-PVP)“, მაგრამ პოლიციის მუშაკების მხრიდან დროულად გატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, ხოლო ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს მისივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად იქნა ამოღებული;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით გ. ი-მა ჩაიდინა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

2.1. გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა სასჯელისაგან;

2.2. გ. ი-ს ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე;

2.3. გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

2.4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, გ. ი-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.5. გ. ი-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 27 მაისიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ:

3.1. გ. ი-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა – 3,504 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს (α-PVP)“, რაც 2024 წლის 27 მაისს, ქ. ბ-ში, ფ. ხ-ს გამზირის №..-ის მიმდებარედ მისი პირადი ჩხრეკის და ქ. ბა-ში, 19 სხვადასხვა ლოკაციაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად იქნა ამოღებული.

3.2. გ. ი-მა, დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით, 2024 წლის 27 მაისს, ქ. ბ-ში, 19 სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა – 2,134 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ (α-PVP)“, მაგრამ, პოლიციის მუშაკთა დროული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, ხოლო ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს მისივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად იქნა ამოღებული.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

4.1. მსჯავრდებულ გ. ი-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ბ-მ მოითხოვა გ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობა, ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელება და გ. ი-ს სასჯელისგან გათავისუფლება.

4.2. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ სამადალაშვილმა მოითხოვა გ.ი-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 4 მაისის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღმოიფხვრა უზუსტობა და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, უფლებების ჩამორთმევის თაობაზე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება”.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

6.1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ სამადალაშვილი ითხოვს გ. ი-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6.2. მსჯავრდებულ გ. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი რ. ბ. ითხოვს გ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობას, ასევე – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებასა და გ. ი-ს სასჯელისაგან გათავისუფლებას. იმავდროულად, ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras.37,41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს გ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობას (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნის ან საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე), ასევე – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებასა და გ. ი-ს სასჯელისაგან გათავისუფლებას, ხოლო ბრალდების მხარე – გ.ი-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ბრალადწარდგენილი კვალიფიკაცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8.1. გ.ი-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება დავის საგანი არ არის. კასატორი დაცვის მხარე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებას, თუმცა გასაჩივრებული განაჩენით აღნიშნული უკვე გამოყენებულია, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გ. ი. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული სასჯელისაგან. შესაბამისად, არ არსებობს, აღნიშნული საფუძვლით, გ.ი-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების გადასინჯვის საფუძველი.

8.2. დავის საგანია – გ. ი-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ბრალადწარდგენილი კვალიფიკაცია) თუ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაცია) გათვალისწინებული დანაშაული და უნდა დაეკისროს თუ არა შესაბამისი პასუხისმგებლობა.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ.ი-ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული – დანაშაულის ჩადენისა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილის საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე გადაკვალიფიცირება განაპირობა.

10. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: 2024 წლის 27 მაისის გ.ი-ს პირადი ჩხრეკისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, მოწმეების – გ. ლ-ს (გარეშე პირი), რ. ს-ს (თარჯიმანი), მ. ც-ს (გამომძიებელი), ნ. გ-ს (დეტექტივი), ა. მ-ს (დეტექტივი), თ. ხ-ს (უბნის ინსპექტორი), კ. თ-ს (ექსპერტ-კრიმინალისტი), ე. ჯ-ის (ექსპერტ-კრიმინალისტი), მ. ს-ს (ექსპერტ-კრიმინალისტი) ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის 2024 წლის 28 მაისის N.. დასკვნით, გ.ი-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,Google Pixel 7-ის” ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ასევე – მსჯავრდებულის ჩვენებით (2024 წლის 26 მაისს, ,,ბ. გ. თ-ს” სახელით რეგისტრირებული პირისაგან სოციალურ ქსელ ,,ტელეგრამში” სამუშაოს შეთავაზების შესახებ მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლის თანახმად, მას სხვადასხვა ლოკაციაზე უნდა დაედო შენაფუთები, თითო – 10 აშშ დოლარად. შეტყობინებაში არ იყო მითითებული, თუმცა ივარაუდა, რომ საქმე ეხებოდა ნარკოტიკულ საშუალებებს. შეთავაზებას დასთანხმდა და 2024 წლის 27 მაისს მიიღო ინფორმაცია, თუ სად უნდა აეღო და შემდეგ დაედო (სხვადასხვა ადგილებში) შენაფუთები. იგი მივიდა მითითებულ ადგილას, აიღო 33 შენაფუთი და წავიდა სხვადასხვა ადგილებში დასადებად. ხ-ს ტერიტორიაზე, სხვადასხვა, დაფარულ ადგილას დაალაგა 20 შენაფუთი, გადაუღო ფოტოსურათები და ისრით მონიშნა ლოკაციები. მას დარჩენილი 13 ცალი შენაფუთიც უნდა დაედო, მაგრამ ფიქრის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ცუდ საქმეს აკეთებდა და შეწყვიტა შენაფუთების დალაგება, იმავდროულად, დამკვეთისათვის უნდა მიეწერა, რომ ვერ შეასრულებდა დაკვეთას, თუმცა ამ დროს მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ჰკითხეს ჰქონდა თუ არა კანონსაწინააღმდეგო ნივთი/ნივთიერება. მან უპასუხა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა, ასევე უთხრა, რომ სხვადასხვა ადგილას ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა დადებული და შეეძლო მათი ჩვენება, იმავდროულად, გადასცა მობილური ტელეფონი და უთხრა კოდი) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ.ი-მა სხვადასხვა ადგილებზე განათავსა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ გ.ი-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული – დანაშაულისა, იმაზე მითითებით, რომ მსჯავრდებულმა ,,დანაშაულის მცდელობის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და ნარკოტიკული საშუალება დაალაგა ლოკაციებზე“; ,,მსჯავრდებულს აღნიშნული დაფასოებული შენაფუთები, რომ ჰქონოდა სახლში, იმ მიზნით, რომ შემდგომ დაელაგებინა ლოკაციებზე იქნებოდა მომზადება“; ,,საქართველოს უზენაეს სასამართლოს დადგენილი მყარი პრაქტიკა აქვს და მსგავსი შემთხვევები ყოველთვის შეფასებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობად“. სასამართლო კვალავაც აღნიშნავს, რომ:

11.1. დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართულია დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, ხოლო დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის №1146აპ-24 განაჩენი).

11.2. ლოკაციების ამსახველი ფოტოსურათების სხვა პირ(ებ)ისათვის გადაგზავნა მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთდა სწორედ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მცდელობას (ბრალადწარდგენილი კვალიფიკაცია), ხოლო ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს ტელეფონში შენახული ჰქონდა ლოკაციების ამსახველი ფოტოსურათები, თუმცა არავისთვის გაუგზავნია, ადასტურებს, რომ მსჯავრდებული ამზადებდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, თუმცა მისი ქმედება დანაშაულის მცდელობაში არ გადაზრდილა, რაც არ გამორიცხავს ნარკოტიკული დანაშაულის მომზადებისათვის მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განაჩენები: 2025 წლის 20 თებერვლის №1146აპ-24, 2025 წლის 16 აპრილის №1214აპ-24, 2025 წლის 26 ივნისის №1331აპ-24 და 2025 წლის 4 ნოემბრის №610აპ-25).

11.2.1. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2024 წლის 17 ივნისის ოქმის თანახმად, გ.ი-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმი შეიცავს შენიშვნას, რომლის თანახმად: ,,აღნიშნულ მობილურ ტელეფონში, მასში გააქტიურებულ აპლიკაციაში უნდა ინახებოდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია წაშლილია და საჭიროებს საექსპერტო კვლევას“ (ტ. N2; ს.ფ. 7-26/13).

11.2.2. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2024 წლის 28 ივნისის დადგენილების თანახმად, ექსპერტს დაევალა ,,Google Pixel 7-ის” ფირმის მობილური ტელეფონიდან საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის, მათ შორის: პირადი მიმოწერების (კომუნიკაციის, მიმოწერის, გაგზავნილი/მიღებული/შენახული ფაილების), აუდიო-ვიდეოფაილების, ფოტოების, დოკუმენტების და სხვა სახის ინფორმაციის სრულად გამოთხოვა (ტ. N1; ს.ფ.187-189).

11.2.3. სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

11.3. სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილი დატოვა სხვადასხვა ადგილას. აღნიშნული ქმედებით მან განზრახ შექმნა წინაპირობა დანაშაულის – ნარკოტიკული საშუალების გასაღების – ჩადენისათვის.

11.4. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მსჯავრდებული კონკრეტულ პირს დაეკონტაქტა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით ან მოითხოვა თანხის ჩარიცხვა, ან/და ვინმეს მიუთითა ნარკოტიკული საშუალების ლოკაცია და სხვა (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განაჩენები: 2025 წლის 20 თებერვლის №1146აპ-24 , 2025 წლის 10 ივნისის №1348აპ-24, 2025 წლის 4 ნოემბრის №610აპ-25 განაჩენები, ასევე 2022 წლის 10 იანვრის №825აპ-21 განჩინება).

11.5. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჩადენილია არა გასაღების მცდელობა, არამედ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის №607აპ-25 განაჩენი).

12. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

13. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულ გ.ი-ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოს არ ჰქონდა გ.ი-ს მიერ ნარკოტიკული საშულების შესაძლო გასაღების შესახებ რაიმე ინფორმაცია (მათ შორის, ოპერატიული ინფორმაციით გამოძიება დაიწყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, და არა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე) და აღნიშნულის შესახებ გამოძიებისათვის ცნობილი გახდა თავად მსჯავრდებულისგან, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული მოცემულობა. ამასთან, დაცვის მხარე უთითებს, რომ გ.ი-მა ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დასრულებაზე, – მას პოლიციის თანამშრომლების შეჩერებამდე ჰქონდა 01:04 საათი, რა დროსაც შეეძლო დარჩენილი 13 შენაფუთის სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსება, თუმცა, ვინაიდან გაიაზრა თავისი შეცდომა, ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დასრულებაზე და გარდა იმისა, რომ დარჩენილი 13 შენაფუთი აღარ დაალაგა ლოკაციებზე, იმავდროულად, უკანონო ბრუნვაში მოქცეული – მანამდე მის მიერ განთავსებული – ნარკოტიკული საშუალებების ლოკაციები მიაწოდა გამოძიებას. ამდენად, კასატორის მტკიცებით, საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, გ.ი-ს ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ – დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებას. იმავდროულად, მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს/ყოფილიყო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შეღავათი.

13.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ (ნარკოტიკული დანაშაულის – XXXIII – თავი) თავის მიზნებისათვის, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების წარმოდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლის თანახმად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი.

13.1.1. დაცვის მხარის მტკიცება, რომ ბოლო ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალების დადებიდან პოლიციის თანამშრომლების მიერ გ.ი-ს შეჩერებამდე გასული დროის ხანგრძლივობა (დაცვის მხარის მტკიცებით – დაახლოვებით 1 საათი) ადასტურებს გ.ი-ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელის აღებას, უსაფუძვლოა და წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას.

13.1.2. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება (და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია არც დაცვის მხარეს), რომ გ. ი-ს ჰქონდა მცდელობა დაკავშირებოდა სამართალდამცავ ორგანოს და მიეწოდებინა ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გ. ი-ს, დაცვის მხარის მტკიცებით, ჰქონდა მოქმედების შესაძლებლობა (არ დგინდება, რომ მას დაცვის მხარე კასატორის მიერ მითითებულ დროის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა ნების/მოქმედების თავისუფლება), მისი უმოქმედობა და ბოლო ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალების დადებიდან შეჩერებამდე/მის დაკავებამდე გასული დროის ხანგრძლივობა, per se, არ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებას. შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნის ამ ნაწილშიც დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

13.1.3. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, მსჯავრდებული საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების შეთავაზების – წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან/და ნივთიერება – შემდეგ, წარადგენს, როგორც პირადად შენახულ, ასევე – სხვადასხვა ლოკაციებზე დაწყობილ ნარკოტიკულ საშუალებებს – აღნიშნული ქმედება ვერ გახდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის №1348აპ-24 და 2025 წლის 18 დეკემბრის №607აპ-25 განაჩენები).

14. დაცვის მხარე პოზიციის დასასაბუთებლად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნარკოტიკული საშუალება/ები აღმოჩენილი არ ყოფილა მსჯავრდებულის საცხოვრებელ ბინაში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული ნივთიერების არ არსებობა/აღმოჩენა არ ადასტურებს პირის უდანაშაულობას, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას (ითხოვს ამნისტიის გამოყენებას) და მისი ნაწილის კონკრეტულ ადგილებში განთავსებას.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს/მიანიშნებს დაცვის მხარის მტკიცებაზე, რომ მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ადგილებში დაალაგა 33-დან 20 შენაფუთი, რომლებსაც გადაუღო ფოტოსურათები და ისრით მონიშნა ლოკაციები, მსჯავრდებულმა გააცნობიერა, რომ ცუდ საქმეს სჩადიოდა და შეწყვიტა (დარჩენილი 13 ცალი შენაფუთების დალაგება), იმავდროულად, აპირებდა დამკვეთისათვის მიეწერა, რომ ვერ შეასრულებდა დაკვეთას, თუმცა ზუსტად ამ დროს მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები.

15.1. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, –სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ სასამართლოში ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20, 2021 წლის 4 იანვრის 925აპ-20, 2020 წლის 17 ივლისის 30აპ-20 განჩინებები). „შეჯიბრებითობის პრინციპის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს პროცესის მხარე შესაძლებლობით გაეცნოს, აზრი გამოთქვას და თუ ეს მის ინტერესებშია გააქარწყლოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნოს სასამართლო თავისი პოზიციის სისწორეში, წარუდგინოს მას შესაბამისი მტკიცებულებები და მოსაზრებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის N3/1/608,609 გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-18).

15.2. დაცვის მხარის ზემოაღნიშნული ვერსია არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით; მსჯავრდებულისაგან ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა პირადი ჩხრეკის შედეგად (პირადი ჩხრეკის 2024 წლის 27 მაისის ოქმის თანახმად, მსჯავრდებულს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარადგინოს ამოსაღები ობიექტი, რაზეც მან განაცხადა, რომ თანახმაა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, თუმცა უარი თქვა ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით წარდგენაზე), რა დროსაც მანვე მიუთითა, რომ კონკრეტულ ლოკაციებში დალაგებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ამავე ოქმში შეტანილი მსჯავრდებულის შენიშვნის/განცხადების თანახმად, მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ 13 შენაფუთი ნარკოტიკული საშუალება ,,გამზადებული მქონდა სარეალიზაციოდ“, – არ განუმარტავს, რომ თავადაც აპირებდა ჩადენილი დანაშაულის შესახებ სამართალდამცავი ორგანოსათვის შეტყობინებას და ვერ მოასწრო (ტ, N1; ს.ფ. 62-77).

16. საკასაციო სასამართლო, იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია საგამოძიებო მოქმედების – პირადი ჩხრეკის/საგამოძიებო ექსპერიმენტის – ამსახველი მხოლოდ ფოტოსურათები და არ განხორციელდა ვიდეოგადაღება, კვლავაც აღნიშნავს, რომ: ,,ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-105). „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს” (იქვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-109). ,,თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს იმისათვის, რომ გამყარდეს ბრალდების პოზიცია. მტკიცებულების სანდოობისადმი მნიშვნელოვან ეჭვს ასევე აჩენს გარემოება, როდესაც პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვის პირობებში, არსებობდა ჩხრეკის ვიდეო გადაღების რეალური შესაძლებლობა და პოლიციელმა ის არ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-107).

16.1. ჩხრეკა/ამოღების მიმდინარეობის მხოლოდ ფოტოგადაღება ვერ უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოთხოვნებს, რადგან ახდენს არა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის (მათ შორის, სადავო ნივთის აღმოჩენის ვითარების/პროცესის სრულ ვიდეოფიქსაციას), არამედ მხოლოდ შედეგის ფიქსაციას. შესაბამისად, ფოტოს გადაღება ვერ ჩაითვლება იმ გონივრულ ზომად, რაც უზრუნველყოფს ჩხრეკა/ამოღების მიმდინარეობის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მაქსიმალურად სრულად/უწყვეტად ფიქსაციას, რადგან ფოტოსურათის კადრი არ იძლევა აღნიშნულის შესაძლებლობას. ამდენად, ფოტოსურათი/ები ვერ ჩაანაცვლებს ვიდეოჩანაწერს, რომელიც ფოტოსურათისაგან განსხვავებით, სრულად ასახავს, უმეტეს შემთხვევაში, დაცვის მხარისათვის სადავო ვითარებას.

16.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა უნდა ,,შეაფასონ ჩხრეკის შედეგად ამოღებული მტკიცებულების სანდოობა და გამორიცხონ ისეთი მტკიცებულების გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად გამოყენება, რომლის უტყუარობასთან დაკავშირებით, ეჭვები არ არის გამორიცხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-100).

16.3. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება საგამოძიებო მოქმედებებში ნეიტრალური პირების მონაწილეობა, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით, აღნიშნული საფუძვლით, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

17. სასჯელის გამკაცრების ნაწილში კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მსჯავრდებულის მიმართ არ არსებობს არცერთი შემამსუბუქებელი გარემოება (თუმცა, იმავე საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ გ.ი-ს ქმედება – ლოკაციებზე დალაგებული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ნაწილში – ,,არის გამოძიებასთან თანამშრომლობის კლასიკური შემთხვევა”), მიიჩნევს, რომ სასამართლომ გ.ი-ს განუსაზღვრა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი, რის გამოც, ითხოვს სასჯელის გამკაცრებას.

17.1. იმავდროულად, კასატორი უთითებს დანაშაულის ხასიათზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან იგი ,,საზოგადოებას უქმნიდა დიდი საფრთხეს, სასჯელი უნდა ყოფილიყო ისეთი სიმძიმის, რომელიც სასჯელის მიზნებში მოექცეოდა“ (ტ. N7; ს.ფ. 90).

17.1.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება”. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ .... ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). „აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

17.1.2. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ქმედების ხასიათის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დაცვის ობიექტის გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასჯელის სახესა და ზომას. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები უკვე გათვალისწინებულია კანონით და მათი დამატებით მხედველობაში მიღება სასჯელის შემდგომი დამძიმების მიზნით, ქმედების/დანაშაულის ჩამდენი პირის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის ჩადენის ვითარების ან სხვა გარემოებების გარეშე, დაუშვებელია.

17.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).

17.2.1. კასატორს ეკისრება თავისი მოთხოვნის დასაბუთების ვალდებულება, – საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში (საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი), საჩივარში კი აღნიშნული უნდა იყოს მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს აღნიშნულს (საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი), რაც გულისხმობს, რომ კასატორმა მხარემ კონკრეტულ მოთხოვნასთან ერთად, საკასაციო საჩივარში, ასევე უნდა მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებითაც დასტურდება კასატორის პოზიცია და, შესაბამისად, – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის №493აპ-25 განჩინება).

17.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე.

17.3.1. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი დანაშაულისადმი (აღიარა) და მტკიცებულებების ნაწილის უდავოდ ცნობას, იმ გარემოებას, რომ იგი ნასამართლობის არმქონე პირია, კასატორი არ უთითებს ისეთ მტკიცებულებაზე/გარემოებაზე, რაც არ წარმოადგენდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასების საგანს/უკანონოდ იქნა შეფასებული გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და მიუთითებს სასჯელის უკანონობაზე, ადასტურებს სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას. შესაბამისად, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

18. 2025 წლის 16 აპრილს და 2 ივლისს საქართველოს სსკ-ში შესულ ცვლილებებთან (ნარკოტიკული დანაშაულის თავი) მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს, რომლის თანახმად, კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს, ასევე – საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლს, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს (პირველი ნაწილი); თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში (მე-2 ნაწილი); თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი (მე-3 ნაწილი).

18.1. მოცემულ შემთხვევაში, 2025 წლის 16 აპრილსა და 2 ივლისს საქართველოს სსკ-ში განხორციელებული ცვლილებებით მკაცრდება სასჯელი, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის (მოქმედი რედაქციით – მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემისათვის, რეალიზაციისათვის/აღნიშნულის ხელშეწყობისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის №607აპ-25 განაჩენი)).

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

20. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).

21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც რომელიმე სხვა საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადაშვილისა და მსჯავრდებულ გ.ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ბ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე