საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.05.2026
საქმის ნომერი
2კ-154აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100125011885101

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №154აპ-26 20 მაისი, 2026 წელი

ბ–ე ლ., №154აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განაჩენზე, მსჯავრდებულ ლ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. ბ–ე (პირადი ნომერი: ....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2025 წლის 6 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ–ში, .... გამზირზე N...-ში მდებარე სახლში, ლ. ბ–ემ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, იძალადა არარეგისტრირებული მეუღლის - ს. ნ–ას მიმართ (ხელი მოუჭირა მკლავზე, სახეში გაარტყა ხელი, ფეხი ჩაარტყა ფეხში). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 ნოემბრის განაჩენით, ლ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული და 2025 წლის 31 მარტის განჩინებით, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენით დანიშნული და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 9 თვის ვადით.

2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ხ–ამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2026 წლის 19 თებერვალს, მსჯავრდებულ ლ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ხ–ამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლ. ბ–ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან ლ. ბ–ე ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, დაკავებისთანავე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებულს მის მიმართ არ აქვს პრეტენზია და ითხოვა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს განესაზღვროს არასაპატიმრო სასჯელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ლ. ბ–ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ლ. ბ–ისთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. ბ–ისათვის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ ცნო საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ის, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ლ. ბ–ე იყო პირობით მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. ბ–ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ–ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე