საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.06.2026
საქმის ნომერი
2კ-105აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№105აპ-26 თბილისი

პ-ი ა., 105აპ-26 15 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის – შოთა ჩხაიძის, ასევე – მსჯავრდებულ ა. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ჩ-სა და ლ. დ-ას – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. პ-ს ბრალად დაედო: დაზარალებულის იძულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, რასაც თან ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობის მუქარა და დაზარალებულის მიმართ ძალადობა (საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები); ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2020 წლიდან ა. პ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. ბ-თან და მასთან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.

· 2022 წლის 19 აგვისტოს ა. პ-ს წარედგინა ბრალდება ს. ბ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

· 2024 წლის მაისში ს. ბ-ი და ა. პ-ი განქორწინდნენ.

· 2024 წლის 28 აგვისტოს ს. ბ-ი დასასვენებლად ჩავიდა ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმრო “ვ. მ-ში“ და განთავსდა მესამე სართულზე არსებულ ოთახში. იმავე დღეს ა. პ-მა ს. ბ-ს ჩააკითხა სასტუმროში. ა. პ-მა სასტუმროს ეზოში მიიღო ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი. 2024 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით, 05:30 საათზე, ა. პ-ი ყოფილ მეუღლესთან – ს. ბ-თან ერთად ავიდა სასტუმროს ნომერში, გავიდა აივანზე და, განაწყენებულმა იმით, რომ ს. ბ-მა 2022 წლის 19 აგვისტოს ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, აგინებდა მას დედისა და ოჯახის წევრების მისამართით, ასევე დაემუქრა, რომ, თუ სასამართლოში მივიდოდა და მისცემდა ჩვენებას ა. პ-ის წინააღმდეგ, ს-ს მამას დააინვალიდებდა, ხოლო თავად ს-ს სახეს დაუსახიჩრებდა. ს. ბ-მა ა. პ-ს დამშვიდება და ნომერში შესვლა სთხოვა, რა დროსაც ა. პ-მა მას ხელი გაარტყა სახეში და ძლიერად მოუჭირა კეფაზე ხელი, რის შემდეგაც ორივე ხელით სცემდა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში. მას შემდეგ, რაც ს. ბ-ი ნომერში იატაკზე დაეცა, ა. პ-მა განაგრძო მისი ცემა და ფეხი რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხებისა და გვერდის არეში. ა. პ-ის მიერ დაზარალებულის ჩვენების მიცემაზე უარის თქმის იძულების მოტივით ჩადენილი ძალადობის შედეგად ს. ბ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· აღნიშნულის შემდეგ ა. პ-ი ს. ბ-ს დაემუქრა, რომ, თუ იგი მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობებდა სამართალდამცავ ორგანოს, დაასახიჩრებდა, კერძოდ, სახეს დაუსერავდა ისე, რომ არავინ შეხედავდა. ს. ბ-მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც, დაუკავშირდა 112-ს და ითხოვა პოლიციის დახმარება.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 აპრილის განაჩენით ა. პ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. ა. პ-ი (პირადი №-), - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. პ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 30 აგვისტოდან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. პ-მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგით:

· 2020 წლიდან ა. პ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. ბ-თან და ეწეოდა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2024 წლის მაისში ს. ბ-ი და ა. პ-ი განქორწინდნენ.

· 2024 წლის 28 აგვისტოს ს. ბ-ი დასასვენებლად ჩავიდა ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმრო “ვ. მ-ში“ და განთავსდა მესამე სართულზე არსებულ ოთახში. იმავე დღეს ა. პ-მა ს. ბ-ს ჩააკითხა სასტუმროში. 2024 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით, 05:30 საათზე, ა. პ-ი ყოფილ მეუღლეს – ს. ბ-ს – აგინებდა ოჯახის წევრების მისამართით. ს. ბ-მა ა. პ-ს დამშვიდება და ნომერში შესვლა სთხოვა, რა დროსაც ა. პ-მა ს. ბ-ს ხელი გაარტყა სახეში და ძლიერად მოუჭირა კეფაზე ხელი, რის შემდეგაც ორივე ხელით სცემდა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში. მას შემდეგ, რაც ს. ბ-ი ნომერში იატაკზე დაეცა, ა. პ-მა განაგრძო მისი ცემა და ფეხი რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხებისა და გვერდის არეში. ა. პ-ის ძალადობის შედეგად ს. ბ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· აღნიშნულის შემდეგ ა. პ-ი ს. ბ-ს დაემუქრა, რომ, თუ იგი მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობებდა სამართალდამცავ ორგანოს, დაასახიჩრებდა, კერძოდ, სახეს დაუსერავდა ისე, რომ არავინ შეხედავდა. მუქარა ს. ბ-მა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც, დაუკავშირდა 112-ს და ითხოვა პოლიციის დახმარება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი შოთა ჩხაიძე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ა. პ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 372-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და დანაშაულთა ერთობლიობით ისეთი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული. დაცვის მხარე კი ითხოვს ა. პ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – მინიმალური სასჯელის განსაზღვრას იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული არ არის დანაშაულისკენ მიდრეკილი პირი და კრიმინალი; ის ცნობილი არქიტექტორია, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ქვეყნისა და ერის წინაშე; პირველ ქორწინებაში გაატარა 20 წელი, რა დროსაც ძალადობის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა; ასეთი მძიმე შედეგი გამოიწვია დაზარალებულის პროვოკაციულმა ქმედებებმა.

7. ადვოკატი ნ. ჩ- შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის საჩივრის მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სასამართლის კოდექსის 372-ე მუხლით კრიმინალიზირებულია დაზარალებულის იძულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, რასაც ერთვის მისი და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობის მუქარა და დაზარალებულის მიმართ ძალადობა. შესაბამისად, იმისათვის, რომ პირი დამნაშავედ იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული მუხლით, უნდა არსებობდეს მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობა დანაშაულის თითოეულ ელემენტთან მიმართებით, კერძოდ, უნდა დადგინდეს, რომ პირი მუქარითა და ძალადობით ზემოქმედებდა დაზარალებულის თავისუფალ ნებაზე თავისთვის სასურველი შედეგის

მისაღებად – დაზარალებულმა ჩვენება არ მისცეს მის წინააღმდეგ. ძალადობა და მუქარა მიზნად უნდა ისახავდეს და მიმართული იყოს დაზარალებულის ქმედებისა და ნების თავისუფლების შეზღუდვისკენ, აგრეთვე – მისი იძულებისკენ, განახორციელოს ბრალდებულისთვის სასურველი მოქმედება – ჩვენება არ მისცეს მის წინააღმდეგ.

11. ქმედების საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს კონკრეტული მიზნის არსებობა – ძალადობის მუქარა და ძალადობა ს. ბ-ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით. მართალია, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა მიუთითა, რომ ა. პ-მა მასზე იმ საფუძვლით იძალადა, რომ 2022 წლის აგვისტოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე ჩვენება არ მიეცა სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა, დაზარალებული თავისუფალი თხრობის რეჟიმში ძირითადად უთითებდა კონფლიქტის სხვადასხვა საფუძვლებს, მათ შორის – ა.სა და დავით ბიჭიკაშვილს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას, ეჭვიანობას, შეურაცხმყოფელ მიმართვებსა და დამოკიდებულებას, ა.ის მხრიდან სხვა ქალთან მის შედარებას (რაც დაზარალებულში ბრაზს იწვევდა). ს. ბ-ისვე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ა. პ-ი შეკვეთილში ჩავიდა, ა.მა ბოდიში მოიხადა, მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და ითხოვა პატიება. შესაბამისად, ს. ბ-მა ა.ს მისცა პირობა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა. ამის შემდეგ, 2024 წლის 26 აგვისტოს ა. პ-ი ს-ს გარეშე დაბრუნდა თბილისში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის იძულებაზე არაფერია მითითებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და შემაკავებელ ორდერში, ასევე – ა. თ-ას გამოკითხვის ოქმში, რაც საეჭვოს ხდის ამ გარემოებას, ვინაიდან აღნიშნული მოქმედებები ჩატარდა დანაშაულის ჩადენიდან მალევე და, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, წარმოჩენილი უნდა ყოფილიყო ამ მტკიცებულებებში.

12. საქმეში არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ 2024 წლის 30 აგვისტოს ა. პ-ი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვამდა უკმაყოფილებას და გამოხატავდა აგრესიას, ზემომითითებულ მოვლენებიდან გამომდინარე. ამდენად, იმის მტკიცება, რომ ა. პ-ი მოქმედებდა იმ განზრახვით, რათა დაზარალებულს უარი განეცხადებინა ჩვენების მიცემაზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს ა. პ-ის ქმედებები და მართებულად დასდეს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნასაც მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლებისა და 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მინიმალური სასჯელის შეფარდების თაობაზე, ვინაიდან დაზარალებულ ს. ბ-ის ჩვენება ა. პ-ის მიერ მის მიმართ ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენის თაობაზე სარწმუნო და დამაჯერებელია. ის კონკრეტულად აღწერს მსჯავრდებულის ქმედებებს მათი ჩადენის დროის, ადგილის და შინაარსის მითითებით, აცხადებს, რომ მეუღლის მიერ ჩადენილმა ძალადობამ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანების მუქარამ კი – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ სასამართლოზე მიცემული ჩვენების ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულმა პირველივე წამებიდან გამოძიებას და ყველა იმ პირს, რომლებსაც დანაშაულის ჩადენიდან უმოკლეს დროში უშუალოდ ურთიერთობდა მასთან, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლებსა და სასწრაფო დახმარების ექიმ მ. ჩ-ას. სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ყველა მათგანმა არა მხოლოდ დაადასტურა დაზარალებულის მონათხრობი, რომ ა. პ-მა იძალადა მასზე და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, არამედ მათ ასევე საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორი შეშინებული, აღელვებული და ანერვიულებული იყო დაზარალებული, რომელიც ტიროდა.

14. უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის შემცველია 112-ის სამსახურში შეტყობინების დათვალიერების ოქმი, რომელიც ადასტურებს დაზარალებულის ჩვენების შინაარსს. დაზარალებულმა ს. ბ-მა იგივე ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს და შემაკავებელი ორდერის შედგენისას. ორივე შემთხვევაში, იგი ცალსახად და კატეგორიულად მიუთითებდა ყოფილი მეუღლის მხრიდან მის მიმართ როგორც ძალადობაზე, ასევე – მუქარაზე.

15. დაზარალებულში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმებით, დაეყრდნო როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებას, ისე – საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს (112-დან გამოთხოვილ ჩანაწერს, მ. ჩ-ას ჩვენებას), რომლებიც ობიექტურად მიუთითებს დაზარალებულში მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის რეალურად არსებობის ფაქტზე.

16. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები (დაზარალებულ ს. ბ-ის, მოწმეების: ა. თ-ას, თ. ხ-ის, ჯ. კ-ის, მ. ჩ-ას, დ. ჩ-ისა და სხვათა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 112-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ თ. გ-ის ჩვენება, ალკოტესტით შემოწმების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები) თანმიმდევრული, ურთიერთთავსებადი და სარწმუნოა, ისინი ქმნიან იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა. პ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

17. ა. პ-ისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (ძალადობის ფორმები) და შემამსუბუქებელი (მისი დახასიათება: ა. პ-ი მაღალკვალიფიციური არქიტექტორია, გამოირჩევა თავისი საქმისადმი გულისხმიერებით და კეთილსინდისიერი მიდგომით; არის საერთაშორისო კონკურსის – „ა-ი პ-ა“ – მრავალგზის მონაწილე და გამარჯვებული) და ა. პ-ს როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ დაუნიშნა სასჯელის იმგვარი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სანქციათა ფარგლებშია და არ არსებობს მისი შეცვლის (დამძიმების ან შემსუბუქების) საფუძველი.

18. ამრიგად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. განსახილველ საქმეში არ იკვეთება სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

19. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის – შოთა ჩხაიძის, ასევე – მსჯავრდებულ ა. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ჩ-სა და ლ. დ-ას – საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე