დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.06.2026
საქმის ნომერი
2კ-33-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802226012720878

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №331-26 ქ. თბილისი

ტ./თ. ბ. მ., 331-26 18 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ბ.ნ (M. B.) ტ-ს/თ-ს (T.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 28 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ბ. ტ-ს/თ-ს მიმართ შვეიცარიის კონფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

მ. ტ-ს ექსტრადიცია მოითხოვება შვეიცარიის კონფედერაციის ბ-ს კ-ს პროკურატურის მიერ 2024 წლის 17 დეკემბერს გაცემულ დაკავების განჩინებაში მითითებული დანაშაულებისთვის, კერძოდ: შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ცეცხლის წაკიდება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია); ასევე, 186-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სხვის მფლობელობაში უნებართვოდ შესვლა).

მ. ტ-ს ექსტრადიცია ასევე მოითხოვება შვეიცარიის კონფედერაციის ზ-ს რაიონული სასამართლოს მიერ 2025 წლის 19 მაისის დაკავების განჩინებაში მითითებული დანაშაულებისთვის: შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 22-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობა); 134-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (თავდასხმა); 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (მუქარა); 286-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (საჯარო ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლისთვის ხელის შეშლა); 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სხვისი ღირსების შელახვა); საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 90-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა); ამავე კანონის 91ა მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სატრანსპორტო საშუალების მართვის უუნარობის დადგენისთვის ხელის შეშლა) და შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ქონების განმეორებით დაზიანება).

2025 წლის 19 მაისს შვეიცარიის კონფედერაციის ზ-ს რაიონულმა სასამართლომ გასცა მ. ტ-ს დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.

2. შვეიცარიის კონფედერაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2021 წლის 23 აგვისტოს ბ-ს კ-ში ქ. თ-ში მ. ტ-მ როგორც დაჯგუფება „....“ წევრმა, ჯგუფის სხვა მონაწილეებთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქ. თ-ში მდებარე სავაჭრო სამრეწველო შენობაში, სადაც ერთ-ერთი ფართი ნაქირავები ჰქონდა მოტოციკლისტთა კლუბ „...“.

2021 წლის 23 აგვისტოს ბ-ს კ-ში ქ. თ-ში მ. ტ-მ როგორც დაჯგუფება „...“ წევრმა, ჯგუფის სხვა მონაწილეებთან ერთად, წინასწარ შეძენილი ბენზინის და ხანძრის გამავრცელებელი საშუალებების გამოყენებით ქ. თ-ში მდებარე სავაჭრო სამრეწველო შენობას წაუკიდა ცეცხლი და გააჩინა ხანძარი. ცეცხლის წაკიდებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა დაახლოებით − 1000000 (მილიონი) შვეიცარიული ფრანკი.

2022 წლის 23 სექტემბერს მ. ტ-მ სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაზარალებული კ. მ. ი. ს. მოტყუებით მიიყვანა ო-ში მდებარე კლუბის შენობაში. მათ სხეულის სხვადასხვა ადგილას სასტიკად სცემეს დაზარალებულს. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა მიიღო ნეკნების მოტეხილობები, დაჟეჟილობები და სისხლჩაქცევები.

ამავე დღეს მ. ტ-მ და სხვა პირებმა განახორციელეს ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა დაზარალებულ კ. მ. ი. ს-ს მიმართ, რომელსაც უროს გამოყენებით ხელების დამტვრევით დაემუქრნენ.

2022 წლის 29 ივლისს მ. ტ-მ სატრანსპორტო საშუალების მართვისას დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, კერძოდ, ტროტუარზე ავიდა და იქიდან გაუსწრო ავტომობილების კოლონას.

ამავე დღეს მ. ტ. შეეცადა, ტროტუარიდან დაბრუნებულიყო სატრანსპორტო საშუალებების სავალ ზოლში, რა დროსაც კონფლიქტი წარმოიშვა მასსა და პოლიციელ ბ-ს შორის, რომელიც ცდილობდა მ. ტ-ს კონტროლსა და მის დაკავებას. მ. ტ-მა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელ − ბ-ს და მას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია.

2022 წლის 25 სექტემბერს მ. ტ. სატრანსპორტო საშუალების მართვისას, შემოწმების მიზნით პოლიციამ გააჩერა. მ. ტ-მ უარი განაცხადა ნარკოტიკის სწრაფი ტესტის ჩატარებაზე. იგი ასევე არ დაემორჩილა პროკურორის ბრძანებას და უარი განაცხადა სისხლისა და შარდის ნიმუშის ჩაბარებაზე.

2023 წლის 10 მაისიდან − 2023 წლის 17 მაისამდე პერიოდში, მ. ტ-მ კ-ს ციხეში დააზიანა № ... და № ... საკნები. მ. ტ-მ მათ შორის, დააზიანა საკნის ნიჟარა, ფანჯრის მინა, ფანჯრის ჩარჩო და საკნის კარი.

3. მ. ბ. ტ-ს/თ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2025 წლის 1 ნოემბერს მ. ტ. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2025 წლის 3 ნოემბერს მ. ტ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვის ვადით.

2025 წლის 24 ნოემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა მ. ტ-ს ექსტრადიციის თაობაზე და შესაბამისი დანართი მასალა.

2026 წლის 29 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. ტ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა – 2026 წლის 1 მაისამდე.

2026 წლის 28 აპრილს შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია მ. ტ-ს ექსტრადიციის საქმეზე.

2026 წლის 30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. ტ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა – 2026 წლის 1 აგვისტომდე.

2026 წლის 5 მაისს შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური ორგანოებისგან მიღებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია მ. ტ-ს ექსტრადიციის საქმეზე.

ამჟამად მ. ტ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №...პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2026 წლის 25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ, რომელმაც მოითხოვა:

დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ბ. ტ-ს/თ-ს შვეიცარიის კონფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, შემდეგი დანაშაულებისთვის:

1. შვეიცარიის კონფედერაციის ბ-ს კ-ს პროკურატურის მიერ 2024 წლის 17 დეკემბერს გაცემულ დაკავების განჩინებაში მითითებული დანაშაულებისათვის: ცეცხლის წაკიდება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის 1-ელი ნაწილი; ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი); სხვის მფლობელობაში უნებართვოდ შესვლა (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლი).

2. შვეიცარიის კონფედერაციის ზ-ს რაიონული სასამართლოს მიერ 2025 წლის 19 მაისის დაკავების განჩინებაში მითითებული დანაშაულებისათვის: ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობა (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 22-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი); თავდასხმა (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლი); მუქარა (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილი); საჯარო ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლისთვის ხელის შეშლა (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლი) და ქონების განმეორებით დაზიანება (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).

დაუშვებლად იქნეს ცნობილი მ. ბ. ტ-ს/თ-ს შვეიცარიის კონფედერაციის ზ-ს რაიონული სასამართლოს მიერ 2025 წლის 19 მაისის დაკავების განჩინებაში აღწერილი შემდეგი ქმედებებისთვის:

სხვისი ღირსების შელახვა (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილი); საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა (შვეიცარიის კონფედერაციის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 90-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილი); სატრანსპორტო საშუალების მართვის უუნარობის დადგენისთვის ხელის შეშლა (შვეიცარიის კონფედერაციის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 91ა მუხლის 1-ელი ნაწილი).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 28 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა.

დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ბ. ტ-ს/თ-ს შვეიცარიის კონფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, შემდეგი დანაშაულებისთვის:

1. შვეიცარიის კონფედერაციის ბ-ს კ-ს პროკურატურის მიერ 2024 წლის 17 დეკემბერს გაცემულ დაკავების განჩინებაში მითითებული დანაშაულებისათვის: ცეცხლის წაკიდება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის 1-ელი ნაწილი; ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი); სხვის მფლობელობაში უნებართვოდ შესვლა (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლი).

2. შვეიცარიის კონფედერაციის ზ-ს რაიონული სასამართლოს მიერ 2025 წლის 19 მაისის დაკავების განჩინებაში მითითებული დანაშაულებისათვის: ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობა (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 22-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი); თავდასხმა (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლი); მუქარა (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილი); საჯარო ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლისთვის ხელის შეშლა (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლი) და ქონების განმეორებით დაზიანება (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).

დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ბ. ტ-ს/თ-ს შვეიცარიის კონფედერაციის ზ-ს რაიონული სასამართლოს მიერ 2025 წლის 19 მაისის დაკავების განჩინებაში აღწერილი შემდეგი ქმედებებისთვის:

სხვისი ღირსების შელახვა (შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილი); საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა (შვეიცარიის კონფედერაციის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 90-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილი); სატრანსპორტო საშუალების მართვის უუნარობის დადგენისთვის ხელის შეშლა (შვეიცარიის კონფედერაციის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 91ა მუხლის 1-ელი ნაწილი).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ბ. ტ-ს/თ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ნ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით: დაცვის მხარე უთითებს, რომ ა-ს კ-ში, ზ-ს რაიონულ სასამართლოში, მ. ბ. ტ-ს/თ-ს მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია 2025 წლის 18 სექტემბრის განაჩენი, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ რიგ დანაშაულებში და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის მოსაზრებით, ექსტრადიცია უნდა შეფასდეს არა სისხლისსამართლებრივი დევნის, არამედ − სასჯელის აღსრულების მიზნით მოთხოვნილ ექსტრადიციად. ვინადიან შვეიცარიის კონფედერაციაში მ. ტ-ს მიმართ გამოტანილია დაუსწრებელი განაჩენი, ექსტრადიციის მომთხოვნი მხარისგან საჭიროა დამატებითი გარანტიების წარმოდგენა; ბ-ს კ-ს საქმეში, დაკავების ორდერი გაცემულია პროკურორის და არა – სასამართლოს მიერ, რაც, დაცვის მხარის აზრით, არ აკმაყოფილებს ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს; საქმის მასალებში არსებობს გაურკვევლობა მ. ბ. ტ-ს/თ-ს მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ინტერპოლის ინდივიდუალურ ანგარიშში იგი მითითებულია შვეიცარიის მოქალაქედ, ხოლო − დაკავების და სხვა საპროცესო დოკუმენტებში მოხსენიებულია, როგორც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე; ბ-ს კ-ს პროკურატურის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდება არსებითად ეფუძნება ანონიმური მოწმის ჩვენებას, რომლის დაკითხვისა და სანდოობის შემოწმების შესაძლებლობა დაცვის მხარეს არ აქვს, რაც ქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის რისკს; მ. ბ. ტ./თ. შვეიცარიაში რამდენჯერმე გახდა მოტოციკლისტთა ჯგუფის წევრთა თავდასხმის ობიექტი, რის გამოც, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ბ. ტ-ს/თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ნ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა. მხარეებს დამატებითი პოზიცია არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. შვეიცარიის კონფედერაციაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ბ. ტ./თ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 1 ნოემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საკასაციო საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს შვეიცარიის კონფედერაციის მიერ წარმოდგენილი დაკავების აქტის სამართლებრივ ბუნებას. კერძოდ, კასატორის პოზიციით, ბ-ს კ-ში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორის მიერ გაცემული დაკავების განჩინება ვერ მიიჩნევა იმგვარ დოკუმენტად, რომელიც ექსტრადიციის მოთხოვნას შეიძლება დაედოს საფუძვლად. საკასაციო სასამართლო მითითებულ არგუმენტს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ექსტრადიციის მოთხოვნას უნდა ერთოდეს დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების და განაჩენის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი, ან თხოვნის გამგზავნი მხარის კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად გაცემული დაპატიმრების ორდერი ან იმავე ძალის მქონე სხვაგვარი ორდერი, რომელიც გაცემულია მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს მიერ, კანონით დადგენილი წესით. ამდენად, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად არ ადგენს, რომ ასეთი აქტი ყველა შემთხვევაში სასამართლოს მიერ უნდა იყოს გამოცემული. შესაბამისად, გადამწყვეტია არა დოკუმენტის გამომცემი ორგანოს ინსტიტუციური სტატუსი, არამედ ის გარემოება, მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, გააჩნია თუ არა აღნიშნულ ორგანოს, პირის დაკავების ან/და სისხლის სამართლის პროცესში მისი მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის საჭირო სამართლებრივი უფლებამოსილება.

5. მოცემულ შემთხვევაში, ბ-ს კ-ს პროკურატურის მიერ 2024 წლის 17 დეკემბერს გაცემული დაკავების განჩინება წარმოდგენილია შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ, ოფიციალური საექსტრადიციო მოთხოვნის ფარგლებში. საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე ობიექტური მონაცემი, რომელიც მიუთითებდა, რომ აღნიშნული აქტი შვეიცარიის კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით არის გამოცემული ან მას არ გააჩნია მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი ძალა.

6. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ დაკავების განჩინება გაცემულია ბ-ს კ-ს პროკურატურის და არა – სასამართლოს მიერ, ვერ გამორიცხავს საექსტრადიციო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს და არ წარმოადგენს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებას.

7. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აგრეთვე უთითებს, რომ ა-ს კ-ს ზ-ს რაიონულ სასამართლოში მ. ბ. ტ-ს/თ-ს მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია 2025 წლის 18 სექტემბრის განაჩენი, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ რიგ დანაშაულებში და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით. მითითებულის გამო, დაცვის მხარის აზრით, ექსტრადიციის მოთხოვნის სამართლებრივი ბუნება შეცვლილია და იგი უნდა განიხილებოდეს არა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების, არამედ − სასჯელის აღსრულების მიზნით ექსტრადიციად, რაც საჭიროებს ექსტრადიციის მომთხოვნი მხარისგან დამატებითი გარანტიების წარმოდგენას.

8. საკასაციო სასამართლო მითითებულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო მასალების შესაბამისად, მ. ბ. ტ-ს/თ-ს ექსტრადიცია, მოთხოვნილია ზ-ს რაიონული სასამართლოს მიერ 2025 წლის 19 მაისს გაცემულ დაკავების განჩინებაში მითითებული დანაშაულებისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით და, ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი, სწორედ აღნიშნული ოფიციალური მოთხოვნის ფარგლებში შეაფასა. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის 2026 წლის 28 მაისის ოქმი) განმარტა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური ორგანოებისგან რაიმე სახის ოფიციალური შუამდგომლობა განაჩენის აღსრულების მოთხოვნით ექსტრადიციის შესახებ, არ მიუღია. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ. ბ. ტ-ს/თ-ს ექსტრადიცია დასაშვებად არის ცნობილი მხოლოდ იმ დანაშაულებისთვის და იმ სამართლებრივ ფარგლებში, რომლებიც მითითებულია საქართველოსთვის წარმოდგენილ ოფიციალურ მოთხოვნაში. თუ შვეიცარიის კონფედერაცია მ. ტ-ს მიმართ, მომავალში მოითხოვს ექსტრადიციის გამოყენებას სხვა სამართლებრივი მიზნითა და საფუძვლით, ან სხვა დანაშაულისთვის, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

9. აღნიშნულზე დაყრდნობით, დაცვის მხარის არგუმენტი ზ-ს საქმეზე სავარაუდო დაუსწრებელი განაჩენის არსებობის შესახებ, არ ქმნის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს.

10. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ მერტ ბ. ტ-ს/თ-ს მოქალაქეობის საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს, რადგან საექსტრადიციო მასალებში ეს უკანასკნელი ზოგიერთ დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ხოლო ინტერპოლის მონაცემებში მითითებულია, რომ იგი შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეა, შემდეგ გარემოებათა გამო: საექსტრადიციო საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. ბ. ტ./თ. არის შვეიცარიის კონფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. შესაბამისად, ცალკეულ დოკუმენტებში მისი მოქალაქეობის თურქეთის რესპუბლიკასთან, ხოლო სხვა დოკუმენტებში შვეიცარიის კონფედერაციასთან დაკავშირება, არ მიუთითებს ისეთ წინააღმდეგობაზე ან გაურკვევლობაზე, რომელიც პირის იდენტიფიკაციას ან ექსტრადიციის სამართლებრივ წინაპირობებს ეჭვქვეშ დააყენებდა; ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, მ. ბ. ტ./თ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, ასევე არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, რის გამოც, არც ამ კუთხით არსებობს ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

11. დაცვის მხარის კიდევ ერთი არგუმენტი უკავშირდება იმ გარემოებას, რომ მ. ბ. ტ./თ. შვეიცარიის კონფედერაციაში წარსულში გახდა მოტოციკლისტთა ჯგუფის წევრების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლოა კვლავ დაექვემდებაროს ფიზიკურ ანგარიშსწორებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ არგუმენტსაც ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).

13. მითითებულიდან გამომდინარე, ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ისეთი რეალური, კონკრეტული და სათანადო მტკიცებულებებით დასაბუთებული საფრთხე, რომელიც პირის ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის საფუძვლიან რისკს წარმოშობს. მხოლოდ წარსულში მომხდარ ინციდენტზე ზოგადი მითითება, დამატებითი კონკრეტული გარემოებებისა და მტკიცებულებების გარეშე, ამგვარი საფრთხის არსებობას არ ადასტურებს. ამავე დროს, როდესაც საფრთხე კერძო პირებისგან მომდინარეობს, დაცვის მხარემ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული მონაცემები არა მხოლოდ საფრთხის არსებობის, არამედ − იმ გარემოების შესახებაც, რომ აღნიშნული საფრთხისგან, მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფო ვერ ან არ დაიცავს პირს.

14. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მოსაზრება ზოგადი ხასიათისაა, კერძოდ, საჩივარში მითითებულია შვეიცარიაში მყოფი მოტოციკლისტთა ჯგუფის წევრების მიერ მ. ტ-თან შესაძლო მტრობაზე, თუმცა არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა კონკრეტულ, დასაბუთებულ და რეალურ საფრთხეს; აგრეთვე არ არის წარმოდგენილი მონაცემები იმის შესახებ, რომ შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავმა ორგანოებმა წარსულში უარი თქვეს მის დაცვაზე, ან ობიექტურად ვერ შეძლებენ შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფას და, რომ მ. ტ-ს დაკავების ან პატიმრობის პირობებში, მისი უსაფრთხოების ზომები ვერ იქნება სათანადოდ დაცული.

15. გარდა აღნიშნულისა, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ მ. ტ-ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). მ. ტ-ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად.

16. ასევე, მხედველობაშია მისაღები შვეიცარიის კონფედერაციის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში მონაწილეობა. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან შვეიცარიის კონფედერაციაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

17. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, მ. ტ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის რისკი.

19. რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ ბ-ს კ-ს პროკურატურის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდება არსებითად ეფუძნება ანონიმური მოწმის ჩვენებას, საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ: იხ.: საქმე №21-17, №21-20, №4021-21, 91-23).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 28 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ბ. (M. B.) ტ-ს/თ.-ს (T.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 28 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე