საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №226აპ-26 3 ივნისი, 2026 წელი
ბ. კ., №226აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. კ. ბ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2025 წლის 7 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, დ. თ-ის ქ. N-, ბინა --ში, კ. ბ-მა ფიზიკურად იძალადა თავის დის - მ. ბ-ას მიმართ. კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2025 წლის 7 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ.თ-ში, დ. თ-ის ქ. N-, ბინა --ში, კ. ბ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის დას - მ. ბ-ას. კერძოდ, ამ უკანასკნელს უთხრა, რომ მოკლავდა, „ღორივით დაკლავდა“ და „სახლში ამოწვავდა“. მ. ბ-ამ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2025 წლის 7 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ.თ-ში, დ. თ-ის ქ. N-, ბინა --ში, კ. ბ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – ე. ბ-ას. კერძოდ, ამ უკანასკნელს უთხრა, რომ მოკლავდა და სახლში ამოწვავდა. ე. ბ-ამ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 3 დეკემბრის განაჩენით, კ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ას ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ე. ბ-ას ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე კ. ბ-ს დამატებითი სასჯელის სახით 2 წლის ვადით ჩამოერთვა – იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა კ. ბ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
კ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლის ვადით ჩამოერთვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 3 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ტ-მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2026 წლის 9 მარტს, მსჯავრდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ტ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, კ. ბ-ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სასჯელის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, მტკიცებულებათა უდავოდ გახდომის ფაქტი და ოჯახის წევრებთან შერიგების მზაობა, რაზეც მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულების ნოტარიულად დამოწმებული პოზიცია პრეტენზიის არარსებობის თაობაზე. მხედველობაში მისაღები იყო მსჯავრდებულის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები ასევე წარმოდგენილი ჰქონდა დაცვის მხარეს. ყურადსაღებია აგრეთვე ის, რომ პირობითი მსჯავრის გაუქმება და რეალურ პატიმრობაში გადაყვანა თავისთავად არ გულისხმობს წინა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის ერთხელ უკვე დაკისრებული სასჯელის ზრდას. სასამართლოს არ აქვს უფლება გაზარდოს უკვე განსაზღვრული სასჯელის ვადა კანონის გვერდის ავლით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში, ხოლო ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კ. ბ-ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კ. ბ-ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას.
5.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, კ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) სანქციით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში კ. ბ-ის მიმართ თითოეული ეპიზოდისათვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს.
5.7. რაც შეეხება, დაცვის მხარის პოზიციას, რომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის უკანონო და ხელოვნურად იზრდება სასჯელი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კი, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის, 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, კი განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
5.9. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კ. ბ-ი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით იმყოფებოდა 5 წლიანი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ასევე საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულისათვის სასჯელის ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნა. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთის იმ მინიმუმს, რაც რეციდივის გათვალისწინებით შეეძლო სასამართლოს დაენიშნა, ხოლო პირობითი მსჯავრის გაუქმება და წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ბოლო განაჩენისთვის ნაწილობრივ დამატება სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების იმპერატიულ მოთხოვნებს.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე