საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.06.2026
საქმის ნომერი
2კ-215აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №215აპ-26 2 ივნისი, 2026 წელი

ნ. ი., №215აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ნ-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2025 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 07:30 საათზე, ქ. ბ-ში, შ-ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ი. ნ-ემ, სამზარეულოს დანის გამოყენებით ჯ. ფ-ას გულმკერდის წინა ზედაპირზე მიაყენა ჭრილობა, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელითა და სამზარეულოს დანის მეშვეობით მიაყენა ნაკაწრები, ნაჭდევები და ნასკდომი დაზიანებები, რის შედეგადაც ჯ. ფ-ამ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

1.3. 2025 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 07:30 საათზე, ქ. ბ-ში, შ-ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ი. ნ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჯ. ფ-ას, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ჯ. ფ-ამ აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, ი. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ნ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული და ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, შემცირებული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 10 თვე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ნ-ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ – თორნიკე გოგეშვილმა და მოითხოვა ი. ნ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

2.3. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ნ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ზ-ემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 იანვრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. მსჯავრდებულ ი. ნ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ზ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. განაჩენი ემყარება იმ სახის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებას. განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ერთ მტკიცებულებას – დაზარალებულის ჩვენებას, რაც არაა საკმარისი გამამყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, ი. ნ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი უსამართლო და არაკანონიერია, რადგან სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული მისი გამოძიებასთან თანამშრომლობის ფაქტი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს პირის გამართლება/გამტყუნებას ან კვალიფიკაციის შეცვლას, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს თითოეული მუხლით/მუხლის ნაწილით პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის უკანონობა. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარე ვერ უთითებს სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის დამადასტურებელ გარემოებებზე.

5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ნ-ის მსჯავრდების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.4. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ დაზარალებულ ჯ. ფ-ას ჩვენების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან დაადასტურა ი. ნ-ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედებები. მან დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, მიუთითა შემთხვევის ზუსტი დრო და ადგილი, დანაშაულის განვითრება და ქმედებები, რაც განახორციელა მსჯავრდებულმა, აღწერა დანაშაულის იარაღი და მის მიერ მიღებული დაზიანებები სრულად, ასევე დაადასტურა მუქარა და შედეგად შიშის განცდა. მასთან, საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულის მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. გარდა ამისა, მისი ჩვენება სრულად არის თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

5.5. საგულისხმოა, რომ დაზარალებულის ჩვენება და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ი. ნ-ის მიერ განხორციელებული ქმედებების დასადასტურებლად. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებითა და გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N-- დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით შესაძლებელია როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ასევე მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. შესაბამისად, სახეზეა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5.6. რაც შეეხება ი. ნ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე , 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნებზე დაყრდნობით, ი. ნ-ეს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელის სახე. იმის გათვალისწინებით, რომ ი. ნ-ემ მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულები, პირობით მსჯავრის ქვეშ, კვლავ დაზარალებულ ჯ. ფ-ას მიმართ ჩაიდინა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის ზომას საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიუთითებს, რომ დანაშაულის რეციდივის გათვალისიწინებით, ი. ნ-ეს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა მინიმალური ვადით. საკასაციო პალატის შეფასებით, ასევე კანონიერია ი. ნ-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი.

5.8. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისა და სასჯელისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.

5.9. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020.

5.11. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივრი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე