საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010100125011748302
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №187აპ-26 ქ. თბილისი
ტ. თ., 187აპ-26 10 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 29 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ტ–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2025 წლის ივნისის დასაწყისში, ქ. ბ–ში, ტ–ს ქუჩა №..–ის №.. ბინაში მდებარე თ. ტ–ისა და ბ. კ–ის საცხოვრებელ სახლში, თ. ტ–ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით ორსულ ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ბ. კ–ეს. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
1.1.1. თ. ტ–ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.2. 2025 წლის ივნისის დასაწყისში, ქ. ბ–ში, ტ–ს ქუჩა №..–ის №.. ბინაში მდებარე თ. ტ–ისა და ბ. კ–ის საცხოვრებელ სახლში, თ. ტ–ე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით ორსულ ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ბ. კ–ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.2.1. თ. ტ–ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
1.3. 2025 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ბ–ში, ტ–ს ქუჩის №..-ის №..ბინაში მდებარე თ. ტ–ისა და ბ. კ–ის საცხოვრებელ სახლში, თ. ტ–ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით ორსულ ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ბ. კ–ეს. კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
1.3.1. თ. ტ–ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.4. 2025 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ბ–ში, ტ–ს ქუჩის №..-ის №.. ბინაში მდებარე თ. ტ–ისა და ბ. კ–ის საცხოვრებელ სახლში, თ. ტ–ე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით ორსულ ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ბ. კ–ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.4.1. თ. ტ–ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:
2.1. თ. ტ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის ივნისის დასაწყისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში;
2.2. თ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათი;
2.2.2. საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მკაცრი ზომის სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, თ. ტ–ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათი;
2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 წელი – თავისუფლების აღკვეთას 3 თვითა და 10 დღით დაემატა ბოლო განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათი, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი – თავისუფლების აღკვეთის 1 დღე (2 თვე და 20 დღე თავისუფლების აღკვეთა). საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ტ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
2.5. თ. ტ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2025 წლის 29 ივნისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ. აპელანტმა მოითხოვა თ. ტ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თ. ტ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ა–მ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 29 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ. კასატორი ითხოვს თ. ტ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 32-ე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ და მოითხოვა თ. ტ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
10.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანი არ არის თ. ტ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) მსჯავრდება.
10.2. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ჩაიდინა თუ არა თ. ტ–ემ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის ივნისის დასაწყისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულები, ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის კანონიერება.
11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი თ. ტ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის ივნისის დასაწყისის ეპიზოდები) დამნაშავედ ცნობისათვის. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ამ ნაწილში თ. ტ–ის გამართლება განაპირობა.
12. კასატორი თ. ტ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის ივნისის დასაწყისის ეპიზოდები) გათვალისწინებულ დანაშაულებში გამართლების უკანონობის დასაბუთებისათვის ახდენს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მხოლოდ ჩამოთვლას, არ ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების მიმართებას/შემხებლობას ზემოაღნიშნულ ეპიზოდებთან, არ უთითებს არცერთ პირდაპირ/გარემოებით მტკიცებულებას, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი რელევანტურობის კრიტერიუმს და მიუთითებდა იზოლირებულად ან სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თ. ტ–ის მიერ სადავო დანაშაულების ჩადენაზე. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში კასატორის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (სსიპ საზოგადოებრივი მართვის ცენტრ ,,112-ში’’ შეტყობინება, მოწმეების – ს. ვ–ს, მ. დ–ს, თ. გ–ს გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 8 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) საკმარისია თ. ტ–ის მიმართ სადავო ძალადობის ან/და მუქარის ეპიზოდში/ებში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ვინაიდან, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ბ. კ–მ (მსჯავრდებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – თ. ტ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო, მეორე მხრივ, თ. ტ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის ივნისის დასაწყისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი (პირდაპირი ან/და გარემოებითი) მტკიცებულებით, კერძოდ:
13.1. სსიპ საზოგადოებრივი მართვის ცენტრ ,,112-ში’’ შესული შეტყობინება უთითებს მხოლოდ 2025 წლის 29 ივნისის ფაქტზე და არ უთითებს სადავო – 2025 წლის ივნისის დასაწყისში მუქარის ან ფიზიკური ძალადობის ჩადენაზე (ტ, N1; ს.ფ. 2; 186-188);
13.2. მოწმეების – ს. ვ–ს (დაზარალებულის დედა), მ. დ–ს (დეტექტივი), თ. გ–ს (ინსპექტორი) გამოკითხვის ოქმები, რომლებზეც კასატორი ასევე უთითებს საკასაციო საჩივარში, სადავო ეპიზოდებთან მიმართებით არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის/ებს – თ. ტ–ის მიერ ბ. კ–ის მიმართ მუქარის/ძალადობის – შემსწრენი არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადმოცემით იციან დაზარალებულისგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);
13.3. შემაკავებელი ორდერის 2025 წლის 29 ივნისის ოქმი (უდავო მტკიცებულება) მიუთითებს მხოლოდ 2025 წლის 29 ივნისს მომხდარ ეპიზოდებზე. ამასთან, მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გრაფაში, კითხვაზე: ,,მოძალადე დაგემუქრათ ჯანმრთელობის დაზიანებით, მოკლით ან/და ქონების განადგურებით, რამაც თქვენში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია?“, მართალია აღნიშნულია: ,,კი, ვინაიდან მოძალადე არაერთხელ დამუქრებია ჯანმრთელობის დაზიანებით“, თუმცა აღნიშნული ჩანაწერი ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს ინფორმაციას 2025 წლის ივნისის დასაწყისში ძალადობის/მუქარის შესახებ.
13.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 8 აგვისტოს დასკვნის თანახმად, რომელზეც ასევე უთითებს კასატორი, მართალია, ბ. კ–ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა წინამხრის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის/ების ზემოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, თუმცა ბრალდების მხარე თ. ტ–ეს სადავო – 2025 წლის ივნისის დასაწყისი – ეპიზოდში ედავება ბ. კ–ისათვის სახის არეში ხელის დარტყმას, რაც ვერ გამოიწვევდა აღნიშნული დასკვნით დადგენილ დაზიანებას – ,,წინამხრის არეში”. იმავდროულად, მითითებული დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებში (დადგენილების მიხედვით) აღნიშნულია, თ. ტ–ის მიერ ბ. კ–ის მიმართ მხოლოდ 2025 წლის 29 ივნისს ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტი, სხვა დროს (სავარაუდოდ) განხორციელებულ ძალადობის შემთხვევაზე მითითება არ არის.
13.4.1. შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 8 აგვისტოს დასკვნა სადავო ეპიზოდთან მიმართებით არარელევანტურია.
14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში (საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი), საჩივარში კი აღნიშნული უნდა იყოს მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს აღნიშნულს (საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი), რაც გულისხმობს, რომ კასატორმა მხარემ სწორედ საკასაციო საჩივარში უნდა მიუთითოს კონკრეტული მოთხოვნაც და მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენატაცია. ამდენად, კასატორმა, უშუალოდ საკასაციო საჩივარში მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებითაც დასტურდება კასატორის პოზიცია და, შესაბამისად, – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის №493აპ-25 განჩინება).
14.1. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).
15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნა მკაცრი სასჯელის განსაზღვრის ნაწილში დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორი სასჯელის გამკაცრებას ითხოვს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. კერძოდ, უთითებს მხოლოდ შემდეგს: „სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, ასევე არ პასუხობს ინდივიდუალიზაციის პრინციპს“, არ უთითებს კონკრეტულ გარემოებებს, მტკიცებულებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებიც დაადასტურებდა გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის უკანონობას და სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას; არ ასაბუთებს, თუ კონკრეტულად რომელი გარემოება/ები, მსჯავრდებულის რომელი პიროვნული მახასიათებელი არ იქნა გათვალისწინებული გასაჩივრებულ განაჩენით სასჯელის განსაზღვრისას და მიუთითებს სასჯელის აშკარა უსამართლობაზე.
15.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება”. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ .... ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). „აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
15.2. „პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი, არამედ გამონაკლისი. პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციუობის თაობაზე“, II-33).
16. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
17. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 29 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე