დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №6აგ-26 თბილისი
ს. ., 6აგ-26 15 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განაჩენით ა. ს-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111,140-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; ა. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის „ე“, „თ“ და „კ“ პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,140-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 111,109-ე მუხლის „ე“, „თ“ და „კ“ პუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ადიმ სადიკოვს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 9 ოქტომბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენით შეიცვალა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განაჩენი, კერძოდ: ა. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „ე“, „თ“ და „კ“ პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 9 წლით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით, 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის „ე“, „თ“ და „კ“ პუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ა. ს-ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 9 ოქტომბრიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
4. 2026 წლის 16 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ვინაიდან არსებობს ახალი გარემოება, კერძოდ, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა №-, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებულ ა. ს-ის შეზღუდულ შერაცხადობას ამტკიცებს. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, ადვოკატმა დ. გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის საკასაციო წესით განხილვის ეტაპზე წარადგინა ალტერნატიული კომპლექსური ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულება და იშუამდგომლა ექსპერტიზის სრულ დასრულებამდე საქმის შეჩერების თაობაზე. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ალტერნატიული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გამოიცა 2025 წლის 31 ოქტომბერს, საკასაციო სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ. ადვოკატის განმარტებით, სამივე ინსტანციის სასამართლომ მიერ ა. ს-ის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას სასჯელად ისე დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომ ცნობილი არ იყო უმნიშვნელოვანესი გარემოება – ა. ს-ი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. მას არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი მოქმედებები. ადვოკატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში, ა. ს-ის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, წარდგენილ და გამოკვლეულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 11 მარტის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალადშერაცხილ ქმედებათა ჩადენისას ა. ს-ს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა არ მოითხოვა ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნა, შესაბამისად, დაირღვა ბრალდებულის უფლებები იმ თვალსაზრისით, რომ ვერ განხორციელდა მისი სათანადოდ დაცვა, ვინაიდან ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა დაადგენდა ა. ს-ის შეზღუდულ შერაცხადობას. ამ შემთხვევაში კი, სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას შეეძლო, გაეთვალისწინებინა მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობა და მისთვის სასჯელის სახედ და ზომად არ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ადვოკატი დ. გ-ე განმარტავს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სასამართლომ უნდა შეაფასოს, როგორც ახალი მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და მის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ს-ს სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 24 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა კ. ჩ-ემ, რომელიც ითხოვს, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმებას და ახლად გამოვლენილ გარემოებათა შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს;
3. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ამოწმებს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ამდენად, საქართველო სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კუმულაციურ წინაპირობას: „ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება N46აგ-19).
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ წარმოადგინა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2025 წლის 31 ოქტომბრის №- დასკვნა, რომლითაც ა. ს-ს დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა.
5. მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. გ-ე განაჩენის გადასინჯვას ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და გაიცა საქართველოს უზენესი სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობაში მითითებული გარემოება და წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ გახდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას და განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაცვის მხარეს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვოს და სასამართლოში წარადგინოს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული, დაცვის ხელშემწყობი მტკიცებულებები. მსჯავრდებული ა. ს-ი საქმისწარმოების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო ადვოკატის მომსახურებით, მისი დაცვის უფლება არ შეზღუდულა საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე, შესაბამისად, არ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც გამორიცხავდა გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარის მხრიდან ალტერნატიული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშნვნის და სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა ჭრილში სწორად არ შეაფასა შუამდგომლობით წარმოდგენილი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნა, როგორც ახალი გარემოება. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნაა, რომ წარმოდგენილი ახალი ფაქტი თუ მტკიცებულება თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებდეს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე, ამტკიცებდეს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ექსპერიზის დაკვნით ვერ დგინდება მსჯავრდებულის უდანაშაულობა ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. ადვოკატი დ. გ-ე კი აპელირებს მსჯავრდებულ ა. ს-ის შეზღუდულ შერაცხადობაზე, რომელიც, სხვა გარემოებებთან ერთად, სასამართლოს მიერ მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას შეიძლებოდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
8. ამდენად, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული, დაუშვებელია, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არარსებობის პირობებში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომლებიც, საქართველოს სსსკ-ის თანახმად, ფასდება შესაბამისად – საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N46აგ).
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ა. ს-ის ადვოკატის შუამდგომლობა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს ისეთ გარემოებაზე, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ რომელიმე მოთხოვნას, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 24 თებერვლის განჩინება ადვოკატ დ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე