საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №131აპ-26 8 ივლისი, 2026 წელი
უ-ი გ., №131აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 28 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. უ-ის ადვოკატების – გ. გამხიტაშვილის და დ. მუხიაშვილის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. უ-ს ბრალად ედებოდა:
1.1.1. შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით.
1.1.2. განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.1.3. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
1.1.4. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
1.2. გ. უ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. ძმებ დ. და გ. მ-ეებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, გარკვეული უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლ. ჯ-ესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლ. ჯ-ის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით ძმები დ. და გ. მ-ეები, თავის მხრივ, დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გ. ჯ-ეს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგანაც მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება. მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გ. ჯ-ის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან – გ. უ-თან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლ. ჯ-ის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და, გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, შესთავაზეს ლ. ჯ-ის განზრახ მკვლელობა, რასაც ეს უკანასკნელი დასთანხმდა. გ. ჯ-ე, დ. და გ. მ-ეები გ. უ-ს სისტემატურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას, ასევე, გ. ჯ-ემ გ. უ-ს მართლსაწინააღმდეგოდ მიასაღა ს. წ-ისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი „GLOCK 19“ მოდელის, №ADHN572 ცეცხლსასროლი იარაღი.
2025 წლის 15 თებერვალს გ. ჯ-ემ ს-იდან დაბრუნებულ გ. უ-ს შეხვედრა დაუთქვა თ-ში, სასტუმროს შენობასთან. დაახლოებით, 19:14 საათზე, გ. უ-ი მივიდა დათქმულ ადგილას და შეხვდა გ. ჯ-ეს. სასტუმროში ასევე მივიდნენ დ. და გ. მ-ეები. გ. ჯ-ემ და გ. უ-მა განიხილეს დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები, მათ შორის, გ. უ-ს მიაწოდა დ. და გ. მ-ეებისგან მიღებული ინფორმაცია, ლ. ჯ-ის საქართველოში ჩამოსვლის და დაბინავების შესახებ. შესაბამისად, გ. უ-ს დაავალა ლ. ჯ-ის თვალთვალი, მკვლელობისათვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით.
2025 წლის 16 თებერვალს ლ. ჯ-ე საქართველოში ჩამოვიდა და მივიდა ი. შ-ის ქუჩის №17-ში მდებარე სასტუმრო „ა-ში“. გ. უ-მა იცოდა რა ლ. ჯ-ის ადგილსამყოფელის შესახებ, ისიც მივიდა სასტუმრო ა-თან“ და დაიწყო ლ. ჯ-ის სისტემატური თვალთვალი და ინფორმაციის მოძიება. ამასთან, გ. უ-ი თვალთვალისას მიღებულ ინფორმაციას კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით აწვდიდა უშუალოდ გ. ჯ-ეს, გ. და დ. მ-ეებისა და სხვა პირთა ინფორმირების მიზნით. გ. უ-მა აღნიშნულ პერიოდში ვერ განახორციელა ლ. ჯ-ის განზრახ მკვლელობა მისთვის ხელსაყრელი პირობების არარსებობის გამო. 2025 წლის 23 თებერვალს ლ. ჯ-ემ დატოვა საქართველოს ტერიტორია.
2025 წლის მარტში, დ. და გ. მ-ეებმა, გ. ჯ-ის საშუალებით, გ. უ-ს მიაწოდეს ინფორმაცია ლ. ჯ-ის 2025 წლის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ, შესაბამისად, ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლ. ჯ-ის განზრახ მკვლელობის აღსასრულებლად.
2025 წლის 14 მარტს ლ. ჯ-ე საქართველოში გამოემგზავრა მისი გარდაცვლილი მეგობრის, გ. მ-ას, პანაშვიდზე. აღნიშნული ინფორმაცია გ. ჯ-ემ და ძმებმა მ-ეებმა მიაწოდეს გ. უ-ს, რომელიც, თავის მხრივ, 2025 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 18:15 საათზე ვაზისუბნიდან ტაქსით გაემგზავრა და მივიდა ს-ოს სასაფლაოს მიმდებარედ, საიდანაც ჩავიდა მდინარე ვ-ს ხეობაში, გამოიცვალა ქურთუკი, გადალახა მდინარე ვ-ე და ბილიკით ავიდა წ-ის გზატკეცილზე. დაახლოებით, 20:40 საათზე, მივიდა თ-ში, ილია ჭ-ის გ-ს №--ში მდებარე გ. მ-ას საცხოვრებელ კორპუსთან და დაელოდა ლ. ჯ-ის მისვლას. ეს უკანაკნელი მის მეგობარ კ. ძ-სთან ერთად, დაახლოებით, 22:35 საათზე, მივიდა პანაშვიდზე. ამ პერიოდში გ. უ-ი უკვე იმყოფებოდა თ-ში, ი. ჭ-ის გ-ის №--ის და №--ის მიმდებარედ და ელოდებოდა ლ. ჯ-ის ჩამოსვლას. ლ. ჯ-ე და კ. ძ-ა პანაშვიდიდან, დაახლოებით, 23:30 საათზე ჩამოვიდნენ და ჭ-ის ქვეითად სავალ ბილიკზე ფეხით გადაადგილებისას, გ. უ-მა ისარგებლა მომენტით და ხალხმრავალ ადგილზე, შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერ გაისროლა ლ. ჯ-ის მიმართულებით. იგი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ. უ-ი წავიდა ქ-ის მიმართულებით, სადაც მოიშორა დანაშაულის იარაღი და მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული ჰქონდა პ-ის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი და რომლითაც აქტიურ კომუნიკაციაში იყო გ. ჯ-ესთან. გ. უ-ი 2025 წლის 15 მარტს დაბრუნდა თ-ში და მივიდა სასტუმრო „თ- -ში“, სადაც სურდა გ. ჯ-ის ნახვა, თუმცა, იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ვერ ნახა, მან სასტუმრო „თ-ს -ის“ ტელეფონიდან რამდენჯერმე სცადა გ. ჯ-ის ტელეფონსა და სოციალურ ქსელ „whatsapp“-ზე დაკავშირება. ამის შემდეგ. კვლავ, გ. ჯ-ის ნახვის მიზნით, 2025 წლის 16 მარტს, მივიდა გ. ჯ-ის ნათესავის – მ. ბ-ის – სამსახურში, საიდანაც ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა მ. ბ-ეს და მასთან კომუნიკაციის დამყარების შემდეგ. დაახლოებით, ერთ საათში, დატოვა მითითებული ადგილი. 2025 წლის 17 მარტს, გ. ჯ-ესთან კონტაქტის მიზნით, კვლავ მივიდა მ. ბ-ის სამსახურის მიმდებარედ, თუმცა გ. ჯ-ესთან კვლავ ვერ მოახერხა კომუნიკაციის დამყარება. იმავე დღეს, გ. უ-ი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა დააკავეს გ. ჯ-ის ნათესავ მ. ბ-ის სამსახურთან ახლომდებარედ. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 17 127 ლარი, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინიდან – 2 200 აშშ დოლარი და 200 ლარი.
1.2.2. 2025 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 22:35 საათზე, ლ. ჯ-ე, კ. ძ-ასთან და გ. ჩ-თან ერთად მივიდა გ. მ-ას პანაშვიდზე, -ში. ლ. ჯ-ე და კ. ძ-ა ავიდნენ პანაშვიდზე, ხოლო გია ჩადუნელი დარჩა კორპუსის სიახლოვეს. ლ. ჯ-ე და კ. ძ-ა ეზოში ჩამოვიდნენ, დაახლოებით, 23:30 საათზე, რა დროსაც გ. უ-მა ისარგებლა მომენტით და ხალხმრავალ ადგილზე შეკვეთით და ანგარებით განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერ გაისროლა ლ. ჯ-ის მიმართულებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. განზრახვის აღსრულების შემდგომ, გ. უ-მა შეამჩნია ლ. ჯ-ის თანმხლები გ. ჩ-ი და მისი მოკვლის მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად გ. ჩ-მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
1.2.3. გ. უ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროს გ. ჯ-ისგან შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი – „GLOCK 19X“ მოდელის, 9 მმ-კალიბრიანი №ADHN572 პისტოლეტი და ამავე იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი 15 ცალი ვაზნა.
1.2.4. გ. უ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროს გ. ჯ-ისგან შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი – „GLOCK 19X“ მოდელის 9 მმ-კალიბრიანი №ADHN572 პისტოლეტი და ამავე იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი 15 ცალი ვაზნა. ხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას გ. უ-ი 2025 წლის 14 მარტს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა თბილისში, ი. ჭ-ის №-- და №---ის მიმდებარედ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, გ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. უ-ს სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადაც აეთვალა 2025 წლის 17 მარტიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ლ. ჯ-ე, რომელიც დაკავებული იყო ბიზნესსაქმიანობით, გარკვეული სახით უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდა საქართველოში მყოფ ბიზნესსაქმიანობაში ჩართული პირებთან, რომლებმაც, დაგეგმეს ლ. ჯ-ის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გ. უ-თან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლ. ჯ-ის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, შესთავაზეს ლ. ჯ-ის განზრახ მკვლელობა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.
ლ. ჯ-ე საქართველოში ჩამოვიდა 2025 წლის 16 თებერვალს და მივიდა თ-ში, მდებარე სასტუმრო ა-ში“. გ. უ-მა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირებისგან წინასწარ იცოდა რა ლ. ჯ-ის ადგილსამყოფელის შესახებ, ისიც მივიდა სასტუმრო ა-თან“ და დაიწყო ლ. ჯ-ის სისტემატური თვალთვალი და ინფორმაციის მოძიება. ამასთან, თვალთვალის დროს მიღებულ ინფორმაციას კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით, გ. უ-ი აწვდიდა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს, ასევე სხვა პირთა ინფორმირების მიზნით. 2025 წლის 23 თებერვალს ლ. ჯ-ემ დატოვა საქართველოს ტერიტორია.
2025 წლის მარტში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, გ. უ-ს მიაწოდეს ინფორმაცია 2025 წლის 14 მარტს საქართველოში ლ. ჯ-ის ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ, შესაბამისად, ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლ. ჯ-ის განზრახ მკვლელობის აღსასრულებლად.
2025 წლის 14 მარტს, ლ. ჯ-ე საქართველოში გამოემგზავრა მისი გარდაცვლილი მეგობრის, გ. მ-ას, პანაშვიდზე. აღნიშნული ინფორმაცია გ. უ-ს მიაწოდეს მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა. გ. უ-ი, თავის მხრივ, 2025 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 18:15 საათზე, ვ-იდან ტაქსით გაემგზავრა და მივიდა ს-ოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ჩავიდა მდინარე ვ-ეს ხეობაში, გამოიცვალა ქურთუკი, გადალახა მდინარე ვ-ე და ბილიკით ავიდა წ=ის გზატკეცილზე. დაახლოებით, 20:40 საათზე, მივიდა თ-ში, მდებარე გ. მ-ას საცხოვრებელ კორპუსთან და დაელოდა ლ. ჯ-ის მისვლას. ლ. ჯ-ე, მის მეგობარ კ. ძ-სთან ერთად, დაახლოებით, 22:35 საათზე, მივიდა პანაშვიდზე. ამ პერიოდში, გ. უ-ი უკვე იმყოფებოდა თ-ში, №--ის მიმდებარედ და ელოდებოდა ლ. ჯ-ის ჩამოსვლას. ლ. ჯ-ე და კ. ძ-ა პანაშვიდიდან, დაახლოებით, 23:30 საათზე, ჩამოვიდნენ და იმ დროს, როდესაც ისინი ფეხით გადაადგილდებოდნენ ჭ-ზე ქვეითად სავალ ბილიკზე, გ. უ-მა ისარგებლა მომენტით და ხალხმრავალ ადგილზე, შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერ გაისროლა ლ. ჯ-ის მიმართულებით. იგი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ. გ. უ-ი წავიდა ქ-ის მიმართულებით, სადაც მოიშორა დანაშაულის იარაღი და მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული ჰქონდა პ-ის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი და რომლითაც აქტიურ კომუნიკაციაში იყო დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან. გ. უ-ი 2025 წლის 15 მარტს დაბრუნდა თ-ში და შეეცადა კონტაქტი დაემყარებინა დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან, თუმცა მან ეს ვერ შეძლო. 2025 წლის 17 მარტს, გ. უ-ი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა დააკავეს, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 17 127 ლარი, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინიდან – 2 200 აშშ დოლარი და 200 ლარი.
3.2. 2025 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 22:35 საათზე, ლ. ჯ-ე, კ. ძ-ასა და გ. ჩ-თან ერთად, მივიდა გ. მ-ას პანაშვიდზე, თ=ში, ჭ-ის №=-ში. ლ. ჯ-ე და კ. ძ-ა ავიდნენ პანაშვიდზე, ხოლო გ. ჩ-ი დარჩა კორპუსის სიახლოვეს. ლ. ჯ-ე და კ. ძ-ა ეზოში ჩამოვიდნენ, დაახლოებით, 23:30 საათზე, რა დროსაც, გ. უ-მა ისარგებლა მომენტით და ხალხმრავალ ადგილზე, შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერ გაისროლა ლ. ჯ-ის მიმართულებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. განზრახვის აღსრულების შემდგომ, გ. უ-მა შეამჩნია ლ. ჯ-ის თანმხლები გ. ჩ-ი და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად გ. ჩ-მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. ასევე დაზიანდა იქვე არსებული შენობის მინა, რამაც საფრთხე შეუქმნა შენობაში მყოფ პირებს.
3.3. გ. უ-მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა, ცეცხლსასროლი იარაღი – „GLOCK 19X“ მოდელის, 9 მმ-კალიბრიანი, №ADHN572 პისტოლეტი.
3.4. გ. უ-მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი – „GLOCK 19X“ მოდელის, 9 მმ-კალიბრიანი, №ADHN572 პისტოლეტი. ხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღს გ. უ-ი 2025 წლის 14 მარტს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა თ-ში, ჭ-ის №-- და №---ის მიმდებარედ.
3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. უ-ის ადვოკატებმა – გ. გ-მა და დ. მ-მა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. უ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 120-ე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
3.6. ადვოკატების სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ლ. ვეფხვაძემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 28 იანვრის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. უ-ის ინტერესების დამცველის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. უ-ის ადვოკატები – გ. გ-ი და დ. მ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას. კერძოდ, ლ. ჯ-ის მკვლელობის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოების – ანგარებით და შეკვეთით მკვლელობის – ნაწილში გ. უ-ის უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო გ. ჩ-ის მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოების – ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას – ნაწილში მის გამართლებას და ქმედების განზრახი მკვლელობის მცდელობიდან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულზე გადაკვალიფიცირებას. ადვოკატები ასევე ითხოვენ გ. უ-ისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას.
4.3. კასატორთა მოსაზრებით: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ლ. ჯ-ე რაიმე უთანხმოებაში ან დაპირისპირებაში იმყოფებოდა საქართველოში ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ სხვა პირებთან, რომლებმაც, თითქოს, მისი მკვლელობის ორგანიზება დაგეგმეს; მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ. უ-მა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირებისგან წინასწარ იცოდა ლ. ჯ-ის ადგილსამყოფელი, სისტემატურად უთვალთვალებდა მას ან აგროვებდა და მესამე პირებს აწვდიდა მასზე ინფორმაციას; გ. უ-ი და გ. ჯ-ე ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე სატელეფონო ანძაზე არ დაფიქსირებულან, რის გამოც, ვარაუდია მათი სოფელ წ-ში შეხვედრა; გ. უ-ისგან და მისი საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა წარმოადგენს გ. უ-ის და მისი ოჯახის პირად დანაზოგს, შესაბამისად, არ დასტურდება ამ თანხის კავშირი დანაშაულებრივ ქმედებასთან; ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არც ადასტურებს და არც უარყოფს გ. უ-ის სასტუმრო ა-ში“ ყოფნას, თავისი სავარაუდო ხასიათიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას. ამასთან, აღნიშნული დასკვნა ვერ გამყარდება ი. ს-ის მონაწილეობით ჩატარებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმითა და მისი ჩვენებით, ვინაიდან დანაშაულის შემდეგ ი. ს-ი იმყოფებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის რისკის ქვეშ; მ. ბ-ის და გ. ჩ-ის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. გ. ჩ-მა საავადმყოფოში გადაყვანისას მიუთითა ბრმა ტყვიის მოხვედრაზე, თუმცა აღნიშნული განმარტება სასამართლოში ჩვენების მიცემისას უარყო.
4.4. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ლ. ვეფხვაძემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს მსჯავრდებულ გ. უ-ის ადვოკატების საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო საჩივარი წარდგენილია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ. მსჯავრდებულის ადვოკატები არ ასაჩივრებენ გ. უ-ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. შესაბამისად, ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში სადავოა და, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია მხოლოდ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ეპიზოდებთან დაკავშირებული მსჯავრდება. კერძოდ, ლ. ჯ-ის მკვლელობის ეპიზოდში სადავოა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოების – ანგარებითა და შეკვეთით მკვლელობის – არსებობა, ხოლო, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში – როგორც მკვლელობის განზრახვის, ისე საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოების, კერძოდ, ისეთი საშუალების გამოყენების არსებობა, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გ. უ-ის მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.4. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა მკვლელობის ჩადენა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. აღნიშნული მაკვალიფიცირებელი ნიშნის არსებობისთვის აუცილებელი არ არის, რომ სხვა პირს რეალურად მიადგეს ზიანი; საკმარისია, შექმნილი იყოს ასეთი საფრთხე. ამასთან, უნდა დადგინდეს, რომ დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული საფრთხეს შეუქმნიდა არა მხოლოდ დაზარალებულს, არამედ სხვა პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამამძიმებელ გარემოებად ითვლება მკვლელობა ანგარებით და შეკვეთით. ანგარებითი მკვლელობა გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ქმედების ძირითადი მოტივი მატერიალური სარგებლის მიღებაა. მნიშვნელობა არ აქვს, სარგებელს იღებს თავად დამნაშავე თუ მესამე პირი, რომლის ინტერესიც მისთვის არსებითია. შეკვეთით მკვლელობა წარმოადგენს ანგარებითი მკვლელობის სპეციფიკურ ფორმას და, როგორც წესი, დაკავშირებულია მატერიალური სარგებლის მიღების მოტივთან, თუმცა შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევებში, იგი არ იყოს პირდაპირ განპირობებული ანგარებით.
5.5. უზენაესი სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის №142აპ-13 განაჩენი). განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი; 2024 წლის 4 ივლისის №152აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 21 ოქტომბრის №1118აპ-24 განაჩენი). განზრახვის დასადგენად შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენი).
5.6. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში დაკითხული მოწმეების – მ. ბ-ის და რ. გ-ის – ჩვენებებით დგინდება, რომ ლ. ჯ-ეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ო. ფ-ესთან და ძმებ გ. და დ. მ-ეებთან, რაც დაკავშირებული იყო ბიზნესსაქმიანობასთან, კერძოდ, მოწმე მ. ბ-მა განმარტა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კი, მკვლელობამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ლ. ჯ-ე გახდა უფრო ფრთხილი. საქართველოში ერთ-ერთი ჩამოსვლისას ლ. ჯ-ემ მას ჰკითხა ტანსაცმელზე ეტყობოდა თუ არა რაიმე, შემდეგ კი, შეიხსნა შარვალი და ანახა სპეციალური იარაღის ჩასადები ნაჭრის კაბურა და მასში მოთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი. ლ. ჯ-ემ უთხრა, რომ ძმებ მ-ეებთან ჰქონდა უთანხმოება, რაც გარკვეულწილად ბიზნესთან იყო დაკავშირებული და ბოლო პერიოდში საქართველოში ჩამოსვლა მისთვის უფრო მეტად საფრთხისშემცველი იყო. მ. ბ-ის განმარტებით, გ. უ-ი არასდროს უნახავს ლ. ჯ-ესთან ერთად და ლ-საც არასდროს უხსენებია, რომ მასთან რაიმე კონფლიქტი ან უთანხმოება ჰქონდა. მოწმე რ. გ-ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კონფიდენტმა მიაწოდა ინფორმაცია ლ. ჯ-ის მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით, რომ ო. ფ-ეს და ძმებ მ-ეებს, ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მოკლულ ლ. ჯ-ესთან. დაძაბულობა დაკავშირებული იყო საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლისა და სიგარეტის ექსპორტთან, თუმცა ამ დაძაბულობის მიუხედავად, ძმები მ-ეები თავად მაინც ვერ ბედავდნენ ლ. ჯ-ის მიმართ მოქმედებას, ვინაიდან ეშინოდათ მისი სამეგობრო წრის, განსაკუთრებით – ლ-ის „კანონიერი ქურდი“ ძმის, მ. ჯ-ის. ძმებმა მ-ეებმა ამ საქმის შესასრულებლად ამოარჩიეს მათი გარემოცვის, გ. ჯ-ის პირადი დაცვის წევრი – გ. უ-ი, რომელიც 2025 წლის თებერვალში გაუშვეს ს-ში, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ. კვალი არეულიყო და ეჭვი წასულიყო ს-ში მყოფი „კანონიერი ქურდების“ მხარეს, რომლებიც დაპირისპირებაში იყვნენ ჯ-ეებთან.
5.7. ზემოაღნიშნული მოწმეთა ჩვენებების, აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი, სრულყოფილი და ობიექტური შეფასების შედეგად, დადასტურებულია, რომ ლ. ჯ-ე საქართველოში გარკვეულ საფრთხეს გრძნობდა, რაც განაპირობებდა მის განსაკუთრებულ სიფრთხილეს – იგი თავს არიდებდა ახალგაცნობილ პირებთან კონტაქტს და მათ მიმართ უნდობლობას გამოხატავდა. იმავდროულად, დადგენილია, რომ ლ. ჯ-ეს გ. უ-თან რაიმე სახის ურთიერთობა, კომუნიკაცია ან სხვა ფორმით შეხება არ ჰქონია.
5.8. სასამართლოში დაკითხული მოწმე ე. ძ-ას ჩვენებით დგინდება, რომ არის გ. ჯ-ის მეუღლე. მის მეუღლესთან პირად დაცვად მუშაობდა გ. უ-ი, რომლის ანგარიშზეც მეუღლის მითითებით ჰქონდა თანხები ჩარიცხული. გ. ჯ-ე საქართველოდან საზღვარგარეთ 2025 წლის აპრილში წავიდა, თუმცა კონკრეტულად სად და რისთვის მიდიოდა არ უთქვამს. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები ხშირად სტუმრობდნენ დ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ს, სადაც მდებარეობს გ. ჯ-ის მეგობრის საცხოვრებელი სახლი.
5.9. სასამართლოში დაიკითხა მოწმე გ. ბ-ი, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობდა ბიზნესმენ პ. შ-თან პირად დაცვაში. პ. შ-ს თ-ში, გახსნილი აქვს ავტოსამრეცხაო, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია კაფე და საოფისე ფართი. პ. შ-ის დის მეუღლე არის დ. მ-ე. რამდენიმე წლის წინ გაიცნო გ. უ-ი, რომელიც იყო გ. ჯ-ის პირადი დაცვის წევრი. გ. ჯ-ე და ძმები მ-ეები ხშირად მისულან ერთდროულად ავტოსამრეცხაოს ტერიტორიაზე მდებარე კაფეში, სადაც ყოფილა გ. უ-იც.
5.10. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, მოწმეების – მ. ღ-ის, თ. ღ-ის, გ. კ-ას, ნინი ლაჩინოვა, ნ. მ-ის – გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია, რომ გ. ჯ-ე ხშირად სტუმრობდა სასტუმრო „თ-ს“, სადაც მას დაჰყვებოდა პირადი დაცვა – გ. უ-ი.
5.11. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2024 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სარფის გავლით დატოვეს გ. უ-მა, დ. ბ-ამ, დ. ჯ-ემ და გ. ჯ-ემ, საიდანაც დ. ჯ-ე საქართველოში შემოვიდა 2024 წლის 3 ნოემბერს, ხოლო დანარჩენები – 2024 წლის 4 ნოემბერს. ასევე, დადგენილია, რომ 2025 წლის 12 თებერვალს, 10:20 საათზე, გ. უ-ი ქ-ი-ა-ის რეისით გაემგზავრა ს-ის მიმართულებით და 15 თებერვალს, 14:47 საათზე, ა-ი-თ-ის რეისით დაბრუნდა საქართველოში. ამჯერად, გ. უ-ი ს-ში წავიდა და საქართველოში დაბრუნდა მარტო, თანმხლები პირების გარეშე.
5.12. მობილური ოპერატორებიდან და ინტერნეტ პროვაიდერებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გ. უ-ი 2025 წლის 15 თებერვალს, თბილისის აეროპორტიდან წავიდა სახლის მიმართულებით. გ. უ-ის მობილური ტელეფონის ნომრის (---) ინტერნეტ ტრაფიკის მიხედვით, მისი საცხოვრებელი სახლის მომსახურე ანძაზე ფიქსირდება 16:17 საათამდე. ამის შემდეგ. გ. უ-ის ტელეფონის ნომერი, 19:14 საათზე, ფიქსირდება დ-ში, სასტუმრო „ლ-ის“ ანძაზე. სასტუმრო „ლ-ის“ ანძები ემსახურება სასტუმრო „თ-ს“, გ. უ-ი იქ ჩერდება 19:18 საათამდე და შემდეგ მოძრაობას იწყებს ქალაქის გასასვლელისკენ, მ-ის მიმართულებით. 19:58 საათზე, ფიქსირდება ა-ის ანძებზე, სადაც ჩერდება 21:00 საათამდე. შემდეგ ბრუნდება, 21:36 საათზე შემოდის თ-ში და მიდის სახლში (სოფელ ა-ის სატელეფონო ანძები ემსახურება დ-ის რაიონში არსებულ სოფელ წ-ს, სადაც გ. ჯ-ე და მისი ოჯახის წვერები ხშირად რჩებოდნენ).
5.13. საგულისხმოა, რომ სასტურმო „თ--ის“ კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2025 წლის 15 თებერვალს, მაშინ, როცა გ. უ-ის ტელეფონის ნომერი დაფიქსირდა დ-ში, სასტუმრო „ლ-ის“ ანძაზე, 19:17 საათზე (სასტუმროს კამერების დროით), გ. ჯ-ე შედის აღნიშნულ სასტუმროში, სადაც 20:02 საათზე (სასტუმროს კამერების დროით) მიდის დ. მ-ე. ისინი სასტუმროს მისაღებში ხვდებიან ერთმანეთს და შედიან სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში, სადაც კამერები არ არის. 20:17 საათზე, დ. მ-ე გამოდის სასტუმროდან. აღნიშნული გარემოება, ფოტომასალის გარდა, დადასტურებულია, სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული გ. კ-ას ჩვენებითაც.
5.14. წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ლ. ჯ-ე საქართველოში შემოვიდა 2025 წლის 16 თებერვალს, ხოლო 2025 წლის 23 თებერვალს დატოვა საქართველოს ტერიტორია და გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში. საქართველოში მისი შემდგომი შემოსვლა დაფიქსირდა 2025 წლის 14 მარტს.
5.15. მოწმე ლ. კ-ას (სასტუმრო ა-ის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი) ჩვენებით, ლ. ჯ-ე შვილთან ერთად თბილისში 2025 წლის 16 თებერვალს ჩამოვიდა, ხოლო 17 თებერვალს წავიდა გ-ის მდებარე სასტუმრო ა-ში“. 23 თებერვალს კი, მ-ში გაემგზავრა.
5.16. ლ. ჯ-ის მობილური ტელეფონის ნომრის ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის 16 თებერვალს, 21:54 საათზე ფიქსირდება სასტუმრო ა-ის“ ანძაზე, სადაც ჩერდება 23:32 საათამდე. გ. უ-ის მობილური ტელეფონის ნომრების ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 18 თებერვალს, გ. უ-ის პ-ი ნომერი --- 16:48 საათიდან 20:35 საათამდე ფიქსირდება სასტუმრო ა-ის“ მ/ტერიტორიაზე არსებულ ანძებზე. 2025 წლის 21 თებერვალს მისი ქართული ნომერი სახლში იყო დატოვებული, ხოლო თან ჰქონდა პ-ი ნომერი.
5.17. სასტუმრო ა-ის“ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების დათვალიერებით დგინდება, რომ ვიდეოფაილის გახსნისას მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია – 22.02.2025. აღნიშნული ჩანაწერის ჩართვისას ჩანს, რომ არის ღამის საათები და ფიქსირდება სასტუმრო ა-ის“ მიმდებარე ტერიტორია. ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ხედვის არეში ჩანს მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ქურთუკი, მუქი შარვალი და ფეხსაცმელი. მას თავზე ახურავს მუქი კეპი, ხოლო მხარზე გადაკიდებული აქვს მუქი ჩანთა მოთეთრო ჩანართით. ვიდეოფაილის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წუთსა და 10 წამს. ამ დროის განმავლობაში აღნიშნული მამაკაცი სრულად იმყოფება ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ხედვის ზონაში.
5.18. ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის №-- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ, გამოძიებისათვის საინტერესო ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება, იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია, ანუ შესაძლებელია პიროვნების სავარაუდო დადგენა/ამოცნობა. ექსპერტიზაზე წარდგენილ, გამოძიებისათვის საინტერესო ვიდეოგრამებზე, კერძოდ, შპს „ა--ის“ ვიდეოგრამებზე, ბ. კი-ას ავტოსახელოსნოს ვიდეოგრამებზე, „თ- -ის“ ვიდეოგრამებზე და სასტუმრო ა-ის“ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება, აღნაგობით, სიარულისა და დგომის მანერით სავარუდოდ იდენტურია გ. უ-ის გამოსახულების. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, ვ. მ-მა. მან ექსპერტიზის დასკვნის დასკვნით ნაწილში გამოყენებულ ტერმინ „სავარაუდოსთან“ დაკავშირებით განმარტა, რომ ვიდეოგამოსახულებაში სახის ნაკვთების ამოსაცნობად საკმარისი მკაფიო ნიშნები არ იკვეთებოდა, რის გამოც, დასკვნაში მიეთითა, რომ პიროვნება აღნაგობით, სიარულისა და დგომის მანერით, სავარაუდოდ, იდენტურია გ. უ-ის გამოსახულების.
5.19. სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული ხასიათის, თუმცა მისი შინაარსით არ გამოირიცხება გ. უ-ის სასტუმრო ა-ში“ ყოფნა. ამასთან, სასტუმრო ა-ის“ ვიდეოჩანაწერების დათვალიერებაში მონაწილეობდა მოწმე ი. ს-ი, რომელიც, მისივე განმარტებით, გ. უ-ს ბავშვობიდან იცნობს და მასთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა აქვს. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია მისი აღქმის სანდოობის შეფასებისათვის, ვინაიდან მოწმის მიერ პირის იდენტიფიკაცია ეფუძნება არა მხოლოდ ერთჯერად ვიზუალურ დაკვირვებას, არამედ – მრავალწლიანი უშუალო ნაცნობობით ჩამოყალიბებულ ინდივიდუალურ აღქმით მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ, როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ისე ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას, ი. ს-მა ცალსახად მიუთითა, რომ ჩანაწერში ასახული პირი მოძრაობით, აღნაგობითა და საერთო ვიზუალური მახასიათებლებით არის გ. უ-ი. საკასაციო პალატა მოწმის აღნიშნულ განმარტებას აფასებს რა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობით, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გამოძიებამ გ. უ-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულად გამოიყენა მოწმე ი. ს-ი ან მის მიმართ განხორციელდა რაიმე სახის ზემოქმედება ან იძულება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება არც პროცესუალური იძულების ფაქტი, არც მტკიცებულების მოპოვება კანონის არსებითი დარღვევით და არც რაიმე ობიექტური გარემოება, რაც მიუთითებდა მოწმის მიკერძოებაზე. შესაბამისად, დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და არ არის გამყარებული ისეთი მტკიცებულებებით, რომლებიც სასამართლოს მისცემდა საფუძველს, ეჭვქვეშ დაეყენებინა წარმოდგენილი მტკიცებულების სანდოობა. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე ი. ს-ის ჩვენება და ვიდეოჩანაწერი, მათი ურთიერთთავსებადობისა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ლოგიკური თანხვედრის გათვალისწინებით, ქმნის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების დასადგენად.
5.20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გ. უ-ი სასტუმრო ა-თან“ უთვალთვალებდა ლ. ჯ-ეს. ასევე დადგენილია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან, გ. უ-ს და გ. ჯ-ეს შორის ღია სატელეფონო კავშირი არ ფიქსირდება, თუმცა გ. უ-სა და გ. ჯ-ეს ერთმანეთთან პერიოდულად აქვთ კონტაქტი. კერძოდ, მობილური ოპერატორებიდან და ინტერნეტ პროვაიდერებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის 18 თებერვალს, გ. უ-ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი – ---, 01:58 საათიდან 08:18 საათამდე ფიქსირდება ა-ის ანძაზე და შემდეგ გადაადგილდება თ-ში, საცხოვრებელი სახლის მისამართის ანძებზე. ამავე დღის 01:15 საათიდან 01:56 საათამდე, გ. ჯ-ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი ფიქსირდება ა-ის ანძებზე, შემდეგ გადაადგილდება თბილისის მიმართულებით, ხოლო 04:07 საათიდან 04:19 საათამდე, კვლავ ფიქსირდება ა-ის ანძებზე და შემდეგ აქვს წყვეტა (ნომერი აქტიურდება 12:25 საათზე თ-ში, ბ-ის ანძაზე). ამგვარად, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გ. ჯ-ე და გ. უ-ი ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე სატელეფონო ანძაზე არ დაფიქსირებულან და რომ მათი შეხვედრა სოფელ წ-ში მხოლოდ ვარაუდია. საქმეში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ 2025 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ისინი ერთსა და იმავე დროით ინტერვალში ფიქსირდებიან სოფელ წითელსოფელში.
5.21. მოვლენათა თანმიმდევრობის ილუსტრაციისთვის ყურადსაღებია საქმეში წარმოდგენილი მაღაზია „ბ-იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ოქმი, რომლის მიხედვითაც, გ. უ-ი 2025 წლის 12 მარტს, 13:12 საათზე, თ-ში, ბ-ის ქუჩის №--ში მდებარე მაღაზია „ბ-დში“ ყიდულობს ოპერატიულ ქამარს (იარაღის) და მასში იხდის 168 ლარს, აქედან 68 ლარს – ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 100 ლარს – ბარათით. 2025 წლის 14 მარტს, 21:04 საათზე ლ. ჯ-ე მ-ი–თ-ს რეისით ჩამოვიდა საქართველოში, მეგობრის სამძიმარზე მისასვლელად. 2025 წლის 14 მარტს, გ. უ-ის სარგებლობაში არსებული პ-ი ნომერი ინტერნეტ ტრაფიკის მიხედვით, ვ-ის ანძებიდან გადაადგილდება ბ-ის ანძებზე, 19:22 საათიდან 19:35 საათამდე, რის შემდგომაც, 20:01 საათიდან 20:29 საათამდე, გადაადგილდა ვ- -ის და პ-ი ინტიტუტის ანძებზე, 20:35 საათიდან კი, გ. უ-ი იმყოფება შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, მაშინ, როდესაც ლ. ჯ-ე ჯერ არ არის შემოსული საქართველოში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დეტალურად დადასტურებულია მოცემულ საქმეზე გამოთხოვილი ვიდეომასალით, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და ამოცნობის ოქმებით.
5.22. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი, სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული, ვიდეოჩანაწერის გახსნისა და დათვალიერების ოქმებში საათობრივადაა გაწერილი გ. უ-ის გადაადგილების მარშრუტი. 2025 წლის 14 მარტს, გ. უ-ი თავისი საცხოვრებელი სახლიდან, ვ-დან, ი. ტ-ის ტაქსით (იხ. „ორი ნაბიჯის“ ვიდეოჩანაწერები, სამშენებლო მაღაზიის ვიდეოჩანაწერები, ი. ტ-ის ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული გ. უ-ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი) მიდის ს-ოს სასაფლაოზე ფეხით აგრძელებს მოძრაობას ვ-ს ხეობის მიმართულებით, გადაკვეთს მდინარე ვ-ს, აგდებს მის ტანთცმულ ქურთუკს, ასევე ფეხებზე ამოცმულ ცელეფონის პარკებს და ადის ბ-ში (იხ. „ა- ს-ის“ ვიდეოჩანაწერები, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთერი მტკიცებულებები, მერიის უსაფრთხოების კამერები). გ. უ-ი №351 ავტობუსით აგრძელებს მოძრაობას კ-ის ასახვევამდე (იხ. მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი თ-ში, -ს მიმდებარედ შუქნიშნის კამერების ჩანაწერები, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან გამოთხოვილი კამერის ჩანაწერები), ფეხით ჩადის მ-ის ქუჩაზე, საიდანაც ა. ა-ის ტაქსით მიდის მ- ბაღთან (იხ. -ის ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული გ. უ-ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, ასევე – თ-სი, -№---ში მდებარე ბიზნესცენტრიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები), საიდანაც ფეხით მიდის შემთხვევის ადგილამდე (იხ. 112-დან და მერიის უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხვილი ვიდეოჩანაწერები). მერიის უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხვილი ვიდეოჩანაწერებით, 112-ის ვიდეოჩანაწერებით, მოწმე ნ. ლ-ის ჩვენებით და მის მიერ გ. უ-ის ამოცნობის ოქმით, გ. ჩ-ის ჩვენებით და მის მიერ გ. უ-ის ამოცნობის ოქმით, ლ. მ-ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პიცერია „დ-ოს“ დათვალიერების ოქმით და ამოღებული ტყვიის ფრაგმენტით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ბალისტიკური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ. უ-ი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჭ-ის №- და №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ელოდებოდა ლ. ჯ-ის ეზოში ჩამოსვლას. მან ლ. ჯ-ის გამოჩენისთანავე შეარჩია ხელსაყრელი მომენტი და ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა მას მრავლობითი დაზიანება. თავდასხმის შედეგად ლ. ჯ-ე და კ. ძ-ა წაიქცნენ და ლ. ჯ-ე კ. ძ-ას დაეცა ზედ. იმ მომენტში ცეცხლსასროლი იარაღიდან გ. უ-ის გასროლამ საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ ლ. ჯ-ის, არამედ კ. ძ-ას და მიმდებარედ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რასაც დანაშაულის ჩადენისას აცნობიერებდა გ. უ-ი. თავდასხმისას მიყენებული ჭრილობების შედეგად ლ. ჯ-ე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
5.23. მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ გ. უ-მა რამდენჯერმე გაისროლა გ. ჩ-ის მიმართულებით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და, იმავდროულად, საფრთხე შეექმნა სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომლის თანახმად, გ. ჩ-ის მიმართ ჩადენილი ქმედება უნდა შეფასდეს გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულად. სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება არგუმენტს, თითქოს მოცემულ ეპიზოდში არ იკვეთება მაკვალიფიცირებელი გარემოება – ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
5.24. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები, ნივთიერი მტკიცებულებები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ქმნის ერთიან და დამაჯერებელ სურათს, რომლითაც გამოირიცხება დაცვის მხარის ვერსია ტყვიის ანასხლეტის შედეგად დაზარალებულის შემთხვევითი დაზიანების შესახებ. დაზარალებულ გ. ჩ-ის ჩვენება მიცემულია სასამართლოში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების სრული დაცვით, არ შეიცავს წინააღმდეგობრივ ან საეჭვო გარემოებებს და არსებით დეტალებთან მიმართებით შეესაბამება სხვა მტკიცებულებებს; იმავდროულად, საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც გ. ჩ-ის მიკერძოებულობას ან პირად დაინტერესებას დაადასტურებდა.
5.25. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ერთმნიშვნელოვანი განმარტება – გ. უ-ის მიერ მის მიმართულებით რამდენჯერმე, დამიზნებით სროლის შესახებ, რის შედეგადაც მან ფეხის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო – სრულად შეესაბამება ვიდეოჩანაწერებში ასახულ გარემოებებს. აღნიშნულ ჩანაწერებში ნათლად იკვეთება მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მიმართულებით მიზანმიმართული სროლის ფაქტი. ამრიგად, მტკიცებულებათა ერთობლიობა გამორიცხავს გ. უ-ის ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულად კვალიფიკაციას და ადასტურებს გ. უ-ის მხრიდან განზრახ მკვლელობის მცდელობის ნიშნების არსებობას. იმავდროულად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. უ-ის ქმედება – ხალხმრავალ ადგილას ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით რამდენიმე გასროლა კონკრეტული პირის მიმართულებით – ობიექტურად ქმნიდა არა მხოლოდ მიზნობრივი დაზიანების, არამედ ნებისმიერი იქ მყოფი მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალურ და განჭვრეტად საფრთხეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სროლის შედეგად ერთ-ერთმა ტყვიამ შეაღწია პიცერიაში, რაც მიუთითებს, რომ საფრთხე გავრცელდა არა მხოლოდ ღია სივრცეში, არამედ – შენობის შიგნით მყოფ პირებზეც. შესაბამისად, გ. ჩ-ის ეპიზოდში, გ. უ-ის ქმედების მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19,109-მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, სწორი და კანონიერია.
5.26. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია გ. უ-ის მხრიდან ლ. ჯ-ის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის და გ. ჩ-ის მკვლელობის მცდელობის შემდეგ განვითარებული მოვლენები. 2025 წლის 14 მარტს, 23:45 საათზე, გ. უ-ი, თ-ში, კე-ის ქუჩის №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯდება ზ. ქ-ის მართვის ქვეშ მყოფ ტაქსში („VOLKSWAGEN JETTA“, სახ. ნომრით – --) და მიდის ვ-ის მიმართულებით. ისინი მ-ის ქუჩის გავლით, გადიან რ-ის გამზირზე და ლ-ის ქუჩის გავლით მოძრაობას აგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ბ-ის ქუჩის გავლით ადიან ქ-ნ წ-ის გამზირზე, შემდეგ ლ. კ-ის და ჯ. ბ-ის ქუჩებით გადიან კ-ის გზატკეცილზე, გადადიან მ-ის დასახლებაში, კ-ის ქუჩაზე და მიდიან ვ-ნში მდებარე სკოლა „ა-თან“, საიდანაც 300-400 მეტრში მდებარე „ა-ის“ ახალი კორპუსების მიმდებარედ, ჩამოდის გ. უ-ი. ტაქსის მომსახურებაში გ. უ-მა გადაიხადა 50 ლარი. აღნიშნულს ადასტურებს მოწმე ზ. ქ-ის ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული გ. უ-ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, შპს „ნ-ის“, „ნ- -ის“ კამერის ჩანაწერები და თ-ში, ს-ის დასახლება №--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები.
5.27. 2025 წლის 15 მარტს, დაახლოებით, 00:30 საათზე, გ. უ-ი ჯდება ტაქსიში („TOYOTA PRIUS“, სახ. ნომრით – --), რომელსაც მართავდა ი. ძ-ია და მიდის ქ-ში, ყ-ის მონასტერთან. კერძოდ, ისინი უ-ს ქუჩიდან მიდიან და თ-ის ზ-ის შემოვლითი გზით გადადიან --ე დ-ის ქუჩაზე (თ-ე), ჩადიან ს-ის მეტროსთან და ა-ის ხ-ის გავლით ტოვებენ თ-ისს. ავტობანის გავლით ჩადიან ქ-ში, საიდანაც მოძრაობას აგრძელებენ ძ-ს ხეობის მიმართულებით და გ. უ-ი ტაქსს მიყავს ყ-ის მონასტერთან. აქვე, აღსანიშნავია, რომ გ. უ-ის პ-ი ნომერი გაითიშა 15 მარტს, 01:26 საათზე, მ-ა ნ-ის ანძაზე, რის შემდეგაც აღარ გააქტიურებულა, ხოლო ქართული ნომერი ითიშება 13 მარტს, 18:29 საათზე, გ. უ-ის საცხოვრებელი სახლის მისამართის ანძებზე და აღარ გააქტიურებულა. ასევე, საყურადღებოა მოწმე ი-ი ძ-ას ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ გ. უ-მა ტაქსში ჩაჯდომისას წინასწარ მისცა მგზავრობის თანხა 300 ლარი, ხოლო ადგილზე ჩასვლისას, თავისი ინიციატივით, კიდევ 200 ლარი დაუმატა. 2025 წლის 15 მარტს, 13:27 საათზე, გ. უ-ი მივიდა სასტუმრო „თ-ი თ-ში“. 13:28 საათზე, მისაღებში შეხვდა სასტუმროს თანამშრომელ მ. ღ-ეს. 14:09 საათზე, მასთან ოთახში შევიდა მ. ღ-ე, 15:54 საათზე გ. უ-ი გამოვიდა სასტუმროდან და დაახლოებით, 18:00 საათზე, ჩავიდა ქ-ის რაიონში, -ას ხეობაში, შ-ის მონასტერში, სადაც იმყოფებოდა მისი მეგობარი ა. მ-ე. გ. უ-ი ღამე დარჩა მონასტერში. ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებულია სასტუმრო „თ-ი თ-ის“ კამერის ჩანაწერებით, მოწმეების – მ. ღ-ის, ნ. მა-ის, ნ. ლ-ას, ა. ა-ის უდავო გამოკითხვის ოქმებითა და ა. მ-ის ჩვენებით, აგრეთვე – დათვალიერების ოქმებით.
5.28. 2025 წლის 16 მარტს გ. უ-ი შ-ის მონასტრიდან მისმა მეგობარმა, ა. მ-ემ, გამოაცილა, რის შემდეგაც იგი მიკროავტობუსით თ-ში დაბრუნდა. 2025 წლის 16 მარტს, 13:04 საათზე, გ. უ-ი მივიდა სასტუმრო „თ-ი თ-ში“. აღნიშნული სასტუმროს თანამშრომელ ნ. ლ-ას უდავო გამოკითხვის ოქმის თანახმად, სასტუმროში მისულმა გ. უ-მა ტაქსის გამოძახება სთხოვა. მან აპლიკაცია „იანდექსის“ გამოყენებით გამოიძახა ტაქსი, ხოლო გ. უ-ის მითითებით, დანიშნულების ადგილად მიუთითა თ-ი, უ-ის ქუჩა. გ. უ-მა ასევე სთხოვა მის მიერ ნაკარნახევ ნომერზე დარეკვა. მოწმემ აკრიფა მითითებული ნომერი, თუმცა აბონენტთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც გ. უ-მა სასტუმრო დატოვა. მცირე დროის გასვლის შემდეგ. გ. უ-ი კვლავ დაბრუნდა და სთხოვა, მის მიერ მიწოდებულ ტელეფონის ნომერზე აპლიკაცია „WhatsApp“-ის საშუალებით დაერეკა. მოწმემ შეასრულა აღნიშნული თხოვნა, დარეკა მითითებულ ნომერზე და ტელეფონი გ. უ-ს გადასცა. გ. უ-მა ტელეფონით ისარგებლა დაახლოებით, ორი წუთით, რის შემდეგაც იგი მოწმეს დაუბრუნა და სასტუმრო დატოვა. ტელეფონის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 13:10 და 13:11 საათზე, გ. უ-მა დარეკა გ. ჯ-ესთან, ტელეფონის ნომერზე – ----, თუმცა არცერთი ზარი არ შემდგარა.
5.29. იმავე დღეს, დაახლოებით, 17:22 საათზე, გ. უ-ი სასტუმრო „თ-ი თ-თან“ ჩაჯდა ტაქსიში („TOYOTA PRIUS“, სახ. ნომრით – ----), რომელსაც მართავდა ლ. ღ-ე. ისინი გაემართნენ თ-ის ქუჩის მიმართულებით, „ი--ის“ მიმდებარედ, საიდანაც მოძრაობა გააგრძელეს გ-ის ქუჩის გავლით და მივიდნენ ბ-ის ქუჩის №-თან. აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში, ელოდებოდნენ გ. ჯ-ის ნათესავს – მ. ბ-ეს, მის მფლობელობაში არსებულ ავტონაწილების მაღაზიასთან, თუმცა იგი მათ არ შეხვედრია. ამის შემდეგ მოძრაობა გააგრძელეს ვ-ის მიმართულებით, საიდანაც მივიდნენ ისნის მეტროსადგურის უკანა მხარეს. აღნიშნულ ადგილზე გ. უ-ი ჩამოვიდა ტაქსიდან, „ლ-ესა“ და „ხ-ის ს-ის“ მიმდებარედ.
5.30. 2025 წლის 16 მარტს, გ. უ-ი მიდის რესტორან „ხ-ის ს-თან“, სადაც კურიერად მუშაობს მისი თანასოფლელი ი. ს-ი. დაახლოებით, 20:30 საათზე, ის „ხ-ის ს-ის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ისნის მეტროს უკანა მხარე) ი. ს-ს მიჰყავს მ-ის გამზირის მიმართულებით. 23:20 საათზე, გ. უ-ი შედის სასტუმრო „თ-ი თ-ში“ და მისაღებში ხვდება სასტუმროს თანამშრომელს, თ-ე ღ-ეს. 23:25 საათზე, გ. უ-ი, სასტუმროს სახელზე გაფორმებული ტელეფონის ნომრიდან, კვლავ უკავშირდება ი. ს-ს და ინტერესდება მათი შეხვედრის ადგილზე კამერების არსებობით. 23:27 საათზე, ის ტოვებს სასტუმრო „თ-ი თ-ს“ (ა-ის ხეივანი) და ტაქსით („Toyota Prius“, სახელმწიფო ნომრით ---) გადაადგილდება ე.წ. „მ-ე პ-ის“ და ვ-ის დასახლებებს შორის არსებულ, პოლიციის თანამშრომლების კორპუსების მიმდებარედ.
5.31. 2025 წლის 17 მარტს, 15:40 საათზე, გ. უ-ი კვლავ მიდის გ. ჯ-ის ნათესავის, მ. ბ-ის ავტონაწილების მაღაზიასთან, თუმცა ეს უკანასკნელი ადგილზე მას არ ხვდება. რამდენიმე წუთში ის ტოვებს ტერიტორიას, რა დროსაც მაღაზიის მიმართულებით ავტომობილით მოდის მ. ბ-ე, თუმცა იგი უკუსვლით გადის ეზოდან და ტოვებს ადგილს. ამის შემდეგ. გ. უ-ი გამოდის ეზოდან და გადადის ქუჩაში, რა დროსაც მას აკავებენ პოლიციის თანამშრომლები. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებით, აგრეთვე, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ პირადი ჩხრეკის დროს, გ. უ-ისგან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, მასრები და ფულადი თანხა, 17 100 ლარი, ხუთი ცალი ხუთლარიანი კუპიურა და ხურდა ფული, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად – 2200 აშშ დოლარი და 200 ლარი.
5.32. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატას, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. უ-ი გ. ჯ-ის პირად დაცვაში მუშაობდა და მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მას ახლო ნაცნობობა ჰქონდა დ. და გ. მ-ეებთანაც, რომელთაც ხშირად ჰქონდათ შეხვედრები გ. ჯ-ესთან. გარდა ამისა, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ. უ-ის საბანკო ანგარიშზე დ. მ-ეს ერთი წლის განმავლობაში ჩარიცხული აქვს 11 000 ლარი და 7 000 დოლარი. ასევე მტკიცებულებებით დგინდება, რომ ე. ძ-ას გ. უ-თან გადარიცხული აქვს, ჯამში, 1300 ლარი და 1000 დოლარი; გ. უ-ს მის მეუღლესთან, ნ. მ-ლთან – 2024 წლის იანვარიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, 39 010 ლარი და 2025 წლის იანვარიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში – 2350 ლარი; გ. უ-ს მის შვილთან, ე. უ-თან, 2024 წლის იანვარიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, გადარიცხული აქვს 30 882 ლარი.
5.33. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას, რომლის მიხედვითაც, გ. უ-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხები წარმოადგენდა მისი და მეუღლის საერთო დანაზოგს. აღნიშნული გარემოება ვერ ჩაითვლება დადასტურებულად, რადგან კასატორთა არგუმენტაცია ეფუძნება მხოლოდ გ. უ-ის ნათქვამს, რომელიც არ არის გამყარებული რაიმე ობიექტური, დამოუკიდებელი მტკიცებულებით. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა ქმნის ლოგიკურ და თანმიმდევრულ ჯაჭვს, რომელიც გამორიცხავს თანხის წარმოშობის შესახებ კასატორთა ვერსიას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამოღებული თანხა განკუთვნილი იყო კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდეგ წარმოშობილი საჭიროებების დასაფარად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ. უ-ის მიერ ლ. ჯ-ის მკვლელობა ჩადენილი იყო როგორც ანგარებით, ისე – შეკვეთით.
5.34. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41).
5.35. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
5.36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 28 იანვრის განაჩენი გ. უ-ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. გ. უ-ს თითოეული დანაშაულისთვის განესაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
5.37. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
5.38. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.39. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. უ-ის ადვოკატების – გ. გ-ის და დ. მ-შის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. ფაფიაშვილი