საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.07.2026
საქმის ნომერი
2კ-196აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №196აპ-26 10 ივლისი, 2026 წელი

ა. დ. ო-ი, №196აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. დ. ო-ის ადვოკატის – მ. ტ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. დ. - ბრალად ედებოდა მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 2731-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ორი ეპიზოდი, 2025 წლის 16 აპრილის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია).

1.2. ა. დ. ო-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2024 წლის 2 აპრილს, თ-ში, ფ. -ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, ა. დ. ო-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული გამომშრალი მარიხუანა, წონით – 9,18 გრამი, უკანონოდ მიასაღა დ. მ-ს, რაც, იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა.

1.2.2. 2024 წლის 4 აპრილს, თ-ში, დ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, ა. დ. ო-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული გამომშრალი მარიხუანა, წონით – 7,45 გრამი, უკანონოდ მიასაღა დავით მდივანს, რაც, იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენით:

ა. დ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2024 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით;

ა. დ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2024 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

ა. დ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2024 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით;

ა. დ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2024 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მე-8 ნაწილით (2024 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. დ. ო-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ა. დ. ო-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, სრულად შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და, განაჩენთა ერთობლიობით, ა. დ. ო-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 8 მაისიდან;

ა. დ. ო-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. დ. ო-ის ადვოკატმა, მ. ტ-ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენით, მსჯავრდებულ ა. დ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ. ტ-ის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენი. კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი გავრცელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ა. დ. ო-ისთვის განსაზღვრულ სასჯელზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ამნისტიის შედეგად შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, მსჯავრდებულისთვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი არ შეცვლილა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენი საბოლოოდ დანიშნული სასჯელისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ნაწილში უცვლელი დარჩა.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა – მ. ტ-ემ. კასატორის პოზიციით, ა. დ. ო-ისათვის განსაზღვრული სასჯელი, დანაშაულის აღიარების, მონანიების, მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევისა და სწრაფი მართლმსაჯულების ხელშეწყობის გათვალისწინებით, ზედმეტად მკაცრია. ადვოკატი ასევე მიუთითებს, რომ სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, რომელთა ერთადერთი მარჩენალიც თავად არის.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება მხოლოდ საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ა. დ. ო-ის ადვოკატმა, მის მიერ დასაცავი პირისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით. ამდენად, ვინაიდან კასატორი არ დავობს ა. დ. ო-ისათვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენის ფაქტზე, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ ა. დ. ო-ისათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობის საკითხზე.

4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის ა. დ. ო-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

4.5. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2025 წლის 16 აპრილის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია) ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ას სამოციდან ორას ოც საათამდე, ხოლო, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილი (2025 წლის 16 აპრილის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთით, სამიდან რვა წლამდე.

4.6. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ა. დ. ო-ისათვის თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ჩადენილი ქმედებების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის მოტივი, მიზანი და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, აგრეთვე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. აღნიშნული გარემოებები სათანადოდ აისახა თითოეული დანაშაულისთვის განსაზღვრულ სასჯელშიც – საქართველოს სსკ-ის 273¹-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მას დაენიშნა ჯარიმა, ხოლო, საქართველოს სსკ-ის 273¹-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. დ. ო-ისათვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 53-ე და 58-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, ისე – ამავე კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს.

4.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.8. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. დ. ო-ის ადვოკატის – მ. ტ-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე