საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.07.2026
საქმის ნომერი
2კ-220აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№220აპ-26 თბილისი

ჩ-ი ა., 220აპ-26 20 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – მარიანა ონიანის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ჩ-ს ბრალად დაედო: დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილი); გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილი); გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი); გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი); გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა (სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის მიმართ, ე. კ-ის დასაცავად, 9 თვის ვადით გამოიცა დამცავი ორდერი, რომლის თანახმადაც, ა. ჩ-ს ეკრძალებოდა ე. კ-ის სახლთან მიახლოება, ასევე, თავად მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ე. კ-ე იმყოფება; აგრეთვე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2024 წლის 19 ნოემბრიდან დროის პერიოდში, მათ შორის, 2025 წლის 26 თებერვლიდან – 2025 წლის 29 თებერვლის ჩათვლით და 2025 წლის 30 მარტიდან – 2025 წლის 5 აპრილის ჩათვლით პერიოდებში, ა. ჩ-ი იმყოფებოდა ე. კ-ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ-ში, ნ-ის ქუჩის N-ში,, ასევე, ამყარებდა ე. კ-ესთან მუდმივ კომუნიკაციას, რითიც ის არღვევდა დამცავი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს.

· 2025 წლის 26 თებერვლიდან 2025 წლის 29 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, თ-ში, ნ-ის ქუჩის N-ში, ა. ჩ-მა თავისივე მეუღლის – ე. კ-ის – მიმართ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მეუღლეს მიიჩნევდა საკუთრებად და აკონტროლებდა მის მიმოსვლას, ქცევას, აიძულებდა

საკუთარი შეხედულებისამებრ მოქცევას, უწოდებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და ეპითეტებს, შერიგებაზე უარის მიღების შემდეგ იძალადა, კერძოდ, სახეში გაარტყა ხელი, რა დროსაც, ე. კ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2025 წლის 3 აპრილს, დღის საათებში, თ-ში, ნ-ის ქუჩის N-დან მეტროსადგურ „უ-ის“ მიმართულებით გადაადგილებისას, ა. ჩ-მა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მეუღლეს მიიჩნევდა საკუთრებად და აკონტროლებდა მის მიმოსვლას, ქცევას, აიძულებდა საკუთარი შეხედულებისამებრ მოქცევას, უწოდებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და ეპითეტებს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ე. კ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ე. კ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2025 წლის 5 აპრილს, დილის საათებში, თ-ში, ნ-ის ქუჩის N-ში, , ა. ჩ-მა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მეუღლეს მიიჩნევდა საკუთრებად და აკონტროლებდა მის მიმოსვლას, ქცევას, აიძულებდა საკუთარი შეხედულებისამებრ მოქცევას, უწოდებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და ეპითეტებს, მეუღლეს – ე. კ-ეს – დაემუქრა ქონების განადგურებით, კერძოდ, უთხრა, რომ დაუმტვრევდა ტელეფონს.

· 2024 წლის 19 ნოემბრიდან პერიოდში, მათ შორის, 2025 წლის 26 თებერვლიდან 2025 წლის 29 თებერვლის ჩათვლით და 2025 წლის 30 მარტიდან 2025 წლის 5 აპრილის ჩათვლით პერიოდებში, ა. ჩ-ი მეუღლე ე. კ-ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მას მიიჩნევდა საკუთრებად და უკონტროლებდა მიმოსვლას, ქცევას, აიძულებდა საკუთარი შეხედულებისამებრ მოქცევას, უწოდებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და ეპითეტებს, ასევე, სახეში შეანერწყვა, სახეში ყავა შეასხა, რის გამოც, ე. კ-ე განიცდიდა ძლიერ ტანჯვას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ა. ჩ-ი (პირადი №-), -- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი

ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; ა. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 5 აპრილიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით უფროსი პროკურორი მარიანა ონიანი ითხოვს ა. ჩ-ის მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, კერძოდ, პროკურორი ითხოვს მხოლოდ, სხვა მუხლებთან ერთად, ა. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც და მკაცრი სასჯელების განსაზღვრას. შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ სადავო მუხლებთან მიმართებით და დანიშნული სასჯელის სამართლიანობაზე.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი ა. ჩ-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებიდან არცერთი პირდაპირი სახით არ ადასტურებს ა. ჩ-ის მიერ მუქარისა და ოჯახური ძალადობის ჩადენას.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, მოითხოვს დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №746აპ-19, №674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ – ობიექტურ კრიტერიუმებზეც: ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20 გადაწყვეტილებები).

11. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგ.: სუსგ №140აპ-21, №65აპ-20).

12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ა. ჩ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, კერძოდ: დაზარალებულმა ე. კ-ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მისთვის მინიჭებული პრივილეგიით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მეუღლის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით. თავად ბრალდებულმა ა. ჩ-მა უარყო ე. კ-ეზე ფიზიკური ძალადობისა და დამუქრების ფაქტები, თუმცა დაადასტურა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა-ვალდებულებათა დარღვევა, რაც ახსნა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამოწვეული აუცილებლობით.

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, განაჩენის გამოტანის დროს სასამართლომ უნდა გამოიყენოს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ვინაიდან დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და არ გამოკვეთილა სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად გამოიყენოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია.

14. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2025 წლის 1 აგვისტოს №- დასკვნაზე, რომლის მიხედვით, „ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ე. კ-ემ არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა“.

15. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ შემაკავებელ ორდერებს, ისინი სრულიად არაინფორმატიულია იმ სადავო ეპიზოდებთან მიმართებით, რასაც ბრალდების მხარე ა. ჩ-ს ედავება, კერძოდ, 2025 წლის 26 თებერვლიდან 2025 წლის 29 თებერვლის ჩათვლით პერიოდში – ფიზიკური ძალადობის, 2025 წლის 3 აპრილს –სიცოცხლის მოსპობის მუქარის, 2025 წლის 5 აპრილს – ქონების განადგურების მუქარისა და 2024 წლის 19 ნოემბრიდან დროის პერიოდში, ასევე, 2025 წლის 26 თებერვლიდან 2025 წლის 29 თებერვლის ჩათვლით და 2025 წლის 30 მარტიდან 2025 წლის 5 აპრილის ჩათვლით პერიოდში – სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტების დასადასტურებლად შეუძლებელია 2019 წლის 1 ოქტომბერს, 2022 წლის 24 თებერვალსა და 2024 წლის 13 ოქტომბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერების გამოყენება. ყველა სხვა მტკიცებულება კი მიემართება ა. ჩ-ის მხრიდან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტს, რაც მსჯავრდებულმაც აღიარა და სადავო არ გამხდარა.

16. ა. ჩ-ის მამხილებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად ბრალდების მხარეს მიაჩნია დაზარალებულის დედის, მოწმე ლ. მ-ის ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ ა. ჩ-ი სისტემატურად ამცირებდა ე. კ-ეს, თუმცა მისი თანდასწრებით არც ფიზიკურად შეურაცხყოფდა და არც სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია. მოწმემ დაადასტურა ა. ჩ-ის მხრიდან 2025 წლის 5 აპრილს ქონების განადგურების მუქარა, მეუღლის ტელეფონის დამტვრევის გზით, მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა, დაზარალებულმა ე. კ-ემ განიცადა თუ არა შიში ტელეფონის დამტვრევით დამუქრებისას.

17. საქმეზე მოწმედ დაკითხული პატრულ-ინსპექტორები – ი. მ-ი და გ. გ-ი – არ ყოფილან ა. ჩ-ის მხრიდან რომელიმე სადავო დანაშაულის ჩადენის მოწმეები; ისინი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ, ბრალდებულის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევასთან დაკავშირებით შეტყობინების საფუძველზე. მათ ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულების შესახებ, დამცავი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვების დარღვევის გარდა, მიიღეს დაზარალებულ ე. კ-ისგან, რომელმაც სასამართლო სხდომაზე არც უარყო და არც დაადასტურა აღნიშნული. შესაბამისად, ბრალების ამ ნაწილში მათი ჩვენებები ირიბი ხასიათისაა.

18. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა. მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება, დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა – მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

19. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ა. ჩ-ის მხრიდან ე. კ-ის მიმართ ოჯახური ძალადობისა და დამუქრების ეპიზოდების დასადასტურებლად, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა აღნიშნულ ეპიზოდებში ა. ჩ-ის ბრალეულობაში.

20. ამდენად, არასაკმარისი მტკიცებულებებით, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს. ასეთ პირობებში კი სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ა. ჩ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა ზემომითითებულ დანაშაულთა ჩადენა. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად (რომელიც განამტკიცებს „In dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

22. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).

23. საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა.

24. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. ჩ-ს, მის პიროვნულ მახასიათებლებზე, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მისი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.

25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

27. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – მარიანა ონიანის – საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე