დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № ას-514-2023 24 აპრილი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – შპს „ს.ტ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ფ–მა“ (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.ტ–ისა“ (შემდგომში - პირველი მოპასუხე) და სს „ს.კ.ა–ის“ (შემდგომში – მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაჰკისრებოდათ, მოსარჩელის მიერ, შეცდომით ჩარიცხული თანხის - 7 959.90 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების მიზნით, 2018 წლის 26 ივლისს, შპს „ს.გ–ის“ ნაცვლად, მოპასუხე შპს „ს.ტ–ის“ საბანკო ანგარიშზე, შეცდომით, ჩარიცხა 3 250.00 აშშ დოლარი (რაც გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად, შეადგენდა 7 959.90 ლარს). მოსარჩელემ შეცდომით შესრულებული ოპერაციის შეტყობისთანავე, თანხის დასაბრუნებლად საჭირო ყველა აუცილებელ ღონისძიებას მიმართა, სახელდობრ: დაუკავშირდა, როგორც შპს „ს.ტ–ის“ წარმომადგენელს და აცნობა მომხდარის შესახებ, ისე – საბანკო ანგარიშის მომსახურე სს „თ.ბ–ს“ და მოითხოვა შეცდომით ჩარიცხული თანხის ანგარიშზე უკან დაბრუნება.
2.2. მოპასუხე სს „ს.კ.ა–ის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებული იყო შპს „ს.ტ–ის“ საბანკო ანგარიში, რის გამოც თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდა. აღნიშნულის შემდეგ, მოსარჩელე დაუკავშირდა სს „ს.კ.ა–ს“ და აცნობა არასწორი ტრანზაქციის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვიტეს სასამართლოსთვის ერთობლივი განცხადებით მიმართვის გზით, დაყადაღებული საბანკო ანგარიშიდან შეცდომით ჩარიცხული თანხა გამოეთავისუფლებინათ და მისთვის დაებრუნებინათ. მიუხედავად კრედიტორის, სს „ს.კ.ა–ისა“ და მოვალის, შპს „ს.ტ–ის“ მიერ გამოხატული ნებისა, სასამართლომ უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე. სს „ს.კ.ა–ი“ მოსარჩელეს დაპირდა, რომ შპს „ს.ტ–თან“ არსებული დავის მის სასარგებლოდ დასრულებისთანავე, შეცდომით ჩარიცხულ თანხას დააბრუნებდა. მიუხედავად მოპასუხეებს შორის არსებული დავის სს „ს.კ.ა–ის“ სასარგებლოდ დასრულებისა და იძულებითი აღსრულების გზით შპს „ს.ტ–ის“ საბანკო ანგარიშიდან თანხის ამოღებისა (მათ შორის, ზედმეტად ჩარიცხული თანხის), სადაზღვევო კომპანიამ თანხის დაბრუნების შესახებ დაპირება არ შეასრულა.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. პირველმა მოპასუხემ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან მოსარჩელემ 2018 წლის 26 ივლისს უკვე იცოდა, რომ შესრულდა ისეთი პირის მიმართ, ვისთანაც არ ჰქონია ასეთი გადახდის ვალდებულება. დარღვეული უფლების აღსადგენად მოსარჩელეს მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში, არც მისთვის და, არც სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
3.2. მეორე მოპასუხემ, წარადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი ასევე მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ს.ტ–ისა“ და შპს „ს.გ–ის“ დამფუძნებლები ერთმანეთის ნათესავები არიან, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელის მიერ შპს „ს.ტ–ისთვის“ თანხის გადარიცხვით შესრულებულად უნდა ჩათვლილიყო შპს „ს.გ–ის“ მიმართ მოსარჩელის ვალდებულება. მოპასუხის შეფასებით, მოსარჩელის სადავო გადარიცხვით უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, რადგან შპს „ს.ტ–ისგან“ თანხა მიიღო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც შესასრულებელი ვალდებულების ნაწილი. შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ სს „ს.კ.ა–ის“ მიერ შპს „ს.ტ–ის“ ანგარიშზე თანხა კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაირიცხა, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურებოდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს - შპს „ს.ტ–სა“ და სს „ს.კ.ა–ს“ მოსარჩელე შპს „ფ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7 959.90 ლარის ანაზღაურება.
4.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სს „ს.კ.ა–მა“, წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხის შესაგებელი არ უთითებდა სარჩელის არც გამომრიცხავ და არც შემაფერხებელ გარემოებებზე, რაც, შესაბამისი მატერიალური ნორმის საფუძველზე, შესაძლებელს გახდიდა უარყოფილიყო სარჩელი. პალატის აზრით, მოპასუხის შედავება, რომ მოსარჩელის მიერ შპს "ს.ტ–ისთვის" სადავო თანხის გადარიცხვით შესრულებულად უნდა ჩათვლილიყო შპს "ს.გ–ის" მიმართ მოსარჩელის ვალდებულება არ აქარწყლებდა მოსარჩელის მითითებას სადავო თანხის მოპასუხესთან უსაფუძვლოდ მოხვედრის თაობაზე. ამ მიმართებით, პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საგადასახადო დავალება N1, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს მოსარჩელემ შპს "ს.გ–ს" გადაურიცხა 7 956.65 ლარი დანიშნულებით: ინვოისი 696 ტრანსპორტირების ღირებულება (3250 აშშ დოლარი ექ.ერ.კ 2.4482) (ს.ფ.29). ასევე, საქმის მასალებით დასტურდებოდა ისიც, რომ მოსარჩელემ შპს "ს.ტ–ს" სადავო თანხა 2018 წლის 26 ივლისს იდენტური დანიშნულებით ჩაურიცხა (ს.ფ.20).
5.3. სააპელაციო პალატის შეფასებით, სარჩელის უარყოფისთვის საკმარისი არ იყო მოპასუხის არც ის შედავება რომ მის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით, შპს "ს.გ–მა" და შპს "ს.ტ–მა" ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მოჩვენებითი (სსკ 56-ე მუხლის პირველი ნაწილი) გარიგება გააფორმეს და რომ მოსარჩელის დირექტორისთვის ცნობილი იყო შპს "ს.ტ–ის" ახალი კომპანიით შპს "ს.გ–ით" ჩანაცვლების შესახებ.
5.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული გარემოებები შეიძლებოდა რელევანტური ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე აპელანტი სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო არა შპს "ს.ტ–ის" შპს "ს.გ–ით" ჩანაცვლების, არამედ იმ ფაქტის ცოდნის შესახებ, რომ აღნიშნული კომპანიები პრაქტიკულად იდენტური იყო და რომელიმე მათგანის მიმართ სადავო თანხის გადარიცხვის შემთხვევაში, შპს "ს.გ–თან" გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი ვალდებულება შესრულებად ჩაითვლებოდა. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ამ მიმართულებით და მითუმეტეს მოსარჩელის მიერ მოპასუხე აპელანტის წინააღმდეგ შპს "ს.ტ–ისა" და შპს "ს.გ–ის" ერთობლივად მოქმედების შესახებ ინფორმაციის ფლობის თაობაზე მტკიცება განხორციელებული არ ყოფილა და მოპასუხე აპელანტს სასამართლოსთვის დამაჯერებელი ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი ვინაიდან, თანხის კრედიტორისთვის გადაცემა განხორციელდა სასამართლო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი სს „ს.კ.ა–ის“ მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სს „ს.კ.ა–ის“, შპს „ფ–ის“ ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს კასატორის, მოსარჩელის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს შემდეგი დასაბთებით:
10. წინამდებარე საქმეში მოსარჩელე განმარტავდა, რომ გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების მიზნით, 2018 წლის 26 ივლისს, შპს „ს.გ–ის“ ნაცვლად მოპასუხე შპს „ს.ტ–ის“ საბანკო ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხა 3 250.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. სს „ს.კ.ა–ის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებული იყო შპს „ს.ტ–ის“ საბანკო ანგარიში, რის გამოც თანხის დაბრუნება ვერ მოახერხა. აღნიშნულის შემდეგ მოპასუხე დაუკავშირდა სს „ს.კ.ა–ს“ და აცნობა შეცდომით განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვიტეს სასამართლოსთვის ერთობლივი განცხადებით მიმართვის გზით მოეხდინათ დაყადაღებული საბანკო ანგარიშიდან შეცდომით ჩარიცხული თანხის გამოთავისუფლება და მისთვის დაბრუნება მიუხედავად კრედიტორის, სს „ს.კ.ა–ის“ და მოვალის, შპს „ს.ტ–ის“ მიერ გამოხატული ნებისა, სასამართლომ უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე. სს „ს.კ.ა–ი“ მოსარჩელეს დაპირდა, რომ შპს „ს.ტ–თან“ არსებული დავის მის სასარგებლოდ დასრულებისთანავე, შეცდომით ჩარიცხულ თანხას დააბრუნებდა. მიუხედავად მოპასუხეებს შორის არსებული დავის სს „ს.კ.ა–ის“ სასარგებლოდ დასრულებისა და იძულებითი აღსრულების გზით შპს „ს.ტ–ის“ საბანკო ანგარიშიდან თანხის ამოღებისა (მათ შორის, ზედმეტად ჩარიცხული თანხის), სადაზღვევო კომპანიამ დაპირება თანხის დაბრუნების შესახებ არ შეასრულა.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მითითება სადავო თანხების კონკრეტული კომპანიის მიმართ შეცდომით ჩარიცხვის თაობაზე, წარმოშობს მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ვარაუდს, იმ დრომდე, სანამ მოპასუხე თანხების მიღების სამართლებრივ საფუძველზე არ მიუთითებს და ამ მითითებით არ გააქარწყლებს სარჩელით შექმნილ ვარაუდს. ამასთან, თუ სარჩელში მითითებული გარემოებებიდან დასტურდება თანხის გადაცემის ფაქტი, მაგრამ სადავოა საფუძველი, მაშინ იმ ფაქტის დადგენა - თანხის მიღების საფუძველს წარმოადგენდა თუ არა რაიმე ვალდებულება, განპირობებულია მოპასუხის შედავებით. უფრო ზუსტად, მნიშვნელობა ენიჭება იმას, მოპასუხე რამდენად აქარწყლებს მოსარჩელის მითითებას თანხის მიღების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. ამასთან, მოპასუხის მარტივი შედავება „არ ვეთანხმები“ არ არის საკმარისი სარჩელის უარყოფისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიშობა ვითარება, როცა მოპასუხის შედავების არსი მიუთითებს იმაზე, რომ მან თანხები მიიღო, მაგრამ არ სურს ამ თანხების დაბრუნება და არც უთითებს ჰქონდა თუ არა მათი მიღების რაიმე საფუძველი (იხ. სუსგ საქმე Nას-1062-1022-2016, 19 თებერვალი, 2018 წელი).
12. საქმის მასალებში სს „ს.კ.ა–ის“ (მეორე მოპასუხე) წარმოდგენილი შესაგებლით, იმთავითვე დგინდება, რომ მხარე უთითებდა სადავო თანხის მისთვის გადაცემის აბსოლუტურად განსხვავებულ და ლეგიტიმურ საფუძველზე. სახელდობრ, ერთის მხრივ აცხადებდა, რომ შპს „ს.ტ–ისა“ და შპს „ს.გ–ის“ დამფუძნებელი პირები ერთმანეთის ნათესავებს წარმოადგენენ, რაც დადასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ შპს „ს.ტ–ისთვის“ თანხის გადარიცხვით შესრულებულად უნდა ჩათვლილიყო შპს „ს.გ–ის“ მიმართ მოსარჩელის ვალდებულება. მეორე მხრივ, კი ამტკიცებდა, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული სადავო გადარიცხვით, ის უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, რადგან შპს „ს.ტ–ისგან“ თანხა მიიღო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც შესასრულებელი ვალდებულების ნაწილი. შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩათვლილიყო, რომ სს „ს.კ.ა–ის“ მიერ შპს „ს.ტ–ის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მიღება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურებოდა.
13. განსახილველ მოცემულობაში (როცა მეორე მოპასუხე არ უარყოფს სადავო თანხის მიღების ფაქტს და არც ის არის სადავო, რომ მან ეს თანხები მოსარჩელეს არ დაუბრუნა) მოპასუხის მიერ თანხების მიღების ფაქტი, როგორც ასეთი, თავისთავად უკვე წარმოშობს ორ სავარაუდო შემთხვევას: ა. მოპასუხემ ეს თანხები მიიღო სამართლებრივი საფუძვლით; ბ. მოპასუხემ ეს თანხები მიიღო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (იხ. სუსგ საქმე Nას-1062-1022-2016, 19 თებერვალი, 2018 წელი).
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სწორედ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის უკან დაბრუნება წარმოადგენს, რაც მართებულად განსაზღვრა კიდეც სააპელაციო სასამართლომ, თუმცა უზენაესი სასამართლო, დამფუძნებელი ნორმის ფაქტების მიმართ სუბსუმირების შედეგად, დამფუძნებელ ნორმად შერჩეული სამართლებრივი საფუძვლის კუმულატიური ელემენტების არსებობას შეამოწმებს, რასაც შესაძლებელია დავის გადაწყვეტის შედეგზე ჰქონეს გავლენა.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
16. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე Nას-360-342-2015, 03 ივნისი, 2015 წელი).
17. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე შეფასების შემთხვევაშიც, სარჩელს არ აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ, ყველა სახის კონდიქციური მოთხოვნის დროს მოპასუხე აუცილებლად უნდა იღებდეს ქონებრივ სარგებელს, ანუ მდიდრდებოდეს. ამ წინაპირობის არარსებობა კი იმთავითვე გამორიცხავს მოთხოვნას (შდრ. სუსგ №ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ., პუნ. 22). უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. იქვე). მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება მოსარჩელის ხარჯზე კასატორის გამდიდრების ფაქტი, ვინაიდან საქმეზე წარდგენილი კვალიფიციური შესაგებლით დასტურდება, რომ მეორე მოპასუხეს მოსარჩელისგან სადავო თანხა არ მიუღია, ეს თანხა კასატორის განმგებლობაში მოხვდა კანონისმიერი საფუძვლით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც გამორიცხავს კონდიქციური ვალდებულებისთვის საჭირო მაკვალიფიცირებელ პირველივე ელემენტს: მოსარჩელეს მეორე მოპასუხისთვის სადავო თანხა არ გადაუცია, რაც მისგან უსაფუძვლო გამდიდრების წესებით თანხის უკან გამოთხოვის შესაძლებლობას გამორიცხავს.
18. საკასაციო პალატა აქვე დასძენს, რომ არ არსებობს კონდიქციური ვალდებულების დადგენის მეორე ელემენტიც, რაც სხვის ხარჯზე გამდიდრების ფაქტის დადგენის აუცილებლობას გულისხმობს. კერძოდ, კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება (იხ., მ. ახალაძე „უსაფუძვლო გამდიდრება,“ თბილისი, 2018, გვ: 16-17). ამ მიმართებით საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია მეორე მოპასუხის გამდიდრება მის ხარჯზე, მეტიც, საქმეზე დადასტურებულია, რომ სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, შპს „ს.ტ–ის“ ანგარიშებზე გამოყენებული იყო ყადაღა. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით ირკვევა, რომ მორიგება დამტკიცდა სს „ს.კ.ა–ს“, შპს „ს.ტ–სა“ და შპს „ს.გ–ს“ შორის, აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.1.3 პუნქტით სადაზღვევო კომპანიამ აიღო ვალდებულება შპს „ს.ტ–ის“ მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო მოქმედების შეწყვეტაზე. საქმის განხილვის მიმდინარეობისას მეორე მოპასუხემ არაერთხელ განმარტა, რომ შპს „ს.ტ–ისგან“ სრულად ვერ შეძლო თანხის ამოღება. შესაბამისად, დგინდება, რომ კასატორს, როგორც კრედიტორს სადავო თანხა მოპოვებული აქვს მისივე მოვალისგან, კანონით დადგენილი წესით, რაც მის გამდიდრებას მოსარჩელის ხარჯზე, რომელიც არ ყოფილა ხსენებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, გამორიცხავს.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული შედავება, კერძოდ, დაადასტურა, რომ მას სადავო თანხა მოსარჩელისგან არ გადასცემია, და რომ იგი მოსარჩელის ხარჯზე არ გამდიდრებულა, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი კასატორის მიმართ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ჯამში 716,4 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სს „ს.კ.ა–ის“ მიმართ სოლიდარულად 7959,90 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „ფ–ის“ სარჩელი სს „ს.კ.ა–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს, დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი; შპს „ფ–ს“ სს „ს.კ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 716,4 ლარის გადახდა; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი