დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
21 ნოემბერი 2025 წელი №ას-1163-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი -ს.კ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ვი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმის ხელახლა განსახილველად, სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.გ–ვმა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მესაკუთრე“) სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოსს.კ–ვის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „მფლობელი“) მიმართ, უძრავი ნივთის, მდებარე: დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი .........., ნაკვეთის ფართი 740 კვ.მ., შენობა-ნაგებობა №1 და №2, ს.კ .........., მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. ნ.გ–ვი სადავო ქონებას საკუთრების უფლებით ფლობდა წლების განმავლობაში. მოგვიანებით იგი საცხოვრებლად გადავიდა აზერბაიჯანში. 2023 წლის 08 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით მოსარჩელე სადავო ქონების ერთადერთი მესაკუთრეა.
2.2. წლებია, მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. მას მთლიანად აქვს დაკავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლის მთელი ფართი (შენობა-ნაგებობები №1 და №2) და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მათ. მოპასუხე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთარი შეხედულებისამებრ აწარმოებს სხვადასხვა სამუშაოსა და უკანონო მშენებლობას. მის მიერ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ აშენდა ერთსართულიანი შენობა №2, სადაც იგი მაღაზიის გახსნას აპირებს. მას სახლი მოწყობილი აქვს თავისი ნივთების საწყობად, რის გამოც იგი დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად აღარ ვარგა. შედეგად კი, მოსარჩელე განიცდის მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს. მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა მოპასუხეს, გაეთავისუფლებინა უკანონოდ დაკავებული ფართი, თუმცა უშედეგოდ.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. ......... ნ.გ–ვი არასდროს ფლობდა და სარგებლობდა ........ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთით. ხსენებული ქონების თავდაპირველ საკადასტრო კოდს წარმოადგენდა ........, რომელიც 2012 წლიდან რეგისტრირებული იყო მოპასუხის სახელზე, რომლის რეგისტრაციაც უკანონოდ და დაუსაბუთებლად გაუქმდა 2023 წლის 05 დეკემბერს. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ნივთი ს/კ ......... რეგისტრირებულია ნ.გ–ვის სახელზე, რომლის რეგისტრაციის საფუძველიც არის მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №283, თუმცა აღნიშნული აქტი არ იძებნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში. მეორე შენობა აშენებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, იგი არის ავტოფარეხი და არა მაღაზია (მოპასუხეს აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია). მოპასუხე და მისი ოჯახი მრავალი წელია ფლობს და სარგებლობს სადავო უძრავი ნივთით და აღნიშნული ქონება მათ ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გამოთხოვილი იქნას.კ–ვის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე: დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი .........., ნაკვეთის ფართი 740 კვ.მ., მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით №1 და №2, ს.კ ........ და დადგინდა მისი მესაკუთრე ნ.გ–ვისთვის გადაცემა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. სადავო უძრავი ქონება, მდებარე: დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფ. .........., ს/კ .........., მიწის ნაკვეთი ფართით 740 კვ.მ., მასზე არსებული შენობა ნაგებობებით №1 და №2, რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №283, საარქივო ცნობა №15/23239, დამოწმების თარიღი: 27/06/2023.
7.2. მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა:
8.1. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება). შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
8.2. მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო უძრავ ქონებაზე. საკუთრების წარმოშობის საფუძველია ზემოაღნიშნული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და საარქივო ცნობა. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მას ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. მოპასუხემ აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა.
8.3. აპელანტი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებდა, რომ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს სამართალწარმოება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლოს საქმე არსებითად არ უნდა განეხილა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო, შეეჩერებინა სამოქალაქო საქმე ადმინისტრაციული საქმის წარმოების დასრულებამდე. აღნიშნული მსჯელობის საპირისპიროდ, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი. განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობდა, შესაბამისად, აპელანტი სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებდა მოსარჩელის საკუთრების უფლების უკანონობას და სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერ მფლობელობას.
8.4. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 05 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეს.კ–ვის წარმომადგენლის შ.უ–ის შუამდგომლობა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული №2/5-24 სამოქალაქო საქმის შეჩერების თაობაზე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმის დასრულებამდე, სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ აპელანტის.კ–ვი და ასევე ს.კ–ვი, მოპასუხეს - ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგენილიყო, არსებობდა თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. ასეთი კავშირი, განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე საქმესა და მითითებულ საქმეს შორის დადგენილად არ იქნა მიჩნეული.
8.5. აპელანტი სარჩელის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ ფაქტორად ასახელებდა იმ გარემოებასაც, რომ სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობს მისი მცირეწლოვანი შვილიშვილიც. აღნიშნულის საპასუხოდ, პალატამ, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მშობლები არიან საკუთარი არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენლები და უშუალოდ მათ, როგორც კანონიერ წარმომადგენლებს, ევალებათ შვილის ინტერესების ჯეროვანი დაცვა. ამრიგად, დასახელებული გარემოება პალატამ არ მიიჩნია მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძვლად.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:
9.1. სასამართლოს საქმე არ უნდა განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საჩივარი არ ეხებოდა მხოლოდ კანონის დარღვევას და გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას არ საჭიროებდა. კასატორის მოსაზრებით, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარეს ვერ ჩაბარდა, ვინაიდან იგი რუსეთში იმყოფება. ამასთან, აპელანტი მხარის მითითებით, არ მიუღია მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი სააპელაციო შესაგებელი.
9.2. სასამართლოს უნდა შეეჩერებინა აღნიშნული საქმე და არ შესულიყო მის არსებით განხილვაში სხვა ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც ეხებას.კ–ვის კუთვნილი უძრავი ქონების ნ.გ–ვის სახელზე კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაციის ბათილად ცნობას და რომელიც მიღებულია წარმოებაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ.
9.3. სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომს.კ–ვი საქართველოს მოქალაქეა, სადავო ქონებაში ცხოვრობს ოჯახით, პატარა ბავშვებთან ერთად, ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, ხოლო მოსარჩელე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და მას წლებია საქართველოში არ უცხოვრია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს კასატორის მხრიდან სადავო უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერება. კასატორი თავს მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევს იმ არგუმენტით, რომ მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტები მიაჩნია კანონსაწინააღმდეგოდ, რომელთა საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართული აქვს სასამართლოსთვის ადმინისტრაციული სარჩელით.
15.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
15.2. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. სუსგ. №ას-914-2019, 25.07.2019წ.; №ას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
15.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
16.1. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არ არის შედავებული, რომ მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხულ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კასატორი.
16.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (იხ. სუსგ. №ას-887-2019, 27.12.2019წ.).
16.3. კასატორი თავს მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ხსენებული ქონება სწორედ მის საკუთრებად იყო აღრიცხული. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს სადავო ქონება უკანონო გზით აქვს მოპოვებული, რაც მას, როგორც მფლობელს, ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლებას ანიჭებს.
16.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
16.5. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებსა და მათი დადასტურების მიზნით წარდგენილ მტკიცებულებებს, რათა აირიდოს უარყოფითი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი დავის მის საწინააღმდეგოდ დასრულების თვალსაზრისით.
16.6. უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა სწორედ მოპასუხე მხარის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს. ამასთან, მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მართლზომიერი მფლობელია პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში (იხ. სუსგ. №ას-1574-2019, 28.04. 2020 წ.).
16.7. საკასაციო პალატა საქმეზე წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და სადავო ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომს.კ–ვის მიერ მართლზომიერი მფლობელობა წინამდებარე საქმეში დადასტურებული არ არის. როგორც ეს ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმაც მართებულად განმარტეს, მიუხედავად მოსარჩელის საკუთრების უფლების კანონიერების მიმართ მოპასუხის პრეტენზიის არსებობისა, იმ პირობებში, როდესაც აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი და მოსარჩელეს, საკუთრების უფლების დასადასტურებლად, წარმოდგენილი აქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი ნამდვილობისა და სისრულის პრეზუმფციას ადგენს, მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერების შემოწმება სცდება სავინდიკაციო დავის საგანს.
16.8. ამასთან, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის განხილვისას, თუკი საქმის მასალებით არ დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა, მოპასუხის აპელირება მოსარჩელის მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების არაკეთილსინდისიერად და უკანონოდ მოპოვების შესახებ, არ ადასტურებს მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ სადავო ფაქტობრივ გარემოებას - უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობას (იხ. სუსგ. №ას-183-183-2018, 23.06.2025წ.).
16.9. საკასაციო სასამართლო მხარეს დამატებით განუმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც კასატორს სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი (იხ. სუსგ. №ას-153-2025, 30.04.2025წ.) მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო ქონება კასატორის ოჯახის ერთადერთ საცხოვრისს წარმოადგენს, არ არის საკმარისი საფუძველი საიმისოდ, რომ შეაფერხოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელება ან საერთოდ გამორიცხოს მისი დაკმაყოფილება (იხ. სუსგ. №ას-1578-2022, 26.01.2023წ.; №ას-709-2022, 30.09.2022წ.; №ას-870-2021, 06.07.2022წ.). ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ დააბრკოლებს მოსარჩელის უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, რამეთუ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული საკუთრების უფლება წარმოადგენს ნებისმიერი პირის და არა მარტოოდენ საქართველოს მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილ სამართლებრივ სიკეთეს, შესაბამისად, მისი განხორციელება ან/და სასამართლო წესით დაცვა დამოკიდებული არ არის მესაკუთრის მოქალაქეობრივ სტატუსზე.
16.10. სადავო ქონებაში არასრულწლოვნის ცხოვრების ფაქტი, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბავშვი წინამდებარე სარჩელის აღძვრის (12.01.2024წ.) შემდეგ, 09.05.2024 წელს არის დაბადებული (იხ. ს.ფ. 257), ვერ მიიჩნევა ისეთ კვალიფიციურ საკასაციო შედავებად, რომელიც სადავო ქონებაზე კასატორის მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა მითითებულ შედავებასთან დაკავშირებით დასძენს, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა, უპირველესად, მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ, რაც ნათლად ვლინდება „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27.2 მუხლისა (მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198.1 მუხლის (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით) შინაარსიდან (იხ. სუსგ. №ას-1191-2021, 14.02.2022წ.).
16.11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შ.პ.ს. „რუსენერგოსერვისი“, შ.პ.ს. „პატარა კახი“, ს.ს. „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შ.პ.ს. „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-23). ამიტომ, პალატა ასკვნის, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება სადავო უძრავი ნივთის არასრულწლოვნის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა.
17.1. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას საქმის წარმოების შეუჩერებლობასთან მიმართებით, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობა უნდა ვლინდებოდეს იმაში, რომ სხვა სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში აღძრული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე დასადგენ გარემოებათა წრეში უნდა შედიოდეს იმგვარი ფაქტები, რომლებიც, ამავდროულად, წინამდებარე საქმისთვისაც მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებად განიხილება. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სხვა საქმის განხილვა-გადაწყვეტამდე შეუძლებელი უნდა იყოს წინამდებარე საქმის გადაწყვეტა (მრავალთა შორის, იხ. სუსგ.-ები №ას-112-2022, 01.04.2022წ.; №ას-432-2021, 13.10.2021წ.; №ას-1009-2022, 09.03.2023წ.).
17.2. უძრავი ნივთების მიმართ მოქმედ საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისრულის პრეზუმფციას ვერ აქარწყლებს მარტოოდენ ის გარემოება, რომ ვინდიკაციური სარჩელით მოპასუხემ სადავოდ აქცია მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთის შეძენის კანონიერება, ვინაიდან ასეთი დავის ინიცირების შესაძლებლობა, თეორიულად, ყველა მოპასუხეს გააჩნია შემძენისათვის ნივთზე მფლობელობის გადაცემის გასაჭიანურებლად. იმ პირობებში, როდესაც საკუთრების მოპოვების უკანონობის პრეტენზიას საფუძველს არ უმყარებს სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება (თუნდაც კანონიერ ძალაში შეუსვლელი), მხოლოდ სარჩელის წარდგენის ფაქტი ვერ გადასწონის კანონმდებლის ნორმატიული ნებით დაცულ ფაქტს _ რეგისტრირებული საკუთრების სისწორესა და უტყუარობას.
17.3. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ მიუთითებია, რომ მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილმა სარჩელმა სასამართლო განხილვისას ჰპოვა წარმატება და შეასუსტა სსკ 312-ე მუხლით განმტკიცებული რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების უხარვეზობის პრეზუმფცია. ხსენებულ სამართლებრივ მოცემულობაში კი, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს კასატორის მოსაზრება წინამდებარე საქმესა და დასახელებულ ადმინისტრაციულ საქმეს შორის იმგვარად მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ, რომ ადმინისტრაციული სარჩელის ფარგლებში დასადგენი გარემოებების გარეშე შეუძლებელი იყოს ვინდიკაციური მოთხოვნის საფუძვლიანობის განხილვა-გადაწყვეტა. ამრიგად, შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მართებულად იქნა უარყოფილი.
18.1. კასატორის იმ პრეტენზიის საპასუხოდ, რომელიც მიემართება წინამდებარე საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის უმართებულობას, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
18.2. ამრიგად, საქმის სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საქმეებზე სააპელაციო პალატას აქვს მიხედულების თავისუფალი სივრცე, სააპელაციო საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით თუ მის გარეშე. წარმოდგენილი საქმე არ ხასიათდებოდა რა განსაკუთრებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი სირთულით, სააპელაციო სასამართლომ მის განსახილველად მიზანშეწონილად არ მიიჩნია ზეპირი მოსმენის ჩატარება, რისი უფლებამოსილებაც სასამართლოს გააჩნდა.
19. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო შესაგებლის მხარეებს შორის ურთიერთგაუცვლელობის შესახებ წამოყენებულ პროცესუალურ პრეტენზიას, პალატა საქმის მასალებზე დაყრდნობით შენიშნავს, რომ საქმეში წარდგენილი სააპელაციო საჩივარი გადაცემულია ნ.გ–ვის წარმომადგენლისათვის - ლ.ლ–სათვის (მინდობილობა იხ. ს.ფ. 333-336) 2025 წლის 02 ივნისს (ს.ფ. 338-339), მის მიერ კი, სააპელაციო შესაგებელი სასამართლოში წარდგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ საამისოდ განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დაცვით, 2025 წლის 09 ივნისს (იხ. ს.ფ. 350-351). დასახელებული სააპელაციო შესაგებელი გადაცემულია აპელანტის წარმომადგენლისათვის - შ.უ–ისათვის (მინდობილობა იხ. ს.ფ. 61-63). მაშასადამე, საპროცესო დარღვევები, რომლებზედაც კასატორი მიუთითებს, საქმეში დაცული წერილობითი მტკიცებულებებით არსებითად უარყოფილია. სააპელაციო პალატას საქმე მომზადებული აქვს სსსკ 373-ე, 3761, 70-73-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლოა.
20. ამრიგად, კასატორმა, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შედეგის გათვალისწინებით, კასატორს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%, რაც შეადგენს 105 ლარს, უკან უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ს.კ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2.ს.კ–ვს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -150 ლარის (საგადახდო დავალება № 69184836, გადახდის ქვითარი № 69184853, გადახდის თარიღი: 07.10.2025წ, გადამხდელი: ნ. ბ–ძე (პ/ნ ........), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ლიბერთი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი