დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № ას-1269-2025 22 მაისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ხ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ლ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პატივის, ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ე.ლ–ვამ სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე თ.ხ–ძის მიმართ, პატივის, ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. თ.ხ–ძე, 2014-2018 წლებში, ქორწინებაში იმყოფებოდა ი.წ–თან. 2018 წელს, ი.წ–ი სასამართლოს მეშვეობით განქორწინდა თ.ხ–ძეთან, 2019 წელს კი, ქორწინების რეგისტრაციის გარეშე, ცოლად შეირთო ე.ლ–ვა.
2.2. ი.წ–თან დაქორწინების შემდეგ, თ.ხ–ძე, საჯაროდ, სოციალური ქსელ - „Facebook“-ის მეშვეობით, ე.ლ–ვას აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, უვრცელებდა მას პატივისა და ღირსების შემლახველ ცრუ ინფორმაციას, მოიხსენიებდა უღირსად, უხეშად და მძიმედ ლახავდა ე.ლ–ვას პატივსა და ღირსებას.
2.3. აღწერილი ქმედებებით მოსარჩელეს მორალურად თრგუნავდა და განიცდიდა სულიერ ტანჯვას, ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ ცრუ ინფორმაციის ფართო საზოგადოებაში გავრცელებით შეარცხვინა მოსარჩელე და მისი ახლობლები. აღნიშნულის გამო, ე.ლ–ვა იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი და წასულიყო საზღვარგარეთ, თუმცა, მოპასუხე კვლავ არ წყვეტდა შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელებას.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხემ დაადასტურა სოციალური ქსელ - „Facebook“-ის მეშვეობით, მოსარჩელის მიმართ შეურაცხმყოფელი „პოსტების“ გამოქვეყნების ფაქტი, თუმცა, მიუთითა, რომ მოსარჩელემ მას დაუნგრია ოჯახი, შესაბამისად, მისი რეაქცია განპირობებული იყო მოსარჩელის ამორალური ქმედებებით.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, ე.ლ–ვას სარჩელი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
4.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ლ–ვას სარჩელი თ.ხ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ.ხ–ძეს დაევალა სოციალური ქსელი - „Facebook-ის“ საშუალებით უარყოს ე.ლ–ვას მიმართ ამავე სოციალური ქსელის მეშვეობით საჯაროდ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაცია. ამავე გადაწყვეტილებით, თ.ხ–ძეს ე.ლ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში ე.ლ–ვას სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
5.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, გამოხატვის თავისუფლების თაობაზე დადგენილი ვრცელი პრაქტიკა, ასევე იმსჯელა „გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ე.ლ–ვას შესახებ, რომელიც შეეხებოდა მისი ამორალური ცხოვრების წესს, არასწორი და მცდარი იყო, რადგან მტკიცების ტვირთის ობიექტურად გადანაწილების პირობებში, მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ ჯერ კიდევ ი.წ–თან ქორწინების პერიოდში, სახლში მისულმა ნახა ი–თან სტუმრად მყოფი ე.ლ–ვა.
5.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა იმგვარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას („ბორდელში ნამუშევარი“, „ათასი კაცის ნათრევი“, „ბოზი“, „შლიუხა“. ,,...წოვია“ და სხვა), რაც ფიზიკური პირისათვის, პატივისა და ღირსების შემლახავია და მისი სტატუსი (ფიზიკური პირი) ამგვარი მძიმე მორალური დატვირთვის მქონე მცდარი ფაქტების გავრცელების თმენის ვალდებულებას არ აწესებს, მიუხედავად იმისა, რა გარემოებების არსებობამ გამოიწვია მოპასუხის მიერ ასეთი ინფორმაციის გავრცელება.
5.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა დოქტრინაში გავრცელებულ მოსაზრებებს ფაქტისა და შეფასებითი მსჯელობის გამიჯვნის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ე.ლ–ვას ზნეობრიობის („ბოზობის“ და სხვა) შესახებ იყო მოსაზრება (შეფასებითი მსჯელობა), რომელიც კონფლიქტში მოდიოდა ზნეობრივ ნორმებთან, მორალთან და წარმოადგენდა უხამსობას. პალატის აზრით, სადავო გამონათქვამები, როგორც მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, ისე დამოუკიდებლად იყო გადაჭარბებული, გამოხატული უხამსი ფორმით (სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უხამსობა არის განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს), რამაც შელახა მოსარჩელის პატივი და ღირსება.
5.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ.ხ–ძის მიერ ე.ლ–ვას შესახებ გავრცელებული ფაქტი და მოსაზრებები (შეფასებითი მსჯელობა) სიმძიმის იმ ხარისხს აღწევდა, რომელმაც ე.ლ–ვას პატივისა და ღირსებისა შელახვა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ, მორალური ზიანი მიაყენა მოსარჩელეს. პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ფულადი ანაზღაურება მორალური ზიანის კომპენსაციაა, რაც განისაზღვრება არა ეკვივალენტური პრინციპით, არამედ ემსახურება მიყენებული ტანჯვისა და სულიერი განცდების შემსუბუქებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისა და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მორალური ზიანისათვის საკომპენსაციო თანხა უნდა განსაზღვრულიყო 2000 ლარის ოდენობით.
5.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა თ.ხ–ძემ.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციასა და ადამიანის ძირითად უფლებებს. მისი აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეისწავლა საქმის მასალები თანდართული მტკიცებულებებით და მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ.ხ–ძის განცხადებები ე.ლ–ვას მიმართ იყო მისი სუბიექტური აზრი, რაც გამომდინარეობდა მიყენებული ზიანის, ტკივილის, ღალატის, შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახველ გარემოებაში მისი ჩაყენების პასუხად.
6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ სადავო ქმედებები მოპასუხის მხრიდან წარმოადგენდა აფექტურ მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომელშიც იგი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც გახდა მეუღლის ღალატის თვითმხილველი. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ ღალატის შემდგომ, საბერძნეთში ემიგრანტებისთვის შექმნილ ეროვნებით ქართველების ჯგუფში, „ნანკა ნაკანკად“ დარეგისტრირებულმა პიროვნებამ დაიწყო თ.ხ–ძის ლანძღვა და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, და მოგვიანებით პირად შეტყობინებაში ლანძღვა, კასატორისთვის ადვილი მისახვედრი იყო, რომ საჯარო ჯგუფში, ამ ცნობების გამავრცელებელი მისი ქმრის საყვარელი ე.ლ–ვა უნდა ყოფილიყო, რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხის მიერ იმ ცნობების გავრცელება, რასაც მოსარჩელე ღირსების შემლახველად მიიჩნევდა თუმცა, რეალურად მხოლოდ თავდაცვას წარმოადგენდა.
6.3. თ.ხ–ძე ამტკიცებს, რომ მოსარჩელემ და მისმა ყოფილმა მეუღლემ იგი საბერძნეთში, ქ. ათენში, ქუჩაში სცემეს და დაუძლურებულ მდგომარეობაში მიატოვეს, ასევე სცადეს მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსება და, რადგან ი.წ–ი მისი კანონიერი მეუღლე იყო, მოხდა კიდეც კასატორის ფსიქიატრიული შემოწმება, თუმცა დადგინდა, რომ მას მხოლოდ მწვავე დეპრესია ჰქონდა, რაც სწორედ მისი ყოფილი ქმრისა და საყვარლის განგრძობადი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის შედეგი იყო.
6.4. მოხმობილი ფაქტების საფუძველზე და მისი ფსიქიატრიული მდგომარეობის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას ობიექტურად არ მიუღია გადაწყვეტილება, ვინაიდან არ დაუდგენია რეალური მოტივი თუ რამ აიძულა მოპასუხე მოსარჩელის მიმართ სადავო ცნობები გაევრცელებინა. მოპასუხეს არ დაუწამია ცილი მოსარჩელისთვის, იგი თავად გახდა თვითმხილველი, მის მიერ დაქირავებულ სახლში, როგორ მრუშობდა მოსარჩელე მის კანონიერ მეუღლესთან, შესაბამისად სადავო გამონათქვამები არ წარმოადგენს ცილისწამებას და ასახავს რეალურ ფაქტს. კასატორი აცხადებს, რომ ფსიქიატრიაში დამკვიდრებულია ტერმინი „მწვავე სტრესული რეაქცია“, რომელიც არის აფექტზე უფრო ძლიერი და ხანგრძლივი და შესაძლოა სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანი დიდხანს დარჩეს ჰალუცინაციების, დეპრესიის და სულიერი ტანჯვის მდგომარეობაში. ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს მოპასუხე მოსარჩელემ და მისმა ყოფილმა მეუღლემ, რის გამოც სასამართლოს მოპასუხის ქმედებები არ უნდა განეხილა ცილისწამებად ან შეურაცხყოფად.
6.5. კასატორი ამტკიცებს, რომ მისი გამონათქვამები არც შეფასებითი მსჯელობა იყო და არც აზრი, ვინაიდან იგი თავად გახდა მეუღლისა და მოსარჩელის ღალატის თვითმხილველი და სადავო გამონათქვამები წარმოადგენდა მათი ქმედებების აღწერას, მოპასუხის გადმოსახედიდან და იგი ე.ლ–ვას პიროვნებას ამხელდა.
6.6. კასატორი შუამდგომლობს საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს 2025 წლის ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც გაცემულია საბერძნეთის რესპუბლიკაში, რომლითაც დასტურდება თ.ხ–ძის მძიმე ფსიქიატრიული მდგომარეობა, რაც გამოწვეულია მოსარჩელისა და მისი ყოფილი ქმრის ერთობლივი ქმედებებით.
6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის სადავო გამონათქვამებმა მისი პატივი და ღირსება შელახა. მოსარჩელის ეს უფლებები აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით (9.1. მუხლი - ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლითა (ყველას აქვს უფლება, გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება, დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით, რომლის მე-2 ნაწილის (პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან) ჩანაწერი პატივისა და ღირსების „კანონით დადგენილი წესით“ დაცვასთან დაკავშირებით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ სპეციალურ კანონს გულისხმობს.
10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა პატივისა და ღირსებისა შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებასაც. სამოქალაქო კოდექსის 413.1 მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ფიზიკური პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რომლის ბრალეული შელახვის გამო, მორალური ზიანის დაკისრება სამოქალაქო კოდექსის მე-18.6 მუხლიდან და სადავო პერიოდში მოქმედი სპეციალური კანონის მე-13 მუხლიდან (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა) გამომდინარეობს.
11. სპეციალური კანონის მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, ვალდებული მოსარჩელეა, ამტკიცოს, რომ შესრულებულია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, კერძოდ: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.
12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და, აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი სავსებით მართებულად არის განსაზღვრული, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით და სპეციალური კანონის მოწესრიგების საფუძველზე სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც სრულად ეთანხმება საკასაციო სასამართლო. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები.
13. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული მოსაზრებები წარმოადგენდა უხამსობას, რაც სოციალურ ქსელ "Facebook"-ის საჯარო პოსტით, ფართოდ გავრცელდა და რომელიც მძიმე მორალურ ზიანს აყენებდა მოსარჩელის პიროვნებას საზოგადოებაში. პალატის აზრით, ამგვარი შეურაცხყოფის თმენის ვალდებულებას მოსარჩელეს კანონი არ ავალდებულებდა. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, კასატორი, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, კერძოდ, საკასაციო საჩივარში შედავებულია, რომ მოპასუხის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების ცილისწამებად და უხამსობად მიჩნევა არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან, რადგან სადავო გამონათქვამები ასახავდა იმ სინამდვილეს, რომლის შემსწრეც თავად მოპასუხე გახდა მოსარჩელისა და მისი კანონიერი მეუღლის ღალატის გამო. მისივე აზრით, სადავო გამონათქვამების გავრცელება დაკავშირებული იყო მის მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან, რაც თავის მხრივ, გამოწვეული იყო, ორსულობის დროს ქმრის მიერ განხორციელებული ძალადობით, მშობიარობის შემდგომ ქმრის ღალატის შეტყობის, ოჯახის დანგრევისა და იმ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობით, რომელსაც მოსარჩელე და მისი ყოფილი მეუღლე მოპასუხის მიმართ ავრცელებდნენ.
14. მითითებულ მსჯელობას, საკასაციო პალატა დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევს და განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში ცრუ და ცილისმწამებლური გამონათქვამების გავრცელების შესახებ საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე იმსჯელა და განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, „საჯაროდ გავრცელება“ არ გულისხმობს ინფორმაციის მხოლოდ პრესასა თუ ტელევიზიაში გახმაურებას, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სოციალური მედია, ბლოგინგი და მიკრობლოგინგი სულ უფრო დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. ნებისმიერი საშუალება, რომელიც ინფორმაციის პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიწოდებისათვის გამოდგება, საჯაროდ გავრცელების წყაროდ უნდა შეფასდეს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სოციალური ქსელის არსსა და დანიშნულებაზე. სოციალური ქსელი არის პლატფორმა, გამიზნული ონლაინ სოციალური კავშირის შესაქმნელად იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესები, საქმიანობის სფერო, ჰობი ან რეალური, ცხოვრებისეული კავშირი (ოჯახური, ნათესაური, სამსახურებრივი და ა.შ). თითოეული სოციალური ქსელი შედგება მომხმარებლის წარმომადგენლობისაგან (ე.წ „პროფაილი“), მისი კავშირებისა და დამატებითი სერვისებისაგან. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სოციალური ქსელი არის „ფეისბუქი“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. „ფეისბუქზე“ კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული პირებისათვის ან ყველა მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის შესაბამისად. ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტგამოცემებში. სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს (იხ. სუსგ N ას-1559-1462-2012, 09.01.2014წ.).
15. სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო და კასატორის პრეტენზიების პასუხად, უპირველეს ყოვლისა, იმას განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეზე დავის საგანია პირის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობისა და საჭიროების განსაზღვრა იმ ლეგიტიმური ინსტრუმენტებით, რასაც კანონმდებლობა განსაზღვრავს. განსახილველი საქმის ფარგლებში დავის საგანია კერძო პირის მიერ, სოციალური ქსელის პლატფორმაზე გავრცელებული უხამსი საჯარო პოსტი, რომელიც მოსარჩელის ღირსების შემლახავია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მოსაზრებითა და აღქმით, მის მიერ მოსარჩელის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია, არც ცილისწამებაა და არც მისი აზრი, ვინაიდან იგი თავად გახდა მოსარჩელისა და მისი კანონიერი ქმრის ღალატის თვითმხილველი. მისივე აზრით, გავრცელებული საჯარო პოსტები პროვოცირებული იყო მისი მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობით, რომელიც გამოიწვია მოსარჩელისა და მისი ქმრის ღალატმა, მათ მიერ განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ და სხვა.
16. მიუხედავად საკასაციო საჩივარში აღწერილი ვრცელი მსჯელობისა და ფაქტებისა, რაც ცალკე აღებული მართლაც შეიძლება ფიზიკური პირის მიერ კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქცევას განაპირობებდეს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი იცავს ნებისმიერი პიროვნების პატივს, ღირსებასა, საქმიან რეპუტაციას. პატივი პიროვნების ობიექტური საზოგადოებრივი შეფასებაა, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ, ღირსება ამ პიროვნების მიერ საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასებაა, ხოლო საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება (იხ. სუსგ N ას-448-775-05. 01.12.2005წ.).
17. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სარჩელზე დართული მტკიცებულებების შეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავო გამონათქვამები წარმოადგენდა უხამსობას, რაც ექცევა კანონით დადგენილი შეზღუდვის არეალში, როგორც ცილისწამება და უხამსობა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას ერთმანეთისაგან არ გამიჯნა „აზრი“ და „ფაქტი“, ვინაიდან ამ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს დასაბუთებას, როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საკასაციო პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. აქვე, პალატა ეთანხმება პალატის იმ მსჯელობასაც, რომ მიუხედავად სადავო გამონათქვამების „აზრად“ დაკვალიფიცირების შესაძლებლობისა, მისი დაცვა აბსოლუტურ კატეგორიას არ მიეკუთვნება და კანონით აზრის გამოთქმის ლეგიტიმური საზღვრებიცაა დადგენილი სწორედ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ კანონი იცავს არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ამ გამოხატვის სუბიექტის ღირსებასაც. სახელდობრ: „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება უხამსობას. ამავე კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად უხამსობა განმარტებულია, როგორც განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.
18. ამ მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სადავო გამონათქვამების შინაარსს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა იმგვარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას („ბორდელში ნამუშევარი“, „ათასი კაცის ნათრევი“, „ბოზი“, „შლიუხა“. ,,...წოვია“ და სხვა), რაც ფიზიკური პირისათვის, პატივისა და ღირსების შემლახავია და მისი სტატუსი (ფიზიკური პირი) ამგვარი მძიმე მორალური დატვირთვის მქონე მცდარი ფაქტების გავრცელების თმენის ვალდებულებას არ აწესებს, მიუხედავად იმისა, საკასაციო საჩივარში აღწერილი რა გარემოებების არსებობასაც არ უნდა გამოეწვია მათი გავრცელების პროვოცირება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გამოხატვა განხორციელდა იმგვარი ფორმით და მანერით, რომ მოსარჩელე საზოგადოების წინაშე, მტკიცებითი ფორმით, წარმოჩინდა, როგორც ამორალური, მსუბუქი ყოფაქცევის პიროვნება. პალატის განსჯით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო გამონათქვამები, როგორც მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, ისე დამოუკიდებლად, იყო გადაჭარბებული, გამოიხატა უხამსი ფორმით, რამაც შელახა მოსარჩელის პატივი და ღირსება.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ევროპული კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, კერძო პირის რეპუტაციის დასაცავად შეურაცხმყოფელი გამონათქვამების შეზღუდვა, ევროსასამართლოს მიერ, აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად ფასდება. თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის სარგებლობს უპირატესობით სხვა ფუნდამენტურ უფლებებსა ან საზოგადოებრივ ინტერესებთან დაპირისპირებისას. ასეთი მიდგომა გამოხატვის თავისუფლებას აბსოლუტურ უფლებად აქცევდა, თუმცა პიროვნების შეურაცხყოფის საქმეების განხილვის დროს სასამართლოს წინაშეა მთავარი კითხვა: იყო თუ არა აღნიშნული განცხადება „გადაჭარბებული“? ევროსასამართლოს განმარტებით, განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანი ელემენტია, რამდენად შეიცავს იგი შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ასევე, მათი შინაარსი და გავლენა საზოგადოებაზე (Chauvy and others v. France (საჩივარი №64915/01), 29.06.2004წ.).
20. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, გამოხატვის ფორმა იყო უხეში, შეურაცხმყოფელი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა მისი უარყოფითი გავლენაც, სადავო გამონათქვამები არაერთგზის გავრცელდა სოციალური ქსელის საჯარო პოსტის სახით, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა იმ პირებისთვის, რომელთანაც მოსარჩელეს აკავშირებდა მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა, ასევე მოპასუხე უხამსი ფაქტების შემცველ ინფორმაციას ავრცელებდა მოსარჩელის ნაცნობებსა და ნათესავებთან პირად მიმოწერებშიც. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამი ფორმულირებულია უკიდურესად უსიამოვნო, უხეში ტერმინებით, მათი მიზნისა და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რაც მას უფრო ფართოდ გავრცელების შემთხვევაში, საზოგადოებაზე შესაძლოა, მოეხდინა, შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმდენად გადაჭარბებულად, რომ გამართლებული იყოს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. ამდენად, მოპასუხის უხეშ გამონათქვამებს რომც მივანიჭოთ აზრის პრივილეგია, როგორც ამას კასატორი მოითხოვს, ის მაინც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცილდება.
21. პალატა კასატორს კვლავაც განუმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, უხამსი კრიტიკა ან ლანძღვა არ დგინდება, როდესაც აზრი გამოთქმულია საკითხის განხილვის კონტექსტით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამოხატვის შეურაცხმყოფელი ხასიათი იმდენად მძიმეა, რომ ნებისმიერ შესაძლო წარმოსახვითი კონტექსტით, მარტოოდენ შეურაცხყოფის მიყენებად აღიქმება და, აქედან გამომდინარე, მისი კონკრეტული კონტექსტის მიუხედავად, ყოველთვის განხილულ უნდა იქნეს პირადად შეურაცხმყოფელ უხამსობად, რაც ვლინდება განსაკუთრებით მძიმე სალანძღავი სიტყვების გამოყენებისას... გარდა ამისა, გამართლებულად ვერ მიიჩნევა ისეთი გამოხატვაც, რომელიც არანაირ კავშირში არ არის კონკრეტულ საკითხთან და წარმოადგენს „უკიდურესად გადაჭარბებულ შეფასებაა“ („Wertungsexzess“). შედარებით მაღალი მოთხოვნები წაეყენება ადამიანის ღირსებაზე თავდასხმის დაშვების შემთხვევებს. ადამიანის ღირსების შელახვა არ შეიძლება გამართლებული იქნეს აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე დაყრდნობით, თუმცა აქაც ადამიანის პატივის ყოველგვარი შელახვა იმთავითვე ადამიანის ღირსებაზე თავდასხმასთან არ უნდა გაიგივდეს. ღირსების შელახვის დადგენისათვის აუცილებელია, რომ კონკრეტულ პირს ეზღუდებოდეს ამ სახელმწიფო საზოგადოებაში სხვათა თანასწორად, სხვათა თანაბარი მნიშვნელობისა და თანაბარი ღირებულების მქონე სუბიექტად არსებობის უფლება, და მას, როგორც მნიშვნელობის არმქონე არსებას (არარაობას), ისე ეპყრობოდნენ. ამდენად, თავდასხმა მიმართული უნდა იყოს მისი პიროვნების ადამიანური ღირსების მსაზღვრელი უმთავრესი ბირთვისადმი და არა - მარტოოდენ მისი ცალკეული პირადი უფლებების წინააღმდეგ (იხ. ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს 11.03.2020წ. გადაწყვეტილება №10 W 13/20, §23, 24; საქმე №ას-989-2019 28 ივნისი, 2022 წელი). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეურაცხმყოფელი ფორმით თავდასხმა მოსარჩელის იდენტობასა თუ მის უხამს/პროვოკაციულ საქციელზე (ღალატის და მასთან დაკავშირებული აქტების, მოპასუხის ცემისა და სხვა ეპიზოდები) კონტექსტს აცდენილი, მძიმე ხასიათის შეურაცხყოფა იყო.
22. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესი - საკუთარი რეპუტაციის დაცვისა, უპირატესია გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. გამონათქვამები მისაღები კრიტიკის ფარგლებს სცილდება. როგორც გამონათქვამები, ისე საუბრის შინაარსი მოსარჩელის პირად უფლებებზე თავდასხმას წარმოადგენს. ამდენად, აშკარაა კანონიერი ინტერესის მიზანმიმართული დაზიანება. აღნიშნული გარემოებები კი, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობას ამართლებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას მოწმობს.
23. საკასაციო პალატა დასძენს, რომ უზენაესი სასამართლოს განმარტებით, არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, ამ ზიანის დამტკიცებისათვის სპეციალური კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია (№ას-1477-1489-2011 3.04. 2012წ.), თუმცა საკასაციო საჩივარი არაქონებრივი ზიანის დაკისრებასა და მის ოდენობასთან დაკავშირებით არათუ დასაბუთებულ, არამედ საერთოდ შედავებას არ შეიცავს, რაც პალატას ართმევს შესაძლებლობას დაკისრებული ოდენობის საფუძვლებსა თუ ოდენობაზე იმსჯელოს.
24. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა მოსარჩელის პატივისა, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით აუცილებელია და კანონიერ მიზანს ემსახურება. უფლებაში ჩარევის საშუალება ჩარევის მიზანთან - ხელყოფილი უფლების დაცვასთან პროპორციულია. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ჩარევა მინიმალური, თანაზომიერი, ეფექტიანი, ეკონომიური და აღსრულებადია.
25. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულების სახით ჯანმრთელობის ცნობისა და ჩანაწერების დართვის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარს ერთვის ჯანმრთელობის ცნობა და პირადი მიმოწერის ამსახველი სხვადასხვა მტკიცებულებები, თუმცა კასატორი არ უთითებს, რამ განაპირობა მისი საკასაციო ინსტანციის და არა პირველი ინსტანციის სასამართლოში (უკიდურეს შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში) წარდგენა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახალი მტკიცებულებების წარმდგენ მხარეს ევალება დაამტკიცოს ახალი მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შეუძლებლობა ან მათი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ განუხორციელებია. სახელდობრ იგი არათუ ვერ ამტკიცებს, არც კი მიუთითებს, თუ რატომ ვერ შეძლო მათი მოპოვება, და რომელი გარემოების შეცვლამ განაპირობა ამგვარი მტკიცებულებების საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოპოვების შესაძლებლობა. ამასთან, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები (მათ შორის ჯანმრთელობის ცნობა) არ ასახავს სადავო განცხადებების გავრცელების პერიოდს, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისითაც მიანიშნებს მათ გაზიარების შეუძლებლობაზე.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
27. საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. არ დაკმაყოფილდეს თ.ხ–ძის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის შესახებ;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი