დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 01.06.2026
საქმის ნომერი
ას-1578-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1578-2025

1 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ.ა.შ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ხ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - შპს „პ.ს.მ–ი“, ა.ჩ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დავალიანების დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს „ხ.ბ.ს–ოს“ სარჩელი მოპასუხეების ჯ.ა.შ–ის (შემდეგში: აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) შპს „პ.ს.მ–ის“ და ა.ჩ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს ჯ.ა.შ–ს, შპს „პ.ს.მ–ს“ და ა.ჩ–ს სს „ხ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების 1 011 433.06 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც საბანკო კრედიტის ძირი თანხაა - 986 023.77 აშშ დოლარი, პროცენტი - 21 881.62 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 3527.67 აშშ დოლარი; შპს „პ.ს.მ–ის“ და ა.ჩ–ის პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზღვრული თანხის 1 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში; დადგინდა, რომ ფულადი მოთხოვნის სრულად დასაფარად მოხდება მოპასუხეების ჯ.ა.შ–ის და შპს „პ.ს.მ–ის“ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, .........., შენობა N2, I – II – III სართულზე არსებული 702.70 კვ.მ ფართი და შენობა N3, I – II – III – IV სართულზე არსებული 290.76 მშენებარე ფართი, ს/კ. .........., იძულებითი რეალიზაცია; ასევე დადგინდა, რომ თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, დანაკლის თანხას, მოსარჩელე მიიღებს მოპასუხეების ჯ.ა.შ–ის, შპს „პ.ს.მ–ის“, ა.ჩ–ის სხვა ნებისმიერ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ა.შ–მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით აპელანტს - ჯ.ა.შ–ს დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მიეთითებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობები და წარედგინა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აპელანტს წინამდებარე განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 (ათი) დღე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტს - ჯ.ა.შ–ს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის

განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 05 (ხუთი) დღით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ჯ.ა.შ–ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინდა ჯ.ა.შ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნულით შეილახა კერძო საჩივრის ავტორის სამართლიანი სასამართლოს უფლება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებით ჯ.ა.შ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

11. საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს ხარვეზის შევსებას და ამისათვის განუსაზღვრავს ვადას. თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩება. შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ხარვეზებით, სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ საპროცესო მოქმედებებს, რომლის შესრულებაც აუცილებელია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, და აპელანტს უნიშნავს ვადას აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისთვის. ვადის დარღვევის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი რჩება განუხილველად.

12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით აპელანტს - ჯ.ა.შ–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: სასამართლოს მიერ დადგენილ 10 (ათი) დღიან ვადაში მიეთითებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობები და წარედგინა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

13. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2025 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა ჯ.ა.შ–ის წარმომადგენლმა შ.კ–მა, რომელმაც აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დამატებით 10 (ათი) დღიანი ვადა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტს - ჯ.ა.შ–ს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 05 (ხუთი) დღით და დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მიეთითებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობები და წარედგინა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან წარედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება.

15. 2025 წლის 3 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ჯ.ა.შ–ის წარმომადგენლმა შ.კ–მა, რომელმაც საქმეზე დასართავად წარადგინა განახლებული რწმუნებულება. აღნიშნული მინდობილობით შ.კ–ი უფლებამოსილი იყო დაეცვა ჯ.ა.შ–ის ინტერესები საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე გაესაჩივრებინა სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, წარედგინა სააპელაციო და საკასაციო საჩივარი. რწმუნებულება გაცემული იყო 2025 წლის 2 ივლისს და ძალაში იყო 2026 წლის 2 იანვრის ჩათვლით (იხ. მინდობილობა, ტომი II, ს.ფ. 158-159).

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება, რომლითაც აპელანტ - ჯ.ა.შ–ს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და განუხილველი დარჩებოდა, გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, შ.კ–ს, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე, 2025 წლის 24 ივლისს და ჩაბარდა ადრესატის თანამშრომელს 2025 წლის 28 ივლისს (იხ. გზავნილი, ჩაბარების დასტური - ტომი II, ს.ფ. 165, 166). მიუხედავად ამისა, აპელანტს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.

17. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა. ჯ.ა.შ–ის განმარტებით, მან იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. თუმცა, არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და აპელანტს მხოლოდ 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. აღნიშნული ვადა კი, აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ აღმოჩნდა საკმარისი თანხის მოსაძიებლად.

18. პალატა კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით აპელანტს - ჯ.ა.შ–ს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე. ხარვეზის განჩინების ჩაბარების შემდეგ, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი 2025 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტს 5 დღით გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა. განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს. თუმცა, აღნიშნული განჩინების ადრესატისათვის ჩაბარების შემდეგ, არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის. სწორედ აღნიშნული გახდა ჯ.ა.შ–ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

19. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით აპელანტს მკაფიოდ და ცალსახად განესაზღვრა, რომ მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების უზრუნველსაყოფად უცილებელი პროცესუალური მოქმედებების განხორციელების ვალდებულება ეკისრებოდა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპების გათვალისწინებით, დავის ფაქტობრივი გარემოებების განსაზღვრა, მტკიცებულებათა წარდგენა, ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელება და მათი სამართლებრივი მნიშვნელობის შეფასებისათვის აუცილებელი პროცესუალური აქტიურობის გამოვლენა მხარეთა უფლებამოსილებასა და ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია და, ამავდროულად, ვალდებულია, გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი პოზიციების, არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მათი ერთობლივი შეფასების შედეგად.

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესუალური უფლებებისა და ვალდებულებების რეალიზაცია დამოკიდებულია მხარეთა აქტიურობასა და პროცესში მათ სათანადო ჩართულობაზე. როდესაც მხარეს კანონით ან სასამართლოს მიერ განესაზღვრება ვადა კონკრეტული პროცესუალური მოქმედების შესასრულებლად, იგი ვალდებულია იმოქმედოს აღნიშნული ვადის ფარგლებში, ხოლო ობიექტური ხელშემშლელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ვადის გასვლამდე მიმართოს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს პროცესუალურ უმოქმედობას და იწვევს კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.

22. სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლების მიხედვით, საპროცესო მოქმედება უნდა განხორციელდეს კანონით ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რადგან აღნიშნული ვადის გასვლას უკავშირდება შესაბამისი პროცესუალური უფლების გაქარწყლება და დაგვიანებით წარდგენილი საჩივრის ან სხვა საპროცესო დოკუმენტის განუხილველად დატოვება.

23. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ აპელანტს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამასთან, მას ან მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის არ მიუმართავთ არც ვადის გაგრძელების (სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი) და არც გაშვებული ვადის აღდგენის (სსსკ-ის 66-ე მუხლი) შესახებ შესაბამისი შუამდგომლობით. აღნიშნულ პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განხორციელდა კანონით დადგენილი წესისა და სამართლებრივი საფუძვლების სრული დაცვით.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამავე საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უდავოდ დიდი მნიშვნელობის, ის არ არის აბსოლუტური ხასიათის. სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). აღნიშნული მიდგომა თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, რომლის მიხედვითაც, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5-ე, 374.1 მუხლები) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-693-2019, 28.05.2019წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.; №ას-504-2022, 21.06. 2022წ.).

26. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთგზის არის განმარტებული, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1397-2019, 21.11.2019წ.; №ას-943-2023, 23.09.2023წ.)

27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.ა.შ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია