დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.02.2025
საქმის ნომერი
ას-1142-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

26 თებერვალი 2025 წელი

№ას-1142-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ა–ა

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.ა–ამ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „გამყიდველი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ნ.გ–ას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მყიდველი“) მიმართ, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ 2020 წლის 12 აგვისტოს №200542727 ხელშეკრულების ბათილად ცნობის; ნ.ა–ასა და მოპასუხე ნ.გ–ას შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენისა და მოპასუხისათვის 4 400 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელ ........ში მდებარე 3900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთიდან 900 კვ. მეტრზე (საკადასტრო კოდი .........) მესაკუთრედ ნ.ა–ას ცნობის სასარჩელო მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2. 2020 წლის 12 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ოთხი თვის ვადით. მოსარჩელემ ნოტარიუს მ.დ–ის სამუშაო ოთახში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით, ნ.გ–ამ მას ასესხა 8 700 აშშ დოლარი, თუმცა, რეალურად, მას გადაეცა მხოლოდ 4 400 აშშ დოლარი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ის მოატყუეს. 2020 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ნ.გ–ამ მიმართა საჯარო რეესტრს განცხადებით, სადაც აღნიშნავს, რომ თურმე მყიდველმა მითითებულ ვადაში ვერ გამოისყიდა ქონება და ითხოვა ვალდებულების გაუქმება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თავად მოპასუხემ არ შეასრულა თანხის სრულად გადაცემის ვალდებულება. მხარეებმა წერილობით გამოვლენილი ნებით დაფარეს სხვა გარიგება. გარიგების არცერთ მხარეს არ სურდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. მხარეთა მიზანი იყო გარიგებით დამდგარიყო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები, რის გამოც 2020 წლის 12 აგვისტოს დადებული „გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება“, როგორც თვალთმაქცურად დადებული, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებაში, რომელიც დაიდო მხარეთა შორის, აღნიშნულია 8 700 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ. საწინააღმდეგოს მხარე ვერ ადასტურებს. ამასთან, ხელშეკრულება დადებულია ნოტარიუსთან და აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ ნამდვილობის წინაპირობებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ა–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. ნ.ა–ასა და ნ.გ–ას შორის 12.08.2020 წელს დაიდო ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით №200542727.

7.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელ ........ში მდებარე 3 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთიდან 900 კვ.მ, საკადასტრო კოდით ........მიწის ნაკვეთი.

7.3. 12.08.2020 წლის ხელშეკრულების თანახმად, გამოსყიდვის თანხა შეადგენდა 8 700 აშშ დოლარს, ხოლო ვადა განისაზღვრა 4 თვით, 12.12.2020 წლის ჩათვლით.

7.4. ნ.ა–ას ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში უძრავი ქონება არ გამოუსყიდია.

7.5. 2020 წლის 31 დეკემბერს ნ.გ–ამ მიმართა საჯარო რეესტრს განცხადებით, სადაც მიუთითა, რომ მყიდველმა მითითებულ ვადაში ვერ გამოისყიდა ქონება და ითხოვა ვალდებულების გაუქმება.

7.6. სადავო უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდით - ..........) 900 კვ.მ. ფართზე, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია ნ.გ–ას საკუთრების უფლება, ხოლო საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტია მხარეთა შორის 2020 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა:

8.1. სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე ამ გარიგების თვალთმაქცურობაზე (ნასყიდობის ხელშეკრულებით სესხის ხელშეკრულების დაფარვაზე) მიუთითებს. ამდენად, შესამოწმებელია, დაიდო თუ არა მხარეთა შორის სსკ-ის 56.2 მუხლით გათვალისწინებული თვალთმაქცური გარიგება, ანუ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა თუ არა სესხის ხელშეკრულება. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილიც მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს.

8.2. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის ფარგლებში გარიგების თვალთმაქცურობის ელემენტების მითითება-დამტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო ხელშეკრულებით რეალურად დაიფარა სესხის ხელშეკრულება, რომლის დადების სურვილიც ჰქონდათ მხარეებს. სააპელაციო პალატის განსჯით, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სადავო გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა. სადავო ხელშეკრულების ტექსტის შინაარსის მიხედვით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, მხარეებმა განისაზღვრეს მისი ყველა არსებითი პირობა, შესრულების (უფლების გამოყენების) ვადა, გამოსასყიდი თანხა და სხვა.

8.3. პალატამ განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულება დადებულია საჯარო აქტის ფორმით, რაც ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის გარიგების შინაარსისა და მისი თანმდევი შედეგების განმარტებას გულისხმობს. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება (პრეზუმირებულია), რომ პირის მიერ ნოტარიუსთან საჯარო აქტის ფორმით გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილი იქნა ისეთ პირობებში რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, (მაგ: პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ.).

8.4. პალატამ შენიშნა, რომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მხარეთა ნამდვილ ნებას წარმოადგენდა არა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების, არამედ სესხის ხელშეკრულების დადება, მხარის მხოლოდ ზეპირი განმარტება კი, სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულების ბათილობისათვის საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. პალატის განსჯით, მხარის ახსნა-განმარტება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, თუმცა, მისი სუბიექტური ხასიათიდან გამომდინარე, იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს გამოყენებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების არსებობის დასამტკიცებლად, თუ არსებობს სხვა სახის მტკიცებულებაც, ან ამ ახსნა-განმარტებას ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე. ამ წინაპირობების გარეშე საქმის განხილვის შედეგით დაინტერესებული პროცესის მონაწილის განმარტებას სასამართლოს სარწმუნო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევდა და მასზე ვერ დაამყარებდა საკუთარ გადაწყვეტილებას.

8.5. აპელანტის მითითებაზე იმის შესახებ, რომ 19.05.2021 წელს გ.ბ–ძესთან გაფორმებული ხელშეკრულებით მოპასუხემ 90 000 ლარად გაყიდა სადავო უძრავი ნივთი, სააპელაციო სასამართლომ შენიშნა, გარიგების ფასის დისპროპორციულობა, ცალკე აღებული, ვერ გახდებოდა ამ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სპეციალისტის დასკვნა სადავო გარიგების დადების მომენტში უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ.

8.6. ამდენად, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის შესახებ, რომ 12.08.2020 წელს ნ.ა–ასა და ნ.გ–ას შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

8.7. სააპელაციო პალატამ შეაფასა შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის საოქმო განჩინების დასაბუთებულობა, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ, კერძოდ, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა მოწმის სახით მ.ი–ის და ი.ა–ას დაკითხვის ნაწილში და მათი წარდგენა სასამართლოში დაევალა მოსარჩელე მხარეს. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორს (აპელანტს) უარი ეთქვა მოწმის სახით -- „ბ–ს“, „–ს“, „ბ–ოს დედა ქალბატონი ლ–ს“, ნოტარიუსის, მ.დ–ის და გ.ბ–ძის დაკითხვაზე.

პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ, მიუხედავად დაპირებისა (იხ. 16.06.2021 წლის სხდომის ოქმი 12:20:05-დან), ვერც ზემოთ ხსენებული მოწმეების წარდგენა შესძლო სასამართლოში. ამასთან, პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ამა თუ იმ პირის მოწმედ დაშვებისა და დაკითხვის, აგრეთვე მისი სასამართლოს მეშვეობით გამოძახების შესახებ, ვალდებულია მიუთითოს მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე ის, თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოების დადასტურება შეუძლია მოწმეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილიად ჩაითვალა, რომ მოსარჩელის ზემოთ მითითებული წერილობითი შუამდგომლობა ვერ აკმაყოფილებდა საპროცესო კოდექსის მითითებულ მოთხოვნას, რაც ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თვითკმარ საფუძველს წარმოადგენდა. ამავდროულად, შუამდგომლობის ავტორმა ვერც 16.06.2021 წლის სხდომაზე მიუთითა მისი მტკიცების საგანში შემავალი რომელი გარემოების დასადასტურებლად ესაჭიროებოდა იმ მოწმეების დაკითხვა, რომელთა ნაწილშიც შუამდგომლობა გასაჩივრებული საოქმო განჩინებით უარყოფილია. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძვლები.

8.8. პალატამ ასევე შეაფასა შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 დეკემბრის საოქმო განჩინების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა წერილობითი მტკიცებულებების სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმეზე დართვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. პალატამ, სსსკ 219.1 და 215.3 ნორმების გათვალისწინებით, განმარტა, რომ საქმის მთავარ სხდომაზე ახალი მტკიცებულებების წარდგენისას მოსარჩელეს წარმოეშვა მათი საქმის მომზადების სტადიაზე წარუდგენლობის საპატიო მიზეზის მტკიცების ტვირთი რაც მოსარჩელს მხრიდან რეალიზებული არ ყოფილა. ამრიგად, პალატის დასკვნით, არ ვლინდებოდა არც ხსენებული საოქმო განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. სასამართლომ ერთმანეთისგან არ გამიჯნა ისეთი განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტები, როგორებიცაა, ერთი მხრივ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა და, მეორე მხრივ, უძრავი ნივთის ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით. მათი სწორად გამიჯვნისა და კონკრეტული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლოსთვის შესაძლებელი იქნებოდა გარიგების თვალთმაქცურობის დადგენა, სახელდობრ, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 4 ოთხი თვის ვადით, რაც დღეს არსებული სინამდვილისთვისაც კი, მეტად ხანმოკლე ვადაა; ნასყიდობის საგანი მოპასუხეს მფლობელობაში არ გადაცემია; ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ნასყიდობის საგნის ფასი - 8 700 აშშ დოლარი არაგონივრულად მცირე თანხაა, მით უფრო, რომ თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, 2021 წლის 19 მაისს სადავო ქონებას მოპასუხე 90 000 ლარად (ანუ სულ მცირე, ოთხმაგ ფასად) ასხვისებდა, თუმცა შემძენმა უარი თქვა ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე, ქონების სადავოობის გამო.

9.2. ზემოაღნიშნულ გარემოებათა დადასტურების მიზნით, საკასაციო საჩივარში კასატორი შუამდგომლობს, საქმეს მტკიცებულებად დაერთოს: დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ; ორი თანხმობა; შუამდგომლობა დაკავების შესახებ; დადგენილება პირის ბრალდების შესახებ; სასამართლოს განჩინება პირის დაკავების შესახებ; დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა, თუკი მხარე დაასაბუთებს მათი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენის შეუძლებლობის საპატიო მიზეზს, დასაშვებია საკასაციო ინსტანციის მიერ საქმის განხილვისასაც. კასატორის მითითებით, აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა ქვემდგომ სასამართლოებში შეუძლებელი იყო იმ მიზეზით, რომ ქ. ა–ია (ნ.ა–ას წარმომადგენელი) სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულად მხოლოდ 2024 წლის 31 მაისს, ანუ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. მხოლოდ დაზარალებულად ცნობის შემდეგ მიეცა კასატორს საშუალება, გასცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. შესაბამისად, საპროცესო დოკუმენტების დროული წარდგენა ობიექტურად იყო შეუძლებელი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. უწინარესად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და მას უკან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები - საკასაციო საჩივარზე დართული დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ „02“ ფურცლად; ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები „04 ფურცლად“, შუამდგომლობა დაკავების შესახებ „08“ ფურცლად, დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ „01 ფურცლად“, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ „10“ ფურცლად, 24.05.2024 წლის განჩინება პირის დაკავების შესახებ „06“ ფურცლად, შემდეგი სამართლებრივი არგუმენტაციით:

12.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. მითითებული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულების საკასაციო პალატის მიერ მიღების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა მოეპოვებინა და სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ის (იხ. სუსგ. №ას-238-229-2013, 22.03.2013წ.).

12.2. პალატა, საკასაციო სამართალწარმოების ბუნებიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ იგი ფაქტების დამდგენ სასამართლოს არ წარმოადგენს და საკასაციო საჩივარში არსებითად ახალი მტკიცებულებების წარდგენა პრინციპულად დაუშვებელია. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან (იხ. სუსგ. №ას-1200-2021, 21.12.2022წ.).

13. რაც შეეხება უშუალოდ საკასაციო საჩივრის სამართლებრივ ბედს, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 12 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით თვალთმაქცურ გარიგებას.

18.1. თვალთმაქცური გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

18.2. დასახელებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. მოჩვენებითი გარიგების დროს ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.

18.3. რაც შეეხება თვალთმაქცურ გარიგებას, უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში/გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება - ერთი თვალთმაქცური და მეორე, რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია (იხ. სუსგ. №ას-1142-1088-2014, 23.01.2015წ.; №ას-487-461-2015, 17.01.2015წ.).

18.4. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ასეთ შემთხვევაში, სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლის არსებობა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რამდენადაც გარიგების ბათილობის გარემოებების დადასტურება ეკისრება იმ პირს, რომელიც ითხოვს გარიგების ბათილობას (იხ. სუსგ. №ას-1029-2019, 30.10.2019წ.; №ას-3-2020, 16.06.2020წ.; №ას-1090-2021, 18.05.2022წ.; №ას-705-2023, 12.09.2023წ.)

19.1. საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

19.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

19.3. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

19.4. მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

19.5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ. №ას-1338-2018, 25.01.2019წ.; №ას-1470-2018, 15.02.2019წ.).

19.6. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელი შეიცავდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რომ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება, რეალურად, წარმოადგენდა 8000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემისა და მის უზრუნველსაყოფად ნ.ა–ას უძრავი ნივთის გარანტიად დატვირთვის სამართალურთიერთობას. სარჩელში ასახული ფაქტები, ძირითადად, მიემართებოდა იმ საკითხს, რომ პირებმა, რომლებთანაც მოსარჩელემ აწარმოა მოპალარაკებები, მას სესხის სახით გადასცეს არა შეთანხმებული 8000 აშშ დოლარი, არამედ მხოლოდ 4400 დოლარი, რის გამოც, მოსარჩელე დატოვეს მოტყუებული. თანხის სრულად გადაუცემლობის მიუხედავად ნ.გ–ას მხრიდან საჯარო რეესტრის წინაშე განცხადების წარდგენა, რომელშიც მიუთითებდა, რომ გამოსყიდვის უფლება ვადაში ვერ განხორციელდა, რის გამოც მოითხოვდა, ქონებას მოხსნოდა ვალდებულება, მოსარჩელის მხრიდან შეფასებულია მოპასუხის არაკეთილსინდისიერ სურვილად, დაპატრონებოდა ქონებას, რომლით უზრუნველყოფილი სესხის თანხაც სრული მოცულობით მსესხებელს არ გადასცემია.

19.7. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ გარიგების თვალთმაქცურობის მოტივით ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის წარდგენისას საკმარისი არ არის მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ მხარეების ნამდვილ ნებას წარმოადგენდა არა ნასყიდობის, არამედ სესხის სამართალურთიერთობის დამყარება. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეალური არსის დადგენა სამართლებრივი შეფასებისა და, მაშასასადამე, სასამართლო კომპეტენციის საკითხია. აღნიშნულის ნაცვლად, მოსარჩელე მხარემ საკუთარ სარჩელში უნდა მიუთითოს იმ ობიექტურად დამტკიცებად, კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებიც სასამართლოს მისცემს სამართლებრივი დასკვნის შესაძლებლობას, რომ მხარეთა მიერ ობიექტურად გამოვლენილი ნების შინაარსი მართალაც არ შეესაბამებოდა მხარეთა საერთო სუბიექტურ ნებას.

19.8. წარმოდგენილი სარჩელის შესწავლის შედეგად ნათელი ხდება, რომ მოსარჩელე არცერთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც, შესაძლოა, გამხდარიყო გარიგების თვალთმაქცურობის ინდიკატორი, სარჩელში არ მიუთითებდა. გარემოებათა ნაწილზე მოსარჩელემ პირველად სააპელაციო საჩივარში მიუთითა. მიუთითებლობის საპატიო მიზეზის დასახელების გარეშე, ნაწილი გარემოებები პირველად საკასაციო საჩივარში აისახა.

19.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380.2 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ დაგვიანებით მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არსებითი შეფასების გარეშე მართებულად დარჩა და მათზე, მსჯელობის უფლებამოსილება, სსსკ 407.1 მუხლიდან გამომდინარე არც საკასაციო სასამართლოს გააჩნია.

19.10. მაშასადამე, საკასაციო პალატის განსჯით, წარმოდგენილი სარჩელი არ პასუხობდა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის - სამოქალაქო კოდექსის 56.2 მუხლის ფაქტობრივ შემადგენლობას, რამაც, ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა მართებულად გამორიცხა.

20. საკასაციო სასამართლო იმასაც შენიშნავს, რომ სარჩელის ძირითადი პრეტენზია მიემართებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის სრული მოცულობით გადაუცემლობას. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მხარეს მიუთითებს, რომ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა, ცალკე აღებული, არის არა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, არამედ - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 477-ე მუხლების საფუძველზე, ნასყიდობის ფასის, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მყიდველისთვის წარდგენის საფუძველი (იხ. სუსგ. № ას-489-463-2015, 20.05.2016წ.; №ას-887-2024, 11.10.2024წ.).

21. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში დაცული არცერთი მტკიცებულება გარიგების თვალთმაქცურობაზე დასკვნის საფუძველს არ იძლევა. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში განთავსებულ მოდავე მხარეთა შორის 2020 წლის 12 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებულ გამოსყიდვის უფლებით სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, სადაც ნოტარიუსი მიუთითებს, რომ მან შეადგინა ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი, ხმამაღლა წაუკითხა მხარეებს, განუმარტა მასზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები, მხარეებმა წაიკითხეს ხელშეკრულების ტექსტი, განაცხადეს, რომ იგი ზუსტად გამოხატავს მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი (იხ. გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება). გარემოებათა ეს ერთობლიობა, მოსარჩელის მიერ საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის პირობებში, ცხადყოფს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, კონტრაჰენტთა თავისუფალი ნების გამოვლენის შესატყვისად, ნამდვილი ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულება დაიდო და ამ ფაქტზე კასატორის პრეტენზია ვერ აქარწყლებს სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების არსებობას (იხ. სუსგ. №ას-1004-2023, 03.11.2023წ.).

22. საკასაციო პალატის განსჯით, საქმის განხილვის შედეგად ვერ დადგინდა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებისაგან განსხვავებული შინაარსის შეთანხმება, კერძოდ, სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელეს, საკუთარი განმარტების გარდა, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმის დასადასტურებლად, რომ მხარეები სესხის სარგებელზე შეთანხმდნენ და რომ მან ორი თვის სარგებელი გადაუხადა მოპასუხეს. იმ ვითარებაში, როდესაც სანოტარო აქტით დადასტურებულია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს, სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას, მიეცათ ჯეროვანი განმარტება ხელშეკრულების შინაარსისა და შედეგების, მათ შორის, დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესების გამოყენების შესახებ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადავო ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა მხარეთა ნამდვილ ნებას.

23. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რომ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძვლები, რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, სათანადო მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა (იხ. სუსგ. №ას-1333-2022, 23.03.2023წ.).

24.1. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24.2. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

24.3. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შედეგის გათვალისწინებით, კასატორს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 1193 ლარის 70%, რაც შეადგენს 835.1 ლარს, უკან უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ა–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ნ.ა–ას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1193 ლარის (საგადახდო დავალება № 24812738390, გადახდის თარიღი: 28.11.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 835.1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი