არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 17.06.2026
საქმის ნომერი
ას-476-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-476-2026 17 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „გ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ.თ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „გ–ა“ (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) კერძო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განჩინებას, რომლითაც სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო დაკმაყოფილდა შპს „ბ.თ–ის“ (შემდგომში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) წარმომადგენლის შუამდგომლობა და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.

2. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომლის თანახმადაც, მთავარი სხდომის თარიღის შესახებ აპელანტს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების საშუალებით. მისი განმარტებით, აპელანტი არ ყოფილა მთავარი სხდომის შესახებ დროულად და კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

6. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. შემდგომ, 2025 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, მთავარი სასამართლო სხდომა დაინიშნა 2026 წლის 11 თებერვალს, 16:00 საათზე. აღნიშნულ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

10. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას სხდომის თარიღის შესახებ სატელეფონო შეტყობინებით ინფორმირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ იგი სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გაფრთხილებული, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას.

12. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით იყო მოწვეული და არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა. ამასთან, დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. შესაბამისად, განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს, იყო თუ არა აპელანტი საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით მოწვეული.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

14. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

15. კერძო საჩივრის პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის იმ ნორმებზე, რომლებითაც განსაზღვრულია მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების წესი, კერძოდ, სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

16. სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალები დაბარებისას მიეთითება ამ კოდქსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

17. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება ტელეფონის შემთხვევაში, დასტურდება – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით მოწოდებულ დადასტურებაში ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილ აქტში.

18. ამდენად, როდესაც საპროცესო მხარის უფლებებს სასამართლოში იცავს მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლის წარმომადგენლობა დადასტურებულია კანონის შესაბამისად გაცემული მინდობილობით (სსსკ-ის 96-ე, 98-ე მუხლები), სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო უწყების გაგზავნას (და მის ჩაბარებას) ერთ-ერთი მათგანისათვის, მათ შორის - უწყების ჩაბარებას ტექნიკური (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სხვა) საშუალებით.

19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელს 2025 წლის 31 დეკემბრის სატელეფონო შეტყობინების აქტის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 255) თანახმად, ეცნობა 2026 წლის 11 თებერვალს, 16:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ აქტზე, რომლითაც დადასტურებულია როგორც სასამართლო უწყების შინაარსის აპელანტის წარმომადგენლისათვის გაცნობა, ისე მისი ინფორმირება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. ამასთან, კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ პრეტენზიას აღნიშნული მტკიცებულების ნამდვილობის, სანდოობის ან მასში ასახული ინფორმაციის სისწორის თაობაზე და შემოიფარგლება მხოლოდ მითითებით, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის შესახებ სატელეფონო შეტყობინების საშუალებით არ ეცნობა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ფარგლებში სადავოდ არ არის გამხდარი თავად სატელეფონო შეტყობინების აქტის სარწმუნოობა ან მისი შინაარსის სისწორე.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე მიუთითებს.

21. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის კერძო საჩივრის ავტორის პოზიციის გაზიარებისათვის საკმარის საფუძველს. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა, არ წარმოადგენს ისეთ სამართლებრივად ვარგის და საკმარის მტკიცებულებას, რომელიც საქმეში არსებული საწინააღმდეგო მტკიცებულებების პირობებში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს შექმნიდა.

22. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია აპელანტის წარმომადგენლისათვის სასამართლო სხდომის თარიღისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების სატელეფონო შეტყობინების გზით გაცნობა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მხოლოდ უარყოფს ინფორმირების ფაქტს, თუმცა არ უთითებს რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც სატელეფონო შეტყობინების აქტის სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ასეთ პირობებში, თუ კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ სატელეფონო შეტყობინება რეალურად არ განხორციელებულა ან აქტში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, მას შეეძლო წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, ეშუამდგომლა სასამართლოსათვის სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.

23. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ სატელეფონო შეტყობინება წარმოადგენს მხარის ინფორმირების კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საპროცესო ფორმას და მისი სათანადო განხორციელების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მხარე საქმის განხილვის შესახებ კანონით დადგენილი წესით არის ინფორმირებული.

24. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, 2025 წლის 20 მაისს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, მოპასუხის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინების საშუალებით ეცნობა, თუმცა იგი არც აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდა, რის შედეგადაც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მართალია, აღნიშნული გარემოება უშუალოდ არ ადასტურებს სადავო სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტის ინფორმირების ფაქტს და დამოუკიდებელ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული მოცემული საკითხის გადასაწყვეტად, თუმცა იგი შეფასებას ექვემდებარება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. კერძოდ, აღნიშნული გარემოება სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციის სარწმუნოობა და მისი განმარტებების დამაჯერებლობა, მათ შორის, პროცესში მონაწილე მხარის ქცევის საერთო კონტექსტის გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ერთ-ერთ დამატებით ფაქტობრივ მონაცემს, რომელიც მხედველობაში მიიღება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებისას და კერძო საჩივრის ავტორის განმარტებების სარწმუნოობის განსაზღვრის მიზნით.

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ–ას“კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია