თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
1. სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას, თუ იგი ფოსტით არ არის გაგზავნილი, სასამართლოს კანცელარია ამოწმებს სარჩელის (განცხადების) ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს და ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მოსარჩელეს, მის წარმომადგენელს (თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს) მიუთითებს უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ.
2. სარჩელის (განცხადების) ფორმალური მხარის შემოწმებისას ყურადღება ექცევა შემდეგ გარემოებებს:
ა) წარდგენილია თუ არა სარჩელი (განცხადება) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით;
ბ) აღნიშნულია თუ არა სარჩელის (განცხადების) ფორმაში ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტები;
გ) ერთვის თუ არა სარჩელს (განცხადებას) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ ასეთი დოკუმენტი არ ერთვის, მითითებულია თუ არა შუამდგომლობების გრაფაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა;
დ) ერთვის თუ არა სარჩელს (განცხადებას) თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი;
ე) ერთვის თუ არა სარჩელს (განცხადებას) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს;
ვ) არის თუ არა სარჩელი (განცხადება) ხელმოწერილი;
ზ) წარდგენილია თუ არა სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
3. მოსამართლე ვალდებულია სარჩელის (განცხადების) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის (განცხადების) მიღების შესახებ. სარჩელი (განცხადება) მიღებულად ითვლება მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება – ამ ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.12.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.12.2011 კანონი №5667
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ზ-241-ა-8-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2019
ამასთან, სსსკ-ის 445-ე მუხლის მე-3 პუნქტის კანონის ანალოგიით გამოყენების შემთხვევაში, სარჩელი (განსახილველ შემთხვევაში - საკასაციო საჩივარი) მიღებულად ითვლება მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება – ამ ვადის გასვლის შემდეგ;
- საქმე №ბს-309(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2019
შესაბამისად, აღნიშნული ურთიერთობის დასარეგულირებლად ანალოგიის წესით გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 445-ე მუხლის მე-3 ნაწილი. აღნიშნული მუხლი ეხება სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს, რომლის თანახმადაც თუ მოსამართლე 5 დღის ვადაში არ იმსჯელებს სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხზე სარჩელი ავტომატურად მიღებულად ითვლება.
- საქმე №ა-2353-ა-5-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამასთან, სსსკ-ის 445-ე მუხლის მე-3 პუნქტის კანონის ანალოგიით გამოყენების შემთხვევაში, სარჩელი (განსახილველ შემთხვევაში - საკასაციო საჩივარი) მიღებულად ითვლება მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება – ამ ვადის გასვლის შემდეგ;
- საქმე №010310017002190862 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2018
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელე მხარეს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177- 178-ე და 445-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით, შესაბამისად ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მოსარჩელეს განესაზღვრა 10 დღის ვადა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება