1. სანიტარიული დაცვის ზონის (სდზ) მეორე სარტყლის საზღვრების ცვლილების შესაძლებლობის შეფასების მიზნით, სარტყელში არსებული   გაუნაშენიანებელი არეალების განაშენიანების   შესაძლებლობის და მასშტაბის შესაფასებლად, საჭიროა ჩატარდეს მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებული კომპლექსური კვლევები.  ამ მიზნით, სანიტარიული დაცვის პროექტის დამტკიცებიდან  არაუგვიანეს 5 თვის ვადაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (მერია), შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ თანამშრომლობით, შეიმუშავებს და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (საკრებულო) წარუდგენს კვლევების ჩატარების სამოქმედო გეგმას.

2. კვლევების ჩატარების სამოქმედო გეგმა მტკიცდება საკრებულოს  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – განკარგულებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) კვლევებისთვის საჭირო კვალიფიკაცია და კომპეტენცია;

ბ) საჭირო კვლევების განსაზღვრა;

გ) კვლევების შესრულების ვადები;

დ) კვლევების ჩატარებაზე პასუხისმგებლობის განსაზღვრა;

ე) კვლევების ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა;

ვ) განაშენიანების პერსპექტიული არეალების ბლოკებად დაყოფის უზრუნველყოფა, ცალკეული ბლოკის ინდივიდუალურად შეფასების შესაძლებლობის მიზნით (საჭიროების შემთხვევაში).

4. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია შეიმუშავოს როგორც კვლევების ჩატარების სამოქმედო გეგმა, ასევე შექმნას სამუშაო ჯგუფი კვლევების მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, მერიის მოსამსახურეებთან ერთად, შესაძლოა იყვნენ საკრებულოს წევრები, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები, სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

5. სამოქმედო გეგმის შემუშავებიდან 1 წლის ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს 2 წლისა) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კვლევების დასრულება და შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა.

6. მერია, კვლევების დასრულების შემდგომ წარმოდგენილ ანგარიშს, სამუშაო ჯგუფის პოზიციასთან ერთად, განსახილველად წარუდგენს საკრებულოს.

7. საკრებულო, სანიტარიული ზონის სარტყლების საზღვრების ცვლილების  ინიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში,  დავალებას აძლევს მერიას წინამდებარე დადგენილების ცვლილების პროექტის მოსამზადებლად.

8. სანიტარიული ზონის ფარგლებში ჩასატარებელი კვლევების სარეკომენდაციო ჩამონათვალი ასეთია:

ა) ტერიტორიის საკადასტრო კვლევა;

ბ) პერსპექტიული წყალმომარაგების წყაროების (მიწისქვეშა, ზედაპირული) დადგენა;

გ) პერსპექტიული განაშენიანების არეალების განსაზღვრა შემდგომი შეფასების მიზნით;

დ) ჰიდროლოგიური გაანგარიშებები და წყალდიდობის/წყალმოვარდნების ზემოქმედების არეალების შესწავლა;

ე) წყალდიდობის/წყალმოვარდნის  პროგნოზები და შესაბამისი მოდელირება;

ვ) ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა (დაბინძურების ხარისხის და თვითგაწმენდის უნარის განსაზღვრა);

ზ) ნიადაგის და გრუნტის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა (დაბინძურების და ფილტრაციული გაწმენდის უნარის შეფასება);

თ) განაშენიანების პერსპექტიული არეალების რამდენიმე საორიენტაციო მასშტაბის მოდელირება და პროგნოზული დამაბინძურებლების ზეგავლენის შეფასება ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებზე, ასევე ნიადაგზე და გრუნტზე;

ი) განაშენიანების არეალის გამოყოფის შემთხვევაში დაბინძურების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა (წყალმოვარდნების პრევენციული ღონისძიებები, სანიაღვრე და საკანალიზაციო წყლების და ნარჩენების მართვა).

9. ზემოაღნიშნული კვლევები ამ მუხლის მესამე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცალკეული ბლოკისთვის შესაძლებელია ჩაატაროს  ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს  სამოქმედო გეგმით შემუშავებული კვლევების სპეციფიკის და სანიტარიული ზონების მოთხოვნები