საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.06.2009 ძალადაკარგული 18.05.2018
ნომერი
№448
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.013.212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 24/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.013.212

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება №448

2009 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №146 ბრძანება.

3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. სიხარულიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №602 - ვებგვერდი, 20.06.2013 წ.

3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 2 ივლისის ბრძანება №687 - ვებგვერდი, 02.07.2013 წ.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 2.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და ამ დებულებით.

    მუხლი 3.

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.

    მუხლი 4.

დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი“, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 5.

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი და ეფექტური სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დანერგვა;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების კადრის ოფიცრებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო (ვადიანი) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა დროული დაკომპლექ-ტების, აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირების, შერჩევის, გადანაწილება-დანიშვნის, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობათა მინიჭების, მომზადება-გადამზადების, პროფესიული განვითარების, შენარჩუნებისა და კარიერის მართვის უზრუნველყოფა;

დ) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ქვედანაყოფების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურული წინადადებებიდან გამომდინარე ოპტიმალური საშტატო სტრუქტურების შემუშავება;

 ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება და ანალიზი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის დაგეგმვა, კოორდინაცია და განვითარების მხარდაჭერა.

თ) სამხედრო ძალების რეზერვის და მობილიზაციის მართვის ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში.

ი) ჯარებში ჯანსაღი მორალურ–ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფორმირების და შენარჩუნების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 2 ივლისის ბრძანება №687 - ვებგვერდი, 02.07.2013 წ.

    მუხლი 6.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;

 ბ) რეკრუტების, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვა სამხედრო უწყებიდან გადმოსულ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს  თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა მიღებისა და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

 გ) სამხედრო მოსამსახურეთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის (შეფასებების) საფუძველზე, მათი თანამდებობრივი გადადგილების (განაწილების), დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;

დ) სამხედრო მოსამსახურეთათვის, მათი განათლებისა და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მინიჭების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ე) მსმენელებით (კურსანტებით) სამხედრო სასწავლებლებისა და კურსების დაკომპლექტების, სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა შერჩევისა და განაწილების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

ვ) რიგითთა, კაპრალ-სერჟანტთა, ოფიცერთა და სამოქალაქო პირთათვის პირველადი, მორიგი (მათ შორის, ვადამდე) სამხედრო წოდებების კანონმდებლობის შესაბამისად მისანიჭებლად სათანადო მასალებისა და ბრძანების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება, უარყოფითი მოტივებით დათხოვნის მიზეზთა გაანალიზება-განზოგადება;

 თ) სამხედრო მოსამსახურეთა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე სამოქალაქო პირთა პირადი საქმეების წარმოება, მათი სტატისტიკური და პერსონალური აღრიცხვა;

 ი) სამხედრო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ მივლინებისათვის სათანადო სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება;

 კ) (ამოღებულია - 19.06.2013, №602);

ლ) ეფექტური საორგანიზაციო-საშტატო ღონისძიებათა გატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, საშტატო საკითხებთან დაკავშირებული პროექტების მომზადება, შტატების, შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავება;

მ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში შეტანა. მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მოთხოვნის შესაბამისად, თემატური და სტატისტიკური ინფორმაციის გაცემა, ცენტრალური მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება მონაცემთა ბაზიდან საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი და პირადი შემადგენლობის მართვის ოპტიმიზაციის წინადადებების შემუშავება;

 ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის (პლასტიკური) მოწმობების და ჟეტონების დამზადება, აღრიცხვიანობა და გაცემის ორგანიზება;

ო) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეების სახელმწიფო და უწყებრივ ჯილდოებზე დასაჯილდოებლად წარდგენისთვის დოკუმენტაციის მომზადება;

პ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშება და საბუთების გადაგზავნა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დასანიშნად;

ჟ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს;

 რ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;

ს) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

ტ) NATO-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სამხედრო პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვა, აღსრულება და კონტროლი;

უ) სამხედრო ძალების რეზერვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, შესწავლა და რეზერვის კატეგორიების დაკომპლექტების დაგეგმვა;

ფ) შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;

ქ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამობილიზაციო გეგმებისა და დოკუმენტაციის ფორმების, სახელმძღვანელო ნორმატიული აქტების შემუშავება;

ღ) სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის მართვის სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის საორგანიზაციო და ნორმატიული ბაზის ცვლილებების პროექტების შემუშავება;

ყ) სამხედრო მოსამსახურეებში სამსახურისადმი სოციალურ–ფსიქოლოგიურ დამოკიდებულების და პოზიტიური განწყობის ფორმირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

შ) ჯარების მორალური მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება და იმპლემენტაციის ზედამხედველობა;

 ჩ) მეთაურის თანაშემწეთა მუშაობის კოორდინირება და სამხედრო მოძღვართა (კაპელანთა) ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 2 ივლისის ბრძანება №687 - ვებგვერდი, 02.07.2013 წ.

თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 7.

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

    მუხლი 8.

დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 9.

დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 10.

დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.

    მუხლი 11.

დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 12.

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;

გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე;

ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართვე-ლოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამ-დებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;

ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) ამოღებულია;

 ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელს აწერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისაღები (დასაქირავებელი), სამხედრო სამსახურის გავლის  და სასწავლებელში ჩარიცხულ/წარსაგზავნ პირადი შემადგენლობის ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს);

კ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას;

ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.

 

თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი, ფუნქციები და მმართველობა

    მუხლი 13.

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დაკომპლექტების სამმართველო;

ბ) პირადი შემადგენლობის კარიერული დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;

გ) საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო;

დ) ადმინისტრაციული სამმართველო;

ე) რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველო;

ვ) ჯარების მორალურ–ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 2 ივლისის ბრძანება №687 - ვებგვერდი, 02.07.2013 წ.

    მუხლი 14.

1. დაკომპლექტების სამმართველო, მასში შემავალი სახმელეთო ჯარების დაკომპლექტების განყოფილების და გაერთიანებული შტაბის დაკომპლექტების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:

ა) გაერთიანებული შტაბის და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის სახმელეთო ჯარების, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის კადრის ოფიცრებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამოქალაქო პირთა დროული დაკომპლექტების  უზრუნველყოფას;

ბ) ბრძანებათა პროექტების მომზადებას საკადრო საკითხებთან (გაწვევა, დანიშვნა, კონტრაქტის გაფორმება, გადაადგილება, მოვალეობის დაკისრება, სამსახურებრივი მივლინება, წოდების მინიჭება, უფლებამოსილების შეჩერება, კადრების განკარგულებაში გადაყვანა, დათხოვნა, გათავისუფლება) დაკავშირებით;

გ) სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შესაბამისი კონტრაქტების (ხელშეკრულებების) გაფორმების უზრუნველყოფას;

დ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დაკომპლექტების საკითხების ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს;

2. პირადი შემადგენლობის კარიერული დაგეგმვისა და მართვის სამმართველო, მასში შემავალი პირადი შემადგენლობის განათლების მართვის განყოფილების, შერჩევის საბჭოების უზრუნველყოფის განყოფილების, პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების განვითარების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდების, ფორმების შემუშავებასა და გატარებას;

ბ) სამხედრო მოსამსახურეთა გადანაწილების, დაწინაურების, მათი კარიერული და პროფესიული ზრდის დაგეგმვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფას. თანამდებობათა სამუშაო აღწერის ფორმების შემუშავებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და მათ სისტემატურ დახვეწას;

გ) სასწავლო კურსებზე და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კანდიდატების შერჩევის ღონისძიებების უზრუნველყოფას, გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენას და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას;

დ) სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურეთა განაწილებაში მონაწილეობას;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების პროცესებისა და პროცედურების ზედამხედველობას;

ვ) სხვადასხვა დონის შერჩევის საბჭოების დაგეგმვასა და მათ პროცედურულ უზრუნველყოფას; 

ზ) პირადი შემადგენლობის შენარჩუნების ღონისძიებების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სათანადო მოხსენებებისა და წინადადების მომზადება-წარდგენას;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა  და პროფესიული განვითარების დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობას იღებს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამოყალიბებაში;

ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასანერგად შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების, სახელმძღვანელოების, სამოქმედო წესების, ინსტრუქციების ჩამოყალიბებას, შესაბამისი სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელების კონტროლს;

 კ) ნატო-სთან თანამშრომლობის  გეგმებით სამხედრო პერსონალის კუთხით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების დაგეგმვას, აღსრულებასა და კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების ნატო-სთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების მომზადებასა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;

მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის კოდების განსაზღვრას, მათი მინიჭებისა და აღრიცხვისათვის საჭირო პროცედურების მომზადებას.

 3. საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი საორგანიზაციო-საშტატო განყოფილების და დისლოკაციის აღრიცხვის და შეიარაღების განსაზღვრის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:

ა) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე სახეობის, ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურების ოპტიმიზაციისათვის წინადადებების შემუშავებას;

ბ) საშტატო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადებასა და წარდგენას დასამტკიცებლად;

 გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავებასა და საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფას;

დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციების ადგილების აღრიცხვასა და კონტროლს. ქვედანაყოფების ბეჭდების და  ლუქების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;      

 4. ადმინისტრაციული სამმართველო, მასში შემავალი ადმინისტრაციული და საქმისწარმოების განყოფილების, პირადი საქმეების აღრიცხვისა და უზრუნველყოფის განყოფილების, მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფის განყოფილების და სოციალურ საკითხთა და დაჯილდოების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:

ა) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის წარმოებას;      

ბ) დეპარტამენტში წარმოებული (საწარმოებელი) წიგნების, ჟურნალების, საქმეების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვას, წარმოებაზე კონტროლსა და დადგენილი წესით შენახვას;

 გ) მოქმედ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების დამუშავების, აღრიცხვაზე აყვანისა და შენახვის უზრუნველყოფას;

დ) დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების გადამოწმებასა და შესაბამის ორგანოებში სათანადო სამსახურების მეშვეობით გადაგზავნის უზრუნველყოფას;

ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების (რომელთაც არ გააჩნიათ საკადრო სამსახური) სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურების შესახებ ცნობების მომზადებას საფინანსო სამსახურში წარსადგენად;

ვ) დეპარტამენტზე რიცხული მატერიალური ქონების აღრიცხვასა და კონტროლს;

ზ) დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად სათანადო სქემისა და ევაკუაციის გეგმის შემუშავებას და დაზუსტებას;

თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის და საორგანიზაციო სტრუქტურების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და სისტემატიურ განახლებას;

ი) ინფორმაციის პერიოდულ ანალიზს, ტენდენციების დადგენასა და წინადადებების მომზადება-წარდგენას;   

კ) ქვედანაყოფებიდან პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ სათანადო პერიოდული მოხსენებების მიღებასა და  დამუშავებას;

ლ) პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მონაცემთა მოხსენებების სისტემების შემუშავებას, დახვეწასა და მათი მართვისა და კონტროლის განხორციელებას;          

მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების  და ჟეტონების დამზადებას, აღრიცხვიანობასა და გაცემის ორგანიზებას;

  ნ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში;

 ო) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშებასა და სათანადო საბუთების მომზადებას;

პ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს;

ჟ) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების  მოსამსახურეთა უწყებრივი მედლებითა და სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადებას.

5. რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი რეზერვის დაგეგმვის განყოფილების და მობილიზაციის დაგეგმვის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:

ა) რეზერვის პირადი შემადგენლობის აღრიცხვასა და დაგეგმვას, მონაცემთა ბაზის წარმოებას;

ბ) რეზერვის პირადი შემადგენლობის სტანდარტების დადგენას, შეფასებას, როტაციის დაგეგმვას;

გ) მატერიალურ–ტექნიკური რეზერვის აღრიცხვას, დაგეგმვას, მონაცემთა ბაზის წარმოებას;

დ) შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვას;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას;

ვ) სამობილიზაციო ბრძანებების, დოკუმენტთა ფორმების, საინსტრუქციო ნორმატიული აქტების შემუშავებას;

ზ) სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას, საქართველოს სინამდვილეზე ადაფტირებას და შესაბამისი საორგანიზაციო და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების შემუშავებას.

6. ჯარების მორალურ–ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველო, მასში შემავალი ჯარების სოციალურ–ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განყოფილების და ჯარების მორალური მხარდაჭერის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:

ა) სამხედრო მოსამსახურეების ინდივიდუალურ–ფსიქოლოგიური თვისებების, ქვედანაყოფებში სოციალურ–ფსიქოლოგიური პროცესებისა და მოვლენების შესწავლა/ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) ქვედანაყოფებში ჯანსაღი მორალურ–ფსიქოლოგიური მდგომარეობის  ფორმირებას და შენარჩუნების ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირად შემადგენლობის ფსიქოლოგიურ კონსულტირებას და ფსიქოკორექციულ მუშაობას. ასევე მათი ოჯახის წევრებთან პერიოდული შეხვედრების ორგანიზება/ჩატარებას;

დ) სამეთაურო რგოლთან ტრენინგების ორგანიზება/ ჩატარებას;

 ე) საბრძოლო  მომზადების და სწავლებების პროცესში პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მზაობის შესწავლა/ანალიზს. ამ პროცესების ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

ვ) რეკრუტების პიროვნული თავისებურებების შესწავლას და მათი რაციონალურად გადანაწილების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

ზ) პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მახასიათებლების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას;

თ) ჯარების მორალური მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებას და იმპლემენტაციის ზედამხედველობას;

 ი) საკუთარი ძალების ნეგატიური საინფორმაციო ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით შესაბამისი თემატიკის განსაზღვრა/დამუშავებას, ქვედანაყოფებში დაგზავნას და აღსრულებაზე კონტროლს;

კ) მეთაურის თანაშემწეთა მუშაობის კოორდინირებას და სამხედრო მოძღვართა (კაპელანთა) ინსტიტუტებთან აქტიურ თანამშრომლობას;

ლ) პირად შემადგენლობასთან და მათი ოჯახის წევრებთან კულტურულ–შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში;

 მ) სამხედრო მოსამსახურეებში სამსახურისადმი სოციალურ–ფსიქოლოგიურ დამოკიდებულების და პოზიტიური განწყობის ფორმირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

 ნ) სუიციდის რისკის და სოციალურ–ფსიქოლოგიური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად  მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებას;

 ო) ფსიქოდიაგნოსტიკური სამუშაოს ჩატარებას სამშვიდობო მისიაში წარსაგზავნ სამხედრო მოსამსახურეებთან, ზემდგომ ხელმძღვანელობასთან რეკომენდაციების წარდგენას, აგრეთვე სამეთაურო რგოლთან ფსიქოლოგიური ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა უნარ–ჩვევების განვითარების მიზნით;

 პ) სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის კვლევას და  მათთან ფსიქოკორექციული ღონისძიებების გატარებას;

ჟ) ზედამხედველობს ჯარებში სახელმწიფოებრივი მომზადებისა და საინფორმაციო საათის მიმდინარეობას, კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 2 ივლისის ბრძანება №687 - ვებგვერდი, 02.07.2013 წ.

    მუხლი 15.

სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 16.

სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს კომპეტენციის ფარგლებში;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ.

    მუხლი 17. (ამოღებულია - 19.06.2013, №602)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №602 - ვებგვერდი, 20.06.2013 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №448, 19.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.013.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84424-3/