ბრძანება N 2641

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 12.02.2024
№ დოკუმენტი 2641
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2641

12 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -----------------)

(მის.: ----------------------------------)

2024 წლის 23 იანვრის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -----------------) №87013/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №086-37 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით ითხოვს დავის განახლებას. განმარტავს, რომ კომპანიაზე დარიცხული თანხები არ შემცირდა, არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ კომპანია ვაჭრობდა მალფუჭებადი საქონლით და ხშირად უწევდა საქონლის გადაყრა. ამასთან, ითხოვს, რომ მოხდეს რეალური ფასნამატის 8%-ის გამოყენება და აღნიშნულის შესაბამისად გადაანგარიშდეს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 თებერვლის №2912, 23 მაისის №11505 და 7 ივნისის №12709 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 3 ივნისიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 7 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ივნისის №13045 ბრძანება და ამავე თარიღის №086-37 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 598 872 ლარი, მათ შორის, გადასახადი 369 090 ლარი, ჯარიმა 192 028 ლარი, საურავი 37 754 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 26 დეკემბრის №32962 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №086-37 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 თებერვლის №2912, 23 მაისის №11505 და 7 ივნისის №12709 ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2023 წლის 7 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2023 წლის 12 ივნისის №13045 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №086-37 საგადასახადო მოთხოვნა შპს „-------“-ის (ს/ნ -----------------) მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32962 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „-------“-ის (ს/ნ -----------------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №086-37 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -----------------) საჩივარი ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „-------“-ის (ს/ნ -----------------) საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №086-37 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით ითხოვს დავის განახლებას. ითხოვს, რომ მოხდეს რეალური ფასნამატის 8%-ის გამოყენება და აღნიშნულის შესაბამისად გადაანგარიშდეს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2912, №11505 და №12709 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 3 ივნისიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №13045 ბრძანება და №086-37 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 598 872 ლარი, აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №32962 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან,ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადასაადის გადამხდელის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის №086-37 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(7) ; 301( „ზ“)