ბრძანება N 21766
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21766
06 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 1 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ --------) 2023 წლის 1 აგვისტოს №82766/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №006-304 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 მაისის №12797 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 19 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 23 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №15218 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-304 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 30 260 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 17 445 ლარი, ჯარიმა 8 723 ლარი და საურავი 4 092 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
● შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის საგანია სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით. შპს-ს უფიქსირდება სრულად დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები. აღნიშნული პირის შემოსავლის მიღება და ხარჯის გაწევა ხორციელდება, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი. კერძოდ, 2022 წლის 19 მაისის მდგომარეობით სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 54 310 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის „სალაროში ნაღდი ფული შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შემოწმების მიერ საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
● გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ფ/პ ------- (პ/ნ -------) ჩამოწერილია დებიტორული მოთხოვნა 5 000 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია აღნიშნული ვალის პატიების საფუძველთან დაკავშირებით. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა ფიზიკური პირის სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის მარტის თვის დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. აღნიშნული სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სრულად აქვს ჩათვლილი იმ ოპერაციაზე გადახდილი დღგ-ის თანხა, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით აქვს ჩათვლა განხორციელებული (ავ-------). შემოწმების მიერ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით დაკორექტირდა - შემცირდა შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხა, რაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადის სახით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას
ფაქტობრივი გარემოებები
● ორგანიზაციის საქმიანობის საგანია სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
● გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ფიზიკური პირისთვის ჩამოწერილია დებიტორული მოთხოვნა. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია აღნიშნული ვალის პატიების საფუძველთან დაკავშირებით. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა ფიზიკური პირის სარგებლად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის მარტის თვის დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სრულად აქვს ჩათვლილი იმ ოპერაციაზე გადახდილი დღგ-ის თანხა, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით აქვს ჩათვლა განხორციელებული. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა .
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 275; 269(7)