ბრძანება N 5047

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.03.2023
№ დოკუმენტი 5047
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5047

15.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ------------)

(მის: -----------------------------)

2022 წლის 29 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ------------) №77704/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 26 ოქტომბრის №ა 195- 21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტს, „გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ“ 2022 წლის 2 ნოემბრის №27616 ბრძანებას და 2022 წლის 2 ნოემბრის №046-12 საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თურქული მხარის მიერ გამოგზავნილ ექსპორტიორის წერილში ჩამოთვლილია 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი საპნების დასახელები (რასაც შეკითხვის მომენტში სრულიად აწარმოებდა ქარხანა), რომელშიც არ შედის შპს „----------“ მიერ იმპორტირებული საპონი, რადგან აღნიშნული პროდუქციის იმპორტს შპს „----------“ ახდენდა 2019-2020 წლებში და კონკრეტული საპნის წარმოება ხდებოდა ექსკლუზიურად შპს „---------- თვის“. მომჩივანი მიუთითებს, რომ ექსპორტიორისგან მიღებული წერილით დასტურდება ის ფაქტი, რომ პროდუქტი ნამდვილად იწარმოებოდა ექსკლუზიურად შპს „---------- თვის““ და ნამდვილად იყო განკუთვნილი 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამდენად მიაჩნია, რომ ამ წერილით დასტურდება, რომ შპს „---------- ას““ მიერ 2019-2020 წლებში განახორციელდა 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი საქონლის (საპნის) იმპორტი.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ატების საფუძვლეზე დარიცხული თანხის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №25603 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „----------“ (ს/ნ ------------) №11116/C-2317 27/02/2020, №11116/C-14426 19/12/2019 და №11111/C-78328 01/08/2020 საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

შპს „----------“ (ს/ნ ------------) მიერ აღნიშნული საბაჟო დეკლარაციებით იმპორტირებულია საქონელი - საპონი 0-3 წლამდე ბავშვებისათვის - საერთო ღირებულებით 211584.22 ლარი, რომელიც გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან.

საქონლის კატეგორიის შესწავლის მიზნით ინფორმაცია გადამოწმებული იქნა თურქეთის საბაჟო სამსახურში (წერილი №21- 10/46318 13/04/2021).

საპასუხო წერილით (№ 29980007-724.01.03-GE-71019493, შემოსვლის №41369/21-11) მიღებული მასალების საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებულ მონაცემებთან შედარებისას გამოიკვეთა შეუსაბამობა. კერძოდ, შპს „----------“ (ს/ნ ------------) სახელზე გაფორმებული იმპორტის დეკლარაციების თანმხლები დოკუმენტებიდან ჩანს, რომ დეკლარირებული საქონელი არის საპონი, განკუთვნილი 0-3 წლამდე ბავშვებისთვის (Soap Flowpack for children 0-3 years), რომელიც სსკ-ის 173-ე მუხლის შესაბამისად თავისუფლდება დღგ-ისგან და წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე - იმპორტის გადასახადისაგან. ხოლო თურქეთის საბაჟო სამსახურიდან მიღებულ შესაბამის დოკუმენტებში არ არის მითითებული ასაკობრივი კატეგორია (KIWI FLOWPACK 150GR ). ასევე აღსანიშნავია, რომ თურქულმა მხარემ გამოაგზავნა ექსპორტიორი ორგანიზაციის (DIORA KIMYA SAN.VE.TIC.STI.) წერილი, სადაც ჩამოთვლილია სამი დასახელების (შპს „----------“ ას სახელზე იმპორტირებული დასახელებისაგან განსხვავებული) საპონი, რომლებსაც კომპანია აწარმოებს კონკრეტულად 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შპს „----------“ (ს/ნ ------------) მიერ არასწორად მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის გამოყენება და გამოიწვია გადასახდელის შემცირება №11116/C-2317 27/02/2020, №11116/C-14426 19/12/2019, №11111/C-78328 01/08/2020 საბაჟო დეკლარაციებში (დღგ - 39988, იმპორტის გადასახადი - 10578).

2022 წლის 26 ოქტომბერს შედგა № ა195-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც შპს „----------“ (ს/ნ ------------) შემოწმების შედეგად №11116/C2317 27/02/2020, №11116/C-14426 19/12/2019, №11111/C-78328 01/08/2020 საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ ძირითადი იმპორტის გადასახდელი - 50566 ლარი, აქედან, იმპორტის გადასახადი - 10578 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი - 39988 ლარი. ხოლო სანქცია ჯარიმის სახით დაეკისრა - 50566 ლარი საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №21-10/103099 09.11.2022 წერილით გადამხდელს გაეგზავნა 2022 წლის 26 ოქტომბრის №ა 195- 21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, 2022 წლის 2 ნოემბრის №27616 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 2022 წლის 2 ნოემბრის №046-12 საგადასახადო მოთხოვნა.

“საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ქვემდებაქრეობის მიხედვით №21-10/110669 05/12/2022 წერილით ასევე გაეგზანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

ზემოაღნიშნული შემოწმების მასალები გადამხდელს ჩაჰბარდა 2022 წლის 30 ნოემბერს ელექტრონულად rs.ge-ს საშუალებით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ დღგ- ისგან გათავისუფლებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის იმპორტი.

„იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ/322 ბრძანებით დამტკიცებულია „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი №4)“.

ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხაში, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, მითითებულია 3401 11 000 00 სეს ეს კოდის საპონი. მითითებული ნუსხის შენიშვნის პირველი პუნქტის მიხედვით, ნუსხაში შემავალი საქონელი წარმოადგენს ჰიგიენის ნაწარმს 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად. ტერმინი „მარკირებულია ასეთად“ ნიშნავს, რომ საქონელზე ან/და მის შეფუთვაზე დატანილი სიტყვები ან/და ციფრები ან/და გამოსახულება მიანიშნებს, რომ საქონლის გამოყენების მინიმალური ასაკობრივი ზღვარი ნაკლებია 3 წელზე. ამასთან, საქონელზე ან/და მის შეფუთვაზე მხოლოდ გამოსახულების დატანის შემთხვევაში, აუცილებელია მწარმოებლის წერილობითი დასტურის წარდგენა, საქონლის გამოყენების მინიმალური ასაკობრივი ზღვარის მითითებით. შენიშვნის მე-2 პუნტში კი მითითებულია, რომ დღგ-ის გადასახადისაგან თავისუფლდება ნუსხით წარმოდგენილი, სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა ქვესუბპოზიციის საქონლის – 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვთათვის განკუთვნილი ჰიგიენის ნაწარმის იმპორტი, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ ექსპორტიორისგან მიღებული წერილით დასტურდება ის ფაქტი, რომ პროდუქტი ნამდვილად იწარმოებოდა ექსკლუზიურად შპს „------ვის“ და ნამდვილად იყო განკუთვნილი 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით გადაამოწმოს საჩივარში მითითებული გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით გადაამოწმოს საჩივარში მითითებული გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2022 წლის 2 ნოემბრის №046-12 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.