გადაწყვეტილება №22741/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.10.2024
№ დოკუმენტი 22741/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22741/2/2024

31 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22741/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №EL218886 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №EL11111/67 (№001-67) საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5377 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 10 199,01 ლარი.

მათ შორის:

3.08.2023 წლის №EL11111/67 (№001-67) საგადასახადო მოთხოვნა - 5 754,03 ლარი.

გადასახადი - 4 444,98

დღგ საბაჟო - 3 939,26

იმპორტის გადასახადი - 505,72

საურავი - 1 309,05

3.08.2023 წლის №EL218886 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 4 444,98

 

აქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის კუთვნილ საბაჟო საწყობში (----------) განთავსებული, შპს ---------- (ს/ნ ----------) კუთვნილი 436 746,07 ლარის და 120 652,4 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (3 102,4 კგ და 1 408,5 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი) 10.11.2021 წლის №---------- და №---------- საბაჟო დეკლარაციებით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში. აღნიშნული საქონლის ნაწილი 22.12.2021 წელს შპს ---------- (ს/ნ ----------) მიერ გასხვისებული იქნა შპს ---------- (ს/ნ ----------), რომლის მიერ 22.12.2021 წელს საქონელი №---------- საბაჟო დეკლარაციით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში.

31.03.2022 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა №---------- წერილით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა ზემოაღნიშნულ საქონელზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.

5.04.2022 წელს განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება (დათვალიერების აქტი №----------, 5.04.2022), რის შედეგადაც გამოვლინა, რომ №---------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი სრულად იყო განკარგული.

გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, 3.08.2023 წელს შედგა საბაჟო დეპარტამენტის №EL218886 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს, შპს ---------- (ს/ნ ----------) ერთად სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის №EL218887 ოქმი) დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 4 444,98 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

ამასთან ერთად, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №EL11111/67 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 5 754,03 ლარი (მათ შორის დღგ – 3 939,26 ლარი, იმპორტის გადასახადი – 505,72 ლარი, ასევე საურავი 1 309,05 ლარი).

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.09.2023 წლის №24131 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.11.2023 წლის №21105/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24131 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 2.11.2023 წლის №21105/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 12.03.2024 წლის №5377 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „უ“ ქვეპუნქტებზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272–ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ასევე ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49- ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ ვის მიერ და სად განხორციელდა შემოწმება და საქონლის დათვალიერება, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ თავად ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება მოხდა 5.04.2022 წელს, ხოლო სამართალდარღვევის ოქმი კი შედგენილ იქნა ორი წლის შემდგომ 3.08.2023 წელს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 5.04.2022 წელს გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, დათვალიერების შედეგები ასახულია №---------- დათვალიერების აქტში. დათვალიერების შედეგადაც კი გამოვლინა, რომ №---------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი სრულად იყო განკარგული. ამავე აქტის შესაბამისად, საქონლის დათვალიერება განახორციელდა საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ საქონლის გაფორმების სამმართველოს მებაჟე-ოფიცრის მამუკა ქვრივიშვილის და ლოჯისტიკის სამმართველოს ოფიცრის შოთა თაფლაძის მიერ. 18.05.2023 წელს კი შედგა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობისთვის (----------) სანებართვო პირობების შესრულებისა და საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმების აქტი № ----------, რომლითაც დასტურდება, რომ ეს დოკუმენტი შედგენილია ერთის მხრივ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების და მეორეს მხრივ შპს „----------“- ის (ს/ნ ----------) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ---------- (პ/ნ ----------) მიერ, რომელიც ხელმოწერითვე ადასტურებს, რომ ჩაიბარა აღნიშნული აქტი.

სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ვადასთან დაკავშირებით საგულისხმოა საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილი, რომლითაც დადგენილია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი.

ამდენად, საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა არგუმენტები, არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის მიმართ არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა და ისეთი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №EL218886 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით და 3.08.2023 წლის №EL11111/67 საგადასახადო მოთხოვნაში მოყვანილ ფორმულირებებს. მომჩივანს არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის განკარგვა და ასევე არ არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველიც. გასაჩივრებულ აქტებში არ არის მითითებული საბაჟო საწყობის ნომერი და არ არის იდენტიფიცირებული.

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-2 მე-4 და მე-5 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეფუძნება ინდივიდუალიზაციის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქმედების ჩამდენ პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი და იმავე სამართალდარღვევის ჩადენა ორი ან მეტი პირის მიერ, რაც დარღვეულია გასაჩივრებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით და საგადასახადო მოთხოვნით. გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, დათვალიერების პროცესს კომპანიის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. საქონლის დასაწყობება, როგორც ეს საბაჟო დეკლარაციიდან დგინდება, მოხდა 22.12.2021 წელს, რა პერიოდშიც საბაჟო საწყობში შესული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და საბაჟო საწყობი იყო დალუქული. შესაბამისად, ეფექტურ კონტროლს საწყობის ოპერაციებზე ახორციელებდა სახელმწიფო ორგანოები. რაც მთავარია, სამართალდარღვევის ოქმში არ არის მითითებული არც საქონლის კონკრეტული სახეობა, რაოდენობა, რომლის განკარგვასაც საბაჟო ორგანომ კომპანიას ედავება.

გარდა ამისა, როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა მიიჩნევს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-710-696(კ-14) საქმეზე), „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს შესაბამისი დადასტურების აქტი და ამგვარი აქტი კომპანიას არ გადასცემია. კომპანიას არ მოუხდენია არც საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დარღვეულა, რაც საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ქმნის.

ანალოგიურ საქმეებზე არსებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე“.

აღსანიშნავია, რომ საქონლის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ კომპანიას არ მოუხდენია საქონლის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დაურღვევია. გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკით, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი.

გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის თანახმად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-845(კ-21) საქმეზე) როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დამატებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში.

საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს552(კ-20) საქმეზე) ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება“. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეული იქნა ყველა აღნიშნული კანონისმიერი პირობა.

სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-1163-1157(2კ-17) საქმეზე) „საქონლის განკარგვა უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე“, რაც განსახილველ შემთხვევაში არც არსებობს და არც საბაჟო ორგანოს მიერ გამოკვლეულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „----------“-ის მიმართ სამართალდარღვევის ოქმების და საგადასახდო მოთხოვნის წარდგენა არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმურ კანონისმიერ მიზანს, არამედ წარმოადგენს არარსებული სამართალდარღვევის ფაქტის გამო კომპანიის მიმართ სადამსჯელო ღონისძიების გამოყენების აშკარა ფაქტს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ისევე როგორც კომპანიის მიმართ გამოცემული სხვა ანალოგიური აქტების შემთხვევაში, განსახილველ შემთხვევაშიც, შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24131 ბრძანება სამართლებრივი დასაბუთების ნაცვლად შეიცავს მხოლოდ ნორმატიული აქტების ტექსტების გამეორებას, საქმის კონკრეტულ გარემოებებთან მათი მისადაგების და არგუმენტაციის გარეშე. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა სრულიად აცდენილია კონკრეტული შემთხვევის კონტექსტს. სრულიად გაუგებარია, თუ რა კავშირი აქვს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც სასამართლოში სამართალწარმოება ჯერ არ დასრულებულა, განსახილველ შემთხვევასთან.

ასევე სრულიად გაუგებარია მითითება 18.05.2023 წლის საქონლის დათვალიერების აქტებზე, რომლებიც გასაჩივრებულ აქტებში მითითებულ საქონელს საერთოდ არ უკავშირდება. სავარაუდოდ, აღნიშნული უკონტექსტო მსჯელობა მიზნად ისახავს იმ საკითხის განხილვისადმი გვერდის ავლას, რაც მითითებული იყო საჩივარში, კერძოდ იმ გარემოებას, რომ მომჩივნისთვის უცნობია და არ ჩაბარებია დათვალიერების აქტი, რომელსაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები სამართლებრივ საფუძვლად უთითებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

დადგენილია, რომ 5.04.2022 წელს განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება (დათვალიერების აქტი №----------), რის შედეგადაც გამოვლინა, რომ №---------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი სრულად იყო განკარგული, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №EL218886 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შპს ---------- (ს/ნ ----------) ერთად სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL218887), დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.

მხარეთა არგუმენტაციის და საქმის მასალების გათვალისწინებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გამოვლენილია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

5.04.2022 წელს განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინა, რომ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი სრულად იყო განკარგული, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №EL218886 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, კომპანიასთან ერთად სოლიდარულად, დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გამოვლენილია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172.