გადაწყვეტილება №19423/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19423/2/2023
04 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 13.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19423/2/2023).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №042-28 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5164 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 74 638 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 43 608
დღგ - 18 645
საშემოსავლო გადასახადი - 24 611
ქონების გადასახადი - 352
ჯარიმა - 20 902
საურავი - 10 128
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ნავთობპროდუქტებით, კერძოდ: დიზელის და ბენზინის საწვავით ვაჭრობა (საწარმოს თავისი ძირითადი საქმიანობა შეწყვეტილი აქვს 2021 წლის აგვისტოს თვიდან).
აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.04.2021 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში საქონლის მიწოდებას ახდენდა --------- რეგიონის სხვადასხვა რაიონში განთავსებული სამი ა.გ.ს.-ის საშუალებით, არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. საწვავის რეალიზაციას მეტწილად ახდენდა საცალოდ, სალარო აპარატების მეშვეობით, თუმცა ასევე გააჩნია დოკუმენტური გაყიდვებიც.
შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს მიმართ განხორციელებულია კონტროლის პროცედურები შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდზე, კერძოდ კონტროლის პროცედურები განხორციელდა 16.06.2021 წელს, რითაც დგინდება ჟურნალში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასსა და საკონტროლო შესყიდვის ფასებს შორის სხვაობა (საკონტროლო შესყიდვის დროს ფიქსირდება უფრო მაღალი სარეალიზაციო ფასი, ვიდრე იმავე დღეს საწვავის რეალიზაციის ჟურნალში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი). ამასთანავე, ვინაიდან საზოგადოებას არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა მიღებული შემოსავალი განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საცალოდ რეალიზებულ საწვავებზე გავრცელებულ იქნა საკონტროლო შესყიდვების შედეგად გამოვლენილი ფასნამატი. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის სხვაობა (არ ფიქსირდება აღნიშნული სხვაობიდან მიღებული თანხის ფაქტობრივი ნაშთი) საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და 154-ე მუხლის მიხედვით მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორზე (რომელიც ამავე დროს წარმოადგენს საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელ პირს) ხელფასის სახის განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №042-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5164 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და განმარტავს, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე, შესაბამისი პერიოდის საკონტროლო შესყიდვის შედეგების მიხედვით განსაზღვრული ფასნამატის გავრცელება და მიღებული შემოსავლების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის გარეშე, ერთპიროვნულად, მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის (№76665/1/2022) არ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით რასაც არ ეთანხმება და ხდის სადაოდ.
შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილი საჩივარი წარმოადგენს დოკუმენტებით და მტკიცებულებებით გამყარებულ მსჯელობას შესაბამისად შემოსავლების სამსახურის №5164 ბრძანება ექვემდებარება ანულირებას ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა განხილვის პროცესში არ ჩართო მომჩივანი და მისგან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ითხოვს გასაჩივრებული საკითხები დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა შესასწავლად.
გამომდინარე იქიდან, რომ ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს აღნიშნული საკითხები დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს ხელახლა და სიღრმისეულად შესასწავლად მათ შორის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შედეგად მოხდეს არასწორად დარიცხული ძირითადი გადასახადისა და სანქციების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ა“ ქვეპუნქტის, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შედეგებით გამოვლინდა ჟურნალში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასსა და საკონტროლო შესყიდვის ფასებს შორის სხვაობები (კერძოდ, საკონტროლო შესყიდვის დროს ფიქსირდება უფრო მაღალი სარეალიზაციო ფასი, ვიდრე იმავე დღეს საწვავის რეალიზაციის ჟურნალში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი). აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საზოგადოებას არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმებით შემოსავლის განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და საცალოდ რეალიზებულ საწვავებზე საკონტროლო შესყიდვების შედეგად გამოვლენილი ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია და შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ნავთობპროდუქტებით, კერძოდ: დიზელის და ბენზინის საწვავით ვაჭრობა.გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შედეგებით გამოვლინდა ჟურნალში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასსა და საკონტროლო შესყიდვის ფასებს შორის სხვაობები.შემოწმებით შემოსავლის განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);73(5);159(1);101(1;)154(1ა);269(7)