ბრძანება N 36712
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 36712
10/12/2020
სს -------------- ს
(მის.: ქ. ------- )
2020 წლის 30 ოქტომბრის და 05 ნოემბრის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 26 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა სს ----- ს №54441/1/2020 და №54574/1/2020 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 02 ოქტომბრის №081-272 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმებამ ხელოვნური განაყოფიერების კლინიკის მიერ ყველა აქტივის მიწოდება არ მიიჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,მ'' ქვეპუნქტის შესაბამისად ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფელბულ ოპერაციად. განმარტავს, რომ აქტივების გადაცემისთანავე კომპანიამ შეაჩერა საიჯარო ხელშეკრულება და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართა საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო კლინიკა იმავე თვეში იმავე პროფილით გაიხსნა სხვა სუბიექტის მიერ საკუთარ ფართში. მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ადასტურებს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდების რეალობას და კლინიკის ყველა მიწოდებული აქტივი სრულად აკმაყოფილებს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის სტატუსს. ამდენად, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის N081-272 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 04 ივნისის №14682 და 2020 წლის 11 სექტემბრის №27315 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა სს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ით დასაბეგრი/განთავისუფლებული ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით, ასევე მასთან შერწყმული სს ----- ს დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში შემოწმდა აღსადგენი დღგ-ის კანონმდებლობის შესაბამისად 2020 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 01 ოქტომბრის N29821 ბრძანება და 2020 წლის 02 ოქტომბრის №081-272 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 67322 ლარი, მათ შორის: გადასახადი 60501 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 6821 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
გადასახადის გადამხდელს 2020 წლის იანვრის თვეში წარდგენილი აქვს დღგ-ს ნულოვანი დეკლარაცია. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის "მ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთი ოპერაციის ფარგლებში კლინიკის ყველა ინვენტარი მიაწოდა თავის 100%-იან აქციონერს სს ----- ს. აღნიშნულ ოპერაციაზე 2020 წლის 09 იანვარს გამოწერილია სასაქონლო ზედნადები ----- ჯამური ღირებულებით 579761.11 ლარი. მიწოდებულ აქტივებში არის როგორც სამედიცინო დანიშნულების ინვენტარი, ასევე საოფისე ინვენტარი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საწარმო საქმიანობას ეწეოდა იჯარით აღებულ ფართში, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით ჰქონდა აღებული სს ----- სგან, ხოლო 2020 წლის 10 იანვარს საწარმომ შეწყვიტა საქმიანობა. შემოწმების მიმდინარეობისას, დამუშავდა როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისიტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე გადამხდელის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია და მასალები. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები, კერძოდ, პირველ რიგში 2020 წლის 09 იანვარს აქტივების მიწოდება არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,მ’’ ქვეპუნქტით გათავისფულებულ ოპერაციას, ვინაიდან მხოლოდ ის გარემოება, რომ აქტივების მიწოდება ხდება დღგ-ს გადამხდელ პირებს შორის, მიწოდება მოხდა ერთი ოპერაციის ფარგლებში და ადგილი აქვს მიმწოდებელი და მიმღები პირების მხრიდან მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წერილობით შეტყობინებას, არ შეიძლება ჩაითვალოს ცალსახად დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. საგადასახადო შეღავათის მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოებაზეც მოხდება თუ არა საწარმოს როგორც ბიზნესის მიწოდება. აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში კი ადგილი არ ჰქონია საწარმოს ყველა აქტივის ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ერთი ოპერაციის ფარგლებში მიწოდებას, გადამხდელმა მოახდინა აქტივების რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, რის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა 2020 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. შესაბამისად, შემოწმების მიერ მოხდა მიწოდებულ აქტივებში დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების გამიჯვნა. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დანიშნულების ინვენტარის მიწოდება წარმოადგენს დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისფულებულ ოპერაციას, ხოლო დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში, აქტივების მიწოდებით განსაზღვრული დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა დაბეგვრას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-101 ნაწილის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული სანქცია არ დაეკისრა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2844 კოდში აღნიშნული რადიოფარმპრეპარატების, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული, 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებში, 9018–9022 კოდებში (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებში მითითებული საქონლის, 8713 და 8714 20 000 00 კოდებში აღნიშნული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული), აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული, 9619 00 000 00 კოდში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანამხმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის, თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ. დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებულიძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-101 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მხარეების მიერ წერილობითი შეტყობინებისა და საგადასახადო ანგარიშგების განხორციელების შემდეგ, საგადასახადო შემოწმებით დადგინდება, რომ განხორციელებული ოპერაცია არ არის საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება, მყიდველი უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა ამ მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" და ,,ვ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე, ხოლო მიმწოდებელს ამ ოპერაციის მიხედვით ამ კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა სასაქონლო ზედნადების საფუძველზე თავის 100%-იან აქციონერს მიაწოდა კლინიკის სამედიცინო და საოფისე ინვენტარი. გადამხდელმა აღნიშნული ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,მ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით არ დაბეგრა დღგ-ით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო შეღავათის მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოებაზე მოხდება თუ არა საწარმოს ფუნქციონირებადი ბიზნესის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში. აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში კი ადგილი არ ჰქონია საწარმოს ყველა აქტივის ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ერთი ოპერაციის ფარგლებში მიწოდებას. გადამხდელმა მოახდინა აქტივების მიწოდება ურთიერთდამოკიდებულ პირზე, რის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ----- ს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმებამ ყველა აქტივის მიწოდება არ მიიჩნია სსკ-ს 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,მ'' ქვეპუნქტის შესაბამისად ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფელბულ ოპერაციად და ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადამხდელმა თავის 100%-იან აქციონერს მიაწოდა კლინიკის სამედიცინო და საოფისე ინვენტარი და არ დაბეგრა დღგ-ით. შემოწმების მიხედვით აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია საწარმოს ყველა აქტივის ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ერთი ოპერაციის ფარგლებში მიწოდებას, ვინადიან საგადასახადო შეღავათის მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოებაზე მოხდება თუ არა საწარმოს ფუნქციონირებადი ბიზნესის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში. ხოლო გადამხდელმა აქტივების ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდების შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა.
შემოწმების მიერ მოხდა მიწოდებულ აქტივებში დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების გამიჯვნა. კერძოდ, სამედიცინო დანიშნულების ინვენტარის მიწოდება წარმოადგენს დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისფულებულ ოპერაციას, ხოლო დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში, აქტივების მიწოდებით განსაზღვრული დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა დაბეგვრას. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“); 168(1,,ლ“); 168(4,,მ“); 174(101)