ბრძანება N 1465

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 30.01.2024
№ დოკუმენტი 1465
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1465

30 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ -ის “ (ს/ნ "------")

(მის.:"------")

2023 წლის 25 დეკემბრის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „------- -ის“ (ს/ნ "------") 2023 წლის 25 დეკემბრის №21707/2/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №005-181 და 2016 წლის 27 მაისის №005-194 საგადასახადო მოთხოვნებს და ითხოვს დავის დაწყებას/განახლებას ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით ითხოვს დავის განახლებას. განმარტავს, რომ ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა კატალიზატორებს, თუმცა მათი ნაწილის მიერ უარყოფილი იყო კომპანიაზე საქონლის მიწოდების ფაქტი. აღნიშნავს, რომ მათთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე მიმწოდებელ ფიზიკურ პირთან ჩატარდა საგადასახადო შემოწმება და ამ ფიზიკურ პირებს დაუდგინდათ შპს „------ - ზე“ საქონლის მიწოდების ფაქტი, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას. გადამხდელი ითხოვს, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, რადგან ეს უკვე მიღებული პრაქტიკაა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 21 ივნისის №28276 და 25 ივნისის №28691 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ "------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2007 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. წლიური მოგებისა და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმდა 2007, 2008, 2009, 2010, 2011 და 2012 წლების საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 4 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2014 წლის 9 დეკემბრის №50924 ბრძანება და ამავე თარიღის №005-181 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 020 880 ლარი, მათ შორის, გადასახადი 418 468 ლარი, ჯარიმა 197 157 ლარი და საურავი 405 255 ლარი.

 

 აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №005-181 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაზეც გამოიცა 2015 წლის 5 თებერვლის N2922 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------- -ის “ (ს.ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება საჩივარში მითითებული ფიზიკური პირების მიერ შპს „"------"-სთვის“ (ს.ნ "------") საქონლის (ამორტიზებული მაყუჩის ფილტრები) მიწოდების დასადასტურებლად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. ზემოაღნიშნულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება.

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 5 თებერვლის N2922 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ივლისის დასკვნა, რომლითაც არ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები და გამოიცა 2015 წლის 16 ივლისის N005-150 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. 2015 წლის 16 ივლისის N005-150 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა 2015 წლის 14 სექტემბერს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაზეც გამოიცა 2015 წლის 5 ნოემბრის N41522 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------- -ის “ (ს.ნ "-------") საჩივარი მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. შპს „--------- -ის “ (ს.ნ "-------") საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება.

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

 აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 27 მაისის N005-194 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 5 ნოემბრის N41522 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 მაისის დასკვნა, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გამოიცა 2016 წლის 27 მაისის N005-194 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 ივლისის N19826 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის 2017 წლის 30 ივნისს საჩივარი, 2016 წლის 27 მაისის N005- 194 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ამასთან, 2015 წლის 3 დეკემბერს შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „-------- -ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის ხელახალი საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანების გამოცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის (საქმე N ------) ბრძანებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 14 დეკემბრის N47817 ბრძანება შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ, კერძოდ, 2010-2012 წლებში დანართში მითითებული ფიზიკური პირებისაგან საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2015 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირების ნაწილის განცხადებით, მათ მიერ ნამდვილად განხორციელდა საქონლის/მომსახურების მიწოდება ბრძანება შპს „------- სთვის “, რაზეც დაინიშნა ფიზიკური პირების საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება და შედგა საგადასახადო შემოწმების აქტები. ხოლო, ნაწილის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ იქნა განცხადებები, რომელთა თანახმად, შპს „------ - ის“ მიერ წარდგენილ შესყიდვის დოკუმენტებში ასახული ოპერაციები მათ მიერ არ განხორციელებულა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი პერიოდების მიხედვით შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების ოდენობით დაკორექტირდა შპს „------ “ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. კერძოდ, განმეორებითი შემოწმებისას დამატებით დასარიცხი თანხა განისაზღვრა 195 231 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ მათთვის ახლა გახდა ცნობილი რამდენიმე მიმწოდებელ ფიზიკურ პირთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შესახებ, რომელთაც დაუდგინდათ შპს „------ - ზე “ საქონლის მიწოდების ფაქტი და რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის (საქმე N ------) ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „------- “ საქმიანობის ხელახალი საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე. აღნიშნულის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 14 დეკემბრის N47817 ბრძანებით დაინიშნა შპს „ --------“ საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება 2010-2012 წლებში დანართში მითითებული ფიზიკური პირებისაგან საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2015 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელშიც გათვალისწინებულია შპს „------- -ზე “ ფიზიკური პირების მიერ საქონლის მიწოდების/არ მიწოდების ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი პერიოდების მიხედვით შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების ოდენობით დაკორექტირდა შპს „------- - ის“ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი და გადასახადის გადამხდელს განმეორებითი შემოწმებისას დამატებით დაერიცხა სულ 195 231 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრები ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №005-181 და 2016 წლის 27 მაისის №005-194 საგადასახადო მოთხოვნების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №005-181 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2015 წლის 6 იანვარს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 5 თებერვლის N2922 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 27 მაისის №005-194 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") 2016 წლის 27 მაისის საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა 2017 წლის 26 ივლისის N19826 ბრძანება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „------- ის“ (ს/ნ "------") საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №005-181 და 2016 წლის 27 მაისის №005-194 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.შპს „------ - ის“ (ს/ნ "------") საჩივარი ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2.შპს „------ - ის“ (ს/ნ "------") საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №005-181 და 2016 წლის 27 მაისის №005-194 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით ითხოვს დავის განახლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 21 ივნისის №28276 და 25 ივნისის №28691 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანი საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2007 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. წლიური მოგებისა და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმდა 2007, 2008, 2009, 2010, 2011 და 2012 წლების საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 4 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2014 წლის 9 დეკემბრის №50924 ბრძანება და ამავე თარიღის №005-181 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 020 880 ლარი, მათ შორის, გადასახადი 418 468 ლარი, ჯარიმა 197 157 ლარი და საურავი 405 255 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივანის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №005-181 და 2016 წლის 27 მაისის №005-194 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302,308,299(7).