ბრძანება N 16510

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2025
№ დოკუმენტი 16510
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16510

23 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“-ის (ს/ნ ------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------;

იურ. მის.: -----------------------)

2025 წლის 8 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ ------------) 2025 წლის 8 ივლისის №96670/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №054-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და განმარტავს, რომ შემოწმებამ ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება. ამასთან, მიუთითებს, რომ მისთვის უცნობია რატომ იქნა გამოყენებული აუდირებული ფასნამატი და არ გავრცელდა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. მომჩივანის განმარტებით, არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან გავრცელდა გაცილებით დაბალი აუდირებული ფასნამატი, ვიდრე მასთან. ასევე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ ,,აგროსვა" და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №8151 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“-ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 9 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 ივნისის №12141 ბრძანება და ამავე თარიღის №054-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 366 672 ლარი, მათ შორის გადასახადი 206 148 ლარი, ჯარიმა 103 064 ლარი და საურავი 57 460 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: . გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საქონლის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი) იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 600 215 ლარს (დღგ-ის გარეშე). საწარმოს 2023 წლის ივლისიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული აქვს საქონლის იმპორტი, ამავე პერიოდში აქვს დეკლარირებული შემოსავალი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს წარმოდგენილი აქვს რამდენიმე ნულოვანი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის მარტის თვის მოგების გადასახდის დეკლარაცია, სადაც ფიქსირდება წინა წლის (2023 წლის) ბოლოსთვის სასაქონლომატერილაური ფასეულობების ნაშთის ღირებულება, ასევე შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ აქვს შევსებული ობიექტის ბარათის შესახებ ინფორმაცია რითაც დასტურდება ობიექტის (საწყობის, მაღაზიის) ფლობის ფორმა (საკუთრება, იჯარა), აღნიშნულიდან გამოდმონარე შემოწმების შედეგად შეძენილი საქონელი სრულად ჩაითვალა 2023 წელს რეალიზებულად. შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ უფიქსირდება სარეალიზაციო საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოწმების შედეგად, შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფება/კატეგორიებად (6 ჯგუფი), თითოეული ჯუფის/კატეგორიის საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატი აღნიშნულის შედეგად დადგინდა რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი რაც შედაგენს 1 092 420 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა, 492 205 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად, დადგინდა საწარმოს ფულადი სახსრების ნაშთი 470 208 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 73-ე მუხლებისა და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, ფულის ნაშთი, 470 208 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახაო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 17 ივლისს 11:20 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტებთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან, საწარმოს დოკუმენტური რეალიზაციის გაუთვალისწინებლობასთან და ფასნამატის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც რეალიზებული საქონლის თვითღირებულება გაანგარიშებულ იქნა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებიდან და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. დოკუმენტურ რეალიზაციასთან დაკავშირებით კი აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, ასევე შემოწმების მხრიდან მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც არ იქნა მიწოდებული. რაც შეეხება ფასნამატს, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატი.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა და შემოწმებისათვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.შპს „--------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთასი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8151 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №12141 ბრძანება და №054-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 366 672 ლარი, მათ შორის გადასახადი 206 148 ლარი, ჯარიმა 103 064 ლარი და საურავი 57 460 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდბა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 600 215 ლარს (დღგ-ის გარეშე). საწარმოს 2023 წლის ივლისიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული აქვს საქონლის იმპორტი, ამავე პერიოდში აქვს დეკლარირებული შემოსავალი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს წარმოდგენილი აქვს რამდენიმე ნულოვანი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის მარტის თვის მოგების გადასახდის დეკლარაცია, სადაც ფიქსირდება წინა წლის (2023 წლის) ბოლოსთვის სასაქონლომატერილაური ფასეულობების ნაშთის ღირებულება, ასევე შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ აქვს შევსებული ობიექტის ბარათის შესახებ ინფორმაცია რითაც დასტურდება ობიექტის ფლობის ფორმა , აღნიშნულიდან გამოდმონარე შემოწმების შედეგად შეძენილი საქონელი სრულად ჩაითვალა 2023 წელს რეალიზებულად. შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ უფიქსირდება სარეალიზაციო საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოწმების შედეგად, შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფება/კატეგორიებად (6 ჯგუფი), თითოეული ჯუფის/კატეგორიის საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატი აღნიშნულის შედეგად დადგინდა რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი . შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად, დადგინდა საწარმოს ფულადი სახსრების ნაშთი . შემოწმებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 73-ე მუხლებისა და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, ფულის ნაშთი(საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახაო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2„ა“ და „ბ“); 159(1 „ა“ ); 163(1 და მე-2); 164(1);