ბრძანება N 12370

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2023
№ დოკუმენტი 12370
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12370

05 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 29 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 29 იანვრის №78673/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №002-246 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ დებიტორზე თანხის გადახდევინების მოთხოვნის შედეგად საწარმომ პასუხად მიიღო რუსეთის ფედერაციაში არსებული მდგომარეობა და სიტუაცია (საომარი მდგომარეობა) ასევე შეზღუდვები, ქვეყნიდან თანხის გადინებასთან დაკავშირებით, რადგან აიკრძალა ფედერაციაში უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები. შემოწმების პროცესში წარადგინა მის ხელთ არსებული ყველა საჭირო პირველადი დოკუმენტაცია, როგორიცაა შესყიდვის აქტები (ვინაიდან ექსპორტირებული საქონელი აქვს შესყიდული ადგილობრივ სოფლებში, დაბებში), შესყიდვის აქტის სისწორის და უტყუარობისათვის მან ასევე წარადგინა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გამყიდველის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული მიწების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ მიწის ფართობი იძლეოდა შესაძლებლობას ფართობზე მოეყვანა შესყიდული საქონელი. ასევე საწარმომ შემოწმების პერიოდში წარადგინა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ საწარმოებთან შედარების აქტები, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. მომჩივანი ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის თარიღით გაფორმებული განმეორებითი შედარების აქტების გათვალისწინებას, რადგან დებიტორული დავალიანება საწარმოს რეალურად არ მიუღია და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე იმყოფება ძალიან დიდი ფინანსური კრიზისის და პრობლემის წინაშე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 იანვრის №1098 და 25 თებერვლის №4859 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 12 ივლისისდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 8 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32514 ბრძანება და 23 დეკემბრის №002-246 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 391 707 ლარი, მათ შორის, გადასახადი 230 665 ლარი, ჯარიმა 116 939 ლარი, საურავი 44 103 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ხილ-ბოსტნეულის შეძენა და ექსპორტზე რეალიზაცია, კომპანია ექსპორტს ახორციელებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ იურიდიულ პირებთან. აღნიშნული დებიტორული მოთხოვნა შეადგენს 980 145 ლარს. გადამხდელმა წარადგინა ურთიერთშედარების აქტი დებიტორული მოთხოვნის ნამდვილობის დადასტურების მიზნით. თუმცა, შპს „----------“ დებიტორული მოთხოვნის მიღების მიზნით არ დაუწყია სამართლებრივი დავა, ან/და რაიმე სახის სამართლებრივი პროცედურები თანხის მიღების მიზნით. შემოწმებით გაანალიზდა ფულის მოძრაობა, რომლის დროსაც გათვალისწინებულია მიღებული შემოსავლები და შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასი შეადგენს სულ 14 734 ლარს.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა როგორც ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ იურიდიულ პირებთან. გადამხდელის მიერ წარდგენილია ურთიერთშედარების აქტი დებიტორული მოთხოვნის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, თუმცა, დებიტორული მოთხოვნის მიღების მიზნით მას არ დაუწყია სამართლებრივი დავა, ან/და რაიმე სახის სამართლებრივი პროცედურები თანხის მიღების მიზნით. შემოწმებით, ფულის მოძრაობის ანალიზისას მიღებული შემოსავლების და შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების, გაცემული ხელფასების გათვალისწინებით აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის X

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ხილ-ბოსტნეულის შეძენა და ექსპორტზე რეალიზაცია, კომპანია ექსპორტს ახორციელებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ იურიდიულ პირებთან. გადამხდელმა წარადგინა ურთიერთშედარების აქტი დებიტორული მოთხოვნის ნამდვილობის დადასტურების მიზნით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა როგორც ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9-ბ); 97; 982(1-ბ); 275