გადაწყვეტილება № 25939/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 25939/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთან სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 1.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25939/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.07.2025 წლის №028-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20390 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 8 255,3 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 5 222,71
ჯარიმა - 2611,40
საურავი - 421,19
ფაქტების აღწერა
საზოგადოების საქმიანობაა ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.04.2010 წელს. 19.07.2010 წელს რეგისტრირებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.12.2024 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმების შედეგები აისახა 28.07.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშდა 2024 წლის დეკემბრის საანგარიშო თვეში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ჩასათვლელი თანხების ოდენობები. გამოვლინდა მცირე სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამორჩენილი იყო №------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ნაწილში სამართალდარღვევა არ გამოიკვეთა.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 136-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე 30.07.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №17044 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №028-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20390 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წლის პირველი იანვრიდან მიმდინარეობდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სისტემური განახლება და თითქმის შეზღუდული იყო 15 იანვრის ჩათვლით. დეკლარაციის წარდგენა განხორციელდა სასწრაფო წესით 15 იანვარს, როგორც კი ელექტრონულ გვერდზე შესაძლებელი გახდა შესვლა. ამიტომ სიჩქარეში შეცდომით მოხდა დეკლარაციაში თანხის შეტანა, გათვალისწინებული იყო დასაბეგრი რეალიზაცია სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, შეცდომით გაუმიზნავად გამორჩენილი იქნა ანგარიშ-ფაქტურა ----- თანხით, 34 232 ლარი. აღნიშნული თანხა აუცილებლად იქნებოდა აღმოჩენილი მათ მიერ 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე წარსადგენი 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების შევსების დროს, რომლის დროსაც ყოველთვის ხორციელდება მთელი წლის მონაცემების თავიდან გადამოწმება და აუცილებლად იქნებოდა დაზუსტებული დეკემბრის დეკლარაცია და დღგ-ის თანხაც ბიუჯეტში გადახდილი, ვინაიდან ყოველთვის ხდებოდა კეთილსინდისიერი აღრიცხვა და ბიუჯეტის მიმართ თანხის გადახდის უზრუნველყოფა. მომჩივანი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
საზოგადოების საქმიანობაა ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია. შემოწმების შედეგად, გაანგარიშდა 2024 წლის დეკემბრის საანგარიშო თვეში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ჩასათვლელი თანხების ოდენობები. გამოვლინდა მცირე სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამორჩენილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ნაწილში სამართალდარღვევა არ გამოიკვეთა. ყოველივე ზემოაღნიშნულისა პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20390 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 275(2);269(7)