ბრძანება N 2411
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2411
12 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 25 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა ფ/პ --------(პ/ნ ---------) №93919/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №064-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების, არარეზიდენტი იურიდიული პირისგან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ იგი არცერთ ამერიკულ კომპანიასთან არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში და არ მიუღია არავითარი თანხა ხელფასის ან სხვა სახით, მას მხოლოდ გზავნილების სახით აქვს თანხა მიღებული, ახლობელი ფიზიკური პირებისგან. ამასთან, იგი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ისე დადგინდა შრომით ურთიერთობა, რომ არ არის დადგენილი დამსაქმებელი კომპანია, ასევე, არ არსებობს ----- და რომელიმე კომპანიას შორის შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №9751 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------- (პ/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 26 დეკემბრის №27356 ბრძანება და ამავე თარიღის №064-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 151 249 ლარი, მათ შორის გადასახადი 86 234 ლარი, ჯარიმა 43 117 ლარი და საურავი 21 898 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ფ/პ -------- (პ/ნ ------) შესამოწმებელ პერიოდში, 2021-2023 წლებში, საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან მიღებული გზავნილები და პირადი ჩარიცხვები არარეზიდენტი ფიზიკური პირებისგან 153 934 დოლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს და აღნიშნული გზავნილები არის მეგობრების მიერ მისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის გაწეული დახმარება. გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა გზავნილის დანიშნულების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია დამოწმებული ნოტარიულად მეორე მხარის მიერ, რაც არ იქნა წარმოდგენილი და გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურისთვის ინფორმაციის წარუდგენლობის გამო სამჯერ დაჯარიმდა.
ამასთან, მესამე პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ფ/პ -------- (პ/ნ --------), რომელიც იმყოფება -------, ------ ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ კომპანიასთან აქვს შრომითი ურთიერთობა, ხოლო ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისას შრომით ვალდებულება სრულდება საქართველოში ყოფნის დროს, ასეთი სამუშაოს შესრულებით მიღებული ანაზღაურება ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, რომელიც ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილი ნორმები. ამჟამად, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება“ საქართველოს სახელმწიფოს ------- გაფორმებული არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადასახადის გადამხდელისა და მესამე პირის მიერ წარდგენილი მონაცემების, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, დაკვალიფიცირდა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დადგინდა 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდების მიხედვით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-81 მუხლის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, ფ/პ -------- (პ/ნ ----------) არცერთ ამერიკულ კომპანიასთან არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში და არ მიუღია არავითარი თანხა ხელფასის ან სხვა სახით რაიმე კომპანიისგან. მას მხოლოდ გზავნილების სახით აქვს თანხა მიღებული, ახლობელი ფიზიკური პირებისგან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დამოწმებული სათანადო წესით. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ -------(პ/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დამოწმებული სათანადო წესით;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების, არარეზიდენტი იურიდიული პირისგან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
ფ/პ-ს შესამოწმებელ პერიოდში, 2021-2023 წლებში, საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან მიღებული გზავნილები და პირადი ჩარიცხვები არარეზიდენტი ფიზიკური პირებისგან. გადასახადის გადამხდელის განმარტებით ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს და აღნიშნული გზავნილები არის მეგობრების მიერ მისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის გაწეული დახმარება. გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა გზავნილის დანიშნულების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია დამოწმებული ნოტარიულად მეორე მხარის მიერ, რაც არ იქნა წარმოდგენილი და გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურისთვის ინფორმაციის წარუდგენლობის გამო სამჯერ დაჯარიმდა. ამასთან, მესამე პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ფ/პ რომელიც იმყოფება საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ კომპანიასთან აქვს შრომითი ურთიერთობა, ხოლო ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან. შემოწმების მიერ, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, დაკვალიფიცირდა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დადგინდა 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდების მიხედვით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დამოწმებული სათანადო წესით. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);12(1);79(ა);81(1);101(1);104(1ა);153(1)