გადაწყვეტილება №20980/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.01.2024
№ დოკუმენტი 20980/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20980/2/2023

31 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 4.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20980/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6091 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2023 წლის №081-97 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23034 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 202 252,02 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 118 977

დღგ - 9 412

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 129

საშემოსავლო გადასახადი - 108 211

ქონების გადასახადი - 1 225

ჯარიმა - 54 450

საურავი - 28 825,02

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №081-249 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6091 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ბინების რეალიზაციის დაბეგვრის საფუძველზე დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმისგან. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (მათ შორის, ბინის მყიდველებთან გაფორმებული შედარების აქტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6091 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის დასკვნის მიხედვით, ბრძანების შესაბამისად, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული ჯარიმა 7 821 ლარის ოდენობით. მომჩივნის მიერ გადაანგარიშებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოწმების პროცესში არსებული/მოძიებული პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად არ დასტურდება მყიდველების მიერ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში დავალიანების დაფარვის ფაქტები (როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით). ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, მყიდველის მხრიდან ბინის საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის ქონების ღირებულებები დაფარულია სრულად. ასევე, კომპანიას არ წარმოუდგენია არანაირი გადახდის ქვითარი იმის დასტურად, რომ ბინის ღირებულება მყიდველმა დაფარა ქონების გადაფორმების მერე - შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში. შედეგად, სადავო საკითხთან მიმართებაში აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება გადაანგარიშებას.

აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 14.06.2023 წლის

№081-97 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23034 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შპს ----------- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოწმების პროცესში არსებული/მოძიებული პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6091 ბრძანების შესაბამისად, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული ჯარიმა 7 821 ლარის ოდენობით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ჩანაწერებში იყო უზუსტობა, რომ თითქოსდა ბინის საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის მყიდველის მხრიდან ქონების ღირებულებები დაფარული იყო სრულად, წარმოდგენილი იქნა დავალიანებასთან დაკავშირებით ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები იმ მყიდველებთან, რომლებსაც ერიცხებოდათ დავალიანება. გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს უნდა შეესწავლა საჩივრის დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია (მათ შორის ბინების მყიდველებთან გაფორმებული შედარების აქტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით არ ყოფილა მითითებული გადამხდელის მიერ რამე დამატებით მტკიცებულებების წარდგენაზე (მათ შორის შემოწმების შემდგომ რაიმე პერიოდში თანხის გადახდის მტკიცებულებების მოთხოვნასთან დაკავშირებით) საუბარი და გამომდინარე არც გადამხდელის მიერ არ მომხდარა რაიმე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა შემმოწმებელზე (მსგავსი რამ არც შემმოწმებელს მოუთხოვია). ის ფაქტი, რომ საგადასახადო შემოწმების ბოლოსათვის ნოტარიულად ხელმოწერილი შედარების აქტის შედგენის შემდგომ გარკვეულ პერიოდში ბინის მყიდველის მიერ არ მომხდარა თანხის გადახდა, ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ თანხა გადახდილია შედარების აქტის შედგენამდე. წინამდებარე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით დაზუსტებას ექვემდებარება დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხა და გამომდინარე დარიცხული ძირითადი გადასახადის თანხა და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275–ე მუხლით.

გათვალისწინებული უნდა იქნას ბინების რეალიზაციიდან წარმოქმნილი დავალიანებების, მათი გადახდისა და ნაშთის შესახებ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მყიდველებთან შედარების აქტები და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულება, კერძოდ ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა გარემოება გამოიკვლიოს და გადაწყვეტილება მიიღოთ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, რომ ბათილად ცნოს მოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და დაკმაყოფილდეს მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტთან დაკავშირებით შემმოწმებელი მიუთითებს, რომ გადაანგარიშებისას წარდგენილი დოკუმენტაციის და შემოწმების პროცესში არსებული/მოძიებული პირველადი დოკუმენტების ანალიზის შედეგად არ დასტურდება მყიდველის მიერ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში დავალიანების დაფარვის ფაქტები (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით).

ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მყიდველის მხრიდან ბინის საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის ქონების ღირებულებები დაფარულია სრულად. შემმოწმებელი ასევე მიუთითებს, რომ საზოგადოებას არ წარუდგენია არანაირი გადახდის ქვითარი იმის დასტურად, რომ ბინის ღირებულება მყიდველმა დაფარა ქონების გადაფორმების მერე - შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ. შედეგად მე-2 სადავო საკითხთან მიმართებაში აქტით დარიცხული თანხები შემმოწმებლის მოსაზრებით არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაანგარიშებაზე უარი უსაფუძვლოა და აქედან გამომდინარე საჩივრდება საგადასახადო მოთხოვნა.

ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია ისეთი ნორმატიული მასალა, რომელიც ქმნის მომჩივნის პოზიციის სისწორის განცდას, შესაბამისად გაზიარებული უნდა იქნას მომჩივნის პოზიცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებისა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6091 ბრძანებით, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ბინების რეალიზაციის დაბეგვრის საფუძველზე დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმისგან. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (მათ შორის, ბინის მყიდველებთან გაფორმებული შედარების აქტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული ჯარიმა 7 821 ლარის ოდენობით. მომჩივნის მიერ გადაანგარიშებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოწმების პროცესში არსებული/მოძიებული პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად არ დასტურდება მყიდველების მიერ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში დავალიანების დაფარვის ფაქტები (როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით). ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, მყიდველის მხრიდან ბინის საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის ქონების ღირებულებები დაფარულია სრულად. ასევე, კომპანიას არ წარმოუდგენია არანაირი გადახდის ქვითარი იმის დასტურად, რომ ბინის ღირებულება მყიდველმა დაფარა ქონების გადაფორმების მერე - შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში. შედეგად, სადავო საკითხთან მიმართებაში აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება გადაანგარიშებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით არ დადასტურდა მყიდველების მიერ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ დავალიანების დაფარვა, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, ბინის საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის მყიდველის მხრიდან ქონების ღირებულებები დაფარულია სრულად. ასევე, მომჩივანს არ წარუდგენია გადახდის ქვითარი რაც დაადასტურებდა, რომ ბინის ღირებულება მყიდველმა დაფარა ქონების გადაფორმების მერე - შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6091 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6091 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული ჯარიმა 7 821 ლარის ოდენობით. მომჩივნის მიერ გადაანგარიშებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოწმების პროცესში არსებული/მოძიებული პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად არ დასტურდება მყიდველების მიერ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში დავალიანების დაფარვის ფაქტები (როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით). ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, მყიდველის მხრიდან ბინის საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის ქონების ღირებულებები დაფარულია სრულად. ასევე, კომპანიას არ წარმოუდგენია არანაირი გადახდის ქვითარი იმის დასტურად, რომ ბინის ღირებულება მყიდველმა დაფარა ქონების გადაფორმების მერე - შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში. შედეგად, სადავო საკითხთან მიმართებაში აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება გადაანგარიშებას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;161(1,8);159(1);163(6);73(9);101(1);154(1);