ბრძანება N 4256
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4256
06.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ---------- )
2022 წლის 1 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 1 ნოემბრის №75898/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №007-254 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულებისთვის გადასახდელი თანხის მხოლოდ 75%-ის ანაზღაურებულად ჩათვლას და აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშებული ფულადი ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას. მომჩივნის განმარტებით, ბიტუმის იმპორტი ხორციელდება "----------" რესპუბლიკიდან. საბანკო ოპერაციები მომწოდებელ კომპანიებთან ვერ ხორციელდება და ანგარიშსწორება ხდება ნაღდი ფულით. ვინაიდან ინვოისში აღნიშნულია, რომ საქონლის ღირებულება გადახდილია, თანხის გადახდასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია არ იქნა გამოთხოვილი და შესაბამისად, ვერ მიეწოდა აუდიტის დეპარტამენტს. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში მომწოდებელი კომპანიებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია თანხების გადახდისა და დავალიანების თაობაზე, ხოლო დოკუმენტაციის მომზადებას და ოფიციალური ორგანოების მიერ დამოწმებას დასჭირდა გარკვეული დრო, რის გამოც ვერ იქნა წარდგენილი შემოწმების დასრულებამდე. მომჩივანი საჩივარს თან ურთავს მომწოდებლებისთვის საქონლის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9770 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 15 თებერვლიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 5 ოქტომბრის №25398 ბრძანება და ამავე თარიღის №007-254 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 193 094 ლარი, მათ შორის, გადასახადი 122 360 ლარი, ჯარიმა 61 280 ლარი და საურავი 9 454 ლარის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ნავთობპროდუქტებით, კერძოდ, ბიტუმით ვაჭრობა. გადამხდელი ახორციელებს ბიტუმის იმპორტირებას "----------"-დან და მის რეალიზაციას საქართველოში საბითუმო წესით. შემოწმების მიერ მოპოვებულ იქნა აღნიშნული ბიტუმის შეძენისა და იმპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შეძენილი საქონლის ინვოისები, იმპორტის საბაჟო დეკლარაციები). ასევე დადგინდა, რომ საწარმო ბიტუმის რეალიზებას ახდენს საქონლის იმპორტირებისას საბაჟო ორგანოში დაფიქსირებული სატარიფო ღირებულებით. გადამხდელს დაევალა, იმპორტირებული ბიტუმის დამოწმებული სასაქონლო ინვოისებისა და მისი ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც საწარმომ ვერ უზრუნველყო.
საგადასახადო შემოწმებამ იმპორტირებული ბიტუმის ღირებულების დასადგენად იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი №8). გადასახადის გადამხდელს არ აქვს საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.), თუმცა აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. შემოწმებისთვის წარდგენილია მხოლოდ საბაჟო დეკლარაცია და ინვოისი.
იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ასევე, წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტება შესაბამისი დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა საწარმოს ფულადი ნაკადების მოძრაობა, რომლის შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რჩება ფულადი ნაშთი, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელი ახორციელებს ბიტუმის იმპორტირებას "----------"-დან და მის რეალიზაციას საქართველოში საბითუმო წესით. შემოწმების მიერ მოპოვებულ იქნა აღნიშნული ბიტუმის შეძენისა და იმპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, მოთხოვნილ იქნა იმპორტირებული ბიტუმის დამოწმებული სასაქონლო ინვოისებისა და მისი ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც გადამხდელმა ვერ უზრუნველყო. საგადასახადო შემოწმებამ იმპორტირებული ბიტუმის ღირებულების დასადგენად იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი №8) და იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილია ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, ასევე, გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტება შესაბამისი დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. ხოლო აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფულადი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში სადავო საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მომწოდებელ კომპანიებთან ანგარიშსწორება ხდება ნაღდი ფულით, ხოლო ვინაიდან ინვოისში აღნიშნულია, რომ საქონლის ღირებულება გადახდილია, თანხის გადახდასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვის საჭიროება არ დამდგარა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში მომწოდებელი კომპანიებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია თანხების გადახდისა და დავალიანების თაობაზე, თუმცა ვინაიდან დოკუმენტაციის მომზადებას და ოფიციალური ორგანოების მიერ დამოწმებას დასჭირდა გარკვეული დრო, აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა ვერ მოხერხდა შემოწმების დასრულებამდე. საჩივართან ერთად წარმოდგენილია მომწოდებლებისთვის საქონლის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებულ დოკუმენტაცია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითება.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.