გადაწყვეტილება №25468/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.09.2025
№ დოკუმენტი 25468/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25468/2/2025

09 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------15.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25468/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 თებერვლის №2411 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2025 წლის №064-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15186 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 157 370.41 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 86 234

ჯარიმა - 43 117

საურავი - 28 019.41

 

ფაქტების აღწერა

საქართველოს ტერიტორიიდან არარეზიდენტი პირისთვის დაქირავებით მუშაობით/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2024 წლის №9751 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 2.04.2024 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2024 წლის №1627 საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი:

მომჩივანს, შესამოწმებელ პერიოდში (2021-2023 წლებში) საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან მიღებული გზავნილები, ამასთან პირადი ჩარიცხვები არარეზიდენტი ფიზიკური პირებისგან ჯამში 153 934 დოლარი ოდენობით. გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა გზავნილის დანიშნულების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია დამოწმებული ნოტარიულად მეორე მხარის მიერ. მომჩივანს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

მესამე პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანი, რომელიც იმყოფება საქართველოში, ------ ტერიტორიაზე არსებულ ----- კომპანიასთან აქვს შრომითი ურთიერთობა, რომელიც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალს არ ბეგრავს გადახდის წყაროსთან.

აღნიშნულის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება“ საქართველოს ------ გაფორმებული არ აქვს, ვინაიდან შრომითი ვალდებულება სრულდება საქართველოში ყოფნის დროს, ასეთი სამუშაოს შესრულებით მიღებული ანაზღაურება ჩაითვალა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №27356 ბრძანება და ამავე თარიღის №064-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2411 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დამოწმებული სათანადო წესით;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2411 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც საჩივარი 20.03.2025 წლის №24877/2/2025 წლის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2411 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე, რითაც დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე შედგა 2025 წლის 23 მაისის №064-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15186 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შემოწმებას არ წარუდგინა შესაბამის არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ იგი არცერთ -------- კომპანიასთან არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში და არ მიუღია არავითარი თანხა ხელფასის ან სხვა სახით, მას მხოლოდ გზავნილების სახით აქვს თანხა მიღებული, ახლობელი ფიზიკური პირებისგან. შემოწმებით ისე დადგინდა შრომითი ურთიერთობა, რომ არ დადგენილა დამსაქმებელი კომპანია, სამუშაოს დაწყების და დასრულების პერიოდი.

უკანონოა საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ გამოითხოვოს ინფორმაცია კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ მის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის წერილობითი განმარტება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2411 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დამოწმებული სათანადო წესით;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2411 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის №153/3 დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, სადაც აღნიშნულია რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული არანაირი მტკიცებულება, შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

მომჩივანს უკანონოდ მიაჩნია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა, გამოითხოვოს კონკრეტული ფიზიკური პირებისგან წერილობითი განმარტება, მათ მიერ მის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის თაობაზე.

სადაო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2411 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 თებერვლის №2411 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ტერიტორიიდან არარეზიდენტი პირისთვის დაქირავებით მუშაობით/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. მომჩივანს, შესამოწმებელ პერიოდში (2021-2023 წლებში) საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან მიღებული გზავნილები, ამასთან პირადი ჩარიცხვები არარეზიდენტი ფიზიკური პირებისგან. მესამე პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანი, რომელიც იმყოფება საქართველოში, უცხოეთის ტერიტორიაზე არსებულ უცხოურ კომპანიასთან აქვს შრომითი ურთიერთობა, რომელიც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალს არ ბეგრავს გადახდის წყაროსთან. ვინაიდან შრომითი ვალდებულება სრულდება საქართველოში ყოფნის დროს, ასეთი სამუშაოს შესრულებით მიღებული ანაზღაურება ჩაითვალა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად. აღნიშნული დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2411 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 302;304