გადაწყვეტილება №22498/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22498/2/2024
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 6.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22498/2/2024).
დავის საგანი:
1. ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დარიცხული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №045-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3319 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 22 698 ლარი
მათ შორის:
გადასახადი - 12 016
დღგ - 1669
მოგების გადასახადი - 5555
ბუნებრ. რესურს. სარგ. მოსაკრებელი - 4792
ჯარიმა - 7283
საურავი - 3399
პროცედურული გარემოებები:
კომპანიის საქმიანობაა ქვიშა-ხრეშის მოპოვება, გადამუშავება და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 სექტემბრის №23303 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა, საწარმოს 1.01.2020 წლიდან 21.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №31855 ბრძანება და ამავე პერიოდის №045-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3319 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ნაწილში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეესწავლა სადაო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3319 ბრძანება, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებლის დარიცხვის, საურავის და ჯარიმის ნაწილში გასაჩივრდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადაო საკითხები:
1. ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ფლობდა ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამ მოქმედ ლიცენზიას: ლიცენზია N----------, რომლის მოქმედების ვადაა 2017 წლის 30 მარტიდან 2022 წლის 31 მარტამდე, ლიცენზია N--------- - მოქმედების ვადაა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 2024 წლის 10 ოქტომბრამდე და ლიცენზია N---------, რომლის მოქმედების ვადაა 2019 წლის 26 აგვისტოდან 2024 წლის 27 აგვისტომდე. სამივე ლიცენზიის ფარგლებში ქვიშა-ხრეშის მოპოვებას ახორციელებს ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამასთან, კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა ორისში. შემოწმების პროცესში წარადგინა პირველადი დოკუმენტაცია, ბუღალტრული პროგრამის ასლი და სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია.
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების, ბუღალტრული აღრიცხვისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშება რიგ შემთხვევებში არ ჰქონდა დეკლარირებული ლიცენზიის ფარგლებში გაცემული გეგმიური მოპოვების შესაბამისად. რის შედეგადაც, დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 3306 ლარის ოდენობით.
შემოწმების საფუძველზე გამოიცა 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №31855 ბრძანება და ამავე პერიოდის №045-18 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე მუხლებზე, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილებით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პერიოდში აქტიურად იყვნენ დირექტორი და ბუღალტერი შემოწმების პროცესში ჩართულნი და თანამშრომლობდნენ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთან. ამასთან, დეტალურად გაეცვნენ შემოწმების აქტს და არ ეთანხმებიან ბუნებრივ რესურსების მოსაკრებელზე დარიცხულ თანხას, ჯარიმას და საურავს. ასევე, მიუთითითებს, რომ აღნიშნული ქმედება ჩადენილია 2022 წლამდე მოქმედი ბუღალტრის შეცდომით, არასწორი ბუღალტრული მონაცემების წარმოების გამო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებულ ბუნებრივ რესურსებზე, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებით, გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს, არ წარადგინოს გაანგარიშება, თუ მის მიერ გაანგარიშება წარდგენილია და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იცვლება ლიცენზიით განსაზღვრული მოსაკრებლის ობიექტის ოდენობა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.
აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2024 წლის №--------- წერილიდან ირკვევა, რომ შემოწმების პერიოდში, გადასახადის გადამხდელი ფლობდა სამ ლიცენზიას N-----------, რომლის მოქმედების ვადაა 2017 წლის 30 მარტიდან 2022 წლის 31 მარტამდე, ლიცენზია N10001020 - მოქმედების ვადაა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 2024 წლის 10 ოქტომბრამდე და ლიცენზია N----------, რომლის მოქმედების ვადაა 2019 წლის 26 აგვისტოდან 2024 წლის 27 აგვისტომდე. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების, ბუღალტრული აღრიცხვისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშება რიგ შემთხვევებში არ აქვს დეკლარირებული ლიცენზიის ფარგლებში გაცემული გეგმიური მოპოვების შესაბამისად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3319 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შესწავლა სადაო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა ვალდებულების კორექტირება, მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3319 ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დარიცხული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტების აღწერა
შემოწმების საფუძველზე გამოიცა 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №31855 ბრძანება და ამავე პერიოდის №045-18 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველ დავის საგანში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის 21 და 22 ნაწილების თანახმად:
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, მომჩივანი შემოწმების პროცესში ფლობდა სამ მოქმედ ლიცენზიას და დადგინდა, რომ რიგ შემთხვევაში არ ჰქონდა დეკლარირებული ლიცენზიის ფარგლებში გაცემული მოპოვების შესაბამისად.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დარიცხული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი შემოწმების პროცესში ფლობდა სამ მოქმედ ლიცენზიას და დადგინდა, რომ რიგ შემთხვევაში არ ჰქონდა დეკლარირებული ლიცენზიის ფარგლებში გაცემული მოპოვების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 275(2,21;22);