ბრძანება N 21750

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.10.2025
№ დოკუმენტი 21750
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21750

10 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 25 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 25 სექტემბრის №98136/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 სექტემბრის №006-349 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ მოსაკრებლის გადაუხდელობა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით, რადგან „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად შემოსავლების სამსახურის პორტალზე არ განხორციელებულა მოსაკრებლის ოდენობის ცვლილება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი იხდიდა მოსაკრებლის იმ ოდენობას, რომელიც პორტალზე იყო მითითებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აგვისტოს №17917 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 4 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 სექტემბრის №19701 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-349 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 23 999 ლარი, მათ შორის, გადასახადი 14 000 ლარი, ჯარიმა 7 000 ლარი და საურავი 2 999 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

პირი, გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 16 ნოემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2007 წლის 11 დეკემბერს. გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა კირქვის ყიდვა, მოპოვება-რეალზიაცია. საწარმოს აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 2013 წლის 18 თებერვლის 20 წლიანი №------- ლიცენზია ----- მუნიციპალიტეტში, ------ მიმდებარე ტერიტორიაზე, კირქვის მოპოვებასთან დაკავშირებით. ლიცენზიით კირქვის ჯამური მოპოვების მოცულობა შეადგენს 2 605 360 ტონას. შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ 2024 წლის ასათვისებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 200 000 ტონას. საწარმოს წარდგენილი აქვს 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება. აღსანაიშნავია, რომ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 15 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით შეიცვალა (გაიზარდა) კირქვაზე მოსაკრებლის განაკვეთი და ნაცვლად 0,14 ლარისა გახდა 0,28 ლარი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ოქტომბრის №------ წერილით გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების დაზუსტებასთან დაკავშირებით, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების გათგვალისწინებით, პირს განესაზღვრა ზემოთ აღნიშნული კანონის შესაბამისად განსაზღვრული მოსაკრებელი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა კირქვის ყიდვა, მოპოვება-რეალზიაცია.შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ 2024 წლის ასათვისებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 200 000 ტონას. საწარმოს წარდგენილი აქვს 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 15 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით შეიცვალა (გაიზარდა) კირქვაზე მოსაკრებლის განაკვეთი და ნაცვლად 0,14 ლარისა გახდა 0,28 ლარი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების დაზუსტებასთან დაკავშირებით, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. პირს განესაზღვრა ზემოთ აღნიშნული კანონის შესაბამისად განსაზღვრული მოსაკრებელი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:275(2);272(1);270(1,2)