ბრძანება N 25908

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.10.2023
№ დოკუმენტი 25908
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25908

19 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ს (პ/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 2 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ---ის (პ/ნ --) №83868/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის N059-2740 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N107).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2022 წელს მისი შემოსავალი არ აღემატებოდა 40000 ლარს. შესაბამისად, არ შეავსო დეკლარაცია. აქედან გამომდინარე დარიცხული ქონების გადასახადი არაკანონიერად მიაჩნია. ითხოვს საგადასახადო დავალიანების გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ ---(პ/ნ ---) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში ფიქსირდება 2019წ. და 2022წ. დარიცხვები. 2019 წლის დარიცხვა (6 ლარის ოდენობით) განხორციელდა გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი 2019წ. „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის“ საფუძველზე. 2022წ. დარიცხვა 11 ლარის ოდენობით (---ში მდებარე 0,136ჰა (0,273ჰას ½) მიწის ფართზე, საკადასტრო კოდით N---) განხორციელდა 20.09.2023წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები). აღნიშნულ დარიცხვაზე 20.09.2023წ. გამოცემულ იქნა „საგადასახადო მოთხოვნა“ N059-2740, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 02.10.2023 წელს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (www.napr.gov.ge) განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფ/პ ---ს (პ/ნ ---) სახელზე 30.10.2019 წლიდან ირიცხება (თანასაკუთრების უფლებით) ---ში მდებარე 0,273ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი, საკადასტრო კოდით N----.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ს (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დარიცხული ქონების გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მეწარმეს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში ფიქსირდება 2019წ. და 2022წ. დარიცხვები.

აღნიშნულ დარიცხვაზე 20.09.2023წ. გამოცემულ იქნა „საგადასახადო მოთხოვნა“ N059-2740, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 02.10.2023 წელს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 205; 61.