ბრძანება N 21763

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.10.2025
№ დოკუმენტი 21763
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21763

10 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 4 სექტემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 სექტემბრის და 10 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №82 და №86) განიხილა შპს „---ის“(ს/ნ ---) №139042/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 13 აგვისტოს №EL292670, 14 აგვისტოს №EL292810, №EL292818, 21 აგვისტოს №EL293368 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და 14 აგვისტოს №EL77777/6 (№006-6), №EL77777/17 (№006-17), №EL77777/19 (№006-19) საგადასახადო მოთხოვნებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტებს და განმარტავს:

1. საბაჟო ზედამხედვოლობას დაქვემდებარებული საქონლის (საბაჟო საწყობის დეკლარაცია №A---14.06.2023) დათვალიერებისას კამერალურ ნაშთთან შედარებით აღმოჩნდა დანაკლისი 2 კოლოფი, რაზეც გამოიცა სადავო აქტები, რომლის საფუძვლზეც დარიცხული თანხები გადახდილია;

2. დროებით შენახვის დეკლარაციით შენახული საქონლის (დროებით შენახვის განაცხადი №C---30.07.2024) დათვალიერებისას, კამერალურ ნაშთთან შედარებით, აღმოჩნდა დანაკლისი 10 კოლოფი. საქონლის უკანონო განკარგვას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ტვირთის მიღებისას სახეზე იყო შეფუთვების მთლიანობის დარღვევის ნიშნები და დეკლარანტის მიერ, საწყობთან ერთად შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი, რომელიც წარდგენილ იქნა საბაჟოზე;

3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (დროებით შენახვის განაცხადი C--- 29.06.2023) დათვალიერებისას კამერალურ ნაშთთან შედარებით, აღმოჩნდა დანაკლისი 3 ცალი ელექტრო სიგარეტი. როგორც კომისიის წევრებმა განმარტეს, იმის გამო, რომ ინვოისთან მიმართებით ელ. სიგარეტის გემოები არ დაემთხვა (დასაწყობებულში არ აღმოჩნდა რამოდენიმე გემოს ელ. სიგარეტი, რომელიც მითითებული იყო ინვოისში), შემოწმების აქტში კომისიის წევრების მიერ ჩაიწერა დანაკლისი 146 ცალი ელ. სიგარეტი, ხოლო 143 ცალი ელ. სიგარეტი ჩაითვალა არადეკლარირებულად. აღნიშნული ტვირთის მიღებისას, კომპანიის მიერ დადგინდა, რომ ელ. სიგარეტის გემოები არ შეესაბამებოდა ინვოისში მითითებულს და აქედან გამომდინარე აღნიშნულ ტვირთზე დაწერილია განცხადება განადგურების შესახებ. ფაქტია, რომ დათვლის შედეგად საწყობში აღმოჩნდა 429 ერთეული ელ. სიგარეტი. ადგილი არ ჰქონია 146 ცალი ელ. სიგარეტის უკანონო განკარგვას, არც არადეკლარირებული 143 ცალი ელ. სიგარეტი არსებობს. დანაკლისი მხოლოდ 3 ერთეულს შეადგენს. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს 2025 წლის 13 აგვისტოს №EL292670, 14 აგვისტოს №EL292810, №EL292818, 21 აგვისტოს №EL293368 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და 14 აგვისტოს №EL77777/6 (№006-6), №EL77777/19 (№006-19) საგადასახადო მოთხოვნები, ხოლო №EL77777/17 (№006-17), საგადასახადო მოთხოვნა დაკორექტირდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 15 ივლისის №15938 ბრძანების საფუძველზე, 2025 წლის 15 ივლისიდან - 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ქ. ----ს დასახლებაში მდებარე, შპს „----ის“ (ს/ნ ---) საბაჟო საწყობისთვის (WHS---; G---) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი, რაზეც 2025 წლის 11 აგვისტოს შედგა „შპს ----ის (ს/ნ ---) საბაჟო საწყობისთვის (W---) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი №---“.

აღნიშნული ბრძანების ფარგლებში, საბაჟო საწყობისათვის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი განხორციელდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით. საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლიდან შერჩევით დათვალიერდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი, ასევე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით შენახული საქონელი, მათ შორის შპს „---ს“ (ს/ნ ---) კუთვნილი თამბაქოს ნაწარმი (ჩილიმის არომატი და ელექტრო სიგარეტი). 2023 წლის 14 ივნისის №---- საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა 2 ცალით (ნეტო-წონით 100 გრამიანი შეფუთვა) ნაკლები იყო შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ რაოდენობასთან (ნაშთთან) შედარებით. ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციით საბაჟო დეკლარაციის ნაშთი შეადგენდა 4 000 ცალს, ხოლო საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი რაოდენობა – 3 998 ცალს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დეკლარაციით დასაწყობებული საქონლის ნაწილის (1 600 ცალი) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით 2023 წლის 16 ივნისს დარეგისტრირდა №----საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და აღნიშნული საქონელი დღემდე განთავსებულია საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. საგულისხმოა, რომ საქონლის დათვალიერება მიმდინარეობდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) წარმომადგენლის თანდასწრებით და მისი უშუალო მონაწილეობით, რა დროსაც მათ მიერ არ ყოფილა მიწოდებული ინფორმაცია №--- (16.06.2023) საქონლის საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის თანხების გადახდასთან დაკავშირებით.

ამასთან, იმპორტის გადასახდელის გადახდის შესახებ ინფორმაცია ასევე არ არის მითითებული ხსენებულ დეკლარაციაში. 2024 წლის 30 ივლისის №--- საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის მიერ წარმოდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა 10 შეფუთვით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ რაოდენობასთან შედარებით. ტვირთი თანმხლები დოკუმენტების მიხედვით უნდა ყოფილიყო 10 000 ცალი, საბაჟო საწყობში არსებულმა ფაქტიურმა რაოდენობამ შეადგინა 9 990 ცალი. აღსანიშნავია, რომ მიმჩივნის მიერ განცხადებაში წარმოდგენილი „ტვირთის დაზიანების ოქმი №0536“, რომელიც გაცემულია შპს „---ს“ საბაჟო საწყობის მიერ 2024 წლის 28 ივლისს, გვაწვდის საქონლის მიღებისას ტერმინალის მიერ ტვირთის შეფუთვის ვიზუალური დათვალიერების შემდგომ, შეფუთვის დაზიანების შესახებ ინფორმაციას და აღნიშნული არ წარმოადგენს საქონლის თავდაპირველ რაოდენობასთან შეუსაბამობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ამასთან, „ტვირთის დაზიანების ოქმი“ არ არის ატვირთული №--- საბაჟო დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში. 2023 წლის 29 ივნისის №--- საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული ელექტრო სიგარეტის დათვალიერების დროს ჯამში აღმოჩენილ იქნა 429 ერთეული ელექტრო სიგარეტი, თუმცა წარმოდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა და მახასიათებლები (დასახელება, გემო) არ შეესაბამება აღნიშნული დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში (№00415 (23.06.2023) შესყიდვის დოკუმენტი) მითითებულ მონაცემებს, კერძოდ: – №00415 (23.06.2023) შესყიდვის დოკუმენტში არსებული 30 პოზიციიდან დაემთხვა მხოლოდ №1, №2, №3, №5, №8, №9, №10, №14, №18, №19, №20, №22, №23, №27 და №28 პოზიციებით განსაზღვრული საქონელი (სულ 192 ცალი ელექტრო სიგარეტი); – ნაკლები იყო ან არ აღმოჩნდა №4, №7, №11, №12, №15, №16, №17, №24, №25, №26, №29 და №30 პოზიციებით განსაზღვრული საქონელი (სულ 146 ცალი ელექტრო სიგარეტი); – 48 ცალი ელექტრო სიგარეტით მეტი აღმოჩნდა №6, №13 და №21 პოზიციებით განსაზღვრულ საქონელი;

– საბაჟო საწყობისა და შპს „---ს“ უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილ ელექტრო სიგარეტებში აღმოჩნდა 95 ერთეული ელექტრო სიგარეტი, რომელებიც არ იყო მითითებული №00415 23.06.2023 შესყიდვის დოკუმენტში, კერძოდ: • City - Baku Double Melon 24 ცალი; • City - Novosibirsk Grape Blackurrant 24 ცალი; • City - Bombay Guava 12 ცალი; • City - Paris Grape 12 ცალი; • Soak - Jasmin Raspberry Tea 4 ცალი; • Soak - Pomelo 10 ცალი; • Soak - Aloe vera 1 ცალი; • Soak - Passion Bubble 1ცალი; • Soak - Booble gum 1 ცალი; • Soak - Rose grape 1 ცალი; • Soak – Raspberry Yogurt 1ცალი; • Soak – True lemon 1 ცალი; • Soak - Forest Blackurrant 1 ცალი; • Soak – Morning Muesli 1 ცალი; • Soak – Vanilla Pear – 1 ცალი.

ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად და ასევე საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №EL293368 (ჯარიმა 762 ლარი), №EL292670 (ჯარიმა 19.54 ლარი), №EL292810 (ჯარიმა 157.99 ლარი), №EL292818 (ჯარიმა 934.61 ლარი) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, შპს „---ს“ პასუხისმგებლობა დაეკისრა შპს „----თან“ (ს/ნ ---) სოლიდარულად და სანქციის სახით შეეფარდა კუთვნილი ჯარიმები. ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, გამოიცა №E77777/6, №E77777/17, №E77777/19 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც შპს „----ს“ (ს/ნ ---) შპს „----თან“ (ს/ნ ----) სოლიდარულად დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით: საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები; საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე საკანონმდებლო აქტის 52-ე მუხლი მიუთითებს, რომ თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი:

ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით კი, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და ასევე საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის და 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ამასთან ვინაიდან, არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, საბაჟო ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხებიც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნები, ხოლო №EL77777/17 (№006-17), საგადასახადო მოთხოვნა დაკორექტირდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და ასევე საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მომჩივნს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით და საბაჟო ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საგადასახადო მოთხოვნებით დაკისრა პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272;

საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168 (1); 172.