ბრძანება N 33114
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33114
27 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------")
(მის.:"------")
2023 წლის 4 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") №85792/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №068-22 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის შემდგომ პერიოდში დარიცხული დღგ-ის დაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლები. ითხოვს, 2017-2018 წლებში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის მიღებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10969 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №068-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") 2023 წლის 23 აპრილის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 27 აგვისტოს №27793 ბრძანების აღსრულების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები (მათ შორის, გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10969 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 33 151 ლარი, მათ შორის გადასახადი 22 023 ლარი, ჯარიმა 11 128 ლარი. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 11 ოქტომბრის №068-22 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 9 დეკემბრის №35203 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი (საქონლის საბაზრო ღირებულებით 164 267.79 ლარი), რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, პირი დაჯარიმდა და შედგენილ იქნა 2017 წლის 24 მარტის №166030 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გამოვლენილი დანაკლისი ასახული არ ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში და დღგ-ის დეკლარაციაში. შემოწმებით, გამოვლენილი დანაკლისის თანხა 139 210 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაექვემდებარა 2017 წლის ერთობლივ შემოსავალში ასახვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
გადაანგარიშების ეტაპზე დაზუსტდა 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახული სმფ-ების საწყისი ნაშთის მოცულობა, რაც პირს თავად ჰქონდა დეკლარირებული 2020 წლის 20 ოქტომბერს წარდგენილ დაზუსტებულ დეკლარაციაში (ედრება 2016 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის სმფ-ების საბოლოო ნაშთს). აღნიშნული თანხით გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა და შესაბამისად, შემცირდა დასაბეგრი შემოსავალი. შემცირებას დაექვემდებარა სულ 33 152 ლარი.
გადასახადის გადამხდელი ასევე ითხოვდა დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებას, რაზეც აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია დაფიქსირებულია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე 2020 წლის 18 სექტემბრის დასკვნაში (საგადასახადო შემოწმების დანიშვნის ბრძანება იყო თემატური და მოწმდებოდა 2016 წლის 9 დეკემბრის №35203 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის აღიარების და ელექტრონულად გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებისა და სალარო აპარატის ფისკალში დაფიქსირებული თანხების შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, ჩასათვლელი თანხების გაანგარიშება შემოწმებით არ მომხდარა.)
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2017-2018 წლებში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით განსაზღვრული 2018 წლის 13 აგვისტოს N11112 სიტუაციური სახელმძღვანელოზე, რომლის თანახმად, სმფ-ების დანაკლისი მისი გამოვლენის მომენტში ითვლება ერთი ოპერაციის ფარგლებში განხორციელებულ მიწოდებად და აღნიშნული სმფ-ების შეძენაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებულ მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები (მათ შორის, გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია) „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით განსაზღვრული 2018 წლის 13 აგვისტოს N11112 სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. ფ/პ"------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები (მათ შორის, გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია) „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით განსაზღვრული 2018 წლის 13 აგვისტოს N11112 სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.ითხოვს,2017-2018 წლებში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის მიღებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ჩატარდა მომჩივანის სმფ-ების ინვენტარიზაცია,შედეგად გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი, რაზეც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, პირი დაჯარიმდა.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელს გამოვლენილი დანაკლისი ასახული არ ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში და დღგ-ის დეკლარაციაში. შემოწმებით, გამოვლენილი დანაკლისის თანხა დაექვემდებარა 2017 წლის ერთობლივ შემოსავალში ასახვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
გადაანგარიშების ეტაპზე დაზუსტდა 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახული სმფ-ების საწყისი ნაშთის მოცულობა, რაც პირს თავად ჰქონდა დეკლარირებული 2020 წლის 20 ოქტომბერს წარდგენილ დაზუსტებულ დეკლარაციაში.აღნიშნული თანხით გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა და შემცირდა დასაბეგრი შემოსავალი.
გადამხდელი ასევე ითხოვდა დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებას, რაზეც აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია დაფიქსირებულია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე 2020 წლის 18 სექტემბრის დასკვნაში
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
157,173,174,286(9).