ბრძანება N 1820
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1820
02 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ---ის (ს/ნ ---)
(მის: ქ. ---) 2024 წლის 15 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 იანვრის (ოქმი N6) განიხილა ფ/პ ---ის (ს/ნ ---) N86745/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის NCB1567418 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს მიემგზავრებოდა ---ში, თავის სოფელში სხვადასხვა პროდუქციით დატვირთული. მომჩივანი აცხადებს, რომ მოძრაობდა ნელა, უკიდურესად მარჯვენა ზოლში, უსმენდა რადიოს და ამავდროულად ათვალიერებდა საქართველოს ბანკის ჩასარიცხ აპარატს ინტერნეტის გასააქტიურებლად. მომჩივანი აცხადებს, რომ ---ის გამზირის დასაწყისიდან მოხდა საგადასახადო მონიტორინგის ეკიპაჟის ადევნება, რომლებსაც არ განუხორციელებიათ რამე გასარკვევი ქმედება, რომ მისთვის ნათელი ყოფილიყო, რომ მასთან ჰქონდათ საქმე. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია და ხმამაღლა მოსაუბრე მოწყობილობის გამოყენებისთანავე მოახდინა რეაგირება და გააჩერა ავტომობილი. დაუწერეს ჯარიმა წინააღმდეგობის გაწევაზე, რის გამოც გამოიძახა პატრულის ეკიპაჟი და ჩაწერა ვიდეო. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, 2023 წლის 19 დეკემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მის: ----ზე გადამოწმებული იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ---, რა დროსაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, რითაც შეფერხდა კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნულის საფუძველზე ---ის (ს/ნ ---) მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შედგენილი იქნა №CB1567418 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2023 წლის 19 დეკემბერს 09:41 სთ-ზე, მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრების მიერ გადამოწმდა პროდუქციით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით:----; მძღოლი --- (პ/ნ ---), რა დროსაც ავტომობილის გაჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდა ძველი ზედნადებების შესწავლა (ფიქსირდებოდა ძველი ელ.ზედნადებები), რის შემდეგ ოფიცრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ზემოთაღნიშნული ავტომობილი გადაემოწმებინათ ელ. სასაქონლო ზედნადებზე. ---ს გამზირზე, სადაც ავტომობილი გადაამოწმეს ელექტრონულად, საავტომობილო საცობის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტეს მიყოლოდნენ ავტომობილს და თავისუფალ ტერიტორიაზე გაეჩერებინათ, თუმცა მძღოლმა შენიშნა, რისთვისაც მიჰყვებოდნენ, ჯიხურთან გააჩერა და გაჩერების შემდეგ კვლავ დაძრა ავტომობილი და სცადა მიმალვა.
ოფიცრები დაედევნენ და ---ის ძეგლთან კვლავ გავუმეორეს, რომ გაეჩერებინა ავტომობილი, გამოიყენეს სპეციალური ხმოვანი სიგნალები და ხმამაღლამოლაპარაკე საშუალება, თუმცა მძღოლი კვლავ არ უჩერდებოდათ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიხვდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა მოძრაობის გაგრძელებას (შესული იყო ჩიხში) და გაჩერდა. ოფიცრების მიერ მოხდა წარდგენა, განემარტა, რის საფუძველზეც აჩერებდნენ, სთხოვეს ავტომობილიდან გადმოსულიყო, ავტომობილის კარი გაეღო და საქონელი ვიზუალურად დაეთვალიერებინათ, თუმცა მძღოლმა განუცხადა, რომ გაჩერების უფლება ოფიცრებს არ ჰქონდათ.
ოქმის შენიშვნის თანახმად, ოფიცრების კანონიერი მოთხოვნა, რომ გადმობრძანებულიყო და მათთვის მიეცა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლით დატვირთული ავტომობილის, ვიზუალური დათვალიერების უფლება, არ გაითვალისწინა, ასევე მიაწოდა არასწორი და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია გადასახადის გადამხდელთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული დაფიქსირებულია ტექნიკური საშუალებით და ავტომობილზე დამონტაჟებული ე.წ. ვიდეორეგისტრატორით. შესაბამისად, ოფიცრებმა მიიჩნიეს, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივანის მხრიდან სსკ-ის მოთხოვნების დარღვევას რაც სსკ-ის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. ოქმის შედგენის შემდგომ ფ/პ ---მ (პ/ნ: ---) დარეკა 112-ში, მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მხოლოდ მხოლოდ მათ გაუღო ავტომობილის კარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, საქმეზე თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის NCB1567418 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, რითაც შეფერხდა კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნულის საფუძველზე პირის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შედგენილი იქნა №CB1567418 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 277 (1).