ბრძანება N 12219

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 04.06.2026
№ დოკუმენტი 12219
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12219

04 ივნისი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2026 წლის 26 მარტის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 აპრილის და 21 მაისის სხდომებზე (ოქმები №34; №41) იმსჯელა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 26 მარტის №101477/1/2026 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 თებერვლის №005-24 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს დირექტორის შვილზე ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების საფუძველზე დღგ-ის და მოგების გადასახადის კორექტირების შედეგად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დარიცხული სანქციის გაუქმებას/პატიებას.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში.

საქმეში არსებული მასალებითა და აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის დასკვნით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მარტის №6560 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 20 ივლისის №19362 ბრძანება და ამავე თარიღის №005-110 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 997 882 ლარი, მათ შორის, გადასახადი 559 791 ლარი, ჯარიმა 207 795 ლარი, საურავი 230 296 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელი მიერ რამდენჯერმე გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა საბოლოოდ შპს „---------“ საგადასახადო შემოწმებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულები არ დაკორექტირდა (კვალიფიკაცია შეიცვალა მოგების გადასახადის ნაწილში) და გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მაისის №005-53 და 27 დეკემბრის №005-239 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მაისის №005-53 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა სასამართლოში. ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 5 თებერვლის N3/59-24 განჩინებით, შპს „-------“ სარჩელი დარჩა განუხილველი, მოსარჩელის მიერ სარჩელის გახმობის გამო.

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის დასკვნის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 6 საცხოვრებელი ბინისა და ტერასის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია საბაზრო ფასზე დაბალი ფასით. გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, დადგინდა, რომ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლის ივნისის თვეში. შედეგად, ურთიერდამოკიდებულ პირებთან რეალიზაციისას გამოყენებულია საბაზრო ფასი, რის საფუძველზეც გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

შპს „-------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 29 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა წერილი №---------, რომელშიც გადამხდელი განმარტავს, რომ დირექტორის შვილზე ჩუქების ხელშეკრულებები გაუქმებულია და წარადგინა დოკუმენტაცია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, გადამხდელმა ითხოვა 2022 წლის დეკემბერის თვეში დღგ-ის თანხის კორექტირების შესაძლებლობა.

აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი 2025 წლის 29 დეკემბრის №-------- წერილი, საჯარო რეესტრიდან 2022 წლის 6 დეკემბრით დათარიღებული უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმების ხელშეკრულებები, ასევე გადამხდელის მიერ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლით დადგენილი №III-24(1) დანართის ფორმის დეკლარაცია „უძრავი ნივთის მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების თაობაზე, რომელზეც დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად.“

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად (ცვლილების შეტანის შესახებ 2023 წლის 3 თებერვალის ბრძანება №34), თუ უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და შემოწმების დასრულების შემდეგ დადგა 733 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი კორექტირების გარემოება, გადასახადის გადამხდელი დღგ-ის თანხის კორექტირების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №III-241 დანართით დადგენილი ფორმის დეკლარაციას „უძრავი ნივთის მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების თაობაზე, რომელზეც დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად“,რომლითაც მოთხოვნილი დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო, დანართის რეგისტრაციის დღიდან ორი თვის ვადაში, ხოლო, დღგ-ის თანხის კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ნოემბრის №-------- წერილის შესაბამისად, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ დანართი №III-241 არ წარმოადგენს დღგ-ის დეკლარაციის დანართს და ასევე, მისი წარმოდგენა ელექტრონული ფორმით არ ხორციელდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით ურთიერთდამოკიდებულ პირებზე არასაბაზრო ფასით მიწოდების ნაწილში, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოტანილი დეკლარაციის მიხედვით (უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე შემოწმების მიერ დარიცხული თანხების კორექტირების გარემოების დადგომის შემთხვევა), დღგ-ში დარიცხული თანხების დაზუსტება (შემცირება) განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი კორექტირების გარემოების დადგომის სავადო თარიღით, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 თებერვლის ბრძანება და №005-24 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

მითითებული სამართლებრივ ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციისა და აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის დასკვნაზე დაყრდნობით, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია „უძრავი ნივთის მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების თაობაზე, რომელზეც დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად“ №III-241 დანართით დადგენილი ფორმის დეკლარაცია, რომლითაც განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 თებერვლის №005-24 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დირექტორის შვილზე ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების საფუძველზე დღგ-ის და მოგების გადასახადის კორექტირების შედეგად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დარიცხული სანქციის გაუქმებას/პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 6 საცხოვრებელი ბინისა და ტერასის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია საბაზრო ფასზე დაბალი ფასით. გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული.დადგინდა, რომ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლის ივნისის თვეში. შედეგად, ურთიერდამოკიდებულ პირებთან რეალიზაციისას გამოყენებულია საბაზრო ფასი, რის საფუძველზეც გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა სსკ-ის 282-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი სსკ-ის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

301.