გადაწყვეტილება №22154/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22154/2/2024
22 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ის 4.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22154/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 15.01.2024 წლის №006-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 4 293 918 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 2 230 875
დღგ - 995 036
საშემოსავლო გადასახადი - 1 104 845
ქონების გადასახადი - 123
ჯარიმა - 1 123 581
საურავი - 939 462
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2022 წლის 18 მაისს, გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის განხორციელების შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი, რაზედაც შედგა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2018, 2019, 2020 და 2021 წლების ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, პირის დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება განსაზღვრულია 0 (ნული) ლარით. შემოწმების პროცესში, ზემოაღნიშნულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან მიღებულ დოკუმენტაციასა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა.
კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ 2022 წლის 10 ივნისის №14591 ბრძანებაში, 2022 წლის 30 ნოემბრის №29949 ბრძანებით შეტანილი ცვლილების შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით პერიოდი.
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით შესული ცვლილების გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი მიჩნეული იქნა გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად;
2. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ მიმდინარეობდა:
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა -------, -------, ------- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №------- ბრძანების საფუძველზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის
2017 წლის 13 აპრილს შპს ------- და ------- შორის დადებული ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული შენობა აშენდებოდა ------- კუთვნილ 888 კვ.მ. მიწასა და კომპანიის 1 991 კვ.მ. მიწაზე. ხელშეკრულებით განსაზღვრულია მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირისთვის სანაცვლოდ გადასაცემი თეთრი კარკასის მდგომარეობის ფართების ოდენობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის საერთო ფართიდან, 10 894 კვ.მ-დან, ------- საკუთრებაში გადაეცა 1 461 კვ.მ.. 2017 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში, შპს ------- გადასცა გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივები და ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 309- ე მუხლის 107-ე ნაწილის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები დღგ-ით დაიბეგრა ფაქტობრივად შესრულების მოცულობის მიხედვით, როგორც გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ბარტერული (გაცვლის) ოპერაცია 2019, 2020, 2021 წლების დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად;
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა -------, ------- (ს.კ. -------) ------- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №------- ბრძანების საფუძველზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. 2019 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „-------“- ს, შპს „-------“ და ------- და ------- შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირები ხსენებულ კომპანიებს საკუთრების უფლებას გადასცემდნენ თანასაკუთრებაში არსებულ 1 638 კვ.მ. ოდენობის მიწაზე, რომლის სანაცვლოდ ------- და ------- მიიღებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფულად სახსრებსა და ფართებს თეთრი კარკასის მდგომარეობით. გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების მიწოდება და ფულადი ვალდებულებების შესრულება (თანხის გადახდა), განიხილება გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებშიც, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება სამშენებლო მომსახურების გაწევა და ფულადი თანხის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გაცვლის ოპერაციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწის ნაკვეთის მიღება ფიქსირდება 2019 წელს, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ, ფიზიკური პირებისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი, კერძოდ, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ფართის ფაქტობრივი მიწოდების (მათ შორის, ნებისმიერი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) საანგარიშო პერიოდი, კერძოდ, 2021 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით განსაზღვრული, აღნიშნული მრავალბინიანი შენობის (მისი კუთვნილი 2 174.7 კვ.მ.) თვითღირებულებიდან გამომდინარე, გაანგარიშებულ იქნა მიწის მესაკუთრეებისთვის გადასაცემი ფართების (566.9 კვ.მ.) საბაზრო ფასი და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად გადასახადი. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით;
- 2018 წლის 29 ივნისს გადასახადის გადამხდელსა და ------- შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ------- კომპანიას უწევს ხელშეკრულების მე2 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას, კერძოდ, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას, რომლის ანაზღაურება მოიცავს, ------- ------- მიწის ნაკვეთზე მდებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-16 სართულზე მდებარე, თეთრი კარკასის მდგომარეობის ბინებზე საკუთრების უფლების გადაცემას -------. ბინების საერთო ღირებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულია 122 500 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, ფიზიკურ პირს გადაეცა 194 კვ.მ. ფართი, საიდანაც 84 კვ.მ. ფართის ბინაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 18 აპრილს. გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახდო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის, 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სახეზეა გადასახადის გადამხდელსა და ------- შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია, რომლის დროსაც გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა 84 კვ.მ. ბინა, ხოლო სანაცვლოდ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება. შესაბამისად, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33671 ბრძანება და №006-685 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10996 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საჩივარზე თანდართულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.01.2024 წლის №006-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე, იმ პირობებში, როცა საჩივარს დართული მასალები გაგზავნილი იყო საგამოძიებო სამსახურში და საგამოძიებო სამსახურს არ დაუდგენია დოკუმენტებისაგან განსხვავებული მონაცემები, აღნიშნულ პირობებში, აუდიტის დეპარტამენტმა მაინც არ გაითვალისწინა საჩივარს თანდართული დოკუმენტაცია.
აუდიტის დეპარტამენტმა საერთოდ არ გამოიკვლია საქმეში დართული დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ რეალიზებულ ბინებზე თანხების გადახდა, უმეტეს წილად, ხდებოდა 2019 წლამდე. ასევე, იგნორირება მოახდინა ხარჯის დოკუმენტაციის, რომლითაც დასტურდება მიღებული თანხების გახარჯვის მიზნობრიობა. ანუ, ფაქტობრივად შემოსავლების სამსახურმა თქვა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საქმესთან არ არის კავშირში, რაც ბუნებრივია არასწორია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
რაც შეეხება დარიცხვის შინაარსობრივ მხარეს, აღნიშნავს შემდეგს:
1) აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული სალაროს შემოსავლების ორდერები 2017-2018 წლების, რომლითაც დასტურდება, რომ 2019 და შემდგომ პერიოდებში საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ბინებზე თანხების ნაწილი მყიდველების მიერ გადახდილია 2017-2018 წლებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ორდერებში ხდება იდენტიფიცირება, როგორც გამყიდველის ასევე მყიდველის, ასევე არის მითითებული მიწის საკადასტრო კოდი, მისამართი და ბინის ნომერი, შესაბამისად შემმოწმებელი ვალდებული იყო საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის მიზნებისათვის გამოეკლო დასაბეგრ ბაზიდან 2017-2018 წლებში გადახდილი ბინის ღირებულების თანხები, რაც არ გააკეთა იმ მოტივით, რომ ხანდაზმულობის გამო, ფაქტობრივად/ფიზიკურად ვერ მოასწრებდა ყველა დოკუმენტის შესწავლას;
2) ასევე, აუდიტის დეპარტამენტში წარადგინეს ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლითაც დასტურდება 2017-2018 წლების ხარჯები, რომლებიც გაწეულია სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე. აღნიშნული ასევე იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტაციის დიდი მოცულობიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის გამო, ფაქტობრივად/ფიზიკურად ვერ მოასწრებდა ყველა დოკუმენტის შესწავლას, შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული;
3) ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მიწის მესაკუთრემ -------, მიწის სანაცვლოდ, 2018 წელს მიიღო შპს -------ის დირექტორისგან ნაღდი ანგარიშსწორებით 55 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელწერილი ასევე არ იქნა შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებული;
4) ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლითაც ბინის შემძენები ადასტურებენ, რომ ბინის საფასური არ გადაუხდიათ და ბინა მიიღეს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ;
5) 2017-2018 წლებში შპს -------ს rs.ge-ს პორტალზე ჰქონდა მიღებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონული სახით: სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მიღებული სასაქონლო ზედნადებები: 2017 წელს 1 184 627.74 ლარი, 2018 წელს 1 706 599.46 ლარი; მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: 2017 წელს 20 371.89 ლარი, 2018 წელს 416 607.60 ლარი. ჯამურად 2017-2018 წლებში მიღებული სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჯამი არის 3 328 206.69 ლარი, ბანკით დაფარული დავალიანება მიღებული სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დასაფარად არის 2 661 680.63 ლარი, კრედიტორული დავალიანება 2018 წლის ბოლოს არის 75 307.00 ლარი, 591 219.06 ლარი არის სალაროდან მომწოდებლებზე გადახდილი თანხა 2017-2018 წლებში სასაქონლო ზედნადებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი საქონლით და მომსახურებით წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად, 3 328 206.69 - 75 307 - 2 661 680.63 =591 219.06 ლარი.
შესაბამისად, 591 219.06 ლარი გახარჯულია 2017-2018 წლებში ნაღდი ანგარიშსწორებით, რომლის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დასტურდება rs.ge პორტალზე ატვირთული სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. შესაბამისად, ფაქტობრივად დოკუმენტურად დასტურდება ნაღდი ანგარიშსწორებით 2017-2018 წლებში 591 219.06 ლარის გახარჯვა;
6) შემმოწმებლის მიერ, ბინების რეალიზაციები სრულად იქნა დაბეგრილი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში და დასაბეგრ თანხად, დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის, მიჩნეული იქნა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში არსებული აშშ დოლარის კურსი, რაც არასწორია, ვინაიდან 2019 წელს და შემდგომ პერიოდში რეალიზებული ბინების ნაწილზე თანხები არის გადახდილი 2017-2018 წლებში, შესაბამისად, შემმოწმებელს უნდა აეღო თანხის ჩარიცხვის დღეს არსებული აშშ დოლარის კურსი.
ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზარალის გათვალისწინება;
7) ასევე, შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ნოტარიულად დადასტურებელი ხელწერილი, რომლითაც კომპანიის ყველა დამფუძნებელი ადასტურებს, რომ 2017-2018 წლებში დივიდენდის სახით ჯამში აქვთ მიღებული 1 500 000 ლარი, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადად გაყიდულ ბინებზე გადახდილი თანხები მოდის 2017-2018 წლებზე, არის სავსებით ლოგიკური;
8) მიწის მესაკუთრე ------- საჯარო რეესტრში წარდგენილი შეთანხმებით ადასტურებს, რომ მას საკუთრებაში გადაეცა შეთანხმებაში მითითებული ბინები, ხოლო აღნიშნული ბინები კი ფაქტობრივად გადაფორმდა სხვა პირებზე, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება სრულად გაუქმებას, ვინაიდან აღნიშნული ბინები კომპანიას არ გაუყიდია და ისინი გადაეცა მიწის მესაკუთრეს, გადაცემული მიწის ნაკვეთის საფუძველზე. ასევე, მიწის მესაკუთრე ------- ადასტურებს, რომ მიწის სანაცვლოდ 2008 წელს, ნაღდი ანგარიშსწორებით, აღებული აქვს 55 000 აშშ დოლარი;
9) ურთიერთდამოკიდებულ პირებთან დადებული გარიგებები დაიბეგრა საბაზრო ფასებით;
10) უმოკლეს ვადაში წარმოადგენს რეალიზებულ ბინებზე საექსპერტო შეფასებას, რომლითაც დადასტურდება მათი რეალური საბაზრო ღირებულება, ვინაიდან შემმოწმებელს აქვს აღებული არარეალური ფასები, რომელიც აღებულია თითქოს სხვა კომპანიის მიერ რეალიზებული, ანალოგიური კომერციული ფართის ღირებულებიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10996 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საჩივარზე თანდართულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე, იმ პირობებში, როცა საჩივარს დართული მასალები გაგზავნილი იყო საგამოძიებო სამსახურში და საგამოძიებო სამსახურს არ დაუდგენია დოკუმენტებისაგან განსხვავებული მონაცემები, აუდიტის დეპარტამენტმა მაინც არ გაითვალისწინა საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია, საერთოდ არ გამოიკვლია საქმეში დართული დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ რეალიზებული ბინებზე თანხების გადახდა უმეტეს წილად ხდებოდა 2019 წლამდე, ასევე, იგნორირება მოახდინა ხარჯის დოკუმენტაციის, რომლითაც დასტურდება მიღებული თანხების გახარჯვის მიზნობრიობა. წარმოადგენს დარიცხვის შინაარსობრივ მხარეზე არგუმენტებს/პოზიციებს ყველა იმ საკითხებზე, რომელიც გასაჩივრებული იქნა, მაგრამ საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელმა აღნიშნა, რომ ყველა დოკუმენტის, სალაროს ორდერის დედნები შემოწმების დროსაც იყო წარდგენილი, შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზეც იყო წარდგენილ მაგრამ, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შემდგომ უკვე დავების განხილვის საბჭომ დაავალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი დოკუმენტაციის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, მაგრამ აუდიტორს არც შეუსწავლია და არც დაიბარეს, ისე გამოიცა დასკვნა. დოკუმენტაცია თუმცა იყო მაგრამ, დარიცხვა იგივე იქნა დატოვებული, არ მიუთითებს აუდიტორი, საგამოძიებო სამსახურმა რაიმე ახალი დაადგინა თუ არა, ძირითადში სადავოა სალაროს ნაშთი, რომელიც ასევე დღგ-თან კავშირშია. წარდგენილი იყო სალაროს ორდერის დედნები, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია, რომლითაც პირები ადასტურებენ, რომ განვადებით იყო გაყიდული ბინები და ნაწილი თანხისა მიღებულია შემოწმებადე, ამ დოკუმენტების საფუძველზე მოხდა საბჭოს მიერ დავალება აუდიტის დეპარტამენტისათვის. საგამოძიებო სამსახურს ამ დოკუმენტებზე რაიმე არ დაუდგენია, თუ დაადგენდა სიყალბეს სალაროს ორდერებზე გასაგები იქნებოდა, მაგრამ არ დადგენილა და ისე არ მოხდა გადაანგარიშება აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საჩივარზე თანდართულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), რაც როგორც ირკვევა არ არის შესრულებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ამდენად აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების შესრულება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10996 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ამდენად აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 309(107); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161(1-ა.ა; 6-ა,ბ; 7-ა)