ბრძანება N 21988

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.09.2023
№ დოკუმენტი 21988
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21988

08 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ„---------“ (პ/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 30 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ფ/პ ----------- (პ/ნ -------------) 2023 წლის 30 აგვისტოს №83320/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აგვისტოს №005-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2020 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის ვადაში არცოდნით/შეცდომით წარადგინა 2019 წლის დეკლარაცია, თვლიდა, რომ დეკლარაციის პერიოდი იყო 2019 წელი, რადგან 2019 წლის შედეგების გამო გახდა დეკლარაცია წარსადგენი. განმარტავს, რომ 2018 წელს არ მიუღია იმ ოდენობის შემოსავალი, რაც სავალდებულოდ გახდიდა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენას 2019 წელზე, შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვერ ჩათვლის გადამხდელის მიერ წარდგენილ დეკლარაციას 2019 წლის დეკლარაციად. მომჩივანი მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი გამოიცა ისე, რომ შესწავლილი არ არის საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელი არცოდნასა და კეთილსინდისიერებაზე მითითებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13162 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---------- (პ/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 8 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 11 აგვისტოს №19851 ბრძანება და ამავე თარიღის №005-131 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით

გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 8 712 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 462 ლარი, ჯარიმა 2 231 ლარი, საურავი 2 019 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ ფიზიკურ პირს 2019 წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც წარმოეშვა 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გადამხდელს 2019 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება. საგადასახადო შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მსგავსი ან/და იდენტური უძრავი ქონებების სარეალიზაციო ფასების მიხედვით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:

გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;

გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ ფ/პ ----------- 2019 წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც წარმოეშვა 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამხდელს 2019 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ფიზიკურ პირს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აგვისტოს №005-131 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადი გადახდილი აქვს მიმდინარე წლის 5 სექტემბერს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, ფ/პ ---------- (პ/ნ ------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აგვისტოს №005-131 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------------ (პ/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ფ/პ ------------(პ/ნ ------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აგვისტოს №005-131 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი გამოიცა ისე, რომ შესწავლილი არ არის საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად.

ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ ფიზიკურ პირს 2019 წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც წარმოეშვა 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გადამხდელს 2019 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება. გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით.პირს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:201(1გ);202(5ა,ბ);205(12);269(1);270(1);272(1);275(2);