ბრძანება N 5950
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5950
27.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 24 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №79343/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 დეკემბრის №076-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სმფ-ების დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისი არ გამოვლენილა, გამოვლინდა ზედმეტობა 2 453 ლარი, რომელიც წარმოადგენდა ნარჩენ მასალას. გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანია აღნიშნული ინვენტარიზაციის პერიოდიდან არის უმოქმედოდ და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მასალა დღესაც იმავე ადგილასაა. მიუთითებს, რომ 2022 წლის 1 დეკემბრის №076-6 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია 2018 წლის გადასახადებზე და ხანდაზმულია. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ნოემბრის №29051 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018 წლის 30 აგვისტოს №23860 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ს.მ.ფ.-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 1 დეკემბრის №30218 ბრძანება და ამავე თარიღის №076-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 848 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 160 ლარი, ჯარიმა 1 080 ლარი, საურავი 608 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის აგვისტოს №23860 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი იქნა 7 151 საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი, რომლის შესაბამისადაც 2021 წლის 23 აპრილს შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი № CB1144139.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი გადამხდელის მიერ არ არის დეკლარირებული შესაბამისი პერიოდის (2021 წლის აპრილი) მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97- ე, 983 , 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტისა და 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადამხდელს ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის მიხედვით დაერიცხა შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადი და დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
ამავე კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი გარემოების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს №23860 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან განხორციელებული სმფების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე 2021 წლის 23 აპრილს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გამოვლენილი დანაკლისი საწარმოს არ ჰქონდა ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მოგების და დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანი ზემოაღნიშნული ინვენტარიზაციის ფარგლებში დაჯარიმებულია ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის საფუძვლით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი დღგ-ის მიზნებისათვის ითვლება მისი გამოვლენის მომენტში განხორციელებულ მიწოდებად, ხოლო მოგების გადასახადის მიზნებისათვის ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა სმფ-ების დანაკლისის დეკლარირება შესაბამის საანგარიშო პერიოდში.
ამასთან, ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2022 წლის 1 დეკემბრის №076-6 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 23 აპრილის სამართალდარღვევის ოქმით გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის შემოწმების შედეგებზე, შესაბამისად, დაცულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება სმფ-ების დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისი არ გამოვლენილა, გამოვლინდა ზედმეტობა, რომელიც წარმოადგენდა ნარჩენ მასალას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი იქნა სმფ-ების დანაკლისი, რომლის შესაბამისადაც შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი გადამხდელის მიერ არ არის დეკლარირებული შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში,გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 97(1 „გ“); 983(2); 160(3„თ“); 275; 286(9)