ბრძანება N 20997

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.08.2023
№ დოკუმენტი 20997
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20997

25 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ ------)

(მის.: --------)

2023 წლის 7 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა ფ/პ ------ს (პ/ნ -----) 2023 წლის 7 აგვისტოს №82889/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №007-205 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ ქონებებზე საკუთრების უფლება მის სახელზე დარეგისტრირდა 2020 წლის 5 მარტს, ხოლო 2021 წლის თებერვალში აჩუქა აწ უკვე ყოფილ მეუღლეს. სამივე ქონების ამონაწერში ჩანს, რომ როგორც მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღში, ასევე ჩუქების მომენტში სასტუმრო ნომრებს ჰქონდათ სტატუსი „მშენებარე“. შესაბამისად თვლიდა, რომ ქონების გადასახადის დეკლარირების და გადახდის ვალდებულება მშენებარე ფართებზე არ ჰქონდა. ამასთან, არ ეთანხმება კვადრატული მეტრის საბაზრო ფასს და განმარტავს, რომ 2020 წელს -------ში იგივე ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტის (თუნდაც შავი კარკასი აშენებული ქონების) საბაზრო ფასი გაცილებით დაბალი იყო. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას იგივე უბანში იმავე პერიოდში რეალიზებული მშენებარე ფართების საბაზრო ფასის გათვალისწინებით. გარდა ამისა მიუთითებს, რომ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნულ ქონებებზე დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო არა 2020-2021, არამედ 2021-2022 წლებში შესაბამისი პროპორციით.

2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13262 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------ს (პ/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 ივლისის №18463 ბრძანება და ამავე თარიღის №007-205 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 4 219 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 155 ლარი, ჯარიმა 1 077 ლარი, საურავი 987 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

საგადასახადო შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ ფ/პ -------სა და მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) მიერ 2019-2021 წლებში ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარს. საჯარო რეესტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფიზიკური პირი 2020 და 2021 წლებში ფლობდა უძრავ ქონებებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მსგავსი ან/და იდენტური უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ ქონებებზე საკუთრების უფლება მის სახელზე დარეგისტრირდა 2020 წლის 5 მარტს, ხოლო 2021 წლის თებერვალში აჩუქა აწ უკვე ყოფილ მეუღლეს. სამივე ქონების ამონაწერში ჩანს, რომ როგორც მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღში, ასევე ჩუქების მომენტში სასტუმრო ნომრებს ჰქონდათ სტატუსი „მშენებარე“. შესაბამისად თვლიდა, რომ ქონების გადასახადის დეკლარირების და გადახდის ვალდებულება მშენებარე ფართებზე არ ჰქონდა. ამასთან, არ ეთანხმება კვადრატული მეტრის საბაზრო ფასს და განმარტავს, რომ 2020 წელს ------ში იგივე ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტის (თუნდაც შავი კარკასი აშენებული ქონების) საბაზრო ფასი გაცილებით დაბალი იყო. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას იგივე უბანში იმავე პერიოდში რეალიზებული მშენებარე ფართების საბაზრო ფასის გათვალისწინებით. გარდა ამისა მიუთითებს, რომ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნულ ქონებებზე დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო არა 2020- 2021, არამედ 2021-2022 წლებში შესაბამისი პროპორციით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით ფიზიკურ პირს (ოჯახს) 2019-2021 წლის საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. შესაბამისად, წარმოეშვა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, თუმცა მის მიერ არ იყო შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმებით დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის შესწავლილია აღნიშნულ ტერიტორიაზე, აღნიშნულ პერიოდსა და მდგომარეობაში რეალიზებული ბინების ფასები, ასევე შესწავლილია იმ კომპანიის მიერ 2020 წელს რეალიზებული უძრავი ქონების გარიგების ფასები, რომელთანაც ფიზიკურ პირს დადებული ჰქონდა ნარდობის ხელშეკრულება და მიწის ფართობის სანაცვლოდ მიიღო სამი ერთეული საცხოვრებელი ბინა. ჩატარებული ანალიზის შედეგად უძრავი ქონების 1 მ 2 საბაზრო ფასი განსაზღვრულ იქნა 850 აშშ დოლარის ოდენობით. შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას ფიზიკური პირი ჩართული იყო შემოწმების პროცესში, რა დროსაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია (საკუთარი მონაცემები) ქონების საბაზრო ფასთან დაკავშირებით, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, ფიზიკურ პირს (ოჯახს) 2019-2021 წლის საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი გადამხდელი ვალდებული იყო წარედგინა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია და გადაეხადა გადასახადი. შესაბამისად ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად, ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, დასაბეგრ ქონებაზე 2020-2021 წლებში განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტში ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში ადგილი აქვს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას, კერძოდ, ქონების გადასახადის დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო 2021-2022 წლებზე, ნაცვლად 2020-2021 წლებისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლებს სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემისას ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №007-205 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადი გადახდილი აქვს მიმდინარე წლის 8 აგვისტოს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, ფ/პ ------ (პ/ნ ------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №007-205 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ -------ს (პ/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ფ/პ ------- (პ/ნ ------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №007-205 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);

3. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემისას ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64 ან ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.

2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანსა და მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) მიერ 2019-2021 წლებში ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარს. საჯარო რეესტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფიზიკური პირი 2020 და 2021 წლებში ფლობდა უძრავ ქონებებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებას. საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მსგავსი ან/და იდენტური უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლებს სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემისას ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №007-205 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1"ა")(4), 201(1"გ.ა"), 202(5)(9), 205(12)(14), 18(7), 269(1)(7), 270(1)(2), 272(1), 275(2).