გადაწყვეტილება №19317/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19317/2/2023
4.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 4.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19317/2/2023).
დავის საგანი:
ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლებაზე და დავის დაწყებაზე უარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2020 წლის №002-265 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2021 წლის №002-28 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3983 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
22.09.2020 წლის №002-265 საგადასახადო მოთხოვნა - 6 828 043,93 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 3 043 284
დღგ - 264 720
მოგების გადასახადი - 667 474
საშემოსავლო გადასახადი - 2 111 090
ჯარიმა - 2 568 890
საურავი - 1 215 869,93
1.03.2021 წლის №002-28 საგადასახადო მოთხოვნა - 7 079 259,29 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 3 043 284
დღგ - 264 720
მოგების გადასახადი - 667 474
საშემოსავლო გადასახადი - 2 111 090
ჯარიმა - 2 566 390
საურავი - 1 469 585,29
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 5.07.2017 წლიდან 1.08.2019 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2020 წლის №002-265 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.12.2020 წლის №39514 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2021 წლის დასკვნა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 1.03.2021 წლის №002-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.08.2021 წლის №25842 ბრძანებით, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც 20.10.2021 წლის საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 3.02.2022 წლის №64705/1/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მომჩივანმა 1.03.2022 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.04.2022 წლის №16113/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2019 წლის №7099 ბრძანების, 22.09.2020 წლის №002-265 საგადასახადო მოთხოვნის და 1.03.2021 წლის №002-28 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე საგადასახადო დავის განახლების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3983 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2020 წლის №002-265 და 1.03.2021 წლის №002-28 საგადასახადო მოთხოვნების ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2019 წლის №7099 ბრძანების ნაწილში დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3983 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 308-ე მუხლზე, 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მიხედვით ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი. ამდენად, საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2020 წლის №002-265 და 1.03.2021 წლის №002-28 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2020 წლის №002-265 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 30.12.2020 წლის №39514 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 18.02.2021 წელს გამოსცა დასკვნა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 1.03.2021 წლის №002-28 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც ასევე გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და 6.08.2021 წელს გამოიცა №25842 ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2020 წლის №002- 265 და 1.03.2021 წლის №002-28 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებზე უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) №77123/1/2022, №18527/2/2022 და №18601/2/2023 საჩივრები, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 22.03.2019 წლის №7099 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4, მე-9 ნაწილებზე და მე-7 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე და 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „------“-ს (ს/ნ „------“) კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 22.03.2019 წლის №7099 ბრძანება გაეგზავნა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 22.03.2019 წელს, გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ბრძანებას ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით გაეცნო 23.03.2019 წელს.
შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 8.12.2022 წელს, 26.12.2022 წელს და 8.01.2023 წელს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) №77123/1/2022, №18527/2/2022 და №18601/2/2023 საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 22.03.2019 წლის №7099 ბრძანებასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად და მიკერძოებულად არის ჩატარებული საგადასახადო შემოწმება. როდესაც 10 პირის დაპატიმრება ხდება, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სწორად და სამართლიანად ყოფილიყო ჩატარებული საგადასახადო შემოწმება. საჩივარი წარმოდგენილია ვადის დაცვის გამო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილდების და შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3983 ბრძანების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი თვლის , რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად და მიკერძოებულად არის ჩატარებული საგადასახადო შემოწმება.
საჩივარი წარმოდგენილია ვადის დაცვის გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 3.02.2022 წლის №64705/1/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მომჩივანმა 1.03.2022 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.04.2022 წლის №16113/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე საგადასახადო დავის განახლების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნების ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების ნაწილში დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილდების და შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3983 ბრძანების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
299(6,7),308 (1)