ბრძანება N 32247

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.10.2022
№ დოკუმენტი 32247
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 32247

29/10/2020

ფ/პ ------------ ს

(მის.:---------- )

2020 წლის 03 მარტის, 07 ივლისის,25 სექტემბრის, 02 და 22 ოქტომბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 13 აგვისტოს, 11 სექტემბრის , 12 ოქტომბრის და 23 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №59; №67; №76; №79) განიხილა ფ/პ ---- ს 2020 წლის 03 მარტის №49821/1/2020,07 ივლისის №125234/21-11, 25 სექტემბრის №199436/21-11 , 02 ოქტომბრის № 206089/21 და 22 ოქტომბრის №224220/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №006-1222 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება განაკვეთის ცვლილების საფუძვლით მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას. აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში იყო ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლებზეც კატეგორიად მითითებულია საძოვარი. არსებული მიწის ნაკვეთები გადამხდელის მიერ იჯარით იქნა გაცემული, როგორც საძოვრები და არა სახნავ-სათესი. გადამხდელის განმარტებით მოიჯარის მიერ დარღვეულია ხელშეკრულების პირობები და მიწებს იყენებს სახნავ-სათესად, რისი გათვალისწინებითაც გადამხდელმა შეიტანა სამოქალაქო სარჩელი იჯარის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 11 დეკემბრის №43409 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ ----- ს კამერალური საგადასახადო შემოწმება 2016, 2017, 2018 და 2019 წლების მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. 2019 წლის 30 დეკემბერს გამოიცა №47368 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1222 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 105389 ლარი, მათ შორის გადასახადი 58904 ლარი, ჯარიმა 29452 ლარი, საურავი 17033 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ფ/პ ----- ს მიერ წარმოდგენილია მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები 2016, 2017, 2018 და 2019 წლებზე. 2016 წელს წარმოდგენილ დეკლარაციაში ასახულია მხოლოდ ----- ში არსებული ხეხილ-სანერგე მიწის ნაკვეთი, თუმცა პირის საკუთრებაში, ----- ის გარდა არსებობს ----- ში არსებული ---- ჰა და ----- ჰა მიწის ნაკვეთები, რომლებიც 2016 წლის შემდგომ პერიოდებში დეკლარირებულია როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწა, განაკვეთი კი მითითებულია საძოვრის.

შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მომსახურების დეპარტამენტიდან და მუნიციპალიტეტიდან, ------ ში არსებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ, რის შედეგადაც, მოწოდებული მიწების ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალით და ---- ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის გაცემული ცნობის მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთებზე ------- 2015-2019 წლებში მოჰყავთ მარცვლეული. ამასთან აღნიშნულს ადასტურებს მიწის ნაკვეთების მოიჯარე შესაბამისი ახსნა-განმარტებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებამ დააკორექტირა მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი და ნაცვლად საძოვრებისა გაითვალისწინა სახნავი მიწის განაკვეთი, რამაც გამოიწვია გადასახადის დარიცხვა და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

ამავე კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით. კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ერთეულში სახნავი (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) და საკარმიდამო მიწისთვის საბაზისო განაკვეთად განსაზღვრულია 86 ლ., ხოლო სათიბისა და საძოვრისათვის 16ლ.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია მიწის კატეგორიები. კერძოდ, ამ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საძოვარი წარმოადგენს ბალახოვანი მცენარით ან/და ბუჩქოვანი მცენარით (ბუნებრივი ან გაკულტურებული) დაფარული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც გამოიყენება ცხოველის საძოვებლად (გამოსაკვებად), მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახნავი (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) მიწა წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად, მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული.

შემოსავლების სამსახური, ასევე, მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა.

2016 წლიდან 2019 წლამდე საანგარიშო პერიოდში, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით მიწის ნაკვეთების ----- დანიშნულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული მიწები წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწებს ------ თუმცა არ დგინდება მიწების კატეგორია.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ფ/პ ----- ს საკუთრებაში არსებულ მიწებზე 2007-2020 წლებში კატეგორიის კორექტირების თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 სექტემბრის №318545 წერილით აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებულ იქნა შემდეგი ინფორმაცია: „უძრავ ნივთზე მდებარე: ----- , პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2003 წლის 16 სექტემბერს და №75 დადგენილების (გაფორმების თარიღი: 04/09/2003, რაიონის გამგეობა) საფუძველზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. 2007 წლის 29 ნოემბერს კი დარეგისტრირდა 2003 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობა; მოიჯარე: ----; მესაკუთრე: სახელმწიფო; საგანი: მიწის ნაკვეთი ფართით 1030000 კვ.მ.; ვადა: 40 წელი;

ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი წარმოადგენდა სასოფლო- სამეურნეო (საძოვარი) მიწის ნაკვეთს. ხოლო მიმდინარე პერიოდისათვის საკადასტრო კოდი: ------- არ წარმოადგენს აქტიურ მონაცემს, ვინაიდან მასზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად წარმოქმნილია ორი ახალი საკადასტრო ერთეული მდებარე -----, (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი); დაზუსტებული ფართობი: ------- კვ.მ.) და ------- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი); დაზუსტებული ფართობი: ------ კვ.მ.).“

აღნიშნულთან ერთად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2007 წლის 04 დეკემბრის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათები ------ ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით (ფართით: ---- ჰა და ----- ჰა), სადაც აღნიშნული მიწის ნაკვეთებზე მითითებულია საძოვარი.

საქმეში არსებული მასალების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ 2003 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) მიწის ნაკვეთს, ხოლო წარმოდგენილ სააღრიცხვო ბარათებში მიწებზე მითითებულია კატეგორია საძოვარი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს განხორციელდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთების კატეგორიის ცვლილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, ვინაიდან ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციაში მიწის ნაკვეთების კატეგორიად მითითებულია საძოვარი, იმ შემთხვევაში, თუ არ ფიქსირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწის კატეგორიების ცვლილება მათზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით საძოვრისათვის დადგენილი განაკვეთი.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხელახლა შეისწავლოს და დაადგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული მითითებების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ ----- ს საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხელახლა შეისწავლოს და დაადგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული მითითებების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება განაკვეთის ცვლილების საფუძვლით მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას. აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე კატეგორიად მითითებულია საძოვარი. რომელიც იჯარით იქნა გაცემული, როგორც საძოვრები ხოლო მოიჯარის მიერ დარღვეულია ხელშეკრულების პირობები და მიწებს იყენებს სახნავ-სათესად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის მიხედვით, ფ/პ-ს მიერ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, დეკლარირებულია როგორც საძოვარი. შემოწმების მიერ მომსახურების დეპარტამენტიდან და მუნიციპალიტეტიდან, გამოთხოვილ ინფორმაცის შედეგად მოწოდებული მიწების ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალით და ცნობის მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთებზე მოჰყავთ მარცვლეული. ამასთან აღნიშნულს ადასტურებს მიწის ნაკვეთების მოიჯარე შესაბამისი ახსნა-განმარტებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებამ დააკორექტირა მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი და ნაცვლად საძოვრებისა გაითვალისწინა სახნავი მიწის განაკვეთი, რამაც გამოიწვია გადასახადის დარიცხვა და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხელახლა შეისწავლოს და დაადგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 204(1)

„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“