გადაწყვეტილება №24574/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.02.2025
№ დოკუმენტი 24574/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24574/2/2024

26 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 6.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24574/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 7.08.2024 წლის №011-4820 ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“;

2. შემოსავლების სამსახურის 20.12.2024 წლის №26762 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

შპს „-------“-ზე (ს/ნ -------) 4.04.2023 წლის მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კომპანიის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ვალის მართვის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა თავდებმა - ------- (ს/ნ -------) , რომელმაც თავდებობის უზრუნველსაყოფად წარადგინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საკ. კოდი: -------, ღირებულებით: 141 665 ლარი).

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, შპს „-------“-თან (ს/ნ -------) გაფორმდა ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, ხოლო თავდებთან - ------- (ს/ნ -------) გაფორმდა 22.12.2023 წლის №2023- 12839.1 თავდებობის ხელშეკრულება და მომჩივნის ქონება დაიტვირთა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით.

მოვალის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, გამოცემული იქნა „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანების და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ“ 20.03.2024 წლის ბრძანება.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 11.04.2024 წლის №011-1391 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) საკუთრებაში (ბალანსზე) რიცხულ ქონებას. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 19.07.2024 წელს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი.

საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 241-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 7.08.2024 წლის №011-4820 ბრძანება, რომლის საფუძველზეც, მოვალის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო თავდები პირის, მომჩივნის უძრავი ქონებას (ს/კ -------).

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.12.2024 წლის №26762 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 241-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 249-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, შპს ,,-------”-სა (ს/ნ -------) და შემოსავლების სამსახურს შორის 22.12.2023 წელს გაფორმდა ხელშეკრულება №2023-12839 აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ. ამ ხელშეკრულების მიხედვით, აღიარებული საგადასახადო ვალდებულების ოდენობა შეადგენდა 284 330.33 ლარს. ხელშეკრულებით განისაზღვრა გადახდის გრაფიკი. ასევე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია, როგორც საწარმოს ქონებით, ისე ფიზიკური პირის ------- თავდებობით. ამავე დღეს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება №2023-12839.2 შემოსავლების სამსახურსა და მომჩივანს შორის. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტმა 7.08.2024 წელს გამოსცა №011- 4822 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო თავდების უძრავ ქონებას, რომლის შესახებ მისთვის სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი, როდესაც განაახლა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, კერძოდ, 21.11.2024 წელს. შემოსავლების სამსახურს აღნიშნული ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნებაზე მისთვის შესაბამისი შეტყობინება არ გაუგზავნია.

გადამხდელი მიიჩნევს, რომ უკანონოა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) - შპს ,,-------”- ის თავდები პირის, ------- ქონების დაყადაღების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო ვალდებულება მნიშვნელოვნადაა შემცირებული. (ნაცვლად 284 330.33 ლარისა, 24.08.2024 წლის მდგომარეობით შეადგენს ჯამურად 45 256.37 ლარს, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 1167.8 ლარი). ამასთან, შემოსავლების სამსახურს არ უცდია საგადასახადო დავალიანების გადახდევინება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) ქონების ხარჯზე და პირდაპირ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თავდები პირის ქონების დაყადაღებაზე მიიღო გადაწყვეტილება. მოვალეს (გადასახადის გადამხდელს) გააჩნია ქონება, რომლის ღირებულება ბევრად აღემატება მისსავე საგადასახადო დავალიანებას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ თავდებთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს სოლიდარულ თავდებობას, არ ცვლის შემოსავლების სამსახურის ვალდებულებას, რომ საკუთარი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, მოქმედებები განახორციელოს და გადაწყვეტილებები მიიღოს მხოლოდ შესაბამისი საფუძვლების არსებობისას და მხოლოდ საკმარისად დასაბუთების გზით.

ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის 7.08.2024 წლის №011-4820 ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ და შემოსავლების სამსახურის 20.12.2024 წლის №26762 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6, მე-8 და მე-10 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

8. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით საურავის დარიცხვა არ ჩერდება.

10. თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ გადასახადის გადამხდელი ამ დავალიანებას დადგენილ ვადაში არ გადაიხდის. თავდებობა ფორმდება თავდებს და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.

3. თავდების მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, თავდებობის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის 29.01.2025 წლის №4930-21-17 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „-------“-ს (ს/ნ -------) 4.04.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - ძირითადი გადასახადი 185 044.18 ლარი, საურავი - 61 788.61 ლარი, ზედმეტობა 10.20 ლარი. 4.04.2023 წლის №006-16862 შეტყობინებით შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ვალის მართვის დეპარტამენტს განცხადებით მომართა შპს „-------"-ს (ს/ნ -------) თავდებმა ------- (პ/ნ -------), საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საკ.კოდი: -------, ღირებულებით: 141 665 ლარი). აღნიშნული განცხადების საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 22.12.2023 წელს გამოცემულ იქნა №006-2023-23860 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (284 330.33 ლარი) გადახდევინება გადავადდა 12.09.2024 წლის ჩათვლით. თავდებთან გაფორმდა 22.12.2023 წლის №2023-12839.1 თავდებობის ხელშეკრულება და მის მიერ წარმოდგენილი ქონება დაიტვირთა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების უზრუნველსაყოფად. თავდებობის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 284 331 ლარს.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, გამოცემული იქნა „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ №060-2023-23860 ბრძანების და აღიარებული საგადასახადო დავალიანების „გადახდევინების გადავადების შესახებ“ №2023- 12839 „ხელშეკრულების გაუქმების შესახებ“ 20.03.2024 წლის №006-2024-5585 ბრძანება. აღნიშნული №006- 2024-5585 ბრძანება, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებგვერდზე რომელსაც გაეცნო ელექტრონულად 20.03.2024 წელს. თავდები პირის, ------- (პ/ნ -------) მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 7.08.2024 წლის №011-4820 ბრძანება, რომლის საფუძველზეც, დაყადაღებული იქნა, თავდები პირის უძრავი ქონება (საკ. კოდი: -------). ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2024 წლის 12 ნოემბერს ვალის მათვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №2024/011-4820/1 აქტი.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურს არ უცდია საგადასახადო დავალიანების გადახდევინება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) ქონების ხარჯზე და პირდაპირ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თავდები პირის ქონების დაყადაღებაზე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ თავდებთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს სოლიდარულ თავდებობას, არ ცვლის შემოსავლების სამსახურის ვალდებულებას, რომ საკუთარი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, მოქმედებები განახორციელოს და გადაწყვეტილებები მიიღოს მხოლოდ შესაბამისი საფუძვლების არსებობისას და მხოლოდ საკმარისად დასაბუთების გზით.

საქმეზე არსებული მასალებით დასტურდება, რომ გადამხდელის მიმართ გამოცემული 11.04.2024 წლის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №011-1391 ბრძანების საფუძველზე 19.07.2024 წელს შედგა „ქონებაზე ყადაღის დადების შეახებ“ №2024/011-1391/1 აქტი უძრავ ქონებაზე და გაიგზავნა შესაფასებლად. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, გადასახადის გადამხდელთან მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ქონების აღწერა დაყადაღების აქტის შედგენა და შესაბამისად მოძრავი ქონება, კერძოდ 10 ერთეული სატრანსპორტო საშუალება დასმულია ძებნა/დაკავებაზე. შემოსავლების სამსახურის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ მოხდა უძრავი ქონების შეფასება. აღნიშნულ ქონებაზე (უძრავი ქონების საკ. კოდი: -------) ასევე რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება „პროკრედიტ ბანკი“-ს (ს/ნ 204851197) იპოთეკა. ვინაიდან, შპს „-------"-ს (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებული სრული ქონების მოძიება ვერ მოხერხდა გონივრულ ვადაში, სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში საქმის გაგზავნა მოხდა მხოლოდ უძრავ ქონებაზე 20.09.2024 წელს.

მაშასადამე, ვინაიდან მოვალეს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ამასთან მოვალის მხრიდან არ იქნა სრულად დაფარული დავალიანება, შესაბამისად დარღვეულ იქნა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ხელშეკრულების პირობები. აქედან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომჩივნის უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელება კანონშესაბამისია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებულია მართებულად. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ზე 4.04.2023 წლის მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კომპანიის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ვალის მართვის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა თავდებმა, რომელმაც თავდებობის უზრუნველსაყოფად წარადგინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, შპს-თან გაფორმდა ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, ხოლო თავდებთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება და მომჩივნის ქონება დაიტვირთა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით.

მოვალის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, გამოცემული იქნა „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანების და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ“ ბრძანება.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, რომლის საფუძველზეც, მოვალის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო თავდები პირის, მომჩივნის უძრავი ქონებას.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.12.2024 წლის №26762 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებულია მართებულად. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(8, 10); 241(1); 249(3)