გადაწყვეტილება №24372/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.01.2025
№ დოკუმენტი 24372/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24372/2/2024

22 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ის 27.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24372/2/2024).

 

დავის საგანი:

1.საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის №EL250621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის №EL250616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის №007-45 (EL11111/45) საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №23908 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 133 433,23 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი -61 351,95

დღგ საბაჟო - 9 802,95

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 51 200

იმპორტის გადასახადი - 349

საურავი - 8 729,32

ჯარიმა - 2 000 (მუხლი - 176)

ჯარიმა - 61 351,96 (მუხლი - 172)

 

ფაქტების აღწერა

საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის (ფილტრიანი სიგარეტი - MILANO FAN PACK LONDON) ნაწილის (20 ყუთი/10 000 კოლოფი) უკანონო განკარგვის გამო, მომჩივანს 2024 წლის 16 მაისის №EL250616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შპს "--------"-სთან ერთად სოლიდარულად შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის (ჯარიმა 61 351,96 ლარი), ხოლო საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის 16.05.2024 წლის №EL250621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებულის ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, 2024 წლის 16 მაისს გამოიცა №007-45 (EL11111/45) საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელები 61 351.96 ლარის ოდენობით (დღგ – 9802.95 ლარი; იმპორტის გადასახადი – 349 ლარი; აქციზის გადასახადი – 51 200 ლარი და საურავი – 8729.32 ლარი).

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №16313 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 13.09.2024 წლის №23564/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭომ მიიჩნია, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის ნაწილის (20 ყუთი სიგარეტი) უკანონო განკარგვის ფაქტი/საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება გაუქმდა და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 11 ნოემბრის №23908 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „ქ“ პუნქტებზე, ამავე დადგენილების მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება გადასახადის/სანქციის დარიცხვას, ასევე ბრძანებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია N EL250616;

2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია N EL250621;

3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის საგადასახადო მოთხოვნა;

4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის ბრძანება N23908.

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „ქ“ ქვეპუნქტებს და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 და მე-11 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საბაჟო დეპარტამენტმა არასწორად განსაზღვრა, რომ სახეზე იყო უკანონო განკარგვა, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში უნდა ამოვიდეთ მიზნიდან. არც მომჩივნის დამკვეთის - შპს „------ ს “ მიზანი, არც მითუმეტეს მომჩივნის - საბაჟო საწყობის მიზანი არ ყოფილა, რომ მათ დამკვეთს განეხორციელებინა ტვირთის უკანონო განკარგვა, რაც დასტურდება შემდეგით:

როდესაც, შპს „----- მ “ შეიტყო საქონლის დანაკლისის თაობაზე 20 ყუთის ოდენობით, მან დაუყოვნებლივ, საკუთარი ინიციატივით აცნობა ამის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს (რომლის გამოკვლევის შედეგები საბაჟო სამსახურს თავის მხრივ უნდა გამოეყენებინა საქმის წარმოებისას, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ითხოვს გამოთხოვას საგამოძიებო ორგანოდან შესაბამისი მასალების) და მოითხოვა მათი მხრიდან რეაგირება, რადგან მას ეგონა, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის მოპარვას. ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და საქონელი (20 ყუთი, 10 000 კოლოფი) შპს „------ ს “ წარმომადგენლისა და მუშების დაუდევრობის გამო შემთხვევით გადაჰყვა რეექსპორტზე გასატან საქონელს. აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შპს „--------“ დიდი ხანია ახორციელებს საბაჟო პროცედურებს და ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა პირველად, რაც ცალსახად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან იმ პირობებში, როდესაც შპს „------- - მ“ თავად მიმართა ჯერ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და შემდგომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, რათა აღმოეფხვრა აღნიშნული ხარვეზი. ამ კომპანიის მიზანი რომ ყოფილიყო საქონლის უკანონო განკარგვა, ის თავისი ინიციატივით არ მიმართავდა სახელმწიფო ორგანოებს და არ მოითხოვდა აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებას. მითუმეტეს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული საბაჟო დეპარტამენტს, როდესაც ამის საშუალებას თავად კოდექსიც კი აძლევს, კერძოდ სსკ-ს 163-ე მუხლის მე-15 ნაწილი და შემოფარგლულიყო გაფრთხილებით.

განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას, ხოლო 172 მუხლი გამოირიცხება რადგან, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს უკანონო განკარგვა, ვინაიდან როგორც ზემოთაც აღინიშნა მსგავსი მიზანი შპს „------ -ს “ და მითუმეტეს მომჩივანს არ ჰქონია, არ დამდგარა არც მსგავსი შედეგი, არამედ დაუდევრობით/შეცდომით განხორციელდა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა.

ამასთან სახელმწიფოს არ მიადგა ზიანი, რადგან საქონელი უნდა გასულიყო და საბოლოოდ გავიდა კიდეც რეექსპორტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადები საერთოდ თავისთავშივე არ უნდა დარიცხულიყო.

კანონმდებლის მიერ დაწესებული ყოველი სანქციის მიზანი არის კანონის დამრღვევის ქმედების დასჯა და ამავდროულად პრევენცია იმისა, რომ კანონის დამრღვევმა განმეორებით არ განახორციელოს იგივე ქმედება. ვინაიდან შპს „------ -სთვის“ ეს იყო პირველი შემთხვევა, რომელიც განხორციელდა დაუდევრობით და მან დაუყოვნებლივ მოახდინა ამაზე რეაგირება და თავად აცნობა ამის თაობაზე შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, შეუსაბამოა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მით უფრო მომჩივანზე საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების დარიცხვა და დაკისრებული სანქცია, განხორციელებულ ქმედებასთან მიმართებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან და რადგანაც შპს „------- სა“ და მითუმეტეს მომჩივანის მიერ არ ყოფილა სახეზე უკანონო განკარგვა, აღნიშნული გამორიცხავს, სსკის 176-ე მუხლის, 172-ე მუხლისა და 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის მე-8 მუხლის რ და ქ ქვეპუნქტების გავრცელებას მომჩივანის მიმართ, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს აღნიშნული ნორმებით დადგენილი სანქციების მომჩივანზე დაკისრებას.

2. საჭიროა კუმულაციურად მოხდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 176 მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის განხილვა. აქ პირველ რიგში, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ხაზგასასმელია და დასადგენია ის, ადგილი ჰქონდა თუ არა საერთოდ უკანონო განკარგვას და ამის შემდგომ, იმის განსაზღვრა, რომ საბაჟო საწყობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა განსახილველ შემთხვევაში იყო ის, რომ მას უნდა განეხორციელებინა ზედამხედველობა საქონლის გატანის/რეექსპორტის პროცესში, ხოლო უკანონო განკარგვის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული გამოიწვევდა მომჩივანის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, სულაც რომ დავუშვათ უკანონო განკარგვის ფაქტი და ამის საფუძველზე სსკ-ს 176-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის მომჩივანზე დაკისრების მართებულობა, საბაჟო საწყობის მიმართ სსკ-ს 172-ე მუხლის გავრცელება წარმოადგენს არასწორს და უტოპიურს, რადგან საბაჟო საწყობს უკვე შეეფარდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საბაჟო სანქცია 176 მუხლის 1 ნაწილისა და 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის 8 მუხლის „რ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პირობების საფუძველზე, ხოლო 172-ე მუხლით დადგენილი სანქციის დაწესება საბაჟო საწყობის მიმართ არასწორია, რადგან 172-ე მუხლი არ მოიაზრებს ჯარიმის დაკისრებას საბაჟო საწყობისთვის. აღნიშნული მუხლი საუბრობს მხოლოდ თავად საქონლის მესაკუთრის პასუხისმგებლობაზე მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე და ის არანაირად არ ითვალისწინებს ჯარიმის დაკისრებას საბაჟო საწყობზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, რომც დავუშვათ შპს „------- -ს “ მხრიდან უკანონო განკარგვის ფაქტი, უკანონო განკარგვა მომჩივანის მხრიდან არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, შესაბამისად, მას ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ქმედებაზე, რაც მას არ განუხორციელებია და მით უფრო არასწორია სსკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მასზე დაკისრება. ერთადერთი სანქცია რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს არის სსკ-ის 176-ე მუხლით გათვალისწინებული 2 000 ლარი, ხოლო 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დამატებით დაკისრება, წარმოადგენს ორმაგი სანქციის დაკისრებას ერთი და იგივე ქმედებისთვის და მით უფრო იმ ქმედებისთვის, რაც მისი მხრიდან არ ყოფილა ჩადენილი. ამიტომ, აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და აქედან გამომდინარე 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება საბაჟო საწყობისთვის არ უნდა მომხდარიყო.

აქვე დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საბაჟო საწყობის ვალდებულება იყო ზედამხედველობის განხორციელება, ხოლო ხარვეზის შემთხვევაში, მასზე სსკ-ის 176-ე მუხლით სანქციის დაკისრება 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისად გამორიცხული და შეუძლებელია მასზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. როგორც აღინიშნა უკანონო განკარგვა არ და ვერ მოხდებოდა მომჩივანის მიერ, ხოლო სსკ-ის 172-ე მუხლი ითვალისწინებს სანქციას უკანონო განკარგვისთვის, ხოლო აღნიშნული კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რამდენად ეწინააღმდეგება კანონს საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია N"--------"-ით საბაჟო სანქციის დაკისრება და მით უფრო ეწინააღმდეგება კანონს საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივანისთვის საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული გადასახადების დარიცხვა. მით უმეტეს, რომ ვინაიდან და რადგანაც სსკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება ვერ მოხდება მომჩივანისთვის, რადგან სსკ-ის 163-ე მუხლის 4 ნაწილი პირდაპირ გამორიცხავს პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან ქმედების ჩამდენი პირი მომჩივანი არ ყოფილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მით უფრო არასწორი და ყოველგვარ აზრს მოკლებულია მომჩივანისთვის საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების დაკისრება, რადგან აღნიშნულის გადახდა ცალსახად წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ შპს „------ -ს “ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, ვინაიდან ის არის საქონლის მესაკუთრე, მით უფრო იმ პირობებში, რომ გადასახადის დაკისრება მოხდა მხოლოდ საბაჟო საწყობისთვის. შეუძლებელია მომჩივანს დაეკისროს პასუხისმგებლობა სხვისი საქონლისთვის გათვალისწინებული გადასახადების გადახდაზე. გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს იმის მიერ, ვის საკუთრებასაც წარმოადგენს საქონელი და არა საბაჟო საწყობის მიერ, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსს, საბაჟო კოდექსს, საგადასახადო კოდექსს და სხვა.

3. ზემოაღნიშნული საქონლის განკარგვა საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა, არამედ ის გავიდა რეექსპორტზე, შესაბამისად, არც გადასახადების დაკისრება არ უნდა მომხდარიყო, არც შპს „----- -სთვის“ და მით უფრო არც მომჩივანისთვის, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, რეექსპორტი არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ხოლო 194-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, რეექსპორტი არ იბეგრება აქციზის გადასახადით, ხოლო ამავე კოდექსის 195-196 მუხლების თანახმად, მოცემული შემთხვევა არ წარმოადგენს იმპორტის გადასახადით დასაბეგრ ობიექტს. აქედან გამომდინარე, ყოველივე აღნიშნული გამორიცხავს იმ გადასახადების დაკისრებას, რაც გათვალისწინებულია საგადასახადო მოთხოვნითა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით.

ის, რომ სახეზე იყო რეექსპორტი და არა იმპორტი და ის, რომ საქონლის განკარგვა არ მომხდარა საქართველოს ტერიტორიაზე დგინდება იმით, რომ საქონელი დაილუქა საბაჟო საწყობში (ამის დასადასტურებლად წარმოგიდგენთ ვიდეომასალას), გავიდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე და დატოვა ქვეყანა. სახეზე, რომ ყოფილიყო საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ საქონლის განკარგვა, მაშინ უნდა მომხდარიყო ლუქის დაზიანება, რასაც ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონელი ვერ დატოვებდა ქვეყანას, რადგან ლუქის მთლიანობა დეტალურად და გულდასმით მოწმდება საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და მინიმალური ეჭვის შემთხვევაშიც კი საბაჟო ორგანოები იკვლევენ შესაძლო ლუქის დაზიანების შემთხვევებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ მომჩივანზე პასუხისმგებლობის დაკისრება იმაზე, რაც იყო მის კონტროლს მიღმა და რაზეც მომჩივანი ვერ განახორციელებდა ზედამხედველობას, წარმოადგენს ასევე კანონის დარღვევას, რადგან საქონლის გატანის შემდგომ, საწყობი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს რაიმე სახის ზედამხედველობა, მით უმეტეს, რომ მას ამის ვალდებულება კანონით არ აქვს და ვერ ექნება, შესაბამისად, მას ამისთვის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.

4. მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმა ცხადყოფს იმას, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო გარიგების ფასის მიხედვით, რომელიც წარმოადგენდა პირველ მეთოდს და იგი უპირველესყოვლისა უნდა გამოეყენებინათ. შესაბამისად, აზრს მოკლებულია ის ფაქტი, თუ რატომ მოახდინა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქონლის ღირებულების გამოთვლისას საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, იმ დროს როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა უპირატესი, პირველი მეთოდის გამოყენება და რეალური ღირებულების განსაზღვრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მითითებული ნორმის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადებისა და სანქციის სახით 61 351.95 ლარის განსაზღვრა მაშინ, როდესაც წინამდებარე საჩივარზე დართული ინვოისის (რომელიც ადასტურებს იმას, თუ რა თანხაზე შედგა გარიგება შპს „----- -სა“ და სიგარეტის მიმწოდებელ კომპანია "--------"-ს შორის) შესაბამისად, 20 ყუთი სიგარეტის მთლიანი ღირებულება 2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 3 181.30 ლარს (განმარტება: ხარვეზი დადგინდა 20 ყუთთან მიმართებაში, რომელიც შეიცავდა სიგარეტს - MILANO FAN PACK LONDON, რომლის ერთეული ყუთის ღირებულებაც წარმოდგენილი ინვოისით AZ-190-ივნისი-1810 შეადგენდა 207 AED-ს, რაც 20 ყუთის შემთხვევაში გვაძლევს 4140 AED-ს - 16.05.2024-ის მდგომარეობით - 3181.30 ლარი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მხოლოდ და მხოლოდ დარღვევის ფაქტის (ე.ი უკანონო განკარგვის) უტყუარად დადგენის შემდეგ საგადასახადო მოთხოვნისა და საბაჟო სანქციის დაკისრება უნდა მომხდარიყო ზემოაღნიშნული თანხიდან, 3181.30 ლარიდან.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ დაუბრუნა საჩივარი შემოსავლების სამსახურს გარემოებების თავიდან/სრულყოფილად გამოსაკვლევად, რაც შემოსავლების სამსახურის მხრიდან კვლავ არ განხორციელდა. მათ დეტალურად უნდა გამოეკვლიათ ყველა ფაქტობრივი გარემოება, რათა დაედგინათ, რომ ადგილი ჰქონდა ნამდვილად რეექსპორტს, თუმცა მათ ეს არ განახორციელეს. შემოსავლების სამსახური აკისრებს საბაჟო საწყობს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას იმაზე, რაც საბაჟო საწყობის შესაძლებლობებს და პასუხისმგებლობის არეალს სცდება. როგორც ზემოთ აღინიშნა, საბაჟო საწყობმა წარუდგინა შემოსავლების სამსახურს ყველაფერი, რაც მას ჰქონდა, კერძოდ ვიდეომასალები, რაც თავის მხრივ შესაძლებლობას აძლევდა შემოსავლების სამსახურს ვიდეომასალების დეტალური შესწავლისა და საბაჟო სამსახურში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაედგინა რეექსპორტის ფაქტი. თუ რამე დანარჩენის წარდგენა არის შესაძლებელი, ეს არის შპს „-------- -ს “ ვალდებულება და მათ აქვთ წვდომა ამაზე. საწყობი მოკლებულია შესაძლებლობას წარადგინოს დოკუმენტები, რომლებთანაც მას წვდომა არასდროს ჰქონია და არც ეხლა აქვს და თუ შპს „------ ს “ ასეთი წვდომა აქვს და ის თავიდან არიდებს ამის განხორციელებას, ამის გამო საწყობისთვის სანქციების დაკისრება ეწინააღმდეგება კანონს.

შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო საწყობის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტის დადგენა არის არასწორი. საბაჟო საწყობის ვალდებულება არ და ვერ იქნებოდა იმ გადასახადების გადახდა, რაც კანონით შპს „------ -ს “ ვალდებულებას წარმოადგენდა, ამდენად არც პასუხისმგებლობის დაკისრება ამასთან დაკავშირებით არ უნდა მომხდარიყო საბაჟო საწყობზე. პასუხისმგებლობა ცალსახად შპს „------ -ს “ უნდა დაეკისროს, ვინაიდან ის წარმოადგენს ტვირთის მესაკუთრეს. მით უფრო, რომ შპს „------ -ს “ სსიპ შემოსავლების სამსახურთან ერთად შეუძლია დაადგინოს რეექსპორტის ფაქტი ამა თუ იმ უწყებიდან დოკუმენტების/ინფორმაციის გამოთხოვით.

6. მომჩივანი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებსა და 60 პრიმა მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა საკითხის სრულყოფილად შესწავლა, განხილვა და შეფასება. მას შეეძლო აღნიშნულ საკითხში ჩაერთო მომჩივანიც და გამოიყენებდნენ ყველა ღონეს, რათა მომხდარიყო რეექსპორტის ფაქტის დადგენა, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული თანხებისა და საბაჟო სანქციების დაკისრებას, მაგრამ რატომღაც საბაჟო სამსახურმა არამც თუ არ ჩართო აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მომჩივანი, არამედ შემდეგ, მოახდინა მასზე იმ ვალდებულებების და პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც არც მისი ვალდებულება ყოფილა, არც პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, საბაჟო სამსახურს რომ მოეძიებინა ყველა საჭირო დოკუმენტი და შეესწავლა სრულყოფილად საქმის მასალები, თუნდაც მოეთხოვა მომჩივანისგან ვიდეოჩანაწერი იმისა, რომ დალუქული გავიდა საქონელი საბაჟო საწყობიდან და ამის შემდგომ გამოეთხოვა საბაჟო გამშვები პუნქტიდან ინფორმაცია აღნიშნული საქონლის საქართველოს ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით, ის შედეგი, რაც საბოლოოდ სახეზეა, არ დადგებოდა.

შემოსავლების სამსახურის მიერ არ მოხდა საჩივრის სიღრმისეული განხილვა და ფაქტობრივი გარემოებების დეტალური გამოკვლევა, რაც მას დაავალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ და მასზე დართული მასალების შესწავლა. ყოველივე აღნიშნულით შემოსავლების სამსახურმა კვლავ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, რაც საფუძველს აძლევს მოითხოვოს მოთხოვნილი აქტების ბათილად ცნობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს;

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან, არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „ქ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 6.12.2024 წლის №"--------" წერილი, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

2023 წლის 13 ივლისს მომჩივნის მიერ №"--------" საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა, მომჩივანის ("--------") საბაჟო საწყობში განთავსებული სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი (1 810 ყუთი), მათ შორის 812 ყუთი (406 000 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტი „MILANO FAN PACK LONDON“ (საერთო ღირებულება – 168 084 დირჰამი).

შპს „------ -ს “ (ს/ნ "--------") 2023 წლის 15 სექტემბრის №"--------" განცხადებით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული საბაჟო საწყობის დეკლარაციიდან განხორციელდა საქონლის ნაწილის რეექსპორტი (საბაჟო დეკლარაციები: №"--------"(19.07.2023); №"--------" (05.08.2023)), რა დროსაც რეექსპორტის დეკლარაციებში გაცხადებულ საქონელთან ერთად შეცდომით ჩაიტვირთა და გატანილ იქნა 20 ყუთი (10 000 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტი „MILANO FAN PACK LONDON“. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით შპს „------- - მ“ (ს/ნ "--------") მოითხოვა რეექსპორტის დეკლარაციების კორექტირება.

უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მომჩივანის ("--------") საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა №"--------" საბაჟო დეკლარაციით არსებული ნაშთი – 20 ყუთი (10 000 კოლოფი; საბაჟო ღირებულება – 4140 დირჰამი (2911.87-ლარი)) ფილტრიანი სიგარეტი „MILANO FAN PACK LONDON“.

ვინაიდან აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატებოდა 2 000 ლარს, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილი №"--------" 02.10.2023). საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის №"--------" წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება.

მომჩივნის განმარტებით როდესაც, შპს „----- - მ “ შეიტყო საქონლის დანაკლისის თაობაზე 20 ყუთის ოდენობით, მან დაუყოვნებლივ, საკუთარი ინიციატივით აცნობა ამის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს და მოითხოვა მათი მხრიდან რეაგირება, რადგან მას ეგონა, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის მოპარვას. ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და საქონელი (20 ყუთი, 10 000 კოლოფი) შპს „------ -ს “ წარმომადგენლისა და მუშების დაუდევრობის გამო შემთხვევით გადაჰყვა რეექსპორტზე გასატან საქონელს. ის, რომ სახეზე იყო რეექსპორტი და არა იმპორტი და ის, რომ საქონლის განკარგვა არ მომხდარა საქართველოს ტერიტორიაზე დგინდება იმით, რომ საქონელი დაილუქა საბაჟო საწყობში (ამის დასადასტურებლად წარმოადგენს ვიდეომასალას), გავიდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე და დატოვა ქვეყანა. სახეზე, რომ ყოფილიყო საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ საქონლის განკარგვა, მაშინ უნდა მომხდარიყო ლუქის დაზიანება, რასაც ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონელი ვერ დატოვებდა ქვეყანას, რადგან ლუქის მთლიანობა დეტალურად და გულდასმით მოწმდება საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და მინიმალური ეჭვის შემთხვევაშიც კი საბაჟო ორგანოები იკვლევენ შესაძლო ლუქის დაზიანების შემთხვევებს. საბაჟო სამსახურს რომ მოეძიებინა ყველა საჭირო დოკუმენტი და შეესწავლა სრულყოფილად საქმის მასალები, თუნდაც მოეთხოვა მომჩივანისგან ვიდეოჩანაწერი იმისა, რომ დალუქული გავიდა საქონელი საბაჟო საწყობიდან და ამის შემდგომ გამოეთხოვა საბაჟო გამშვები პუნქტიდან ინფორმაცია აღნიშნული საქონლის საქართველოს ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით, ის შედეგი, რაც საბოლოოდ სახეზეა, არ დადგებოდა.

ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „ქ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების დარღვევის ფაქტს, რაც გამოიხატა იმაში, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო გამოერიცხა შპს „------ ს “ მიერ საბაჟო დეკლარაციით, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის უკანონო განკარგვა, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ამასთან, მომჩივანი დაჯარიმებულია საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტზე.

მნიშვნელოვანია შპს „------ -ს “ 2023 წლის 15 სექტემბრის №"--------" განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საბაჟო საწყობის დეკლარაციიდან განხორციელდა საქონლის ნაწილის რეექსპორტი, რა დროსაც რეექსპორტის დეკლარაციებში გაცხადებულ საქონელთან ერთად შეცდომით ჩაიტვირთა და გატანილ იქნა 20 ყუთი.

2024 წლის პირველ აპრილს საბაჟო დეპარტამენტის №"--------" წერილით შპს „----- -სგან“ გამოთხოვილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები (მიმღები კომპანიის „------- LLC“ წერილი და მიმღები ქვეყნის ("-------") საბაჟო დეკლარაცია), რაც საჩივრის განხილვის ეტაპზეც ვერ იქნა წარმოდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა და მომჩივანს მართებულად შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო საპატიო სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედების ფარგლებში, რომლის აღმოფხვრაც არ იყო დამოკიდებული სამართალდამრღვევზე და რომელთან მიმართებაშიც, სამართლიანი შეფასების პირობებში ობიექტურად გამოირიცხება მისი განზრახვის (ნებელობის) არსებობა. სამართალდარღვევის განზრახ განხორციელების შემთხვევაში, უნდა ვლინდებოდეს შესაბამისი ინტერესი, საფუძველი, რომლის არსებობაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გამოირიცხება. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს 2024 წლის 16 მაისის №EL250616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისაგან.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა, უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საბაჟო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებული არ არის საბაჟო დეკლარაციის წარდგენასთან, საბაჟო ორგანო ვალდებულ პირს უგზავნის საგადასახადო მოთხოვნას.

საგადასახადო მოთხოვნით მომჩივნისთვის იმპორტის გადასახდელების დარიცხვასთან დაკავშირებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტები, წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ვიდეო-მასალა საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე (იმპორტის გადასახდელების გადახდაზე) პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, მომჩივნის არგუმენტების შესწავლა და სათანაო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების კორექტირება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №23908 ბრძანება;

3. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 16.05.2024 წლის №EL250616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისაგან;

4.დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ადმინისტრაციული წარმოების დაწყება საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე (იმპორტის გადასახდელების გადახდაზე) პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრასთან დაკავშირებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება გადასახადის/სანქციის დარიცხვას, ასევე ბრძანებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვის გამო, მომჩივანს სამართალდარღვევის ოქმით, შპს-სთან ერთად სოლიდარულად შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის,ხოლო საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელები.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტები, წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ვიდეო-მასალა საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, მომჩივნის არგუმენტების შესწავლა და სათანაო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

70,127,163(11),171.