ბრძანება N 524
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N524
18.01.2023
შპს „----“ (ს/ნ ----)
(მის: ----------------)
2022 წლის 19 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა შპს „------“ (ს/ნ --------) №230051/2110-19 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №EL19364 8 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL11113/324 (№094-324) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს,რომ გემზე კონტეინერის ლუქის მთლიანობა შემოწმდა საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადარღვევა არ გამოვლენილა.საბაჟო საწყობის ვალდებულებას წარმოადგენდა ტვირთის ფაქტობრივი ოდენობის მიღება და საბაჟო პროცედურების შესრულება.გამოვლენილი დანაკლისის შესახებ შედგა შესაბამისი აქტი და მიეწოდა საბაჟო დეპარტამენტს და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლება იყო დაედგინა ჰქონდათ თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი.კომპანია ვერ იქნებოდა დამრღვევი,რადგან ის არ იყო ტვირთის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი.მომჩივნის ვარაუდით,ტვირთის კონტეინერში ჩატვირთვისას არასწორად მოხდა დოკუმენტაციაში ინფორმაციის შეტანა,ან დაიკარგა ტვირთი მისი საბაჟო ზედამხედველობაში გადმოსვლამდე.საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე,რომ საქონლის დატვირთვა გადატვირთვის ოპერაციები მიმდინარეობს ვიდეო თვალთვალის რეჟიმში და ასახულია კამერებზე,რომლის შემოწმების შესაძლებლობა აქვს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებს.მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ გაურკვეველია, თუ რის გამო დაეკისრა შპს „-----“ ჯარიმა იმ პირობებში,როცა კომპანია არ იყო პასუხისმგებელი ტვირთის გადაზიდვაზე.
აღნიშნულზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა,რომ 2022 წლის 3 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი„-----------“-ის გავლით,საქართველოში შემოტანილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან „------,--“-ის მიერ(კომპანია„-----“-ის სახელზე) გამოგზავნილი,საქონლით (ქათმის გაყინული ბარკალი – 1 850 ყუთი,ბრუტო წონა 29137.5 კგ, ნეტო წონა 27750 კგ) დატვირთული №------- კონტეინერი. აღნიშნული კონტეინერი განთავსდა შპს „-----“ (ს/ნ ------) საბაჟო საწყობში.
2022 წლის 5 დეკემბერს, კომპანია „-----“-ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შპს „------„ (ს/ნ --------) №------ განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ №------- კონტეინერიდან საქონლის გადმოტვირთვისას, გაყინული ქათმის ბარკალი აღმოჩნდა 203 ყუთით (ნეტო წონა – 3 045 კგ) ნაკლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „-----“ (ს/ნ ------) მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტებით, საბაჟო ზედამხედველობას დაექვემდებარა საქონლის ის რაოდენობა, რაც თანმხლებ დოკუმენტებშია მითითებული, და ვინაიდან საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განიკარგა, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 8 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL193648 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანია „-----“-ის უფლებამოსილ წარმომადგენელს – შპს „------“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2516.17 ლარის ოდენობით.
ამასთან, 2022 წლის 8 დეკემბერს გამოიცა №EL11113/324 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 2516.17 ლარის (დღგ 1577.17 ლარი; იმპორტის გადასახადი 939 ლარი) ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს
თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოში შემოტანილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან „------“-ის მიერ (კომპანია„-----“-ის სახელზე) გამოგზავნილი, საქონლით (ქათმის გაყინული ბარკალი – 1 850 ყუთი, ბრუტო წონა 29137.5 კგ, ნეტო წონა 27750 კგ) დატვირთული №------- კონტეინერი. აღნიშნული კონტეინერი განთავსდა შპს „----“ (ს/ნ-----) საბაჟო საწყობში.
ასევე დადგენილია და არც მომჩივანი უარყოფს იმ ფაქტს, რომ №-------- კონტეინერიდან საქონლის გადმოტვირთვისას, გაყინული ქათმის ბარკალი აღმოჩნდა 203 ყუთით (ნეტო წონა – 3 045 კგ) ნაკლები.
შესაბამისად დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.
საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი მოქმედებები მომჩივნის მხრიდან არ განხორციელებულა.
სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „----“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.